"როცა საქმეში გულს ჩადებ, აუცილებლად გაიმარჯვებ!" - კვირის პალიტრა

"როცა საქმეში გულს ჩადებ, აუცილებლად გაიმარჯვებ!"

ზაალ სულაკაური: "ეს ნამუშევრები იმდენად მომეწონა, რომ გულში გავივლე, ალბათ, ამას მეც ვერ დავხატავდი-მეთქი"

ხელოვანისათვის გულწრფელობა ნიჭიერების სინონიმიაო, უთქვამთ. 2011 წლის 7 ივნისს თბილისის 159-ე საჯარო სკოლის კედლებზე გამოფენილ ნამუშევრებში ერთნაირად იგრძნობოდა  ნიჭიერება და გულწრფელობა. სკოლაში მხატვარ ბესიკ დუღაშვილის სტუდიისა და ამავე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი გამოფენა მოეწყო. "თავდაპირველად გვსურდა, რომ სტუდიის მუშაობის შედეგები შეგვეჯამებინა, მერე გაჩნდა იდეა, რომ გამოგვეფინა ყველა იმ ბავშვის ნამუშევარი, ვისაც ხელოვნება უყვარს. აქ წარმოდგენილია როგორც ჩემი სტუდიის, ასევე 159-ე სკოლის მოსწავლეთა თვითშემოქმედებაც. ჩემი ყველაზე პატარა მოსწავლე ექვსი წლისაა, ყველაზე დიდი კი - 16-ისა.

სხვადასხვა ჟანრით არიან გატაცებული: სწავლობენ ძერწვას, ინტერიერის დიზაინს, ფერწერას... ყველა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ არ შემიძლია არ ვახსენო 8 წლის დაჩი თევზაძე. ეს ბავშვი სამხატვრო აკადემიის სტუდენტის დონეზე ძერწავს. შემიძლია ვთქვა, რომ ის მომავალი მოქანდაკეა და თუ ასე გააგრძელებს, თავის სიტყვას იტყვის ქართულ ხელოვნებაში. ზოგად დიზაინზე მუშაობს რატი ციკოლია, რომელიც ასევე ძალიან ნიჭიერია.  მიხარია, რომ ჩვენი სტუდია თანდათან იზრდება და ახალი მოსწავლეებიც გვემატებიან. ყველანაირად ვეცდები, ისინი ღირსეულ ადამიანებად, კარგ ხელოვანებად ჩამოყალიბდნენ," - გვითხრა ბესიკ დუღაშვილმა.

KvirisPalitra.Geშთაბეჭდილებები იქ დამსწრე ხელოვანებმაც გაგვიზიარეს.

ზაალ სულაკაური, მხატვარი: - სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ასეთ მაღალ დონეს. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ბავშვების ნამუშევრები სამხატვრო აკადემიის დონისაა. რამდენიმე მათგანი იმდენად მომეწონა, რომ გულში გავივლე, ალბათ, ამას მეც ვერ დავხატავდი-მეთქი. აღფრთოვანებული ვარ ამ ბავშვებით. ბესო გულს დებს ამ საქმეში და როცა საქმეს მთელი სულითა და გულით აკეთებ, გაიმარჯვებ კიდეც.

ზვიად ციკოლია, დიზაინერი: -  პირველ რიგში ის არის სასიხარულო, რომ ეს ახალგაზრდები ცდილობენ, თავიანთი ნიჭი გამოავლინონ და დრო უქმად არ დაკარგონ. თითქმის ყველა დეტალში იგრძნობა პროფესიონალის ხელი. საყურადღებოა ისიც, რომ გამოფენა მრავალფეროვანია: აქ არის ფერწერის, ქანდაკების, დიზაინის ნიმუშები... ვაკვირდები ამ ნახატებს. თითოეულ მათგანს თარიღი აწერია და აშკარად ჩანს, ყოველი მომდევნო ნამუშევარი რამდენად უკეთესია წინამორბედზე, როგორ ვითარდებიან ეს ბავშვები.

თამუნა გამდლიშვილი, 159-ე საჯარო სკოლის დირექტორი: - ვეცდებით, ხელი შევუწყოთ ამ სტუდიას და ყველა იმ ბავშვს, რომელიც შემოქმედებითი ნიჭით არის დაჯილდოებული, რადგან მსგავსი ღონისძიებები მათი სულიერი სრულყოფისა და განვითარებისათვის აუცილებელია.

ხათუნა ჩიგოგიძე