"გასაკვირია, რომ ანტივაქსერებს შორის ექიმებსაც ვხედავთ" - კვირის პალიტრა

"გასაკვირია, რომ ანტივაქსერებს შორის ექიმებსაც ვხედავთ"

"დანიაში ძალიან კონკრეტული, მკვეთრი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა და ვერავინ გაბედავდა ანტივაქსერებისთვის ეთერის დათმობას"

დანია ევროპაში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც 10 სექტემბრიდან ყველა კოვიდრეგულაცია მოიხსნება და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება... "დანიამ თანწყობილი ხერხებითა და, რაც მთავარია, იმით, რომ აცრილია მოსახლეობის თითქმის 85%, მიაღწია იმას, რომ გარდაცვლილია მხოლოდ 2580 კაცი (თუმცა ესეც ძალიან დიდი რიცხვია). იქ ორი მილიონით მეტია მოსახლეობა და ჩვენთან უკვე რამდენი გარდაცვლილი გვყავს?!.. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და თვალის დახუჭვა არ შეიძლება!" - ამბობს დანიაში მოღვაწე ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე.

- დანიის მთავრობამ ვირუსის გავრცელებისთანავე ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა, ამას მოჰყვა სხვადასხვა ღონისძიება. ეფექტიანად იმუშავეს ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

- თუმცა სხვა ევროპულ ქვეყნებს ჯერ არა აქვთ ასეთი კარგი შედეგი. - დიახ, დანიის წარმატებას განაპირობებს მრავალი ფაქტორი: სახელმწიფო და ჯანდაცვის სტრუქტურები, ხალხის შეგნების დონე, ნდობა ჯანდაცვის და საერთოდ თანამედროვე მედიცინისადმი, აცრილთა დიდი რაოდენობა... დანიაში აცრის მოწინააღმდეგეები მოსახლეობის მხოლოდ ათი პროცენტია. აცრილებს შორის თითქმის არ არის ეს დაავადება და თუ არის, იმდენად მსუბუქად, რომ ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება! უკვე მესამე აცრა - ბუსტერი იწყება.

დანიაშიც ერთხანს ძალიან რთული ვითარება იყო, მაგრამ ჯანდაცვის სისტემას დიდი დაწოლა არ ჰქონია. თითქმის ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, გარდა გეგმური ოპერაციებისა... ხალხი გონივრულად იქცეოდა და ამანაც იმოქმედა. ოპოზიცია აქაც მწვავედ აკრიტიკებდა ხელისუფლებას, თუმცა ხელს არ უშლიდნენ მუშაობაში.

- თქვენ ერთდროულად დანიაშიც მუშაობთ და საქართველოშიც... რა გაკეთდა სწორად დანიაში და რა ვერ შეძლეს საქართველოში? - ჩემი მუშაობა საქართველოში იმით შემოიფარგლება, რომ ექიმებსა და პაციენტებს ვეხმარები. ორი წელია საქართველოში არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან დიდხანს იყო მკაცრი შეზღუდვები, რამაც თავიდან კარგი შედეგი მოგვცა. თუმცა მეტხანს ქვეყანა ვერ გაუძლებს შეზღუდვებს და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. დანიაში, ვინც სამსახურები დაკარგა, სახელმწიფო ძალიან დაეხმარა. ამ ქვეყანას უზარმაზარი რესურსი აქვს, ჩვენი კი ამდენს ვერ შეძლებს. საქართველოში შეზღუდვების მოხსნამ განაპირობა ინფიცირებულთა მატება. ცოტა ხანს უნდა გადავეჩვიოთ დიდ სუფრებს, ერთმანეთის გადაკოცნა-ჩახუტებას და ასე შემდეგ...

დანიაში კომპეტენტური სპეციალისტების, რჩეული პროფესორების საინფორმაციო მასალას გვაწვდიდნენ. შემთხვევითი ვინმე ვერც ტელევიზიით გამოდიოდა და ვერც მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. ძალიან კონკრეტული, მკვეთრი საინფორმაციო კამპანია იყო და ვერავინ გაბედავდა ანტივაქსერებისთვის ეთერის დათმობას.

პროფესიული და კლინიკური თვალსაზრისით საქართველოშიც არის კომპეტენტური მართვა, მაგრამ თავი იჩინა ჩვენი ხალხის თავისებურებებმა, როგორიცაა უნდობლობა მეცნიერებისა და მედიცინის მიმართ. ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს, სამწუხაროდ, დიდ სექტორს, უფრო არამეცნიერული, დაუსაბუთებელი შიშების სჯერა, ვიდრე მეცნიერებისა.

სახელმწიფოებრივ საღ მოწოდებებს სძლია ამ კონსპირაციულმა თეორიებმა და აზრებმა. მაინც საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს სახელმწიფომ, სად აგებს ამ ბრძოლას აცრების მოწინააღმდეგეებთან. ეს ერთი საკითხი მაწუხებს, თორემ კლინიკური მართვა, მკურნალობა და სხვა რამ საქართველოში ცუდი ნამდვილად არ არის, ხარვეზები კი ყველგანაა.

დანიამ ამ თანწყობილი ხერხებითა და, რაც მთავარია, იმით, რომ აცრილია მოსახლეობის თითქმის 85%, იმას მიაღწია, რომ გარდაცვლილია მხოლოდ 2580 კაცი (თუმცა ესეც ძალიან დიდი რიცხვია), მაგრამ დანიაში ორი მილიონით მეტი მოსახლეობაა, ჩვენთან კი უკვე რამდენი გარდაცვლილი გვყავს. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და თვალის დახუჭვა არ შეიძლება! როგორ შეიძლება ექიმთან მიდიოდეს პაციენტი და ეუბნებოდეს, აცრა არ გეკუთვნის, რადგან ალერგიული ხარ, ჩიყვის ოპერაცია გაქვს გადატანილიო და ასე შემდეგ... ამის გამო აღვშფოთდი და მივხვდი, რომ ადამიანებს თავად უნდა მოვუწოდო, მივახვედრო, აცრა რამდენად იცავს! ეს პოლიტიკური მოწოდება კი არა, სამედიცინო ცოდნის საფუძველზე გაზიარებული აზრია!

მსოფლიოში უკვე 4 მილიარდი კაცი აიცრა და არანაირი კატასტროფული შედეგები არ ყოფილა! კორონამ უკვე იმსხვერპლა თითქმის ხუთი მილიონი კაცი... რომ არა შეზღუდვები და აცრები, ალბათ, იქნებოდა ასეულმილიონობით გარდაცვლილი და განადგურებული ჯანდაცვის სტრუქტურები.

მედიცინაში ხშირად ვერ ელოდები, რა იქნება 2, 5, 10, 15 წლის შემდეგ. არა გაქვს ამის ფუფუნება, რომ დაელოდო, თორემ დაკარგავ უამრავ სიცოცხლეს და გააუბედურებ უამრავ ადამიანს. ხშირად ონკოლოგიაში, თუ რაღაც პრეპარატი ძალიან დადებით შედეგს აჩვენებს, ამ წამალმაც უნდა მიიღოს რეგისტრაცია, აღიარება. თუმცა მთავარი ის არის, რომ წამალს უზარმაზარი სარგებელი აქვს და ასეა ზუსტად ეს ვაქცინებიც! ისინი გამოიკვლიეს ექსპერიმენტულად, გაიარეს აღიარების ყველა ეტაპი და წარმატებით და უსაფრთხოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში. მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი ამ ვაქცინების შესახებ და ის არის გასაზიარებელი! მეცნიერებამ ყველა ანტივაქსერული თეორია გააქარწყლა, ძალიან მკვეთრი პასუხი გასცა! ჩვენ მაგივრად უდიდესი შრომა გასწიეს მეცნიერებმა და ამით უნდა ვისარგებლოთ. მე ავიცერი და ისევ ვაკეთებ იმას, რაც ჩემს ცხოვრებას ავსებდა და ახლაც ავსებს! შიშში ცხოვრებას არ ვაპირებ. ამიტომ მომეცა რაციონალური აზროვნების უნარი, რომ სწორად გამოვიყენო. მე ვიცი ფილოლოგები, ინჟინრები, სხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც ცნობილი ანტივაქსერები არიან, მაგრამ გასაკვირია, მათ შორის ექიმებსაც რომ ვხედავ! ეს იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში სუსტია მტკიცებულებებზე აგებული მედიცინის ტრადიცია.

აუცილებელია ქვეყანაში შეიზღუდოს ანტივაქცინური აქტივობები საჯარო სივრცეში და კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ხალხის გასათვითცნობიერებელი კამპანიები.