"ჩემს ქვეყანაში მაინც სიბნელემ გაიმარჯვა" - კვირის პალიტრა

"ჩემს ქვეყანაში მაინც სიბნელემ გაიმარჯვა"

"თალიბები ამბობენ, იარსებეთ, ოღონდ არ უნდა ჩანდეთ, შეასრულეთ ის ფუნქცია, რაც ალაჰმა დაგაკისრათ, გაუჩინეთ და გაზარდეთ ბიჭები ღირსეულ მეომრებად, მოამზადეთ საჭმელი, იარეთ უჩინრად ქუჩებში, სახლში და ფეხებში ნუ გვედებით, თორემ ვეღარ იარსებებთო"

ავღანეთში "თალიბანის" დაბრუნებით ყველაზე დიდი საფრთხე ქალებსა და ბავშვებს შეექმნათ. ტერორისტულმა ორგანიზაციამ უკვე განაცხადა, რომ ქვეყანა შარიათის კანონით უნდა იმართებოდეს. 23 წლის სიმა მაიდეს "თალიბანის" წინა რეჟიმი არ ახსოვს, მაგრამ დედამისს, მის უფროს დებსა და დეიდებს ახსოვთ მათი როზგების ხმა და ტკივილი. ახლა გოგონამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ოჯახთან ერთად დროებითი თავშესაფარი იპოვა. თუმცა, როგორც ამბობს, ავღანელ მეგობრებთან კავშირს როგორღაც ინარჩუნებს. "კვირის პალიტრამ" მას ავღანეთის ვითარების აღწერა სთხოვა:

- ქვეყანაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. არ არის დენი, წყალი, გაზი, არ ცხვება პური, მაღაზიები თითქმის არ მუშაობს, რადგან ყველა გაძარცვეს. გაძარცული და დაკეტილია აფთიაქები და სამედიცინო დაწესებულებები. ხალხს მცირეწლოვანი შვილებისთვის საკვები არა აქვთ. ქალები, ვინც მუშაობდნენ, სახლიდან ვერ გამოდიან, ისევე, როგორც ის მამაკაცები, ვისი ცოლები და შვილებიც დასაქმებული იყვნენ. ჩემმა თანამშრომელმა თავისი ახლობლის ძმას, რომელიც ჩვენთვის მოულოდნელად თურმე თალიბებთან მეგობრობდა, ჰკითხა, რატომ გვებრძვით ქალებს, რატომ აღარ გინდათ ვარსებობდეთო. მას უპასუხია, იარსებეთ, ოღონდ არ უნდა ჩანდეთ, შეასრულეთ ის ფუნქცია, რაც ალაჰმა დაგაკისრათ, გაუჩინეთ და გაზარდეთ ბიჭები ღირსეულ მეომრებად, მოამზადეთ საჭმელი, იარეთ უჩინრად ქუჩებში, სახლში და ფეხებში ნუ გვედებით, თორემ ვეღარ იარსებებთო. გოგონებს თალიბები შვილებად არ თვლიან. თუ შარიათის კანონის მიმდევარს ჰკითხავთ, რამდენი შვილი ჰყავს, გიპასუხებთ იმდენს, რამდენი ბიჭიც ჰყავს, გოგონას შვილად არ თვლის.

ბოლო დროს დასავლური მედია წერს, ავღანელი ქალები უმძიმეს დღეში არიანო. მხოლოდ ქაბულსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში დარჩენილი ქალები არიან ცუდ დღეში, რადგან ისინი აპროტესტებდნენ "თალიბანის" ტერორისტულ რეჟიმს, თორემ დანარჩენები მათ მებრძოლებს უზრდიდნენ, ინფორმაციას აწვდიდნენ, 7-8 წლის გოგონებს საქონლის სანაცვლოდ ყიდდნენ და ეს ნორმად მიაჩნდათ.

ამ ოცი წლის განმავლობაში მათთვის არაფერი შეცვლილა და არც ახლა შეიცვლება. 8-9 წლის გოგონებს ისევ მამისა და ბაბუის ტოლ კაცებს მიათხოვებენ. ვინც გააპროტესტებს, ჩაქოლავენ ან თავს მოჰკვეთენ. ახლა, როდესაც ამერიკელების გასვლის შემდეგ აეროპორტსაც კი თალიბები აკონტროლებენ, ვერავინ გაიგებს, რა ხდება ქვეყანაში.

- იქ დარჩენილები ინტერნეტში ავრცელებენ ვიდეოჩანაწერებს...

- ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. მალე იქ ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს აკრძალავენ, ან ყველასთვის არ იქნება ხელმისაწვდომი.

უკვე აღარ ვიცი, რას მოუტანს ჩვენი აქტიურობა ავღანეთს, მაგრამ მაინც მზად ვართ ყველას მივაწვდინოთ და ვუამბოთ, რა ხდება აქ და რა შეიძლება მოხდეს. ჩვენ კიდევ ერთი შანსი გავუშვით, რომ ავღანეთი ქვეყანას დამსგავსებოდა. ღამეებს ვათენებდი, რომ მესწავლა სკოლის საგნები, პარალელურად კი ინგლისური. შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ისტორია-ხელოვნება ავირჩიე. სამსახური მქონდა, საკმარისი ხელფასით. მე და ჩემს თანატოლებს ჩვენი ცხოვრება გვქონდა. პიჯაკითა და მუხლებამდე ქვედაკაბით ქუჩაში გამოსულს არაერთხელ მესროლეს ქვა, მათ შორის ქალებმა და მომაძახეს, რომ "ალაჰის ნების წინააღმდეგ წასულს, აუცილებლად მომთხოვდნენ პასუხს", მაგრამ ვფიქრობდი, რომ ცოტაც და, მათი მენტალიტეტიც შეიცვლებოდა. შვილები დაანახებდნენ, რომ განათლებას და ცივილიზაციას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ შევცდი, მაინც სიბნელემ გაიმარჯვა.

ერთხანს სამედიცინო პროექტში ვიყავი ჩართული, რომელიც ქალებს ჯანდაცვის მნიშვნელობას ასწავლიდა. არაერთი არც თავად მოვიდა და არც ქალიშვილი გამოუშვა ტრენინგზე, მხოლოდ იმიტომ, რომ მასში მამაკაცებიც მონაწილეობდნენ. ქალები და ბავშვები მანქანით მიგვყავდა და მოგვყავდა, მძღოლად კი მამაკაცები მუშაობდნენ. რამდენჯერმე ქვები დაგვიშინეს ისევ და ისევ ქალებმა. ერთხელ ჩემმა კოლეგამ ერთ ჩადრიან ქალს ჰკითხა, უზღუდავდა თუ არა სამოსი მხედველობას და მოძრაობას, მან კი ზიზღით უპასუხა, ასე ნაკლებად ვხედავ გარშემო ცოდვას და თავადაც ცოდვის მიზეზი ნაკლებად ვხდებიო. ამაზე მაშინ გაგვეღიმა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მე და დედას საფრთხე შეგვექმნას. ასეთ რამეებს რომ ვიხსენებ, არ მიკვირს, რომ ოცწლიანი შრომა წყალში ჩაგვეყარა. ვხვდები, საკუთარ ხალხს ვერ გავუგეთ, მაგრამ აღარ ვიცი, რა მეთოდი უნდა გამოგვეყენებინა.

- თქვენზეც გვიამბეთ.

- ბევრი არაფერი მაქვს მოსაყოლი. მამა, უფროსი ძმა და ბიძა, რომელთაც ჯერ ოჯახი არ ჰყავდათ, "თალიბანს" შეეწირნენ. დასავლეთ ქაბულში კაკაოსა და ჩაის პატარა მაღაზია გვქონდა. ოთხი წლის წინ ორივე, იმის გამო, რომ თალიბებთან არ ითანამშრომლეს, მანქანაში ჩაცხრილეს. მხოლოდ სამი დღის შემდეგ ვიპოვეთ. მანქანა გაძარცული იყო...

დედასა და დეიდებს თანამედროვე ცხოვრების წესის, ქუჩაში მარტო გამოსვლის, უჩადროდ სიარულის, მანქანის ტარებისა და მუშაობის გამო მუდმივად ემუქრებოდნენ. დედამ წერა-კითხვა მას შემდეგ ისწავლა, რაც 2000-იან წლებში ამერიკამ "თალიბანი" განდევნა. მერე ჩააბარა უნივერსიტეტში და დიპლომიც აიღო. ასევე მოიქცნენ მისი დებიც და მათი თაობის უამრავი ქალი. ამის გამო უფროსი თაობის ქალების რისხვაც კი დაიმსახურეს, მაგრამ არ ეპუებოდნენ.

პატარა რომ ვიყავი, დედას ოფიციალურ შეხვედრებზე დავყავდი, სადაც უცხოელ ქალებს საქმიანი სამოსი ეცვათ, ლამაზი ვარცხნილობა ჰქონდათ და ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვათ. მაშინ ვნატრობდი, დედაც ასეთი ჩაცმული მენახა და როდესაც გავიზრდებოდი, მეც ასე ჩამეცვა. თითქოს ოცნება ავიხდინე, ოღონდ ძალიან ცოტა ხნით. ახლა ისევ ჩადრებს დავუბრუნდით, ალბათ, სამუდამოდ. უკვე გაროზგეს ათობით ქალი, უამრავს სიკვდილით ემუქრებიან, თუ ქვეყანას სამუდამოდ არ დატოვებენ.

გაგვიმართლა, რომ ჩემი უფროსი დები ოჯახებთან ერთად დიპლომატიურ სამსახურში იყვნენ დასაქმებული და როგორც კი "თალიბანი" გააქტიურდა, სხვადასხვა ქვეყანამ თავშესაფარი მისცა. ისინი ავღანეთის პროვინციებში ქალებსა და ბავშვებს განათლების მნიშვნელობასა და ადამიანის უფლებების მნიშვნელობას უხსნიდნენ. გვეგონა, ჩვენს შრომას შედეგი ჰქონდა, ხალხს განათლება და ნორმალური ცხოვრება სურდა.

როდესაც ქაბულიდან მივდიოდით, დედამ მითხრა, მე საბუთებს ჩავალაგებ, შენ ტანსაცმელს მოუყარე თავი, რამდენიმეს გარდა უნდა გადავყაროთო. ვიცოდით, რომ ევროპული სამოსის, ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისთვის არაერთი ქალი გაროზგეს. მათი კანონით, თურმე კაცმა ქალის ფეხის ხმა არ უნდა გაიგონოს, არც სახე და თვალები დაინახოს, რადგან ღიზიანდებაო. ნაგვის ურნაში ვყრიდი ჩემს ფერად და ლამაზ ტანსაცმელს და ვტიროდი. ვიცოდი, რომ ის ცხოვრება აღარასდროს დაბრუნდებოდა.

ბევრი ამბობს, რომ "თალიბანი" დიდხანს ვეღარ გააკონტროლებს ვითარებას და მალე შიდა დაპირისპირება დაიწყება, მაგრამ ქვეყნისთვის არაფერი შეიცვლება.

დედა ამბობს, რომ აქედან არსად წავა და მზად არის სიკვდილისთვის. ცდილობს მე გამიშვას ჩემს მეგობრებთან, რომლებიც პარიზს აფარებენ თავს. მეუბნებიან, ოღონდ ჩამოდი და დიპლომატიურ საბუთებს დაგახვედრებთო, მაგრამ დედის დატოვება არ მინდა.

დედა პრინციპული ადამიანია. ძალიან კარგად ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და არაბულ ენებს. მასაც სთავაზობდნენ დიპლომატიურ თავშესაფარს, მაგრამ არ წავიდა. განადგურებული იყო, როდესაც გაიგო, რომ პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.

მის პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებდა, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას მაინც არ ელოდა, ისევე როგორც ბევრი ჩვენგანი.