"დღეს ომია! ვინც ამას ვერ აღიქვამს, ნახოს რა ხდება ჩვენს ჰოსპიტლებსა და რეანიმაციებში!" - კვირის პალიტრა

"დღეს ომია! ვინც ამას ვერ აღიქვამს, ნახოს რა ხდება ჩვენს ჰოსპიტლებსა და რეანიმაციებში!"

"თუ პანდემიის დასაწყისში იყო მოწოდება, აიცერი და დაიცავი მოხუცებიო, დღეს ამას ბავშვებიც ემატება"

როგორ მიმდინარეობს დელტა-შტამი ბავშვებში, რა გართულებები ახლავს და როგორ უნდა დავიცვათ მოზარდები ამ ინფექციისგან, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიული დეპარტამენტის პროფესორი მაია ხერხეულიძე ესაუბრა.

- ქალბატონო მაია, "კოვიდ-19"-ის ჩინური შტამისგან განსხვავებით, რომლის რისკ-ჯგუფში უფროსი თაობის ადამიანები შედიოდნენ, დელტა-შტამი ბავშვებშიც ვრცელდება. რა არის ამის მიზეზი?

- "კოვიდ 19"-ის პანდემიამ რადიკალურად შეცვალა თითოეული ჩვენგანის ცხოვრების რიტმი. ნამდვილად არ არის ადვილი, ერთი მხრივ, ინფიცირების რისკით ცხოვრება, ხოლო, მეორე მხრივ, პანდემიასთან დაკავშირებული ცვლილებების, სკოლებისა და ბაღების დახურვის, უარყოფითი ინფორმაციით გადატვირთვის, ფიზიკური და სოციალური დისტანცირების შეგუება. კორონავირუსული პანდემიის დაწყებიდან არაერთი კვლევა ადასტურებდა, რომ ინფექციის სიხშირე ბავშვთა ასაკში მოზრდილებთან შედარებით გაცილებით ნაკლები იყო და შედარებით მსუბუქად, ხშირად უსიმპტომოდაც მიმდინარეობდა. თუმცა ახალმა დელტა-შტამმა ვითარება შეცვალა და ინფიცირების სიხშირემ ბავშვთა ასაკში მოიმატა. შეიძლება ითქვას, რომ ყოველ 10-11 დადასტურებულ შემთხვევაზე ერთი ბავშვთა ასაკის პაციენტებზე მოდის. ამის მიზეზად ითვლება თავად დელტა-შტამის შედარებით მაღალი კონტაგიოზურობა (გადამდებლობა). ის ორჯერ მეტად გადამდებია, ვიდრე მანამდე არსებული შტამები, და ვირუსული დატვირთვაც შედარებით დიდია. სწორედ ამიტომ ვრცელდება როგორც მთლიან პოპულაციაში, ასევე ბავშვთა ასაკში შედარებით სწრაფად.

- შეიძლება ვირუსი ასაკობრივ ჯგუფებად დავყოთ? მაგალითად, შეიძლება ვთქვათ, რომ 6 თვიდან და ზემოთ ბავშვებში განსხვავებული სიმპტომებით მიმდინარეობს?.. და რა სიმპტომები აქვს დელტა-შტამის მსუბუქ ვარიანტს ბავშვებში ან მძიმე როგორ ხასიათდება?.. - კორონავირუსულ ინფექციას ბავშვთა ასაკში მხოლოდ ამ ინფექციისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები პრაქტიკულად არა აქვს. მოზრდილთა ასაკისთვის დამახასიათებელი გემოს და სუნის დაკარგვა, ბავშვებში იშვიათია, დაახლოებით 1% შემთხვევაში გვხვდება და მხოლოდ მოზარდთა ასაკში. თუმცა დელტა-შტამისთვის ეს სიმპტომი ნაკლებად დამახასიათებელია. ამ შემთხვევაში ძირითად ჩივილებს მიეკუთვნება: ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, ძლიერი ყელის ტკივილი, ზოგ შემთხვევაში, თავის ძლიერი ტკივილი. კორონავირუსული ინფექცია ბავშვთა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს დიარეით, გულისრევის შეგრძნებითა და ღებინებით, ხველითა და სუნთქვის გაძნელებით... პრაქტიკულად შეუძლებელია მხოლოდ კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით განვასხვაოთ კორონავირუსული ინფექცია სხვა სახის ვირუსული ინფექციისგან და ამიტომ პანდემიის პირობებში მოცემული სიმპტომების არარსებობის დროს კორონავირუსი უნდა გამოირიცხოს. რაც შეეხება ასაკობრივ განსხვავებას, თავის ტკივილი, მიალგია, ანუ კუნთების ტკივილი, მეტად მოზარდებში გვხვდება, გასტროინტესტინალური მოვლენები კი უმეტესად მცირე ასაკის ბავშვებს ახასიათებს. თუმცა მკაცრი ზღვარი არ არსებობს და ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია შეგვხვდეს აღნიშნული სიმპტომი. ამასთან, დაავადების შედარებით მძიმე მიმდინარეობა ძირითადად ვლინდება ახალშობილებსა და ჩვილებში, ასევე თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებში.

დღეს ბევრს საუბრობენ ე.წ. ხანგრძლივ კოვიდზე, როდესაც დაავადების გადატანის შემდეგ ხანგრძლივდება რომელიმე სიმპტომი, როგორიც არის ადვილად დაღლა, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, სუბფებრილიტეტი (მცირედ, ხანგრძლივი დროით მომატებული ტემპერატურა).

კვლევებით დადგინდა, რომ შემთხვევათა ნაწილში ვლინდება ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება. ასევე გამოვლინდა, რომ ბავშვთა ასაკში კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს გართულება მულტისისტემური ანთებითი სინდრომის სახით. ეს იშვიათი გართულებაა, რომელიც, ჩვეულებრივ, "კოვიდის" გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ იწყება და მაღალი ცხელებით 2 ან მეტი ორგანოს მწვავე ანთებითი დაზიანებით მიმდინარეობს. ცხელებასთან ერთად ხშირად ვლინდება გამონაყარი, შესივებული ხელის მტევნები და ტერფები, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება, დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი; შესაძლებელია ხველა და ქოშინი და სხვ. ამ ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

დღეისთვის არ არსებობს მონაცემები, რა შემთხვევაში ვითარდება მოცემული გართულება და რა წარმოადგენს მისი განვითარების რისკ-ფაქტორებს. შესაბამისად, არ არის დადგენილი მისი თავიდან აცილების სტრატეგია. ამიტომ რეგულაციების დაცვა და კორონავირუსული ინფექციის პრევენცია მოცემული სინდრომის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა. თუ ბავშვს უვლინდება მულტისისტემური ანთებითი დაავადების სიმპტომები, ის აუცილებლად ექიმმა უნდა ნახოს.

- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილების გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა. ითქვა, რომ ისინი უფრო დაუცველები არიან დელტა-შტამისგან. - კორონავირუსული ინფექციის ნებისმიერი შტამი მოზრდილებში ბევრად მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ბავშვებში და ეს ეხება დელტა-შტამსაც. მართალია, დღეს ბავშვთა ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა დაავადება ხშირAად მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, მძიმე ფორმები მოზრდილთა ასაკთან შედარებით ნაკლებია. თუმცა მძიმედ მიმდინარეობის რისკი შედარებით მაღალია მძიმე თანმხლები დაავადებების მქონე ახალშობილებში, ჩვილებსაA და ბავშვებში. სამწუხაროდ, ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევები საქართველოში სწორედ ჩვილებსა და მძიმე ნევროლოგიური თანმხლები დაავადებების მქონე 6 წლის ასაკის პაციენტის შემთხვევაში დაფიქსირდა.

- როგორი მდგომარეობაა პრობლემურ ბავშვებში (მაგალითად, დაუნის სინდრომი, აუტიზმის სპექტრი და სხვ.), ისინი უფრო მეტად წარმოადგენენ რისკ-ჯგუფებს?.. - ბავშვებში, ისევე როგორც მოზრდილებში, თანმხლები დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ბრონქული ასთმა, გულის თანდაყოლილი მანკი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, მძიმე ნევროლოგიური დარღვევები და სხვ., ზრდის კორონავირუსული ინფექციის შედარებით მძიმედ მიმდინარეობის რისკს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში ასეთ პაციენტებს დაავადება მძიმე ფორმით გამოუვლინდებათ.

სამწუხაროდ, დელტა-შტამით დაინფიცირების შემთხვევები მაღალია ორსულებში. კვლევები ცხადყოფს, რომ ამ ჯგუფში ინფექცია შესაძლებელია შედარებით მძიმედ მიმდინარეობდეს. ამავე დროს დღეისთვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ნაყოფს ტრანსპლაცენტური გზით გადაეცემა. ძალზე ხშირ შემთხვევაში ახალშობილი, რომელიც დაბადებულია ინფექციის მქონე დედისგან, არ არის დაინფიცირებული. არის ერთეული შემთხვევები, თუმცა დადგენილი არ არის, ზუსტად რა პერიოდში ვითარდება ახალშობილის ინფიცირება. დღეისათვის არსებული მონაცემებით ინფიცირებულ მელოგინეებში ნიღბების და ხელის ჰიგიენის გამოყენება მკვეთრად ამცირებს ახალშობილთა ინფიცირების რისკს.

- ბავშვების ინფიცირების მთავარი წყარო, ალბათ, აუცრელი გარემოცვა, მშობლები და ოჯახის წევრები არიან, თუმცა არაერთ მშობელს აცრა ვერ გადაუწყვეტია... - ამ პერიოდისთვის მცირე ასაკის ბავშვებში ვაქცინაცია არ ტარდება. ამიტომ მშობლებზეა დამოკიდებული აცრაზე გადაწყვეტილების მიღება. თუ პანდემიის დასაწყისში იყო მოწოდება, აიცერი და დაიცავი მოხუცებიო, დღეს ამას ბავშვებიც ემატება.

ვაქცინაციას ძალზე იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ახლდეს გვერდითი მოვლენები, ვერ უზრუნველყოფდეს 100%-ით დაცვას ინფიცირებისგან, მაგრამ დღეისათვის ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რომელიც იცავს დაავადების მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილისგან. ვაქცინირებული ნაკლებად ავრცელებს ვირუსს.

უნდა გავაანალიზოთ, რომ ვაქცინაციის გარეშე პანდემიის შეჩერება შეუძლებელია და მივიღოთ გადაწყვეტილება, რათა დავიცვათ ჩვენი თავიც, მშობლებიცა და შვილებიც. ვაქცინაციასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა - სოციალური დისტანცია, ნიღბის გამოყენება.

აქაც ბევრი მოწინააღმდეგეა, ცხადია, სასიამოვნო არ არის ზაფხულის ცხელ დღეებში ნიღბის ტარება, მაგრამ ის მაქსიმალურად გვიცავს ვირუსის გავრცელებისგან. დიახ, დღეს ომია! ვინც ამას ჯერაც ვერ აღიქვამს, ნახოს, რა ხდება ჩვენს ჰოსპიტლებსა და რეანიმაციებში!.. ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვა დღეს ერთადერთი იარაღია, რომელიც გვაქვს.

- რა არის ცნობილი ვირუსის ახალ ვარიანტებზე, ბრაზილიურ და სხვა შტამებზე, სწრაფად ვრცელდება და იმუნიტეტსაც აზიანებს?.. არსებობს საფრთხე, რომ ამ შტამის სამიზნეც ბავშვები იქნებიან?.. - დიახ, ვლინდება ვირუსის ახალი მუტაციები, "ეტა" "იოტა", "ლამბდა" და ა.შ. ამჟამად სამხრეთ აფრიკასა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა ახალი ვარიანტი, რომელიც იმავე ტიპის მუტაციით ვლინდება, რაც აღენიშნებოდა ალფა, ბეტა და გამა-ვარიანტს, რომელიც ამ ეტაპზე ცნობილია ჩ.1.2-ის სახელით. ახლა მისი გავრცელება ამ ქვეყნებში 2-3%-ს არ აღემატება, მაშინ როცა დელტა-შტამის გავრცელების მაჩვენებელი 90%-ს შეადგენს. ჯერ არ არის ცნობილი, როგორი გავრცელება ან როგორი მიმდინარეობა ექნება მოცემულ მუტაციას.

მოგეხსენებათ, ბრძოლის ბედი თითოეულ ჯარისკაცზეა დამოკიდებული, ამიტომ გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა, ზედმიწევნით დავიცვათ ყველა რეგულაცია და ჩავიტაროთ ვაქცინაცია პანდემიის დასამარცხებლად.