"თუ გგონია, რომ ამ ამპულებში რაღაც საეჭვოა, გეგონოს, სხვებს რატომ აშინებ და აბრკოლებ?" - კვირის პალიტრა

"თუ გგონია, რომ ამ ამპულებში რაღაც საეჭვოა, გეგონოს, სხვებს რატომ აშინებ და აბრკოლებ?"

შვიდი სტენტი მიდგას გულში და მაინც მინდა აცრის გაკეთება, რათა ოჯახს, ახლობლებს და ნათესავებს ვირუსი არ შეხვდეთ. ზოგი ამბობს, რა ვიცი, სამი წლის მერე რა მომივაო... სამ წელიწადს გავძლებთ საერთოდ? - ხომ ხედავთ, ეს ვირუსი რა გამძვინვარებულია?

"გაიკეთეთ აცრა, თქვე დალოცვილებო! იქნებ ეს საშინელება დავამარცხოთ ისე, როგორც კეთრი, ქოლერა და შავი ჭირი დავამარცხეთ", - გვითხრა იუმორისტმა ბესო ბერულაშვილმა, რომელსაც ამ მტკივნეულ პრობლემაზე ვესაუბრეთ:

- ვირუსი, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მეც შემხვდა: დაბადების დღეზე ვიყავი, სადაც რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა. ერთ-ერთი მათგანი - ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ეს ვერაგი დაავადება სახლში მივიტანე და ჩემი მეუღლეც დაინფიცირდა. ჩემი თვალით ვნახე, რა მძიმე შრომა უწევთ ექიმებს, რომლებსაც თავისუფალი წუთიც კი არა აქვთ.

- დიდი ხანია, რაც "კოვიდი" დაამარცხეთ? - 1-ლ აგვისტოს აცრაზე ვიყავი ჩაწერილი და 31 ივლისს აღმომაჩნდა. ლევან რატიანის კლინიკაში ნამდვილი პროფესიონალების გუნდმა მოგვიარა. ახლა მინდა ჩემს ექიმებს, - მაგარ გოგოებსა და ბიჭებს, ექთნებსა და სანიტრებს, უღრმესი მადლობა გადავუხადო! ყველა ძალიან მიყვარს!

ვინც ამ საკითხს აგდებულად უყურებს, უნდა შეიყვანო და აჩვენო, ჩვენი მედიკოსები რას უძლებენ. ზოგჯერ გულწრფელად მეცოდებოდნენ და ვეუბნებოდი, რაღა მაინცდამაინც ეს პროფესია აირჩიეთ-მეთქი. არჩევანის წინაშე რომ ვიყოთ, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდითო, მპასუხობდნენ. მათთან ყველანი ვალში ვართ!

- როგორც ვიცი, საუნივერსიტეტო კლინიკაში ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა მკურნალობდა. - მთელი "იუმორინა" - ჯემალ ბაღაშვილმა დაიწყო და მერე მთელმა გუნდმა გადაინაცვლა: დათო როსტომაშვილი, მამუკა ონაშვილი, სხვებიც... ამ კლინიკაში მერაბ სეფაშვილი, ლაშა ღლონტი და ლელა წურწუმიაც იწვნენ. ზოგჯერ ვხუმრობ, ბარემ ლევან რატიანის კლინიკასთან არსებული ანსამბლი შევქმნათ-მეთქი, მშვენიერი კონცერტი გამოვიდოდა.

როცა თავს უფრო მხნედ ვგრძნობდი, პალატებში დავდიოდი და პაციენტებს ვეხუმრებოდი, ანეკდოტებსაც ვუყვებოდი, რომ მათი განწყობა ამემაღლებინა. პალატაში შევიხედავდი და შევძახებდი, როგორა ხართ, თქვენ გენაცვალეთ-მეთქი და მაშინვე კარგ ხასიათზე დგებოდნენ. ზოგჯერ მეც მოწყენილი რომ ვიყავი, ექიმები და ექთნები მეჩხუბებოდნენ, ადექი და გაიარე, იმოძრავეო. კლინიკაში ორი კვირა ვიწექი და ამ ხნის განმავლობაში ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე.

- ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე რელიგიური მოსაზრებების გამო ამბობს უარს აცრაზე. - წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, რომ აცრის საკითხი თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს. ეკლესიამ გამოაცხადა, რომ ვაქცინებში არანაირი "მხეცის ნიშანი" არ არის, მაგრამ ზოგიერთს მაინც დაუჟინია, რა ვიცით ამ ვაქცინებში რა არის და არ ავიცრებითო. ჩვილ ბავშვებს რომ ცრიან, იციან, რას უშხაპუნებენ?

უკვე მილიონობით ადამიანი აიცრა და ჩვენ რა უნდობლობა გვჭირს?! როცა საქართველოში ასეთი მდგომარეობაა და დღეში 70-80 კაცი იღუპება, ბევრი ფიქრის და ყოყმანის დრო აღარ გვაქვს: 3-მილიონიანი ქვეყნისთვის ეს ნამდვილი კატასტროფაა.

თუ ფიქრობ, რომ აცრა დამღუპველია, ეს აზრი შენთვის უნდა შეინახო. ეპისკოპოსებიც აიცრნენ. მეუფე მელქისედეკი ჩემი შვილიშვილის ნათლია და ჩემი ოჯახის უსაყვარლესი ადამიანია - თავისი ფეხით მივიდა და აიცრა. ფანატიკოსები ყველგან არიან, მაგრამ საწყენი იცით, რა არის? - მათ გამო მერე ყველა უწმინდესისკენ, ყველაზე საყვარელი და კარგი ადამიანისკენ იშვერს ხელს.

- ესე იგი, თქვენც ფიქრობთ, რომ შიში ფანატიზმის ბრალია? - აბა, სხვა რა ვიფიქრო? ეს ხალხი რომის პაპს არ უშვებდა საქართველოში, სანამ მართლმადიდებლობას არ მიიღებს, ვერ მივიღებთო. ეს ხომ სიბნელეა? ამდენი წელია პატრიარქის სტიქაროსანი ვარ, მეც მორჩილებაში ვარ, თუმცა შემიძლია საკუთარი აზრი მქონდეს. ამ სიტუაციაში კიდევ ტვინის არევა მინდა?! შენ თუ გგონია, რომ ამ ამპულებში რაღაც საეჭვოა, გეგონოს, სხვებს რატომ აშინებ და აბრკოლებ? ეკლესია გვეუბნება, რომ ვაქცინებში სატანისეული არაფერია და შენი საქმეა აიცრი თუ არა.

ჩემ გარშემო ყველა აცრილია. მეც ჩემი რიგი დაჯავშნილი მქონდა "ფაიზერზე", მაგრამ მეორე დღეს "კოვიდი" დამემართა. წარმოიდგინეთ, მე შვიდი სტენტი მიდგას გულში და მაინც მინდა აცრის გაკეთება, რათა ოჯახს, ახლობლებს და ნათესავებს ვირუსი არ შეხვდეთ. ზოგი ამბობს, რა ვიცი, 3 წლის მერე რა მომივაო... სამ წელიწადს გავძლებთ საერთოდ? - ხომ ხედავთ, ეს ვირუსი რა გამძვინვარებულია? კიდევ კარგი, ხალხმა აცრა მასობრივად დაიწყო - იქნებ ამან მაინც გვიშველოს.

- სამწუხაროდ, ზოგი აცრის მერეც დაინფიცირდა, რადგან გათამამდა და თავს აღარ იცავდა. - თუნდაც ავიცრათ, პირბადე და დისტანციის დაცვა მაინც საჭიროა: სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ აცრის მერე რამდენიმე დღე ადამიანის იმუნური სისტემა დასუსტებულია. ჩემი მეუღლეც ორჯერ იყო აცრილი, მაგრამ დაინფიცირდა, თუმცა ამან მდგომარეობა შეუმსუბუქა. ექიმებმაც გვითხრეს, აცრა რომ არა, დაავადება ძალიან ცუდ ფორმებში გადავიდოდაო. ამიტომ

ყველას ვთხოვ, თუ გნებავთ, მოვუწოდებ, რომ აცრა გაიკეთონ, რეგულაციები დაიცვან და ეს ვერაგი ვირუსი აღარ გაავრცელონ.

- ეს ინტერვიუ თქვენებური იუმორით დავასრულოთ, რაღაც ახალი ხუმრობა ხომ არ იცით ამ თემაზე? - ამას წინათ, გეგე სულხანიშვილი ჰყვებოდა და ძალიან მომეწონა: უზბეკეთში "კოვიდის" საწინააღმდეგო ვაქცინაზე ცდებს ატარებენ და დღე-ღამეს ასწორებენ, რომ ახალი ვაქცინა შექმნან. მერეო? - ვერ შეძლეს, რადგან ბოლოს მაინც ფლავი გამოსდითო.

აბა, რა გითხრათ? სახუმაროდ არა გვაქვს საქმე, მაგრამ იუმორი ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელია.

ხათუნა ჩიგოგიძე