რის სანაცვლოდ დათანხმდა რუსეთის პრეზიდენტი ბჟანიას აფხაზეთის გაზიფიცირებას?.. - კვირის პალიტრა

რის სანაცვლოდ დათანხმდა რუსეთის პრეზიდენტი ბჟანიას აფხაზეთის გაზიფიცირებას?..

"2020 წლის შემოდგომიდან რეგიონი უმძიმესი რეალობის პირისპირ დადგა - ვინაიდან რეგიონში ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ენგურჰესია, რომელზეც ელექტროენერგიის გენერაციის 40% მოდის, ეს რესურსი არასაკმარისი აღმოჩნდა და მოსახლეობამ რამდენიმე თვე, ფაქტობრივად, უშუქოდ გაატარა. აფხაზების გულისწყრომას ის იწვევს, რომ ენგურჰესში გამომუშავებული ელექტროენერგიის 60% ქართულ მხარეს მიაქვს"

რუსეთისგან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობამ "მთავარ მოკავშირე რუსეთთან" ერთად აფხაზი მოსახლეობა ახალი რეალობის წინაშე დააყენა - ენერგოკრიზისის დასაძლევად ოკუპირებულ რეგიონში რუსული "გაზპრომი" შედის. როგორც "სამთავრობო" მედია წერს, სულ მალე აფხაზეთში ქალაქების მოსახლეობა ელექტროგამათბობლებსა და ქურებზე აღარ იქნება დამოკიდებული - საცხოვრებელ კორპუსებში გაზს შეიყვანენ. "გაზპრომი" აფხაზეთის გაზიფიცირებას იწყებს.

აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, "კრემლის დაფინანსებით სულ მალე აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტი "გაზპრომი" ტექნიკური დავალების, შეთანხმებისა და საგზაო რუკის პროექტებს მიიღებს. კომპანია აფხაზეთის გაზიფიცირებას ერთი წლის ვადაში აპირებს, რაც ელექტროენერგიის მოხმარებას შეამცირებს და მრავალთვიან მწვავე ენერგოკრიზისს შეამსუბუქებს".

ე.წ. ეკონომიკის მინისტრის ცნობით, პროექტს საფუძველი შარშან ივლისში ჩაეყარა, როდესაც ასლან ბჟანია "ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა და აფხაზეთის გაზიფიცირებაში დახმარება სთხოვა".

რეგიონში ენერგეტიკული კრიზისია, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც მოსახლეობა გასათბობად ელექტროენერგიას მაქსიმალურად მოიხმარს, რაც მოკლე ჩართვებსა და ავარიულ გათიშვებს იწვევს. რეგიონს ვერც გრაფიკზე გადასვლამ უშველა.

2020 წლის შემოდგომიდან რეგიონი უმძიმესი რეალობის პირისპირ დადგა - ვინაიდან რეგიონში ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ენგურჰესია, რომელზეც ელექტროენერგიის გენერაციის 40% მოდის, ეს რესურსი არასაკმარისი აღმოჩნდა და მოსახლეობამ რამდენიმე თვე, ფაქტობრივად, უშუქოდ გაატარა. აფხაზების გულისწყრომას ის იწვევს, რომ ენგურჰესში გამომუშავებული ელექტროენერგიის 60% ქართულ მხარეს მიაქვს.

გრაფიკით ჰქონდათ დენი ტურისტულ სეზონზეც, რაც როგორც მოსახლეობის, ისე ტურისტების უკმაყოფილებას იწვევდა, მაგრამ მარაოსებრი გათიშვები გრძელდებოდა.

ელექტროენერგიის დეფიციტს კრიპტოვალუტის მაინინგის აღურიცხავი საწარმოებიც იწვევს. ბოლო ხანებში ეს "კანონით" აკრძალეს, მიუხედავად ამისა, აფხაზეთში სულ უფრო მეტი რუსი ბიზნესმენი ჩადის კრიტპოვალუტის ბიზნესისთვის. მაინინგის ფერმებზე არც რეიდები მოქმედებს და არც ჯარიმები. მოსახლეობა მათ ანაზღაურების სანაცვლოდ უთმობს ფართობს, მონაწილეობს ამ ბიზნესში და სტაბილურ შემოსავალსაც იღებს, იმდენს, რომ ჯარიმები არ აშინებს.

როგორც აფხაზები წერენ, "თუ "გაზპრომი" აფხაზეთში გაზს შეიყვანს, ეს ხელსაყრელია მოსახლეობისთვის, თუმცა უამრავი მინუსიც აქვს - ოკუპირებულ აფხაზეთში გაზიფიცირება არც საბჭოთა კავშირის წლებში ყოფილა და ახლა, როდესაც ყველაფერი უკონტროლოდ არის მიშვებული, უსაფრთხოების წესებს არავინ დაიცავს. მოსახლეობა კუსტარულად შეიყვანს ბუნებრივ აირს, რასაც აუცილებლად მოჰყვება ტრაგიკული შემთხვევები.

ამასთან, რეგიონში შენობების უმეტესობა ამორტიზებულია, თვითნებური მიშენება-დაშენებითა და გადატიხვრით. აფხაზებმა, სომხებმა და იმ ჩრდილოკავკასიელებმა, ვინც 90-იანი წლების ომში მონაწილეობდნენ, ქართველების ბინები მიისაკუთრეს და ბევრმა ოთახების გასაერთიანებლად საყრდენი კედლები ამოიღო. ზოგან იატაკი ამოჭრეს და ქვედა სართული მიიერთეს. ვინ იყო რამის მთქმელი?.. ახლა ამ მინგრეულ-მონგრეულ კორპუსებში გაზის მილებს რამდენად უსაფრთხოდ გაიყვანენ და შემდეგ ვინ რას დაამონტაჟებს, ეგეც საკითხავია".

აფხაზეთის ყველა "პრეზიდენტმა" იცოდა და იცის, რომ რუსეთისგან დახმარება რომ მიიღოს, უნდა "გადაიხადოს". "საინტერესოა, რის სანაცვლოდ დათანხმდა რუსეთის პრეზიდენტი ბჟანიას აფხაზეთის გაზიფიცირებას?.. მალე გამოჩნდება, მთავარია, გვიანი არ იყოს", - წერენ აფხაზები. NDEBA

ოკუპირებულ რეგიონში ბუნებრივი აირის ბალონების დატენა ძალიან ძვირია, მომსახურება კი არასტაბილური, ამიტომ მოიხმარს ხალხი იაფ დენს და რაც მთავარია, იმ მიზერული თანხის გადახდაც არ სურთ, რაც ბოლო თვეებია ე.წ. ხელმძღვანელობამ დააწესა. როგორც კი დენის ფასმა მოიმატა, ანქვაბი-ბჟანიას გუნდმა მხარდაჭერა დაკარგა. მოსახლეობა ითხოვს, "მთავრობამ" პრობლემები ისე მოაგვაროს, რომ ისედაც გაჭირვებულ ხალხს ცხოვრება არ გაუძვირდეს. თუმცა არც ის სურთ "ხელმძღვანელობამ" ენერგოსისტემა რუსეთს ჩააბაროს.

"ხელისუფლება ელექტროენერგიის საფასურს სიმბოლურს უწოდებს. თუმცა მოსახლეობის უმეტესობა დენს გასათბობად და საკვების მოსამზადებლადაც მოიხმარს, ბევრს საოჯახო სასტუმროები აქვს და თვის ბოლოს გადასახადი არცთუ ცოტაა. ამიტომ დენი უფასო უნდა იყოს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს... კანონი სიმბოლურია, უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის, განათლება ნულს ქვემოთაა, პანდემია უკონტროლოა და დელტა-შტამი მძვინვარებს. დენის პრობლემა მაინც მოაგვარონ ისე, რომ ზამთარში უშუქოდ არ დავრჩეთ და შარშანდელივით მაღალ სართულებზე შეშისა და დიზელის ზიდვამ არ მოგვიწიოს. მარტოხელა მოხუცებმა ან უნარშეზღუდულმა პირებმა რა უნდა ქნან?.. შარშან როგორღაც გადავიტანეთ ზამთარი, მაგრამ წელსაც თუ 6-საათიანი გათიშვები დაიწყო, ვერ გავუძლებთ", - წერს მირანდა ტაბაღუა.

ცნობისთვის: აფხაზეთში კვტ/სთ-ის ფასი ფიზიკური პირებისთვის 40 კაპიკია, იურიდიული პირებისთვის - 80. თუმცა დენის ფიქსირებულ საფასურს უმრავლესობა არ იხდის. ჯერჯერობით, შესაბამის სამსახურს მათთვის დავალიანების გამო დენის გათიშვის უფლება არა აქვს.

"პატარა აფხაზეთს კი არა, რუსეთი თავისი ენერგორესურსებით ევროპის უდიდეს ქვეყნებს მართავს. ჩვენი ჩაყლაპვა რატომ უნდა გაუჭირდეს, თუკი ჩვენი ხელისუფლება თავად ჩაუვარდება ფეხებში, არიქა, გვიშველეთ, უთქვენოდ ვერაფერს გავხდებითო. ზამთარი კარს მოგვადგა, ანქვაბი-ბჟანიას გუნდს კი ერთი გამოსავალი აქვს - ან ენერგოსისტემის რუსეთისთვის ჩაბარება, ან მოსახლეობის უშუქოდ დატოვება.

ამბობენ, როდესაც ანქვაბი გართულებული "კოვიდის" შედეგებს მკურნალობდა, ეს დრო ბჟანიამ გამოიყენა, რათა რუსეთისა და თავისი გუნდის თვალში დამოუკიდებელ ფიგურად წარმოჩენილიყო. აზრზე მოსულ ანქვაბს არაერთი სიურპრიზი დაახვედრა, მათ შორის "გაზპრომის" შემოყვანა. "რკინის ალიკა" მიხვდა, რომ ასლან ბჟანიას პოზიცია უკვე გამყარებული ჰქონდა და წინააღმდეგობას აზრი დაეკარგა - გადაწყვეტილება მიღებულია", - წერს სამოქალაქო აქტივისტი ჟანა კუჩბა.

რამდენიმე დღეა მთავარი ოპოზიციური ძალების - რაულ ხაჯიმბას "სახალხო ერთობის ფორუმისა" და ასლან ბარციცის პარტია "ორი ლიდერის" წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ე.წ. უშიშროების სამსახურები ავიწროებენ. ხაჯიმბას პარტიის წევრების თქმით, მათ "პრეზიდენტის" ინიციატივა გააკრიტიკეს. როგორც ბჟანიამ განაცხადა, მდინარე ენგურზე ორი ვარდნილჰესი, საიდანაც აფხაზეთი ელექტროენერგიით მარაგდება, შესაძლოა უცხოელ ინვესტორებს გადასცენ.

"რაულ ხაჯიმბას ბევრი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ აფხაზეთი ანქვაბი-ბჟანიას გუნდივით კოლაფსის წინაშე არ დაუყენებია მაინინგის ბიზნესით. მათი გუნდის წევრებმა შემოიტანეს კრიპტოვალუტა, ხალხი მოწამლეს, უამრავი ჩაითრიეს, ჩინოვნიკები მდიდრდებიან და ახლა ვითომ ვეღარ აკონტროლებენ, რადგან წილები შესდით. ამასობაში ქვეყანაში ენერგოდეფიციტი ყოველწლიურად მწვავდება", - წერს ვერა ბუთბა.

"გაზპრომი" რუსული ყულფია, საიდანაც ვერასდროს გამოვძვრებით. არც ის იფიქროთ, რომ ჩვენი დენის კომპანიასავით დავალიანების ქვითარს მოგვიტანენ და გადაუხდელობის მიუხედავად, დენს მაინც არ გაგვითიშავენ. უამრავი მაგალითი გვაქვს - როგორ ექცეოდა საქართველოს, რომელსაც ჩვენზე მეტი რესურსიც აქვს და ბერკეტიც, ან სხვა ქვეყნებს. შესაძლოა ერთხანს შეღავათები დაგვიწესონ, მაგრამ არც ეს იქნება სანდო. არ არის გამორიცხული, შუა ზამთარში ისევ დააყენონ უძრავი ქონების მიყიდვის უფლებაზე საუბარი და ჩვენ ვერაფერს ვიტყვით. ვერა და ვერ გავიგეთ, რომ რუსეთი ქველმოქმედებას არ ეწევა. ჯობია, ისევ დენის ფასმა მოიმატოს და სტაბილურად მოგვეწოდებოდეს", - ამბობს ანატოლი ჯაბუა.