"დღეს ადამიანსაც და ღირებულებებსაც ფასი დაეკარგა" - კვირის პალიტრა

"დღეს ადამიანსაც და ღირებულებებსაც ფასი დაეკარგა"

"ხან იმასაც ვფიქრობ, რომ ეს პანდემია უფლისგან მოვლენილი გაფრთხილებაა. ერთხანს კაცობრიობა მიხვდა, რომ რაღაც დიდი დილემისა და უბედურების წინაშე დადგა. ამ დროს ხომ აღარ არსებობს აღარც საზღვარი, აღარც რაკეტა, აღარც აქა-იქ ცეცხლის დანთება... მერე ამასაც მიეჩვივნენ და ისევ ახალ-ახალი ცეცხლი ინთება მსოფლიოში. ან ამ ქვეყანას და ხალხს დაატყო რამე პანდემიამ? თავიდან, კი ბატონო, როცა კაცობრიობისა და სამყაროს წინაშე დიდი ზვავი ჩამოწვა, უცებ გაირინდა ყველაფერი, მაგრამ როგორც კი ამას შეეჩვივნენ, ისევ გაუტიეს", - გვეუბნება მწერალი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი ვანო ჩხიკვაძე და ექსპრომტად შექმნილი მინიატიურებით გადმოსცემს ჩვენს დღევანდელ საწუხარს.

"კაცობრიობისა და სამყაროს წინაშე დიდი ზვავი ჩამოწვა"

- სანამ სკოლაში მივიდოდი, სოფელში ვიზრდებოდი. ბებია მყავდა საოცარი, რომელიც მეუბნებოდა, შვილო, ადამიანი ხის ფოთოლივითაა, მიდის და მოდის, ძველი ჩამოვარდება და ახალი გამოდისო. მერე იგივე ფრაზა ბერძნულ მითოლოგიაში ამოვიკითხე, ერთი ფილოსოფოსი ამბობს იმავეს. სად ბებიაჩემი და სად ის ფილოსოფოსი, მაგრამ ორივე ადამიანი იყო და ერთნაირად ფიქრობდა. იმაში არაა საქმე, შენ რომელ საფეხურზე და როგორ დგახარ, მთავარია, როგორ ფიქრობ და აზროვნებ.

ხან იმასაც ვფიქრობ, რომ ეს პანდემია უფლისგან მოვლენილი გაფრთხილებაა (არ მინდა სასჯელი ვთქვა), რომელმაც მასობრივად მოიცვა მსოფლიო. ერთხანს კაცობრიობა მიხვდა, რომ რაღაც დიდი დილემისა და უბედურების წინაშე დადგა. ამ დროს ხომ აღარ არსებობს აღარც საზღვარი, აღარც რაკეტა, აღარც აქა-იქ ცეცხლის დანთება...

მერე ამასაც მიეჩვივნენ და ისევ ახალ-ახალი ცეცხლი ინთება მსოფლიოში. ავღანეთში რაც დატრიალდა, რამხელა უბედურებაა?! 20 წელი ვეუბნებოდით, შენთვის ვიბრძვითო, რამდენი ქართველი ვაჟკაცი დაიღუპა, ხომ წაიყვანეს ომში ჩვენი სისხლი და ხორცი? ახლა ახალი უბედურების წინაშე არიან ავღანელები და მთლად მიატოვეს ისინი.

დღეს ურთიერთობები და დამოკიდებულება გაიოლდა, ადამიანსაც და ღირებულებებსაც დაეკარგა ფასი. ვხუმრობ ხოლმე, კიდევ კარგი, ამ პანდემიის გამო საქართველოში კაცები ერთმანეთის კოცნას გადაეჩვივნენ-მეთქი. დღეში სამჯერ რომ შეხვედროდნენ, სამივეჯერ უნდა გადაეკოცნათ ერთმანეთი, გაუცნობიერებლად. ახლა უკვე სხვანაირად კოცნიან ერთმანეთს და მაინცდამაინც იქ, სადაც 9 აპრილს წმინდა სისხლი დაიღვარა, რუსთაველზე უნდა ჩავატაროთ აღლუმიო, გაიძახიან. ადამიანი ღმერთს გაუთამამდა და მხარზე ხელი გადახვიაო, უთქვამთ. ადამიანს ბუნებაში აქვს თავხედობა, უღირსიც გადაგხვევს ხელს და შენი ტოლი გახდება. უბედურებას გაუთამამდნენ და მეჩვენება, აქ უკვე სხვა რაღაცები თამაშობს, ბნელ მხარეებსა და ძალებზე აღარ მინდა ლაპარაკი.

ნეტავ ვხედავდე, რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ... როცა დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო, ეთნიკურ უმცირესობას ქართველებზე ნაკლები გადასახადი დაუწესა. როცა მეფეს უსაყვედურეს, უპასუხა, იმიტომ, რომ ახლა თქვენ უნდა მიხედოთ სამშობლოს, თქვენ ხართ პასუხისმგებლები, იმათ საერთოდ არა აქვთ ან შორს აქვთ სამშობლოო. დიდი კაცი იყო დავითი, ეს სიკეთე ძევს ჩვენში, ქართველებში, აბა, დავით აღმაშენებელი, ყველა დროის უდიდესი პიროვნება, ციდან კი არ ჩამოფრენილა. დღემდე სახელმწიფო რომ ვართ, მისი დამსახურებაა. "ვეფხისტყაოსანი" რომ დაიწერა, ესეც დავითის დამსახურებაა, მე-19 საუკუნეში ეს პოემა ვერ დაიწერებოდა. დაიწერებოდა და დაიწერა კიდეც "ვაჰ, სოფელსა ამას" და სხვა დანარჩენი, რაც რომანტიკოსებმა შექმნეს...

"არ მინდა ქართული სიტყვის წამკითხავი დაიკარგოს"

- ჭკუანასწავლი ხალხი გინახავთ? - მე არ მინახავს. ერთი და იმავე შეცდომას იმეორებს და იმეორებს, ალბათ, ესეც კაცთა მოდგმის მახასიათებელია. დონ კიხოტი ამხელა გმირია და სიკეთისთვის ბრძოლაში ხან სად დაბეგვეს, ხან სად, მაგრამ იმავეს იმეორებს. ის რომ გამოკეთებულიყო და სხვა ყოფილიყო, ჩვენთვის ხომ აბსოლუტურად უინტერესო იქნებოდა?

30 წელი ერთ წრეზე ვტრიალებთ... ელემენტარულად, თავბრუ დაგვეხვევა, იმდენი ხელისშემშლელი პირობაა. როგორც მწერალს და ჰუმანისტს, რა უფლება მაქვს და როგორ შეიძლება ადამიანი მძულდეს?! ყველას თავისი ცხოვრება აქვს. უფალმა დააწესა ქალი და კაცი, სამოთხიდან გამოგვყარა, გვითხრა, ოფლითა შენითა მოიპოვეთო, მაგრამ დააწესა ნორმები, ჩვენი არსებობის და ზნეობის ფუნდამენტი.

ამას წინათ, ფშავში მომიწია წასვლამ და ხინკლის მომხარშავი ქალი აღარაა დარჩენილი, ყველა ემიგრაციაშია, შვილები რომ არჩინონ. ადრე კაცი იყო ოჯახის მარჩენალი, ახლა? ახლა კაცი წამოწოლილია, ცოლის გამოგზავნილი ფულით არაყს სვამს, სიგარეტს ეწევა და კმაყოფილია. აი, რამდენად შეიცვალა ჩვენი ცხოვრების მდინარება. ამაზე მტკივა გული. ეს არაა ქართველობა, ეს ჩვენ არა ვართ.

მე არ მინდა ქართული სიტყვის წამკითხავი დაიკარგოს. ჰოდა, თუ მინდა ქართველი კაცი გადარჩეს, ქართული სიტყვაც უნდა გადარჩეს.

"ხელოვნურად მოხდა მწერლისა და მკითხველის დაცილება"

- უჟამურმა ჟამმა, ამ დრომ დააკარგვინა მწერალს მესაყვირის ფუნქცია. ვიღაცებს კი უნდათ ყველაფერს ხაზი გადაუსვან, მაგრამ ეგრე არ არის. მოვლილი იყო ქართული კულტურა... ოთარ ჭილაძის, ჭაბუას, რეზო ნიშნიანიძის და სხვათა ნაწარმოებები ხომ შეიქმნა იმ ეპოქაში? რაღაც წიგნი თუ გამოდიოდა, იმდენს აიღებდი, სული რომ არ ამოგხდომოდა. მწერალთა კავშირს თავისი ფუნქცია ჰქონდა. ის შეიძლება ხელისუფლების საყრდენი იყო, მაგრამ საზოგადოებისაც. პარასკევი დღე იყო განსაკუთრებული, როცა "ლიტერატურული საქართველო" გამოდიოდა და მისმა ტირაჟმა ბოლოს 250 ათასს მიაღწია. პარასკევს გაზეთს რომ შევიძენდი, ვიცოდი, წალენჯიხაში ხელში ეჭირა ვიღაცას და იქ დაბეჭდილ ჩემს ლექსს კითხულობდა. ახლა? ახლა ხომ ხელოვნურად მოხდა მწერლისა და მკითხველის დაცილება? დაიკარგა ურთიერთობები... ერთი სევდიანი ამბავი მინდა გავიხსენო: 2002 წელს თავი მოიკლა სახელმწიფო მდივანმა ნუგზარ საჯაიამ. როდესაც მის კაბინეტში შევიდნენ, მას ჯიბეში ჩემი ლექსი აღმოაჩნდა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, ამ ლექსმა გვაგრძნობინა, თურმე რამხელა სულიერი მღელვარება ჰქონია ამ კაცსო. მედიაში ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაშინდელ მწერალთა კავშირში ცნობილი პოეტი შემხვდა, ეს რომ გაიგო, მითხრა, შენი კეთილი შურით მშურსო. გავიდა ხანი და ამ პოეტმაც, სამწუხაროდ, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. რაღაც უცნაური ხაზია...

"რა წერილები გვჭირდება მწერლებს ერთმანეთთან?"

- მწერალთა აკადემიის წერილზე ჩემი ხელმოწერაც ყოფილა, მაგრამ არ მომიწერია ხელი, უჩემოდ გააკეთეს, არც შემითანხმდნენ... ამას რა ჰქვია? რომ გავიგე, სახტად დავრჩი, ლამის გავგიჟდი, არც ვიცოდი მისი არსებობა. ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და აკადემიას არც ეკადრებოდა.

აკადემია თუ გქვია, აკადემიზმიც უნდა გაგაჩნდეს. იქ ისეთი რაღაცებია ჩაწერილი, იმის გაშვებას არც დავუშვებდი, თორემ იმას კი არ ვამბობ, მეორე მხარით აღფრთოვანებული ვარ-მეთქი. რა წერილები გვჭირდება მწერლებს ერთმანეთთან, შევხვდეთ და დავილაპარაკოთ, ჩვენზე კარგად ვინ იცის ჩვენი ამბავი. იცით, პრობლემა რაშია? დღევანდელ მწერალთა სახლში რომ მიხვალ, ბაღში ვეღარ დამჯდარხარ, რესტორანი გახსნეს და იქაც ცეცხლის ფასებია. მახსოვს, კონსტანტინე გამსახურდია, ირაკლი აბაშიძე, მურმან ლებანიძე და სხვა კორიფეები რომ მობრძანდებოდნენ, მწერალთა სახლის ბაღში ახალგაზრდები შორიახლოს დავდგებოდით და ვუსმენდით ხოლმე. მთავარი ის იყო, თაობებს შორის კავშირი არ გაწყვეტილა, წინა თაობამ იცოდა, ვინ მოდიოდა მის უკან და ჩვენ ხომ ვიცოდით და ვიცოდით, ვინ იყო ჩვენ წინ. ეს კავშირი გაითიშა. მწერალთა კავშირი ცალკეა, რაღაც მაინც შეინარჩუნეს და კიდევ როგორღაც არსებობს, უნდა იყოს კიდეც. მეორეა მწერალთა ის ნაწილი, რომელმაც უკანონოდ მიითვისა მწერალთა სახლი. ახლა იქ ისინი არიან, ახალი თაობა, ჩვენ ერთმანეთს ვეღარც ვხვდებით.

რას ვიფიქრებდი, თავისუფალ საქართველოში ერის ზნეობის და გზის მანიშნებელი მთავარი ციტადელი თუ დაგვემხობოდა...

"უფალი დიდხანს არ დაუშვებს საქართველოს დანაწევრებას"

- 1991 წელს გადავბარგდი ჩემს მშობლიურ ქალაქ გორში და კულტურას ვუძღვებოდი. ცხინვალშიც მიხდებოდა შესვლა და მიმდებარე სოფლებშიც. ბევრი საშინელება მახსოვს... რუსეთის ოცნება იყო და ხელში ჩაიგდო კიდეც სამაჩაბლო. ამ ყველაფერს წინ ქართველების მუდმივი შეურაცხყოფა და პროვოკატორების ქმედებები უძღოდა, მერე ეს ტრაგედიაც დატრიალდა... 2008 წლის ცხელ კვალზე დაიწერა ჩემი რომანი "შუშების ომი". ამის გარდა, ამ თემაზე ბევრი ნოველა და მოთხრობა მაქვს დაწერილი. ჩვენთვის ეს ხომ მარადიული თემაა...

როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, ერედვში დიდი ბაზარი გაიხსნა, სადაც ოსი და ქართველი მოსახლეობა ხვდებოდა ერთმანეთს. ნელ-ნელა ისე წავიდა საქმე, ერთმანეთში მიდი-მოდიოდნენ, ოსები ჩამოდიოდნენ გორის რესტორნებში, ერთი სიტყვით, დათბობისკენ წავიდა ყველაფერი. არიქა, რიგდებიანო და, თავიდან დაძაბეს სიტუაცია. ვინ გაძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას? ჩვენი კი არა, მსოფლიოს ისტორიას ვიცნობ და დროთა განმავლობაში იმდენჯერ შეცვლილა დედამიწის რელიეფი, საზღვრები თუ პოლიტიკა, ვინ იცის, ხვალ რა იქნება. მაინც ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ უფალი დიდხანს არ დაუშვებს საქართველოს დანაწევრებას. ადრე თუ გვიან, რაღაცები მოხდება და უნდა ვეცადოთ ამას არ გადავყვეთ და არ აღვიგავოთ მიწისაგან პირისა. თორემ ხომ იცით, ეს დიდი ვეშაპები არავის და არაფერს ინდობენ. ყოველთვის გვედო ვიღაცის ტორი და თუ გვგონია, მათ კიდევ არა აქვთ პრეტენზიები, ძალიანაც ვცდებით, ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს.

"დავითი უნდა დაბრუნდეს..."

- დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით დიდგორის ბრძოლის გამარჯვების 900 წლისთავისადმი მიძღვნილი პატრიოტული პოეზიის კონკურსში "ძლევაი საკვირველი" გამარჯვებულ ლექსთა შორის ჩემიცაა, დავით აღმაშენებელს მივუძღვენი. მწერალთა კავშირმა დააწესა პრემია, რომელიც ყოველწლიური იქნება. რა დასამალია, პრემიებით განებივრებული ვარ, მაგრამ ეს ჩემთვის მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ერთია კიდევ, ყველანი უნდა ავხმაურდეთ იმაზე, საქართველოს უდიდესი მეფე რომ გამოაძევეს თბილისიდან. რამდენჯერაც მანდ გავივლი, გამონაბოლქვის კვამლშია გახვეული დავითის ძეგლი და პირმიქცეულია თბილისისგან. ის დამარცხებული არსაიდან გასულა და არც თბილისიდან უნდა გასულიყო. ეს გააკეთა იმ "ძვირფასმა" ხელისუფლებამ, რომელსაც ხელს უშლიდა დავითის სახელი. დავითი უეჭველად უნდა დაბრუნდეს დედაქალაქში.

"რაზეც დღედაღამ ვლოცულობ"

- რაზეც მართლა დღედაღამ ვლოცულობ, ისაა, რომ ქართველებს ერთმანეთი უყვარდეთ. არასდროს ვინმეს სიკეთე არ შემშურებია, მიხარია, ერთით ნაკლები გაღატაკებული ადამიანი თუ არ დადის ამ ქვეყანაზე. ქვეყანა თუ ღონიერი იქნება, ყველანი ღონივრად ვიქნებით. ძალიან გულსატკენია, რომ რამე ცუდი თუ ხდება, ვინმეს რამე ეშლება, ზოგიერთი ისეთი გახარებული გადმოსცემს (ტელევიზიების ნაწილს ეხება)... ვის უგებთ ნიშნს, ხალხო, ვინმესთან თუ უბედურება ხდება, იცოდე, ის შენი უბედურებაცაა. როცა საერთო მკვდარი გვყავს, რა უფლება გაქვს ამაზე იქილიკო და გაიხარო? ვისი ხარ, ის მაინც მითხარი... ამათ ეუბნებიან, რუსეთუმეები ხართო, შენ ვისი ხარ, ეგ გამაგებინე. გახურებული პანდემიაა, ჭირი გვჭირს და ზოგიერთი მაინც ნიშნის მოგებით ლაპარაკობს. გათითოკაცებული ვართ... ან შენ, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა გინდა, დამანახე, ვისზე უკეთესი ხარ. ქართველებს არავისზე აქვთ ჯვარი დაწერილი, არც ამ ხელისუფლებაზე. მოდი, უკეთესი დამანახე და შენთან ვიდგები, აბა, სად ჯანდაბაში წავალ? საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო, ასე გვემართება. ზიზღს ვერ აჯობეს. ვინც ზიზღს ვერ აჯობებს, ის ვერსად ივარგებს, მესაჭედ, მით უმეტეს. შენ ჩემზე ამაღლებული, დიდსულოვანი და ჭკვიანი უნდა იყო. ან მართლმადიდებლობას როგორ მიგინებ? შენ გინდა საერთოდ გამოაცალო ბურჯი ქვეყანას, რასაც ქართული ეკლესია ჰქვია, თორემ ავი და კარგი იქაცაა და აქაც. რა საზოგადოებაც გვყავს, ის მღვდლებიც იქიდან მოდიან თავიანთი შეცდომებით თუ ღირსებით. როგორ შეიძლება, ასე ერთბაშად წყალს ბავშვი გადავაყოლოთ?

ეკლესია ერთადერთი მაშველი რგოლია, რასაც ქვეყანა და ქართველი კაცი, ჩვენი მომავლის იმედია ჩაბღაუჭებული და, საუბედუროდ, იმასაც გვაცლიან.