"მე დედა ვარ, შვილი იმ ომში დავკარგე, მაგრამ აფხაზებს მაინც ვერ ვუწოდებ მტრებს" - კვირის პალიტრა

"მე დედა ვარ, შვილი იმ ომში დავკარგე, მაგრამ აფხაზებს მაინც ვერ ვუწოდებ მტრებს"

გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივი, ინტერვიუ გამოქვეყნებულია 2021-08-30-ის ნომერში

"ერთი სიკვდილმისჯილი ბიჭი იყო, აბუხბა. დედამისს ეგონა, მისი შვილი დახვრიტეს. თურმე ომამდე დაუპატიმრებიათ და სასჯელს ქართულ ციხეში იხდიდა. დიდი ძალისხმევის შემდეგ მასთან ციხეში შევედი. არასდროს დამავიწყდება იმ ბიჭის სახე, ეტყობა, იფიქრა, დასახვრეტად მიჰყავდათ. მოვეფერე, ნუ გეშინია, შვილო, მშობლებთან გაბრუნებ-მეთქი. ჩვენმა ხელისუფლებამ შეიწყალა და აფხაზურმა მხარემ ქართველ ტყვეებში, გერლიანსა და ალუდაურში გაცვალა..."

ქართულ-აფხაზურმა კონფლიქტმა სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად ადამიანური რესურსის უდიდესი დანაკარგი დაგვიტოვა. ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში 9000-ზე მეტი კაცი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მათი ნაწილი მოიძიეს, ნაწილი დღემდე დაკარგულად ითვლება... სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის იმიტომაც, რომ სრულფასოვანი სახელმწიფო არ გვქონდა, დაკარგულების მოძიება მხოლოდ საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივებზე იყო დამოკიდებული. სანამ სამხედრო ტყვეებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სპეციალური კომისია შეიქმნებოდა, აქტიურად მუშაობდა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდი "მოლოდინი". მისი ხელმძღვანელი ნინელი ანდრიაძე ერთ-ერთია, ვისი შვილიც 29-წლიანი ლოდინის შემდეგ, ახლახან "დაბრუნდა"... ფონდის დაარსების საფუძველიც ეს იყო - დაკარგული მეომრების მოსაძიებლად თანამშრომლებთან ერთად აფხაზეთშიც გადადიოდა და კონფლიქტის ზონაში დასაფლავებული არაერთი ქართველი მეომრის ცხედარი დაუბრუნეს ოჯახებს. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ თბილისში არსებობს დიდი მნიშვნელობის პატარა მუზეუმი, სადაც როგორც ქართველის, ისე უგზო-უკვლოდ დაკარგული აფხაზი მეომრების ფოტოებს ნახავთ. ნინელი ანდრიაძე მათ "შეცდენილ შვილებს" უწოდებს... ფონდის შენობის ეზოში საძმო სასაფლაოც არის, სადაც ტერიტორიული მთლიანობისთვის გმირულად დაცემული ბიჭები განისვენებენ.

- ჩემი შვილი, კოტე, გაგრაში იბრძოდა. ბოლოს მეგობრებმა, დათო ბეჟაშვილმა და გელა დოლიძემ ნახეს. გია ყარყარაშვილის გასათავისუფლებლად წასულა, რომელიც ალყაში იყო. არ წახვიდე, ვერ გადაარჩენო, უთქვამთ, მაგრამ არ დაიჯერა... ახლახან "დაბრუნდა", ბოლო იმედიც მოგვიკვდა, მაგრამ ის მაინც მეცოდინება, სად მივიდე და ვესაუბრო მონატრებულ შვილს. ბედნიერი დედა ვიქნებოდი, იმ ომში მხოლოდ ჩემი შვილი რომ დაკარგულიყო...

გაგრაში 129 ბიჭი დაიკარგა უგზო-უკვლოდ და ჯერ მხოლოდ ერთი, კოტიკო გადმოვიყვანეთ. ვიცით, ერთი დიდი სასაფლაო, მაგრამ იქ მუშაობის უფლებას აფხაზები ჯერ არ იძლევიან... ეს იდეა ჩემს მდგომარეობაში მყოფმა დედებმა მიკარნახეს. ძალიან ბევრი ვიწვალეთ და მაშინდელი სადაზვერვო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ავთანდილ იოსელიანის დახმარებით ძმათა სასაფლაოსთვის ნაკვეთი გამოგვიყვეს. შემდეგ ნაკუწ-ნაკუწ მოვაგროვეთ ყველაფერი: მეომრების ფოტომასალა, ისტორიები, ნივთები და მუზეუმში მოვუყარეთ თავი. მეომრების ნივთებთან ერთად, მათი ლექსები, ჩანაწერებიც მოვაგროვეთ და ბროშურებად გამოვეცით. წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით მთელი საქართველო შემოვიარეთ და შევადგინეთ დაკარგული ბიჭების ანკეტები.

- აფხაზ მეომრებზე საუბრობდით, რომელთაც "შეცდენილ შვილებს" უწოდებთ...

- 90-იან წლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელმწიფო კომისია ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული. რამდენიმე კაცი ენგურის ხიდზე ვხვდებოდით რუსლან ქიშმარიას, ედიკ ემიზადეს, გენა ბარციცს, ოთარ კაკალიასა და სერგეი ცარგუშს. თავიდან პირადი საუბრების დონეზე ხდებოდა ინფორმაციის მოძიება, შემდეგ კი აფხაზეთშიც ჩამოყალიბდა "სახელმწიფო კომისია", რომელსაც ოთარ კაკალია ხელმძღვანელობდა, ქართულ მხარეს კი ავთანდილ იოსელიანი. გიული კიჩბაც აქტიურად მონაწილეობდა დაკარგული მეომრების ძიებაში. სამხედროების გარდა, მშვიდობიანი მოქალაქეების ძიებაშიც დავეხმარეთ: გადავეცით ოთხი ფსიქიკურად დაავადებული აფხაზი, რომლებიც ომამდე ხონის ფსიქიატრიულში იწვნენ. ოჯახებმა მათ შესახებ არაფერი იცოდნენ; ვიპოვეთ დედა და ორი შვილი, რომლებსაც ერთმანეთი 14 წელი არ ენახათ.

დედას, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა, უთხრეს, შენი შვილები ნაღმზე აფეთქდნენო, იგივე უთხრეს შვილებს დედაზეც. ბავშვები ხონში მამიდასთან იზრდებოდნენ. როდესაც ხონში მომიწია ჩასვლამ, ბავშვებმა მთხოვეს, იქნებ დედაზეც გაიგოთ რამეო. ცოტა ხანში სოხუმელ აფხაზებს შევხვდი და ვკითხე, ბავშვების დედაზე, მანანა შუშანიას შესახებ თუ იცით რამე-მეთქი... ორ კვირაში დამირეკეს, სოხუმში ცხოვრობს და დედა-შვილის შეხვედრაშიც დაგეხმარებითო. საოცარი სურათი იყო. ბავშვებს ისტერიკა სჭირდათ. დედა დამუნჯებული შეჰყურებდა გაზრდილ შვილებს. მეტი არაფერი რომ არ გამეკეთებინა, ის ერთი ამბავი მიღირს ბევრ რამედ.

ძნელი იყო აფხაზი მეომრების ოჯახებთან მუშაობა. ჯერ ძალიან აგრესიულად შეგვხვდნენ, შემდეგ გავუგეთ ერთმანეთს, რადგან ჩვენც შვილმკვდარი დედები ვიყავით.

ერთ-ერთს ვუთხარი, იმ უაზრო ომში მეც დავკარგე შვილი, მაგრამ მტრად მაინც არ მიგიჩნევთ, არც თქვენს შვილს მივიჩნევ მტრად-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა... როდესაც აფხაზი ბიჭების უკვდავსაყოფად გავაკეთე ალბომები, მათი ფოტოებითა და ანკეტებითურთ, აფხაზ დედებსაც გავუგზავნე...

ერთი სიკვდილმისჯილი ბიჭი იყო, აბუხბა. დედამისს ეგონა, მისი შვილი დახვრიტეს. თურმე ომამდე დაუპატიმრებიათ და სასჯელს ქართულ ციხეში იხდიდა. დიდი ძალისხმევის შემდეგ მასთან ციხეში შევედი. არასდროს დამავიწყდება იმ ბიჭის სახე, ეტყობა, იფიქრა, დასახვრეტად მიჰყავდათ. მოვეფერე, ნუ გეშინია, შვილო, მშობლებთან გაბრუნებ-მეთქი. ჩვენმა ხელისუფლებამ შეიწყალა და აფხაზურმა მხარემ ქართველ ტყვეებში, გერლიანსა და ალუდაურში გაცვალა. იყო უშედეგო მოლაპარაკებებიც. ერთმა აფხაზმა ქალმა გვითხრა, ჩემი შვილის საფლავი შოთა კვირაიამ იცისო. როგორ არ ვცადეთ მასთან მოლაპარაკება, მაგრამ კვირაია ისე გარდაიცვალა, ინფორმაცია არ მოგვაწოდა...

- აფხაზურ მხარესაც არაერთი უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავდა, არა?

- დიახ, ბევრი გადავეცით... დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ურთიერთობა არ გვქონდა. აფხაზთა კომისიას ეშინოდა მათი აგრესიის და ფრთხილობდნენ. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მადლობას ადგილობრივ გაზეთში გვიხდიდნენ და დასასვენებლად გვეპატიჟებოდნენ.

ისინი, ვინც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ, აფხაზეთში მოგვყვებოდნენ და იმ ადგილებს გვაჩვენებდნენ, სადაც დაღუპული მეომრები დაასაფლავეს. მაგალითად, პოლკოვნიკი დათო ჩუბინიძე ტამიშში ჩავიყვანეთ და ძმები ცკუებისა და ბიძაშვილ კვაცბების საფლავები გვაჩვენა. ამასთან, ქართულ მხარეს ხომ ჰქონდა, დახვრეტილების სია.

ვალერი ცკუა აფხაზურ დესანტს ხელმძღვანელობდა. კვაცბები დაზვერვაზე მუშაობდნენ და სამჯერ დაიჭირეს ქართველმა ბიჭებმა, სამჯერვე გაუშვეს, მაგრამ ბოლოს დახვრიტეს. სადაც დაასაფლავეს, იცოდნენ - გზის პირას...

ერთ-ერთმა დაღესტნელმა მეომარმა დაღესტნურ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გაგრაში თავისი ხელით დაასაფლავა ექვსი ქართველი ბიჭი. მიკვირს, რატომ არ ჩამოდიან ქართველები მათი ცხედრებისთვისო. იხსენებდა, როგორ შემოარტყეს ალყა ქართველებს და დახოცეს. აფხაზი ლიუდა სალია და მისი თანამშრომელი ცოლ-ქმარი ჰყვებოდნენ, რომ მაშინ აგუძერის საავადმყოფოში მუშაობდნენ და მათ დაასაფლავეს ქართველი ბიჭები. ასე ვაგროვებდით ინფორმაციას.

- ალბათ, არაერთი ამბავი მოისმინეთ...

- რა თქმა უნდა. მაგალითად, ზურაბ კოპალიანი ვახტანგ მუკბანიანის ბატალიონში მსახურობდა. გუმისთის ხიდთან გააფთრებული ბრძოლა იყო, ხიდის იქით აფხაზები იდგნენ, აქეთ - ქართველები. ორმხრივი სროლის დროს ერთ ბიჭი, გვარად შამბა დაიღუპა. როდესაც ბრძოლა დასრულდა, იმ ადგილას მამამისი მივიდა, შვილს ეძებდა. კარგა ხნის ძებნის შემდეგ მდინარის ნაპირზე იპოვა თურმე ცხედარი. 60 წელს გადაცილებული კაცი ყოფილა, მაგრამ პირველი მძიმე წუთების გადავლის შემდეგ ხელში აუყვანია შვილი და გუმისთის ხიდისკენ ბარბაცით წასულა. ეს დაუნახავს ზურა კოპალიანს, მისულა მოხუცთან, თავისი ავტომატი უსიტყვოდ გადაუცია და შვილის ცხედარი გამოურთმევია. ასე მისულან გუმისთის ხიდამდე, იქ, სადაც აფხაზები იდგნენ. მოხუცს შეეძლო კოპალიანი მოეკლა, მისი იარაღი ხომ ხელში ეჭირა, მაგრამ არც უფიქრია. როდესაც ზურას მეომრის ცხედარი მიწაზე დაუსვენებია, მოხუც აფხაზს გულში ჩაუკრავს, შვილო, თუ ამ ომს გადაურჩი, ჩათვალე, რომ ჩემი შვილი ხარ, დაღუპული შვილის მაგიერიო.

მსგავსი შემთხვევები აფხაზური მხრიდანაც იყო. როდესაც ჩემს შვილს ვეძებდი, ყველგან დავდიოდი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვნახე დაჭრილი ნონიკაშვილი, რომელმაც მიამბო, ბრძოლა რომ დასრულდა, დაჭრილი ვიყავი, ვგრძნობდი, გონს ვკარგავდი, ვიღაც აფხაზმა მეომარმა მიპოვა და თავისი ხელით მიმიყვანა საავადმყოფოში, სადაც დენი არ იყო და აფხაზმა ექიმებმა ოპერაცია ლამპის შუქზე გამიკეთესო... ამიტომაც ვუწოდებ მათ ჩვენს შეცდენილ შვილებს...

მე დედა ვარ, ჩემი შვილი იქ დავკარგე და მის შესახებ 29 წელი არაფერი ვიცოდი, მაგრამ აფხაზებს მაინც ვერ ვუწოდებ მტრებს.