"კონსპექტებზე მეძინებოდა, ვიხსენებ გათენებულ ღამეებს, მეგობრებთან დროის გატარებაზე უარის თქმას" - ვინ არიან 100%-იანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტები? - კვირის პალიტრა

"კონსპექტებზე მეძინებოდა, ვიხსენებ გათენებულ ღამეებს, მეგობრებთან დროის გატარებაზე უარის თქმას" - ვინ არიან 100%-იანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტები?

2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 29 362 - მა აბიტურიენტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი.

სახელმწიფო გრანტი გადანაწილდა 6 500-ზე მეტ სტუდენტზე, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი სწავლას 4 200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს. ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1 330-ზე მეტი გამოსაცდელი. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.

kvirispalitra.ge დაუკავშირდა იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვეს.

საბა ქავზინაძე, დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული: - ჩავაბარე თსსუ-ში, დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე. დაფინანსების მოლოდინი მქონდა, ვინაიდან მთელი ძალ-ღონით დავიხარჯე მიზნისთვის. დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლა დავამთავრე და ვთვლი, რომ ჩემს ცოდნასა და მიზნებს აქ ჩაეყარა საფუძველი, რაშიც მასწავლებლები დამეხმარნენ, თუმცა რეპეტიტორებსაც ლომის წვლილი მიუძღვით. ისინი დამეხმარნენ ცოდნის კონცენტრირებასა და კონკრეტული მიდგომების აღმოჩენაში.

ქულებს რაც შეეხება, ქართულში 59, ინგლისურში 71, ბიოლოგიაში 64, ფიზიკაში 56 ქულა ავიღე.

- როგორია შენი მოლოდინები უმაღლეს სასწავლებელზე? - ზოგადად, ჩემი მიზანი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნაა და ჩემი აზრით, სამედიცინო უნივერსიტეტი მომცემს განათლებას, რომლითაც ჩემს წილ აგურს დავდებ ჩემი ქვეყნის მშენებლობაში. მეორე მხრივ, აღნიშნული დიდი გამოწვევაა ჩემთვის, ვინაიდან ფრიად საპასუხისმგებლო და პრაქტიკულ საქმეს შევეჭიდე.

ნიტა ვერულავა, კერძო სკოლა "მარიოტას" კურსდამთავრებული: - ქართულში- 69/70, ინგლისურში- 80/80, მათემატიკაში- 42/51, ბიოლოგიაში-61/70 ქულა ავიღე და  ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე. ქულებიდან გამომდინარე ველოდი, რომ 100%-ანი სწავლის დაფინანსებას მოვიპოვებდი, მაგრამ საბოლოო შედეგმა, რა თქმა უნდა, ძალიან გამახარა. ვერ ვიტყოდი, რომ არ ელოდნენ ჩემი ახლობლები ჩემს ასეთ წარმატებას, თუმცა ძალიან გაუხარდათ. ასეთი შედეგი როგორც სკოლის, ისე რეპეტიტორების გვერდში დგომის, დახმარებისა და მუდმივი მხარდაჭერის დამსახურებაა. ჩემი მედიცინისადმი სიყვარული და ინტერესი კი ოჯახმა განაპირობა. ექიმობა ოჯახის ასე ვთქვათ, ტრადიციაა. მოკლედ, თავდაუზოგავი შრომის, მიზნისკენ სვლისა და მედიცინისადმი სიყვარულის დამსახურებაა.

- რა მიმართულებით გინდა გახდე ექიმი და რატომ ეს პროფესია ?

- რადგანაც 21-ე საუკუნე სამედიცინო ტექნოლოგიების, კოვიდ-პანდემიის ხანაა, ვირუსოლოგიამ ძალიან დამაინტერესა, თუმცა ჯერ დაზუსტებით არ მაქვს გადაწყვეტილი.

ანა ყვავაძე, რუსთავის 21-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული: - 64 ქულა ქართულში, 71 ინგლისურში, 66 ბიოლოგიაში და 45 ფიზიკაში ავიღე, მაგრამ ბევრად მეტი შემეძლო. უამრავი ფაქტორია, რომელიც ხელს გიშლის: ნერვიულობა, სტრესი, იმის შიში, რომ ოჯახს, მეგობრებს, რეპეტიტორებს იმედს გაუცრუებ. კანკალით შევდიოდი ყველა გამოცდაზე, კანკალით ვწერდი და არ მახსოვდა არაფერი, როცა გამოვდიოდი. თავდაჯერება ყველაზე, ყველაზე მთავარია, რომლის უქონლობის გამოც, მაქსიმალური ქულები ვერ ავიღე. თუმცა რა დროს მაქსიმალური ქულებია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოვხვდი 100%-იანი გრანტით.

მეგონა, 100%-იან გრანტს მხოლოდ ვუნდერკინდები იღებდნენ. 70%-იანზე მაღალს უკვე აღარ ველოდი და როცა დღეს 12 საათზე დავინახე, რაც მოხდა, მართლა ვერ აღვწერ რა ვიგრძენი. ვერ ვხვდებოდი, რა რეაქცია გამომეხატა, რა მეთქვა. ყველაზე მაგარი გრძნობაა, როცა ხვდები, შრომა დაგიფასდა.

- სად ჩაირიცხე და რა ფროფესიას დაეუფლები? - ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე... ყველა უნივერსიტეტის სტუდენტის აზრს ვისმენდი... ყველაზე რთული პროცესი აბიტურიენტისთვის ამის შერჩევაა, რადგან, სამწუხაროდ, საკმარისად ინფორმირებულები არ ვართ და ზუსტად არ ვიცით სწავლის პროცესი როგორია, რამდენად მოვერგებით.

საბოლოოდ, მაინც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავირჩიე. ქირურგია მომწონს ძალიან, უფრო კონკრეტულად კარდიოქირურგია. მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია. უნივერსიტეტში გადავწყვეტ.

- შენი აზრით, რისი დამსახურებაა ასეთი შედეგი? - ეს ისეთი საკითხია, მხოლოდ ერთ პასუხს ვერ გასცემ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სკოლას, რომელიც გიქმნის საფუძველს, გაყვარებს შრომას, გასწავლის ბრძოლას. რეპეტიტორებზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია. თან მაშინ, როცა ასეთი იდეალურები იყვნენ. სულ ამბობდნენ, რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებულიო, მაგრამ მართლა ვერაფერს შევძლებდი, რომ არა ისინი.

რა თქმა უნდა, ეს საკუთარი შრომის შედეგიცაა და საერთოდ არ ვთვლი რომ ხმამაღალი განაცხადია, რადგან ვიხსენებ გათენებულ ღამეებს, მეგობრებთან დროის გატარებაზე უარის თქმას და მომენტებს, როცა კონსპექტებზე მეძინებოდა. ამიტომ ეს ყველაფრის ერთობლივი დამსახურებაა. და ბოლოს, ვერ გამოვტოვებ იმ თითოეულ ადამიანს, რომელმაც ერთი სიტყვით მაინც მისურვა წარმატება. მათ, ვინც მეუბნებოდნენ, რომ ჩემი სჯეროდათ, რადგან ეს უდიდეს მოტივაციას მაძლევდა და როცა მეგონა, მეტს ვეღარ შევძლებდი, ბრძოლის უნარს მიბრუნებდა.

ლიზი თურქია, ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული: - ვეტერინარიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე აგრარულ უნივერსიტეტში. ბავშვობიდან ჩემი ოცნების პროფესიაა და შედეგევის გაგების შემდეგ მოხვედრას ველოდი, თუმცა 100%-იან გრანტს იმდენად არა... შესაბამისად, ძალიან გამიხარდა. რაც შეეხება დამსახურებას, ამაში ყველას თავისი წვლილი მიუძღვის. რომ არა ჩემი სკოლის მასწავლებლების მიერ გაწეული შრომა, მხოლოდ რეპეტიტორებთან მუშაობით ამ შედეგის დადება ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ის წვლილი, რაც რეპეტიტორებმა შეიტანეს ამაში, ფაქტობრივად გადამწყვეტი იყო. ჩემს შრომას რაც შეეხება, საკმაოდ ვზარმაცობდი, მონდომებას ვერ დავიბრალებ, თუმცა, ალბათ, ამასაც თავისი ადგილი აქვს. ყველა მათგანის საოცრად მადლიერი ვარ.

ნინო კირცხალია, სენაკის ჟიული შარტავას სახელობის ნომერ მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული:

- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მარკეტინგის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, ალბათ 70%იანს ავიღებ-თქო, ვიცოდი, შარშან როგორ გაურთულდათ აბიტურიენტებს 100%-იანი გრანტის აღება, ამიტომ არ მინდოდა იმედები ტყუილად დამესახა. ყველაზე მნიშვნელოვან მოტივაციას გარშემომყოფნი მაძლევდნენ: ოჯახი, მასწავლებლები, მეგობრები. მათი იმედი მაძლევდა სტიმულს, რომ საკუთარი თავის მაქსიმუმი გამომევლინა ყოველდღიურად და როგორც ჩანს, ამან გაამართლა.

დაბრკოლებების გადალახვა და ე. წ. work ethic სწორედ სკოლის გარემოში ვისწავლე.

(სპეციალურად საიტისთვის)