"ახალი შემთხვევების რაოდენობა აღარ იმატებს" - კვირის პალიტრა

"ახალი შემთხვევების რაოდენობა აღარ იმატებს"

"2022 წელი გადამწყვეტი იქნება "კოვიდთან" ბრძოლაში"

2021 წლის სექტემბრისთვის, პოლიტიკური პერიპეტიების ფონზეც ყველაზე აქტიურ თემად პანდემია რჩება. ეპიდემიური ვითარების შეფასებითა და "კოვიდ-19"-თან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კითხვების პასუხებით "კვირის პალიტრის" სტუმარია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

- ეპიდსიტუაცია კვლავ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირაა, გაუმჯობესების ტენდენცია გაჩნდა, ეს ძალიან ნელა ხდება. გაუმჯობესებას როცა ვამბობ, მხედველობაში მაქვს ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი ისეთი ინდიკატორები, როგორიც გახლავთ: ინციდენტობა, ანუ 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი და რეპროდუქციის ინდექსი. სამწუხაროდ,

კვლავ მაღალია ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა. მოგეხსენებათ, ეს პროპორციულად დაკავშირებულია შემთხვევათა რაოდენობასთან და პიკის გადავლიდან დაახლოებით ორი-სამი კვირის შემდეგ მისი შემცირება იწყება. შეიძლება ითქვას, ჩვენ პიკი ერთი კვირის წინ გადავიარეთ და ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება. ეს ტენდენცია, ვფიქრობთ, გაგრძელდება, თუ მაქსიმალურად დავიცავთ რეკომენდაციებს და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ავცრით.

კარგია, რომ ყოველდღიურად აღარ გვაქვს 5500-6000 ახალი შემთხვევა, მაგრამ ქვეყნისთვის 3000-3500 შემთხვევაც ძალიან ბევრია.

- როდის უნდა ველოდოთ სიტუაციის დასტაბილურებას? ალბათ, რაღაც გათვლები არსებობს. - გააჩნია, რას დავარქმევთ სტაბილურობას. ახლა უკვე მიმდინარეობს სტაბილიზაცია, ანუ ახალი შემთხვევების რაოდენობა აღარ იმატებს, პირიქით, მცირდება. სერიოზული სტაბილიზაცია თუ გვინდა, ყოველდღიურად რამდენიმე ათეულიდან ორ ასეულამდე ახალი შემთხვევა უნდა გვქონდეს, მაგრამ ამას სჭირდება დრო, რეკომენდაციების დაცვა და აცრა! ორჯერ აცრილი მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ შვიდასი ათასი ადამიანი და პირბადის ტარების 80-95%-იანი მაჩვენებელი გახლავთ ეპიდემიის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, უარი უნდა ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზეც და დავიცვათ დისტანცია. თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ, ჩვენი გამოთვლებით, დეკემბრისთვის ახალი შემთხვევების რაოდენობა რამდენიმე ათეულის ან ორი ასეულის ფარგლებში გვექნება, გარდაცვალების მაჩვენებელი კი 10-15-ს არ გადააჭარბებს.

- გაქვთ იმედი, რომ დეკემბრის დასაწყისისთვის მოსახლეობის 60% აცრილი იქნება? - ეს ჩვენი გეგმის მთავარი ნაწილია. რაც მალე ავცრით ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობას, მით უფრო სწრაფად შევაჩერებთ ეპიდემიას.

დღეს ქვეყანაში 1 235 000 აცრაა ჩატარებული. სამიზნე მაჩვენებელს რომ მივაღწიოთ, 3-ჯერ მეტი აცრა უნდა ჩავატაროთ. აგვისტოში 715 ათასი აცრა ჩატარდა, ანუ ივლისის მაჩვენებელი გავასამმაგეთ. სექტემბერსა და ოქტომბერში მილიონ-მილიონი აცრა რომ ჩავატაროთ, დამიჯერეთ, ეს წელში გატეხს ეპიდემიას.

რაც მთავარია, ეს შესაძლებელია თეორიულადაც და პრაქტიკულადაც. მთავარია, შევთანხმდეთ, რომ სწორედ ვაქცინაცია გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. ერთი მხრივ, ადამიანები იქნებიან უფრო ჯანმრთელი, გარდაიცვლება ნაკლები ადამიანი, მეორე მხრივ კი ქვეყანა თანდათან დაუბრუნდება ნორმალური ცხოვრების რიტმს.

- იმედია, თქვენი გეგმა განხორციელდება, მანამდე კი სექტემბრის პროგნოზი მაინტერესებს... - სექტემბრის ბოლოსთვის ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 1000-1500-ის ფარგლებში უნდა იყოს. თუ ამას შევძლებთ, შემცირდება სიკვდილიანობაც. დღიური 1000 ახალი შემთხვევისას ლეტალობა ორი ათეულის ფარგლებში უნდა იყოს... სამწუხაროდ, დელტა შტამი ძალიან ვერაგი გამოდგა და კლინიკებში ბევრი მძიმე ავადმყოფია...

- სწავლის დაწყებაზე რას იტყვით? - სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს დისტანციურად. ონლაინსწავლებამ უმაღლეს სასწავლებლებში ფართოდ მოიკიდა ფეხი, გარდა ისეთი ფაკულტეტებისა, სადაც აუცილებელია ლაბორატორიული ან პრაქტიკული მუშაობა. ცხადია, მედიცინას დისტანციურად ვერ ისწავლი, საავადმყოფოებში სიარული გჭირდება, ამიტომაც გამონაკლისის სახით კლინიკებში დაიშვებიან სტუდენტები, ოღონდ - ორჯერ აცრილები. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ განათლების სამინისტროს, ოქტომბრიდან თანდათან დაიწყოს სწავლა სხვა უნივერსიტეტებშიც, ოღონდ მხოლოდ იქ, სადაც ორჯერ აცრილი სტუდენტები იქნებიან. ეს ჩვენი პირობაა.

რაც შეეხება სკოლებს, დაწყებით კლასებში ბავშვებს უჭირთ ონლაინსწავლა, ამიტომაც არსებობს ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის სლოგანი, რომ პანდემიების დროს სწავლა უნდა შეწყდეს ყველაზე გვიან და დაიწყოს ყველაზე ადრე. ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რომ სკოლებში დასწრებული სწავლა დაიწყოს დიფერენცირებულად, იმ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც ყველაზე დაბალი იქნება ინფიცირების მაჩვენებელი. ამავე დროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, რაც შეიძლება მეტი პედაგოგი აიცრას. ეს ე.წ. უსაფრთხო სკოლის პრინციპია.

- ხომ არ განიხილება საკითხი, რომ აცრა სავალდებულო გახდეს? თუნდაც, მაგალითად, პედაგოგებისთვის. - საკითხი, რომ კანონით აუცრელი ადამიანი სამსახურიდან გათავისუფლდეს, არ განიხილება, მაგრამ ბევრმა ბიზნესსტრუქტურამ გადაწყვიტა, არ შეგიშვას, თუ ორჯერ აცრილი არ ხარ, ან თუ არ წარადგენ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR- ტესტის უარყოფით პასუხს. ჩვენ ასეთი არაპირდაპირი იძულების მომხრე ვართ.

თუ ადამიანს არ აქვს აცრის ობიექტური წინააღმდეგ ჩვენება, მაშინ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ვიცრებით ჩვენთვის და ჩვენ გარშემო მყოფთათვის.

- მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება როდის იგეგმება? - ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებისთვის, აცრების გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს დიდ ქალაქებში მობილობის შემცირებასაც. ტრანსპორტი არ იმუშავებს 13 სექტემბრამდე. მომავალი კვირის განმავლობაშიც დავაკვირდებით ვითარებას და მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხზე. მესმის, რომ უტრანსპორტობა პრობლემებს უქმნის ადამიანებს, მაგრამ რა ვქნათ...

- დაახლოებით როგორი უნდა იყოს ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა, რომ ტრანსპორტი ამუშავდეს? - ასეთი ზუსტი ზღვარი არ არსებობს. თუ ტრანსპორტი ამოქმედდება, ალბათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია იქნება, საკოორდინაციო საბჭომ რომელიმე ალტერნატიული შემზღუდავი მექანიზმის ამოქმედებაზე იმსჯელოს.

- ორსულების გარდაცვალების შემთხვევები გახშირდა. მათ განსაკუთრებულად რატომ ერჩის დელტა შტამი? - დელტა შტამი ძალიან ვერაგი აღმოჩნდა. შარშან ჩვენთან მხოლოდ ერთი ორსული გარდაიცვალა, წელს კი... ამიტომ პრევენციის ერთადერთი საშუალება, რომელიც ორსულებს იცავს, არის აცრა, ალტერნატივა არ არსებობს. ქვეყანაში 20 ათასზე მეტი ორსულია და ყველას მოვუწოდებ, ორჯერ აიცრას "ფაიზერის" ვაქცინით ნებისმიერ ტრიმესტრში.

- ამასობაში მსოფლიო "კოვიდ 19"-ის ახალ შტამზე ალაპარაკდა. რა ვიცით მიუ შტამზე? - მიუ შტამი ახალია და სწავლობენ. ის ჯერ მხოლოდ სამხრეთ აფრიკასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ნახეს. ეს შტამი საყურადღებოა, მაგრამ ჯერჯერობით განსაკუთრებულად საშიში არ არის.

- ბუსტერზე ჯანმოსგან ახალი ინფორმაცია გვაქვს? - ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 5-7-10 %-ია აცრილი; საქართველოშიც ჯერჯერობით მოზრდილი მოსახლეობის 15 %-ია აცრილი, ამიტომ ბუსტერდოზაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა, ის, ალბათ, მაინც საჭირო იქნება. ეს ჩემი მოსაზრება გახლავთ...

- მსოფლიო "კოვიდის" საწინააღმდეგო აბების შექმნაზეც მუშაობს. - გიდასტურებთ, რომ არის ახალი გენერაციის, ე.წ. პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული წამლები, რომლებიც უშუალოდ ამ ვირუსზე მოქმედებს. ამ წამლებიდან ზოგიერთი უკვე მეორე-მესამე ფაზის კვლევებს გადის. მათ შორის არის "ფაიზერი" და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთაც გარკვეული შედეგები აქვთ, ამიტომ შესაძლოა, წლის ბოლოსთვის ან მომავალი წლის დასაწყისში ეს წამლები გამოჩნდეს.

- "კოვიდს" მომავალ წელს დავამარცხებთ? და 2022 წელს პანდემიასთან ბრძოლის რომელ ეტაპზე ვიქნებით? - მედიცინაში პროგნოზი უმადური საქმეა... მე ვფიქრობ, მომავალ წელს მოსახლეობის 75-80% აცრილი იქნება, რაც საშუალებას მისცემს კაცობრიობას, "კოვიდის" პანდემია დასრულდეს. ის, შესაძლოა, იქცეს სეზონურ ვირუსად, როგორიც არის გრიპი. თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრება, ვირუსის ცირკულაცია შემცირდება და მისი დამაზიანებელი ეფექტიც მინიმალური იქნება. მომავალ წელს "კოვიდ-19" ისე ვერ აღმოიფხვრება, როგორც მისი წინამავალი ორი კორონავირუსი - "მერსი" და "სარსი". "კოვიდ-19", ალბათ, ოდნავ განსხვავებული სახით დარჩება, ვფიქრობ, შესუსტებულ სეზონურ ვირუსად, რომლის წინააღმდეგ შეიძლება წელიწადში ერთხელ აცრა დაგვჭირდეს - გააჩნია, როგორი ანტივირუსული წამლები შეიქმნება. ვაქცინა და წამალი ერთად, ვფიქრობ, პანდემიას დაასრულებს, მაგრამ ვირუსული ინფექციები ყოველთვის იარსებებს, 2022 წელი კი გადამწყვეტი იქნება "კოვიდთან" ბრძოლაში.