"საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზეა" - კვირის პალიტრა

"საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზეა"

"თანამედროვე ოჯახების უმეტესობა ერთ და ორ შვილზე ჩერდება, ძალიან ცოტა წყვილი აჩენს მესამე და მეოთხე შვილს"

2007 წლის შემდეგ პირველად საქართველოში სიკვდილიანობის დონე შობადობაზე მაღალია. საქსტატის მონაცემებით, თუ 2019 წელს ბუნებრივი მატება 1 637 კაცი იყო, 2020 წელს 4017-ით ნაკლები დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა.

საქსტატის 2020 წლის დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით, შარშანდელთან შედარებით, შობადობა 3,7%-ით შემცირდა, სიკვდილიანობა კი 8,3%-ით გაიზარდა. დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე ამბობს, რომ შობადობის შემცირება რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება, "კოვიდმა" კი ეს პროცესი უფრო დააჩქარა.

- შობადობის კლება მოსალოდნელი იყო. ამას დემოგრაფები ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვამბობდით, რადგან ქვეყანაში გოგონების რაოდენობაა შემცირებული. 1990-იან წლებამდე წელიწადში 90 ათასამდე ბავშვი იბადებოდა, 90-იან წლებში ეს მაჩვენებელი, ფაქტობრივად, განახევრდა.

უახლოეს წლებში შობადობის უფრო შემცირებაა მოსალოდნელი, რადგან "კოვიდს" ჯერ კიდევ ვებრძვით და თუ ვაქცინაციაში მნიშვნელოვანი წინსვლა არ გვექნება, შემცირდება მოსახლეობის რაოდენობაც, რაც აუცილებლად აისახება მომავალ თაობაზე.

2019-2020 წლებში სიკვდილიანობის მატება პანდემიამ განაპირობა. თუმცა ეს პროცესი 90-იანი წლების შემდგომ დაიწყო. რამდენჯერმე შემცირდა შობადობაც. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - წლიდან წლამდე მიგრაციის დიდი მაჩვენებელი, შემცირებული ქორწინება, განქორწინების ზრდა, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, მუდმივი სტრესი... ახლა კორონავირუსიც დაგვემატა.

საქართველო, ისევე, როგორც სხვა ქვეყნები, მზად არ იყო პანდემიისთვის. მეცნიერებმა ვაქცინა გამოიგონეს, თან არაერთი, მაგრამ ახლა მათი გამოყენება გახდა პრობლემა. ამის მიზეზებზე საუბარი ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ ამდენი ხანია პანდემიაა და მოსწავლეებისთვის ჯერაც არ არსებობს თუნდაც მოკლე კურსი, თუ როგორ ვებრძოლოთ სხვადასხვა ვირუსს. არადა, რეალობა გვკარნახობს, რომ ჯანმრთელობის დაცვა ჯერ კიდევ დაბალი კლასებიდან უნდა ისწავლებოდეს.

ბევრი ინფექციური დაავადების მიზეზი, უმეტესად ჰიგიენის ნორმის დაუცველობაა, რაც პანდემიისას გამანადგურებელ შედეგს იწვევს. ბავშვმა ადრეული ასაკიდან უნდა იცოდეს სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის მნიშვნელობა. ყოველივე ეს შვილიერებაზეც აისახება.

განათლების პრობლემა რომ გვაქვს, ეს არაერთი ფაქტიდან ჩანს. მაგალითად, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ აჭარაში მაინც ბევრი იყო, კვლევა ჩავატარეთ, რატომ არ იცავდნენ რეგულაციებს. გამოკითხულთა 25%-ზე მეტი გვპასუხობდა, რომ "კოვიდი" არ არსებობს, რომ უბრალო ვირუსია. არადა, უკვე გარდაცვალების შემთხვევებიც იყო. ვეკითხებოდით, ვისგან ჰქონდათ ეს ინფორმაცია, რაზეც გვპასუხობდნენ, რომ მეგობრები და ახლობლები ეუბნებოდნენ. არადა, ამხელა სახელმწიფო კამპანია მიმდინარეობს პირბადის, დისტანციის დაცვის, რეგულაციების მნიშვნელობაზე, მაგრამ მაინც ჭორების სჯეროდათ. ასევე ფიქრობენ ვაქცინაციაზეც.

- არის საფრთხე, რომ მომავალი წლის მონაცემები უარესი იქნება? - საფრთხე კი არ არის, გარდაუვალია. მეცნიერების აზრით, 2022-2023 წლებში ვაქცინაცია მასშტაბური გახდება, დედამიწის მოსახლეობის 80% აცრილი იქნება და ამან შესაძლოა "კოვიდის" გაქრობაში დიდი როლი ითამაშოს. სხვა შემთხვევაში მისი პრევენცია შეუძლებელი იქნება. დიდ ქვეყნებს, ასე თუ ისე, მშვიდად შეუძლიათ პროცესებზე დაკვირვება, საქართველოში კი საგანგაშო სტატისტიკა გვაქვს და ლოდინის დრო არ არის. ბოლო წლების ტენდენციებით კი დემოგრაფია კატასტროფულ ზღვარზეა.

"2020 წელს 4017 კაცით ნაკლები დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. ასეთი საგანგაშო მონაცემები ბოლო 13 წელი არ გვქონია. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, სერიოზული საფრთხე გვემუქრება. კრიტიკული ზღვარი მაშინ იქნება, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ 3 მილიონიც აღარ ვიქნებით. ეს ნიშნავს, რომ გადაშენების გზაზე მდგარი ერების სიაში მოვხვდებით და მერე ვაი-ვუი ვეღარ გვიშველის. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს ეკონომიკისა და სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე.

- აქვს პროგრამები ოჯახების დასახმარებლად?

- დიახ, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის. 2000-იან წლებში საქართველოში ბუნებრივი მატება 53 ათასს შეადგენდა, ანუ ამდენით მეტი სიცოცხლე მოევლინა ქვეყანას, ვიდრე გარდაიცვალა. საქართველოში ერთი ქალი 1,5 ბავშვს აჩენდა, ეს მაჩვენებელი დიდად არც ახლა შეცვლილა. თუ ერთი ქალი საშუალოდ 2,1 ბავშვს გააჩენს, მოსახლეობის რაოდენობა როგორღაც შენარჩუნდება. თუ შვილის გაჩენის საშუალო რაოდენობა 3-მდე გაიზრდება და ეს ნორმად იქცევა, მოსახლეობა მოიმატებს. თუმცა ჩვენი ეკონომიკის ფონზე, მით უფრო კოვიდპანდემიის დროს, სამი შვილის გაჩენას ბევრი ვერ გაბედავს.

70-იან წლებში საქართველოში უფროსი თაობის ადამიანებთან შედარებით, 300 000-ით მეტი ბავშვი იყო, ერთ-ერთი ბოლო მონაცემებით კი მოხუცები ბავშვებს თითქმის 80 000-ით აღემატებოდნენ. ეს მეცნიერულ ენაზე ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა გადაბერებულია.

როდესაც შობადობა ასე მკვეთრად მცირდება, საიმედო პროგნოზის საფუძველი არა გვაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ძალზე გაახალგაზრდავებული მიგრაცია, ფაქტობრივად, უწყვეტია - თაობა, რომელმაც ქვეყნის მომავალი უნდა შექმნას, ერი გაამრავლოს, ეკონომიკურ პრობლემებს ვეღარ უძლებს და ქვეყნიდან გარბის, ბევრი სამუდამოდ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თაობა ქვეყნიდან აღარ გაიქცეს.

ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ბევრად მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს, არადა, ვიცით, რომ გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე დაცლილი საქართველო ძალზე ხელსაყრელია ბევრისთვის. გამოკვლევების თანახმად, არაერთ მუნიციპალიტეტს, მათ შორის მთიან რეგიონებს, რამდენიმე წელიწადში დაცლა ემუქრება. მაგალითად, ლენტეხში 90-იანი წლების დასაწყისში 10 000 კაცზე მეტი ცხოვრობდა, ბოლო წლებში კი განახევრდა და რაც მთავარია, შიდა მიგრაცია გრძელდება.

90-იან წლებში ახალ ცხოვრებაზე გადაწყობამ მოგვიწია და მკვეთრი დეპოპულაცია დაფიქსირდა - ახალგაზრდების დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა და აღარ დაბრუნებულა, ნაწილი 30 წლის ასაკის მერე ქმნის ოჯახს, მანამდე სწავლა-განათლებას, კარიერას უთმობენ დროს, უკეთესი მერმისის მოლოდინში არიან და ოჯახის შექმნის გადავადება ტენდენციად იქცა. ამასთან, შვილის ყოლის მოთხოვნილება შემცირდა. ახალგაზრდა დედები თვითრეალიზაციას ცდილობენ და ბევრი შვილისთვის დრო არ რჩებათ. ცხადია, გამონაკლისებიც არიან, ოღონდ ისინი მთლიან სურათს ვერ ქმნიან. თანამედროვე ოჯახების უმეტესობა ერთ და ორ შვილზე ჩერდება, ძალიან ცოტა წყვილი აჩენს მესამე და მეოთხე შვილს.

ასეთ მძიმე ვითარებაში ქვეყანას კატასტროფული დარტყმა მიაყენა "კოვიდმა" და მისმა მუტირებულმა შტამებმა. გაფიქრებაც არ მინდა, რა მოხდება, თუ მოსახლეობა დროულად არ აიცრა, ვერ შევაჩერეთ დელტა-შტამი, რომელიც ბავშვებსაც ერჩის.

თუმცა "კოვიდი" რომ არ ყოფილიყო, მოსახლეობა ისედაც შემცირდებოდა, მაგრამ არა ასეთი ტემპით. შობადობა საქართველოში ისედაც არ იყო მაღალი და ამ ვერაგი ვირუსის გამო, როგორც სპეციალისტები ამბობენ, აუცრელ მშობიარეებში მკვდრადშობადობამ იმატა. ნორმალურ პირობებში, როდესაც მოსახლეობაში დეპოპულაცია არ მიმდინარეობს და ნორმალური ვითარებაა, წყვილს 2 და მეტი შვილი უნდა ჰყავდეს, მაგრამ წლებია პოპულაციის მატება არ ხდება, მაჩვენებელი არ უმჯობესდება, რაც უახლოეს მომავალში ტრაგიკულ სურათს მოგვცემს.

ბოლოდროინდელი ტენდენციით, წყვილი თაობისთვის გასამრავლებელ ბავშვთა რაოდენობას არ ტოვებს. თუ დღეს ცოლ-ქმარი 2 შვილს მაინც აჩენს, ხვალ ერთზე შეჩერდება, რაც მენტალობითა და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით არის განპირობებული... საბედნიეროდ, დადებითად მოქმედებს პატრიარქის მოწოდება, რომ ყოველი მესამე შვილი მისი ნათლული იქნება, მაგრამ ეს იმდენად ვერ ცვლის საერთო სურათს, რომ მშვიდად ვიყოთ.