ამოუცნობი იყო, ასე იცხოვრა და ასე წავიდა - კვირის პალიტრა

ამოუცნობი იყო, ასე იცხოვრა და ასე წავიდა

გალაკტიონს სურათების გადაღება ძალიან უყვარდა. ბავშვურ გატაცებად უთვლიდნენ. როცა ხატავდნენ, შეეძლო, საათობით მჯდარიყო გაუნძრევლად

მომავალი ხუთშაბათიდან გალაკტიონის რჩეულს, ხუთტომეულის სახით, ჟურნალ "გზასთან" ერთად მიიღებს მკითხველი

უცნაური კაცი იყო. ფიქრებსა და ლექსებში მითურ ლანდებს ელაპარაკებოდა. აზროვნების ურთულეს ხვეულებში იოლად იგნებდა გზას და იმ სინათლის მჭვრეტელი იყო. თუმცა ყველაფერ ამას ბახუსისა და "უცნაურობის" საფარველქვეშ მალავდა... გარდაცვალების შემდეგ გალაქტიკასავით შეუცნობელი დატოვა თავისი ამქვეყნიური ყოფნის ამბავი...

სურათების გადაღება ძალიან უყვარდა. ბავშვურ გატაცებად უთვლიდნენ. ისიც სიგიჟემდე მოსწონდა, როცა ხატავდნენ, შეეძლო, საათობით მჯდარიყო გაუნძრევლად.

იქნებ, მოსწონდა, რომ ოლიმპიელ ზევსს ჰგავდა და უნდოდა, რაც შეიძლება მეტი ანარეკლი დაეტოვებინა სააქაოს... თუმცა მისი დიდებული ფოტოები და ყველაზე ზუსტი მიგნებით შესრულებული პორტრეტები თუ ქანდაკებებიც კი ვერ დაიტევენ გალაკტიონს, როგორც სახეს. ამისი უნარი მხოლოდ მის შემოქმედებას შესწევს, შემოქმედებას, რომელსაც მომავალი ხუთშაბათიდან რჩეული ხუთტომეულის სახით ჟურნალ "გზასთან" ერთად მიიღებს მკითხველი.

ეს კიდევ ერთი შეხვედრა იქნება გალაკტიონთან, მის უკიდეგანო გალაქტიკასთან, რომელსაც შავი ხვრელებივით თან სდევდა სამუდამო იარად დარჩენილი ახლობლების სიკვდილი, მეუღლის დაჭერა, ათასი უსამართლობა და უგუნურთა გესლიანი წინააღმდეგობები...

1908-10 წლებში დაიბეჭდა გალაკტიონის პირველი ლექსები "მთვარე კაშკაშებს", "შავი ღრუბელი"... 1910 წელს კი მიატოვა სემინარია, რადგან უახლოესმა მეგობარმა ქუჩუ ქავთარაძემ, (აქვეყნებდა თხზულებებს ფსევდონიმით "დემონი") თავი მოიკლა... მეგობართან ერთად თავისი სიცოცხლის ნაწილიც "დაკრძალა". თუმცა ასაკით ნორჩი იყო, უკვე მძლავრად სცემდა გლოვის ზარი მის არსებაში.

მერეც, როცა წლებს იმდენს ითვლიდა, რომ ობლობა ქვეყნის დასასრულად აღარ უნდა ჰქცეოდა, მისთვის დედის სიკვდილთან ერთად "ქვეყნიერების აღსასრული" დადგა: "დავკარგე დედა და მასთან ერთად დავკარგე იმედი, ნუგეში, თანამგრძნობი... უდედოდ ცხოვრება ვერ წარმომედგინა, მაგრამ ვაი... დავტოვე ჭყვიში და მასთან ერთად დავტოვე დედის შეზვინული საფლავი... წუხელის ძილში ვწუხდი, რომ უკვე აღარავისთვისა ვარ ისე ძვირფასი, როგორც ვიყავი ჩემი დედისთვის... ვწუხდი, ჩემი მომხმარე, თანამგრძნობი და დამცველი არავინ არის-მეთქი".

ფიქრები ნელ-ნელა გადადიოდა ფურცლებზე - ლექსებად, ჩანახატებად, კალმის უბრალო მონასმებად...

ბავშვივით მგრძნობიარესა და მარტოსულს ბევრი რამ აწვა გულზე დარდად...

ერთხელ ჩაუწერია უბის წიგნაკში: "მართალია თუ არა მთავრობა ჩემთან ბრძოლაში (იზოლაცია, შიმშილი, წყურვილი, დევნა, უბინაობა, უგაზეთობა), მართალი იყო თუ არა მთავრობა აქ?"

სრულიად ნათელია, რასაც ეხება ჩანაწერი. ყველამ იცის, რომ გალაკტიონს დალხენილი ცხოვრება არასდროს ჰქონია. ოლღა ოკუჯავა გადასახლებული იყო, პოეტი მეფე, ისედაც მარტოსული, სრულიად მარტო დარჩა. იყო დღეები, როცა პურის ლუკმა არ ეპოვებოდა და სამოსი არ ჰქონდა, სიცივისაგან თავი რომ დაეცვა. მაგრამ ეს მხოლოდ გალაკტიონის უბის წიგნაკებს და თითო-ოროლა ადამიანის მეხსიერებას შემორჩება... პრესაში მხოლოდ ის დაიწერებოდა, შეხვედრა რომ მოუწყვეს სადღაც, ან წიგნი რომ დაიბეჭდა... სხვა არაფერი.

რას ერჩოდა მთავრობა გალაკტიონს?  - ალბათ, ყველაფერს, ნიჭითა და ხედვით დაწყებული, საბჭოთა მოქალაქისათვის "ამორალური" ქცევით დამთავრებული. საბჭოთა მოქალაქეები ხომ "დამკვრელური შრომადღეების" რაოდენობით აფასებდნენ ერთმანეთს. ისინი არ სვამდნენ, ქუჩა-ქუჩა არ დადიოდნენ კენტად, ისინი ერთად იყვნენ! გალაკტიონი იყო მარტო...

ამოუცნობი იყო, ასე იცხოვრა და ასე წავიდა. დატოვა ათასი გამოცანა და თავსატეხი. პასუხები კითხვებზე ზოგჯერ შეიძლება ფრაზასა და ფრაზას შორისაც ამოიკითხოთ, მაგრამ ზოგჯერ ჩვენი ხედვა და რეალობის შეგრძნება უძლურია. ამიტომაც რჩება ამოუცნობი, "უცნობი", როგორც ვახტანგ ჯავახაძემ დაარქვა გალაკტიონის საარქივო მასალებზე დაყრდნობით დაწერილ წიგნს.

ამ მითურ არსებას, ზევსივით გამორჩეული გარეგნობა რომ ჰქონდა და მეფურად რომ დააბიჯებდა ქალაქში, გაავებული ქოფაკივით შეჰყეფდა ცხოვრება:

"ტრამვაიზე წინა ბაქნიდან ასვლისას დამაჯარიმეს 3 მანეთით."

უბრალო ჩანაწერი: "საღამოთი მოვიდა დომენტი და დიდი ბოდიშის მოხდით წაიღო თავისი ლამპა. დავრჩი სიბნელეში, რადგან ელექტრონის ლამპარი დიდი ხნის გადამწვარია, მაგრამ როდესაც ოლია მოვიდა, თან მოიტანა სამოცდათხუთმეტსანთლიანი ელექტროლამპა. გავიჩირაღდნეთ ოთახი. ყველაფერმა სხვანაირი იერი მიიღო. რომ შექმნა რაიმე დიადი, საჭიროა სინათლე, ბევრი სინათლე. ვკითხულობდი ბუნინის ლექსებს. მუსიკალური სათუთუნე? იყო ღვინო".

სინათლე რომ არ დაეკარგა საკუთარ სულში და ოჯახშიც, სვამდა. ნასვამ კაცს ნაკლებ ანგარიშს გაუწევდნენ. ეშინოდა და ისევ სვამდა. ან იქნებ არც სვამდა და როგორც ჯანსუღ ჩარკვიანი იხსენებს, წვერს ინამავდა არყით, ნასვამობის იმიტირებისათვის.

რომ არა მისი "მუდმივი სიმთვრალე", როგორ მიიღებდნენ თუნდაც ამ ფუნაგორიას, რომელშიც აბსოლუტური სიმართლე იყო ნათქვამი:

"აკადემიის კიბეზე

ქარმან დაჰქროლა ქვენამან.

მეცნიერნი და უვიცნი

ერთად შეჰყარა ზენამან"...

გალაკტიონისათვის ისეთ ქარს არასოდეს დაუბერავს, ზურგის ქარად რომ ჰქცეოდეს. პირიქით - გამალებით სცემდა სახეში ჰაერის სუსხიანი ტალღები. ყველაფერი ისე რომანტიკულადაც არ ყოფილა, როგორც ახლა შეიძლება ეგონოს ვინმეს... ასეც ყოფილა: პირველ ვაჟაობაზე, როცა ჩარგალში სუფრა გაშლილა თბილისიდან ამოსული სტუმრებისათვის, გალაკტიონი შორიახლოს მდგარა... ძალიან გვიან, მას მერე, რაც ერთ ახალგაზრდა მწერალს შეუმჩნევია, ლიმონათის ყუთი მოუძებნიათ, რომ ისიც დაესვათ... რატომღაც გაჭირდა ზევსივით კაცის დანახვა თურმე.

ზოგჯერ გამიზნულადაც "ბნელოდა", რომ არ დაენახათ მისი დიდი სინათლე!

და ისევ გალაკტიონი: "ისინი იძახიან: ღამე! ჩვენ ვამბობთ: ამ ღამეში არაფერი არა სჩანს, განკარგულება მოახდინეთ, თუ შეიძლებოდეს, აანთონ სანთლები! ეს არც ისე ძნელი საქმეა, მაგრამ თქვენ არ გსურთ: თქვენ სიბნელეში გირჩევნიათ, თქვენ გეშინიათ სინათლის. აჰ, როგორ ეშინიათ სინათლის, როგორ ეშინიათ, თქვენ გეშინიათ ნამდვილი საქართველოსი".