მრავალშვილიანმა ოჯახმა სვანეთში მგელი მოიშინაურა - კვირის პალიტრა

მრავალშვილიანმა ოჯახმა სვანეთში მგელი მოიშინაურა

"ჩემს ოთხი წლის ვაჟს რომ სძინავს, მუცელზე დაუწვება და ეფერება"

"ჩვენი მგელი ჯერ მხოლოდ ოთხი თვისაა, სახელად მავნე დავარქვით" - გვეუბნება ლენტეხის რაიონის სოფელ ხოფურში მცხოვრები გოჩა ქარდავა. როგორ მოახერხა ოჯახმა, მგელი არა მხოლოდ მათი, არამედ მთელი უბნის საყვარელი ცხოველი გამხდარიყო, თავად გვიამბობს...

- სვანეთში ვცხოვრობთ. ტყეში ვიყავი და თან მახლდა ჩემი ქართული ნაგაზი... ძაღლმა ძალიან ძლიერი ყეფა რომ დაიწყო, მიზეზმა დამაინტერესა და ხევში ჩავედი, იქ ჩასულმა კი მგლის მთლად პატარა ლეკვი დავინახე. როგორც ჩანს, დედას გადაუვარდა და მარტო ეგდო ბალახებში. ერთი თვისაც არ იქნებოდა, ალბათ, თვალებიც არ ჰქონდა ბოლომდე ახელილი. დანახვისთანავე მივხვდი, მგლის ლეკვი რომ იყო. სვანეთში გაზრდილი ვარ, მგელიც ხშირად მინახავს და დათვიც... არც დავფიქრებულვარ, მაშინვე გადავწყვიტე სახლში წამომეყვანა...

- დედა მგელი რომ ახლოს ყოფილიყო, ხომ დიდი საფრთხე გელოდათ? - არ მეშინოდა, რადგან ჩემი ნაგაზი უკვე წლინახევრისაა და ძალიან ძლიერია. დედა მგელი ვერაფერს დამიშავებდა!

- სვანეთში მგელი ვინმეს მოუშინაურებია? - სვანეთში ჩემს მახსოვრობაში არავის ჰყოლია, მაგრამ ტელევიზიით მინახავს, მგონი თბილისში ჰყავდა კაცს...

ექვსი შვილი მყავს, ზოგი დიდია, ზოგიც - პატარა. ყველა დიდი აღფრთოვანებით შეხვდა მგლის ლეკვის დანახვას, მხოლოდ ჩემს მეუღლეს შეეშინდა, ეს როგორ უნდა გავზარდოთო... გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ მეზობელს ჰყავდა გერმანული ჯიშის დედალი ნაგაზი, რომელსაც მხოლოდ ერთი ლეკვი ჰყავდა და მეორე ეს მივუყვანეთ გასაზრდელად. დროდადრო მომყავდა და ბავშვებთან ლოგინშიც კი იწვა. სახლშიც ვკვებავდით და ბავშვები ისეთი ბედნიერები იყვნენ, აბანავებდნენ, თავს ევლებოდნენ... თუმცა მგელი რის მგელია, თუ მავნებლობა არ გამოიჩინა?! ცოტა ხანში რაღაცების გაფუჭება დაიწყო. სულ ჩამოგვიხია ფარდები და ბავშვებმა მავნე ამიტომაც დაარქვეს... მგელი თავის ხასიათს არ მოიშლის, მაგრამ მთავარია, რომ ადამიანები ძალიან უყვარს.

- ასე როგორ ენდობით, როცა სახლში მცირეწლოვანი შვილები გყავთ? - ბავშვებს არაფერს დაუშავებს. ვიდეოც მაქვს გადაღებული, ბავშვებს როგორ ეძებს და თუ ვერ პოულობს, განერვიულებული ყმუილს იწყებს. ის კი არა, მოედანზე ფეხბურთს რომ თამაშობენ, მავნეც იქ არის და ბავშვებს ფეხბურთს ეთამაშება.

- ძაღლებთანაც მეგობრობს? - სხვა ძაღლები გაურბიან, მაგრამ ჩემი ძაღლი ძალიან შეჩვეულია და მეგობრობენ.

- უცხო ადამიანებს არ ეშინიათ? - არავის ეშინია, თქვენც შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ და ჩვენი მავნე მოინახულოთ. ჯერ ისევ პატარაა, წლამდე იზრდება და ყალიბდება. თან მამალი მგელია, და წესით, დიდი უნდა გაიზარდოს... დაბმასაც მივაჩვიეთ, ზოგჯერ ეზოში ვაბამთ. ერთხელ ისიც ვიფიქრე, ზოოპარკში ჩამებარებინა, მაგრამ ბავშვები აღელდნენ, იქ კარგად არ მოუვლიანო. ჩემი ოთხი წლის ვაჟი ილია დასაძინებლად რომ დაწვება, მავნე მუცელზე დაუწვება და ეფერება. ბავშვს მასთან განშორება ძალიან გაუჭირდება. ჩემი შვილები ზოოპარკში რომ იყვნენ, იქ ძალიან გამხდარი ცხოველები უნახავთ და ამიტომ შეეცოდათ მავნე, ჩვენ კი ცხოველები ისე გვიყვარს, არაფერს ვაკლებთ.

- როგორ კვებავთ? - ძალიან უყვარს ხორცეული, ძაღლების საკვები პედიგრი მისი უსაყვარლესი საკვებია. რადგან ხორცი უყვარს, უკვე მოასწრო და სამი ქათამი შეგვიჭამა. ქათმების ჭამას ვერ გადაეჩვევა, მაგრამ აღარ გვყავს და რაღას შეჭამს?! ალბათ, კიდევ ბევრ სიურპრიზს გვიმზადებს, მაგრამ რას ვიზამთ?! ჩემს მეუღლეს უკვე ისე შეუყვარდა, ვერაფრით შეელევა! მოფერებით დღეში ასჯერ წყევლის... მავნეს ოჯახის რომელიმე წევრი თუ გავუწყრებით, წავა და დაიმალება. სარდაფი გვაქვს, იქ ჩაძვრება და წყენა რომ გადაუვლის, მერე ამოდის. ტკბილეულით შემოვირიგებთ ხოლმე - გიჟდება, ისე უყვარს. ასევე ძალიან უყვარს საზამთრო. ბავშვებს რომ დავუჭრი, სულ მავნე მიირთმევს. უყვარს მაყვალიც.

- მომავალში რას უპირებთ? - ჩვენ ცხოველები ისე გვიყვარს, ვერ შეველევით, თუმცა უკვე უბანშიც ძალიან უყვართ. სტადიონზე რომ გადის, უნდა ნახოთ, როგორი ოვაციებით ხვდებიან.

მგლის ლეკვი რომ ვნახე, ზუსტად იმ დროს ჩემმა ვაჟმა დამირეკა, მამა, სახლში მალე მოდი, ჩვენს ვარლამ ლიპარტელიანს აჩვენებენ ტელევიზიითო... მერე ვარლამს ვუთხარი, მგლის ლეკვს შენი სახელი უნდა დავარქვა-მეთქი, მაგრამ ვარლამი ინტელიგენტი და პატიოსანი კაცია, მგელი კი არ დაემსგავსა... ტყეში რომ მომყვება, იქაც ამჟღავნებს მგლის ხასიათს და რაც შეიძლება შორს უყვარს გაქცევა, თუმცა როგორც კი დავუძახებ, მაშინვე მორბის. ძაღლივით გავზარდეთ, მაგრამ მგელია და ყეფა არ იცის, მხოლოდ ყმუის... ჩემს ეზოში დაუძახებლად შემოსულან და უცხოსთვის არაფერი დაუშავებია... კიდევ მინდა ცხოველები მყავდეს. მინდა შვლის ნუკრი მოვიყვანო და გავზარდო. ბუნებაში სიარული ძალიან მიყვარს და ხან რა ცხოველი შემომხვდება, ხან - რა. შვლის ნუკრიც შემხვდა, მაგრამ დაჭერის საშუალება არ მქონდა. ღვთის მადლით, მომრავლებული არიან და თუ ბუნება ამ საჩუქარს მარგუნებს, ძალიან გამიხარდება. ჩემს შვილებს ცხოველები ისე უყვართ, მეოთხეკლასელი თამარი ამბობს, ზოოპარკის დირექტორი უნდა გამოვიდეო. ჩვენი სურვილია, ქვეყანაში ყველა ცხოველი კარგად მოვლილი იყოს!