"50 წიგნი" - ჩვენი და თქვენი პროექტი - კვირის პალიტრა

"50 წიგნი" - ჩვენი და თქვენი პროექტი

მომავალ ორშაბათს "50 წიგნის" პროექტის ფარგლებში ჩვენი მკითხველი თომას მანის "ბუდენბროკების" მეორე ნაწილს მიიღებს.

რადგან ამ გენიალურ გერმანელსა და მის რომანზე ორი კვირის წინ ვისაუბრეთ და რადგან თვით პროექტმაც თავისი "გზის" თითქმის მესამედი, ანუ იმხელა ნაწილი განვლო, რომ გარკვეულწილად, მისი შეფასება უკვე შეიძლება, გადავწყვიტეთ, "50 წიგნის" მკითხველსა და მის მესვეურებს გავესაუბროთ...

მარიკა დარჩია, "პალიტრამედიის" კრეატიული დირექტორი და პროექტის ხელმძღვანელი: "არ დავმალავ - მიუხედავად იმისა, რომ სანამ ამ საქმეს შევეჭიდებოდით, მთელმა ჯგუფმა დიდი მოსამზადებელი სამუშაო შევასრულეთ, შევისწავლეთ ანალოგიური უცხოური პროექტების ისტორია და ვეცადეთ, გაგვეთვალა პრობლემები თუ შეფერხებები, მაინც ვღელავდით.

გაამართლებდა თუ არა ჩვენი წამოწყება? შეძლებდა თუ არა მკითხველი სხვა ანალოგიური ხარისხის გამოცემებთან ორჯერ უფრო სიიაფის მიუხედავად, ყველა წიგნის შეძენას? ფინანსურ შესაძლებლობას რომ თავი დავანებოთ, ხომ არ "გადავეჩვიეთ" წიგნის ყიდვას?..

დღეს ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე გამოვიდა, რისი იმედიც გვქონდა - ქართველი მკითხველი სულმოუთქმელად ელის ყოველი წიგნის გამოსვლას და ეს რომ ასეა, ჩვენს მედიაჰოლდინგში უკანასკნელ პერიოდში დატრიალებულმა ამბებმა ნებისმიერ სოციოლოგიურ კვლევაზე უკეთესად გამოავლინა: შემოსავლების სამსახურის მიერ ჩვენი "შემოწმების" დაწყებისთანავე, უამრავი მკითხველი გვიკავშირდება და თანადგომის გამოხატვის შემდეგ გვეკითხება:

- "50 წიგნის" პროექტი ხომ არ შეჩერდება?!

მინდა, ყველა მკითხველი, ჩვენი ყველა გულშემატკივარი დავარწმუნო, რომ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და "პალიტრამედიაც" ძალიან კარგად იქნება.

ძალიან სასიხარულო და საამაყოა, რომ "50 წიგნი", მხოლოდ თბილისში კი არა, მთელ საქართველოშია პოპულარული. ახლახან ჩემი მეგობრები ყაზბეგის რაიონის სოფლებში იმყოფებოდნენ საჯარო სკოლების საატესტაციო გამოცდებზე დამკვირვებლებად და, როგორც მითხრეს, ბევრ, მათ შორის არცთუ შეძლებულ ოჯახებში, ნახეს ჩვენი წიგნები.

სხვათა შორის, ამ დღეებში ჩვენთან სტუმრად მყოფმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც გაკვირვება და აღტაცება გამოთქვა, როდესაც გაიგო, რომ ეს მსოფლიოში ცნობილი პროექტი ჩვენ "ქართულად გავაცოცხლეთ" და კიდევ ერთხელ დაადასტურა ინგლისურენოვან ქვეყნებში მისი პოპულარობა.

ასე რომ, მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად მიდის..."

"50 წიგნის" შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ ჩვენს ერთგულ და აქტიურ მკითხველებსაც. ცხადია, წიგნი მკითხველისათვის იბეჭდება და მათი მოსაზრება ყველაზე მნიშვნელოვანია.

KvirisPalitra.Geთამარ ჯავახიშვილი, ისტორიკოსი, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის პედაგოგი: "რა თქმა უნდა, იმედი მქონდა, რომ ლამაზად გამოცემული დიდი მწერლების შედევრები დააინტერესებდა ახალგაზრდებს, რომლებმაც, რა დასამალია, ბოლო წლებში ზურგი აქციეს წიგნს, მაგრამ გულწრფელად გეტყვით: შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა!

არა მხოლოდ კითხულობენ, არამედ მსჯელობენ, კამათობენ, იმავე ავტორების სხვა წიგნებს ეძებენ...

გულწრფელად გეტყვით: თქვენმა პროექტმა მოზარდები წიგნისაკენ შემოაბრუნა - ყოველ შემთხვევაში, ჩემი მოსწავლეებისა და ჩემს ირგვლივმყოფი "თინეიჯერების" მაგალითზე თამამად შემიძლია ამ დასკვნის გაკეთება. აი, ახლაც: თქვენი გამოცემული რამდენიმე წიგნი შინ არა მაქვს - მოსწავლეებმა ითხოვეს...

დიდი მადლობა "კვირის პალიტრას" ამ საშვილიშვილო საქმისთვის..."

მუხრან დოლიძე, ფსიქოლოგი: "აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ პროექტი წარმატებული იქნებოდა.

წიგნი ის ღირებულებაა, რომელიც არასოდეს გაუფასურდება. ამჟამად პენსიონერი ვარ, თითქმის ყველა ის ნაწარმოები, რომლებსაც თქვენ ბეჭდავთ, ამ წლების განმავლობაში წაკითხული მაქვს და მათი ძველი გამოცემებიც მაქვს შინ, მაგრამ მაინც ვყიდულობ. ალბათ სწორმა რეკლამამაც განაპირობა, რომ მე კი არა, ისეთი ხალხიც ყიდულობს, სიცოცხლეში რომ წიგნი არ უყიდია და იქნებ არც ახლა წაიკითხოს.

სხვათა შორის, ეს ცუდი სულაც არ არის - ყოველთვის იყო ხალხი, რომელიც წიგნებს კარადის "სამშვენისად" ყიდულობდა. მაგრამ ის წიგნი თავის საქმეს მაინც გააკეთებს - იმავე ოჯახში უთუოდ გამოუჩნდება მკითხველი, თუნდაც შემდეგ თაობაში. ეგეც რომ არა, კაცმა მხოლოდ წიგნის ყუას რომ დახედოს, ავტორის გვარი და ნაწარმოების დასახელებაც რომ დაამახსოვრდეს, ესეც საქმეა."

ჩვენმა რესპონდენტმა პედაგოგმა ქალბატონმა ახალგაზრდა მკითხველის დაინტერესებაზე ისაუბრა და შეუძლებელია, არ აღვნიშნოთ, რომ ამაში დიდი წვლილი პროექტის ინტერნეტპრომოუშინგს მიუძღვის - სოციალური ქსელებისა და ზოგადად, ინტერნეტის მომხმარებლები ხომ სწორედ ახალგაზრდები არიან...

KvirisPalitra.Geგიორგი გიორგაშვილი, პროექტის ინტერნეტპრომოუტერი: "www.50books.ge – ეს იმ ბლოგის ინტერნეტმისამართია, სადაც აქტიური განხილვა მიმდინარეობს უკვე გამოცემული თუ დასაბეჭდად გამზადებული წიგნებისა. რაც მთავარია, აქვე გრძელდება ხმის მიცემა იმ 20 წიგნის გამოსავლენად, რომლებიც პროექტში უნდა შევიდეს - ჯერ ხომ მხოლოდ 30 "გამარჯვებული" გვყავს. ასე რომ, ყველას გელით აქაც და ჩვენი პროექტის პერსონალურ გვერდზეც "ფეისბუქში":

www.facebook.com/50books განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება, თუკი ახალგაზრდებთან ერთად ინტერნეტგანხილვებში უფროსი თაობის ადამიანები ჩაერთვებიან და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ უმცროსებს."

მაშ ასე: "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" - ეს უკვე პროექტი კი არა, რეალობაა, რომელიც თქვენ თვალწინ და თქვენი თანამონაწილეობით იქმნება.

ჩვენ კვლავ თქვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის იმედი გვაქვს.