"ქართველების "დაღლილი" ნეშტი რუსეთიდანაც უნდა დავაბრუნოთ" - კვირის პალიტრა

"ქართველების "დაღლილი" ნეშტი რუსეთიდანაც უნდა დავაბრუნოთ"

დრო ყველაფერს ცვლის, მათ შორის - ერის ხასიათსაც, მაგრამ არის რაღაც, რაც არ იცვლება. წინაპართა სახელისა და საფლავის მოვლაც, ალბათ, მუდამ ღირსების საქმე იქნება ქართველი კაცისთვის. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ ქართველთა პატრონისა და გზამკვლევის, სულხან-საბა ორბელიანის გაუჩინარებულ საფლავს გაგანია ბოლშევიზმის დროსაც ეძებდნენ ქართველები - სურდათ სამშობლოში ჩამოესვენებინათ, მასთან ერთად კი მეფეები თეიმურაზ II და ვახტანგ VI. მეფეთა შესახებ ყველაფერი გარკვეულია - ორივე ასტრახანში განისვენებდა, იმ დროისთვის ჯერ კიდევ მშვიდად, თუმცა, მოგვიანებით, მათი საფლავები ორჯერ ამოთხარეს... რაც შეეხება სულხან-საბას საფლავს, ვსეხსვიატსკოეს ტაძრის სასაფლაოზე მისი საფლავის ძებნით დაღლილი პაოლო იაშვილი ახლობლებს სწერდა, 1905 წელს აქ 100 საფლავი გადათხარეს, რომელთა მიწა მიისაკუთრესო. ქართველი მეცნიერები შემდეგაც დაეძებდნენ სულხან-საბას საფლავს, მაგრამ ამაოდ... 2011 წელს ერთ-ერთი ქართველი ისტორიკოსი მოსკოვიდან პროფესორ გივი ღამბაშიძეს დაუკავშირდა, ვსეხსვიატსკოეს სასაფლაოზე რუსები კარტოფილის საწყობს აშენებენ და გთხოვ, რაიმე იღონოო. იმდროინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვს შვეიცარიის საელჩოს საშუალებით საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, რომელსაც კომისია მიაყოლა სამი კაცის შემადგენლობით. მათთან ისტორიკოსი, პროფესორი გივი ღამბაშიძეც იყო:

- მოსკოვში 2012 წლის დეკემბერში ჩავედით, მივაკითხეთ ვსეხსვიატსკოეს, სადაც კარტოფილის საწყობი უკვე აშენებული დაგვხვდა. მკაცრი საუბარი გვქონდა ადგილობრივ სამღვდელოებასთან. მომეჩვენა, რომ სინანულში ჩაცვივდნენ, Mმაგრამ სიტუაციას ვერც ეს ხალხი გამოასწორებდა - იქ საფლავების რბევა მთელი საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა, ამიტომ სასაფლაოზე დარეჯან ბატონიშვილის შემწეობით დაკრძალული არაერთი ქართველი არისტოკრატის საფლავიც მოისპო.

- დარეჯან ბატონიშვილზე რას იტყვით, ამბობენ, მზეთუნახავი ყოფილა... - მართლაც, ის იყო მწიგნობარი და დიპლომატიც. სოფელი ვსეხსვიატსკოე რუსეთის მეფე პეტრე პირველმა არჩილ II-ს აჩუქა, დარეჯანმა კი მემკვიდრეობით მიიღო. ამ ლამაზ ქალს ეთაყვანებოდა რუსეთის ყველაზე ჭკვიანი მეფე პეტრე I (ჩრდილოეთის ომის მოგების შემდეგ ის სწორედ დარეჯანთან მივიდა პირველად...) და იმხანად იქ მცხოვრები ქართველობაც მასთან იკრიბებოდა. ბევრმა სამუდამო განსასვენებელიც სწორედ ვსეხსვიატსკოეს ტაძრის სასაფლაოზე პოვა. მათ შორის, სულხან-საბამაც. თუმცა, როგორც ვთქვი, სასაფლაო განუწყვეტლივ ოხრდებოდა...

1973 წელს ასტრახანში ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის ცხედრებიც ამოიღეს სარკოფაგებიდან და სხვა ადგილას გადაასვენეს. მოგვიანებით ჩვენი მეფეთა საფლავები ისევ გახსნეს და ისინი ისევ სხვაგან გადაასვენეს...

- საქართველოში მათი ჩამოსვენების საკითხი არ წამოჭრილა?

- 1973 წელს, როდესაც ასტრახანში ეს სამარხი გაიხსნა, რუსები იძულებული გახდნენ, ქართველი ისტორიკოსებიც მიეწვიათ. სწორედ მაშინ გადაიტანეს მეფეთა საფლავები ტაძრის სამხრეთ კედელთან, ხის სადგომებში. პირველად ნეშტების შეწუხების მიზეზად ის დაასახელეს, რომ თურმე ტაძრის სარდაფში გათბობის მილი უნდა გასულიყო, რაშიც ნეშტები ხელს უშლიდათ. მეორედ გადასვენების მიზეზი კი არც შეგვატყობინეს. ჯერ კიდევ მაშინ დაისვა სამშობლოში მათი ჩამოსვენების საკითხი, მაგრამ...

- ისტორიკოსი როინ მეტრეველი წერდა, რუსები ხან გვეთანხმებიან ჩვენი მეფეების გადამოსვენებაზე, ხან არაო. ბოლო შეთანხმების წინ კი უარის აბსურდული მიზეზი გვითხრეს - რომ თურმე თეიმურაზი შავი ჭირით იყო დაავადებული და მისი გადასვენების შემდეგ შავი ჭირი გავრცელდებოდა. - ეს აბსურდია. თეიმურაზი საღ-სალამათი იყო, როდესაც 1762 წელს რაღაც დაავადება შეეყარა და უცებ გარდაიცვალა. არსებობს აზრი, რომ ის მოწამლეს. სხვათა შორის, იმასაც გაგიმხელთ, რომ 2003 წელს ედუარდ შევარდნაძე და ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ ქართველ მეფეთა ნეშტების საქართველოში გადამოსვენებაზე (მით უფრო, რომ რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე ასტრახანის გუბერნატორს სწერდა, შევიტყვე, რომ თეიმურაზ მეფე გარდაიცვალა და დაეხმარეთ ქართველებს, სამშობლოში წაასვენონო), მაგრამ ამ ამბავს გაგრძელება არ მოჰყოლია.

როდესაც ქართულ დელეგაციასთან ერთად ასტრახანის სასულიერო პირებსაც მივაკითხე, წინ ეკატერინეს აღნიშნული ბრძანება დავუდე. მითხრეს, ამ ბრძანებითაც კი ვერ გაგატანთ მეფეებს, ამაზე პუტინის ნებართვა გვჭირდებაო.

- პუტინი კი ნებართვას არ იძლევა... - სამწუხაროდ, ასეთი ფაქიზი თემები პოლიტიკური ვაჭრობის საგანია.A ამის მიუხედავად, ეს წრე უნდა გავარღვიოთ და როგორც ევროპიდან, ქართველების "დაღლილი" ნეშტი რუსეთიდანაც უნდა დავაბრუნოთ.