დაჩხაპნილი ისტორია - კვირის პალიტრა

დაჩხაპნილი ისტორია

ქართველმა მოზარდებმა ისიც კი არ იციან, ვინ იყო ცხრა ძმა ხერხეულიძე

გორში, ლეგენდარული ციხის ძირში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიდგა დაჩეხილი მეომრების მონუმენტი. ხმალაბჯარდალეწილი და მკერდშენგრეული რვა მეომრისგან შემდგარი კომპოზიცია ჯერ ვაკის პარკში იყო, მოგვიანებით ისიც შეიტანეს "გადასაადგილებელთა" სიაში და მეომრებმაც, სავარაუდოდ, საბოლოო სამკვიდრებელი გორში პოვეს. ეს ის ადგილია, სადაც თავისი ერის ისტორიის მცოდნე კაცი გულგრილად, მხოლოდ დათვალიერების მიზნით არ მივა და უთუოდ დააფიქრებს ის ღვაწლი, ჩვენმა გმირმა წინაპრებმა რომ გასწიეს.

თავის დროზე არაერთი კრიტიკული მოსაზრება დაიბეჭდა ამ მონუმენტის შესახებ. ითქვა, რომ ახალგაზრდებზე უმძიმეს შთაბეჭდილებას ახდენს. ვერ დავიჩემებ ხელოვნებათმცოდნეობას, ჩემი მიზანი არც არის მონუმენტის, როგორც ხელოვნების ქმნილების კრიტიკული განხილვა. უბრალოდ, ფაქტი, რომელსაც უნებლიეთ წავაწყდი, იმაზე მეტყველებს, რომ მომავალ თაობაზე ეს ძეგლები სულაც არ მოქმედებს დამთრგუნველად. პირიქით, აგდებით ეკიდებიან მეომრების დაჩეხილ ქანდაკებებს.

რამდენიმე დღის წინ გორის ციხესთან გავიარე და უფრო ახლოს მივედი“"მეომრებთან". საინტერესო სანახაობა დამხვდა: ერთი მეომრის კალთაში შეყვარებული წყვილი მოკალათებულიყო და ერთმანეთს ეალერსებოდა. მოპირდაპირე მხარეს ორი გოგო მუხლებზე ჩამოსჯდომოდა ვადაში ხმალგადამტვრეულ მეომარს და იქიდან სცემდა ყიჟინას მეგობარ ვაჟს. მესამე მეომრის მკერდს მისდგომოდა და ინგლისურად ტვიფრავდა, ალბათ, საკუთარ სახელს - "ბერო". რას სჩადიხართ-მეთქი, დავკივლე "ავტოგრაფის" კაწვრაში გართულს და ჩანთიდან ფოტოაპარატი ამოვიღე. თვალის დახამხამებაში ყველა სადღაც გაქრა. მე კი ხელთ შემრჩა ქანდაკებებზე ამოკაწრულ-მიჩხაპნილი უამრავი წარწერა.

სამწუხაროდ, ასეთივე წარწერებს ნახავთ უფლისციხეში, ვარძიაში და ყველა იმ ღირსშესანიშნავ ადგილას, სადაც დაცვის სამსახურის ჭაჭანება არ არის. ქანდაკებაზე ამოჩხაპნილი წარწერის ავტორს გავედევნე და დაპირებით, ფოტოს არ გადაგიღებ-მეთქი, დავიყოლიე, რომ დამლაპარაკებოდა. შევეცადე, გამეგო, რა იცოდა გორის ციხის და მონუმენტის შესახებ. გამაოგნებელი პასუხი გამცა: თურმე გორის ციხე ყოფილა ადგილი, სადაც ადრე პატიმრებს ამწყვდევდნენ, ქანდაკებები კი ამ ციხის მცველებისა ყოფილა. კითხვაზე, რა იცის ცხრა ძმა ხერხეულიძის შესახებ, კიდევ უფრო გამაოგნებელი პასუხი გამცა, - ალბათ, რომელიმე მრავალშვილიანი ოჯახის წევრები არიანო! ბიჭი სრულიად გულწრფელი იყო და გულდასმით მისმენდა, როდესაც გიდობა ვიკისრე და მცირე ექსკურსია ჩავუტარე შორეულ წარსულში.

როდესაც ეს მონუმენტი დაიდგა, ბევრმა იკითხა, რატომ მაინცდამაინც რვა მეომარიო. მაშინ ითქვა, რომ მოქანდაკის ჩანაფიქრით საქმე გვქონდა ცხრა ძმა ხერხეულიძის სკულპტურულ კომპოზიციასთან, რომელშიც მეცხრე ძმად შეეძლო ჩართვა დამთვალიერებელს. მხატვრის მართლაც საინტერესო ჩანაფიქრი გაოცებას იწვევს იმ დამთვალიერებლებში, რომლებმაც ისტორიიდან იციან, რომ მარაბდის ომში ბრძოლის ველზე მხოლოდ ცხრა ძმა კი არა, მათი ერთადერთი ნაბოლარა და და დედაც დაიღუპნენ. იქნებ ჯობდეს, ისტორიულ ადგილებსა და მათ სადიდებელ მონუმენტებთან თვალსაჩინო ადგილას დაიდგას საინფორმაციო აბრა და კიდევ, ჩამოვკიდოთ წარწერა მეომრებს: "დაჩხაპნა აკრძალული და შეურაცხმყოფელია".

მარაბდის უთანასწორო ბრძოლა

1625 წლის 1-ელ ივლისს მარაბდის ბრძოლაში გმირულად დაღუპულთა შორის ერთი ოჯახიდან ცხრა ძმა დაეცა. ლეგენდის თანახმად,  ბრძოლაში დაიღუპნენ მათი უმცროსი და და დედაც. გადმოცემის მიხედვით, გმირების სამუდამო განსასვენებელი სოფელ ძველი მარაბდის განაპირას, წმინდა მარინეს ეკლესიის მახლობლად ყოფილა. ცხრა ძმის საოცარი ამბავი უამრავ თქმულებად, ლექსად და სიმღერად შემორჩა ქართველთა ცნობიერებას. მარაბდის უთანასწორო ბრძოლაში მცირერიცხოვან ქართველთა სიმამაცეს ყიზილბაშები უკუუქცევია, მაგრამ გამოცდილ მთავარსარდალს ისა-ხან ყორჩიბაშს ნირი არ უცვლია და შეუტევია გმირი ქართველებისთვის.

ბრძოლის ველზე მკერდშელეწილი დაცემულა თეიმურაზ მუხრანბატონი. ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაუნაცვლებია ქართულ დროშას. ვაჟკაცებიც რომ  გმირულად დაღუპულან, მათ ნაბოლარა დას აღუმართავს დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა მისი მკერდიც შეუნგრევია მტრის მახვილს, დედას აღუმართავს ქართველთა ღირსებისა და გამარჯვების სიმბოლო. მაინც დამარცხდნენ რიცხვმცირე ქართველები.

საქართველოს ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა ამ ბრძოლაში მონაწილე ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის - დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები რუსთველი და ხარჭაშნელი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, მათი დედა და ერთადერთი და, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი... მათი ხსენების დღე 3 აგვისტოს აღინიშნება.