92 წლის მხატვარი მხატვრების ქუჩიდან - კვირის პალიტრა

92 წლის მხატვარი მხატვრების ქუჩიდან

"ის დღესაც ცდილობს სამყარო უკეთესი გახადოს"

ნუცუბიძის ფერდობის ერთ პატარა ქუჩაზე, რამდენიმე ათეული წელია, მხატვრები ცხოვრობენ. ქუჩა თავისი მრავალფეროვანი ეზოებით კორპუსებით განაცრისფრებულ ერთფეროვნებას ისე ალამაზებს, რომ გავლისას შვებას გრძნობ. როდესაც მხატვრებმა აქაურობა ოაზისად აქციეს, სწორედ ეს ჰქონდათ ჩაფიქრებული - სიმშვიდის მოპოვება, რაც შეძლეს კიდეც. აქაურ მხატვართა უმეტესობა დიდ ოჯახებად ცხოვრობს. მათი შვილები და შვილიშვილებიც ხშირად მხატვრები არიან. უხუცესი მხატვარი ბეჟან შველიძე გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდოდა, მის შთამომავლობას რომ სურდეს. ვფიქრობ, ყველანაირ რეკორდზე ფასეულია, როდესაც 92 წლის ადამიანი დღესაც ისე ხატავს, როგორც 70 წლის წინ, როცა თავის მშობლიურ სოფელ შროშაში თიხის ქოთნების ოსტატები - მამა და მეზობლები დატოვა და დედაქალაქში ჩამოვიდა. მერე კი ცნობილ მხატვრად იქცა, რომელიც ცდილობს, სამყარო უკეთესი გახადოს.

მურთაზ შველიძე, ბეჟან შველიძის ვაჟი:

- 92 წლის მამაჩემი ისევ ისე ხედავს და გადმოსცემს სამყაროს, ისე ხატავს და ქმნის სილამაზეს, როგორც წლების წინ. როდესაც ადამიანი ასეთი განცდით ცხოვრობს, ის გვიან ბერდება. მამაჩემი ამის ცოცხალი მაგალითია. ხანდახან ისიც კი მგონია, რომ ახლა უფრო გაცხოველებით ცდილობს სამყაროს ჰარმონიის შეგრძნებას, ვიდრე ოდესმე, მეტი გეგმა აქვს, ვიდრე ჰქონდა.

92 წლის კაცი ისეთი გატაცებით შეუდგა ახალ საქმეს - კოლაჟების დამზადებას, რომ შეუძლებელია მისი აღტაცება არ გაიზიარო. თუმცა არც ფერწერა ავიწყდება. ხანდახან მიკვირს ხოლმე, ფერებში ისეთ ნიუანსს გამოძებნის. ჩემთვის ბედნიერებაა, რომ 92 წლის მამას ასეთს ვხედავ. ვხედავ, რომ შექმნით თავადაც ხარობს და ჩვენც გვახარებს. ტილოზე როგორც კი იმას მიაგნებს და გააკეთებს, რაც სურდა, მაშინვე სახელოსნოდან გამოდის და ამ სიახლეს გვიზიარებს.

- მამათქვენი სოფელ შროშიდან არის. ამ სოფელში გლეხები საუკუნეების მანძილზე თიხისაგან ჭურჭელს ქმნიდნენ. წინაპართა ცოდნა დაბადებიდან მკვიდრდება ცნობიერებაში და არასოდეს ქრება. - მახსოვს, მამა თავადაც აკეთებდა ქვევრებს დიდი რუდუნებით და მოფერებით, რასაც, დარწმუნებული ვარ, ამჟამაადაც გააკეთებს, მაგრამ ის ხომ საუკეთესო მხატვარი იყო და არის! ამასთან ერთად, არის პედაგოგი - 80 წლის ასაკამდე მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში, მერე კი საკუთარი სურვილით წამოვიდა. გვითხრა, ჩემი მეგობრებიდან იქ ცოცხალი აღარავინ არის და მე რაღა მინდაო, თუმცა, რაც სახელოსნოში გადაინაცვლა, ერთი დღეც არ ყოფილა, თავისი საქმე არ ეკეთებინა.

- ნახატებს ყიდის?

- როგორ არა, მაგრამ როგორც ყოველთვის, მისთვის ეს არც ახლაა არსებითი. მთავარია, საყვარელი საქმე აკეთოს და ყველა ჯანმრთელად ვიყოთ.

ცხრა წლის წინ დედა გამოგვაკლდა და ძალიან განიცადა. ამბობდა, როდესაც კვდება ის, ვის გვერდითაც მთელი სიცოცხლე ხარ და გიყვარს, ცხოვრება აზრს კარგავსო, თუმცა ოჯახი ვცდილობთ, ეს დანაკლისი ოდნავ მაინც შევუვსოთ. შინიდან გასული შვილებს ვუბარებ ხოლმე, ბაბუათქვენს ყურადღება არ მოაკლოთ-მეთქი, არადა, არაფერი სჭირდება, რადგან მთელი დღე სახელოსნოში ტრიალებს. მახსოვს, ერთხელ ჩვენთან სტუმრად ავსტრალიელი ქალბატონი ბრძანდებოდა, რომელმაც ეზოში ჩემი შვილები რომ დაინახა, სინანულით უთხრა დედას, რა კარგია, რომ შვილიშვილები შენთან ახლოს იზრდებიან, მე სამი წელია, არ მინახავს, იქნებ საშობაოდ მაინც მოვიდნენო... ამან მამაჩემი ძალიან შეაწუხა - როგორ შეიძლება ადამიანმა შვილიშვილი სამი წელიწადი ვერ ნახოსო. მართალია, ახლა ხშირად სწორედ ასე ხდება, მაგრამ მამაჩემისთვის ეს არ არის კანონი. მისთვის კანონი ოჯახური სიყვარულია, რომელიც, მისი აზრით, ყველას და ყველაფერს აცოცხლებს.