"ყველა მეუბნებოდა, გოგოს ეს რატომ მოგწონსო, მაგრამ მათი სიტყვებისთვის ყურადღება რომ მიმექცია, დღეს ევროპის ჩემპიონი ვერ ვიქნებოდი"
"ყველა მეუბნებოდა, გოგოს ეს  რატომ მოგწონსო, მაგრამ მათი სიტყვებისთვის ყურადღება რომ მიმექცია, დღეს ევროპის ჩემპიონი ვერ ვიქნებოდი"
"15 წლის მარიამ მურღვლიანი, საქართველოს ისტორიაში პირველი გოგონაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი აიღო"

საქართველოს გოგონათა ნაკრების დებიუტანტმა წევრმა მარიამ მურღვლიანმა ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა. ის პირველი გოგონაა, რომელმაც ჩვენს ნაკრებს სამი ოქროს მედალი მოუტანა.

- რთული იყო ყოველდღიური ვარჯიში და დატვირთვა, მაგრამ რაკი მიზანი მქონდა და მინდოდა, წარმატებისთვის მიმეღწია, სირთულეებს არ ვუშინდებოდი. როგორც კი შტანგას ხელი შევახე, მაშინვე გავიფიქრე, ამ სპორტს ბოლომდე უნდა გავყვე-მეთქი. ყველა მეუბნებოდა,
რად გინდა შტანგით ვარჯიში, სპორტის ეს სახეობა გოგოს რატომ მოგწონსო, მაგრამ მათი სიტყვებისთვის ყურადღება რომ მიმექცია, დღეს ევროპის ჩემპიონი ვერ ვიქნებოდი. პირველად დარბაზში რომ მივედი, არც ვიცოდი, რა იყო ძალოსნობა. შემთხვევით მოვხვდი იქ - ინტერესის გამო შევედი. მომეწონა და გადავწყვიტე, მევარჯიშა, მაგრამ არ ვიცოდი, რა
რეაქცია ექნებოდათ დედას ან ბებიას. დედა თავიდან უარზე იყო, ბოლოს მითხრა, თუ გადაწყვეტ, მაშინ ბოლომდე უნდა მიჰყვეო, ახლა კი მართლაც ძალიან ბედნიერია ჩემი გამარჯვებით. სიხარულისგან ვერც იჯერებდა, ევროპის ჩემპიონი რომ გავხდი.

- მომიყევი ამ ჩემპიონატის შესახებ.
- ჩემს წონაში, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ხუთნი ვასპარეზობდით და პირველ ადგილზე გავედი. ოქროს მედლები მოვიპოვე აკვრაში, ატაცსა და ორჭიდში და სამივე დისციპლინაში რეკორდიც დავამყარე. ატაცში 85 კილოგრამი დავძლიე, ხოლო აკვრაში - 105 კგ. მეორე ადგილზე თურქეთის წარმომადგენელი გავიდა - სწორედ ის იყო ყველაზე ძლიერი მეტოქე. მასთან რთული ბრძოლა მომიხდა, ცოტა ვინერვიულე კიდეც. 105 კილო რომ ავკარი, ამის შემდეგ მას შეეძლო 107 აეწია და მოეგო, მაგრამ ვერ შეძლო. აი, მაშინ მივხვდი, რომ ევროპის ჩემპიონი გავხდი. შეუდარებელი შეგრძნებაა, როდესაც კვარცხლბეკზე დგახარ და საქართველოს ჰიმნს უსმენ. დაღლილი ხარ, მაგრამ თან - ძალიან ამაყი და ბედნიერიც.

- სპორტის გარდა, სხვა რა გატაცება გაქვს, როგორ სწავლობ, რა პროფესიას ირჩევ სამომავლოდ?
- ნორმალურად ვსწავლობ, თუმცა გადაწყვეტილი მაქვს, ბოლომდე სპორტს გავყვე და მწვრთნელი გავხდე. ძალოსნობის გარდა, მიყვარს მუსიკა, თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ყოფნა. ისინი ჩემი გულშემატკივრები არიან. ხონში დაბრუნებულს ჩემი უბნელებიც განსაკუთრებულად დამხვდნენ და მომილოცეს. ახლა უკვე 17 წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები.

- მარიამ, რას ურჩევდი გოგონებს, რომლებიც ძალოსნობით დაინტერესდებიან?
- იყვნენ მონდომებულები, მიზანდასახულები და შრომისმოყვარეები, მებრძოლი ხასიათის. მოუსმინონ თავიანთ გულისთქმას. ყველას აზრს თუ გაითვალისწინებენ, ვერაფერს მიაღწევენ.

მარიამ მურღვლიანი ხონის სპორტსკოლას წარმოადგენს. ჩვენ მის მწვრთნელს, აკაკი კაკაბაძესაც ვესაუბრეთ.
- მარიამთან ერთად რამდენიმე გოგონამაც დაიწყო ვარჯიში, მაგრამ კარგი დარბაზი და პირობები არ გვქონდა, რის გამოც ყველა წავიდა, მარიამი კი დაბრკოლებებმა ვერ შეაშინა და წარმატებასაც მიაღწია. 2016 წელს გავხსენი ეს დარბაზი. თავიდან მხოლოდ ბიჭებს ვავარჯიშებდი.
ერთ დღეს დარბაზში ასე 9-10 წლის ლამაზი გოგონა შემოვიდა. ვკითხე, რა ერქვა, ან რა აინტერესებდა. მარიამი მქვია, ვარჯიში მინდაო. დედამ თუ იცის-მეთქი? დედა საზღვარგარეთ მყავს, ბებიასთან ვიზრდებიო, მიპასუხა. შევთანხმდით, რომ მეორე დღეს ბებიას მოიყვანდა დასალაპარაკებლად. ვიფიქრე, ხონში შტანგით სავარჯიშოდ ვინ გამოუშვებს ასეთ პატარა გოგოს-მეთქი. მეორე დღეს მოვიდნენ ოთხნი - მარიამი მეგობრებთან და ბებიასთან ერთად. დავიწყეთ ვარჯიში. 10 წლისამ უცებ აითვისა მოძრაობები, ერთ წელში უკვე 45 აკვრა გააკეთა და 35 კილოგრამი აიტაცა, რაც ბიჭებსაც კი უჭირდათ.
ორ თვეში დაეტყო, რომ მათზე მეტი შეეძლო. მალევე საქართველოს ჩემპიონატზეც გამოვიდა, რეკორდებიც დაამყარა. გვერდით დაგვიდგა ნაკრების მწვრთნელი თემო ჯანჯღავაც. როგორც ჩემი მეოთხე შვილი, ისეა ჩემთვის. მიხარია, რომ იმედი გაგვიმართლა - საქართველოს ისტორიაში პირველი გოგონაა, რომელმაც სამი ოქროს მედალი აიღო და ერთ დღეს ცხრა რეკორდი დაამყარა. ხონის რაიონს აქამდე არც ჰყოლია ოქროსმედალოსანი. ამ პატარა გოგომ მთელი ხონი ასახელა.

ნინო ჯავახიშვილი
სოსო
15 სექტემბერი 2021 11:24
ადრე იწერებოდა ხოლმე,რომ სიმძიმეებზე მუშაობა გოგონების ორგანიზმიათვის მავნებელიაო.თუ ეს მართალი არ არის და გოგოს თავისი სხეული დაკუნთულიც მოსწონს,რატომაც არა?ვუყურე მისი გამოსვლის ჩანაწერებს და ძალიანაც გამახარა.ვულოცავ და მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ.
ნია
15 სექტემბერი 2021 00:29
გილოცავ მარიამ! მეტი წარმატებები! უფალი გფარავდეს. და არასოდეს მიატოვო შენი მშობელ- კუთხე!
სასახელო და მიხანდადახული- გვიმრავლოს ღმერთმა ქღთველებს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები