"რეალურ საქართველოში ისტორიას ისტორიკოსები წერენ, პარალელურში - ისტერიკოსები"
"რეალურ საქართველოში ისტორიას ისტორიკოსები წერენ, პარალელურში - ისტერიკოსები"
"რევოლუცია ესიზმრება და ელანდება იმას, ვისაც ევოლუციური განვითარება არ შეუძლია!"

დათო მაღრაძის ნაწარმოებს, "მეტაფიორა" უახლოეს ხანებში გამოსცემს "პალიტრა L". მისი იდეაა მოქალაქეში ადამიანის გადარჩენა და ამ თემაზე მსჯელობა საქართველოში არსებულ ვითარებამდე მიგვიყვანს... "რაც შეეხება წიგნს "ბარაქიანი მიწა", ჩემთვის ძალზე სასიხარულო და საპატიოა ამ გამომცემლობასთან თანამშრომლობა, რომელიც მეორედ შედგა. პირველი იყო "ნაფეხურები წყალზე" - როდესაც ჰორიზონტს აქეთ ნათქვამი, ჰორიზონტს მიღმა­ ისმის და მათთვისაც მნიშვნელოვანია. ეს გამარჯვების განცდას იწვევს ჩემთვის. "მეტაფიორაზეც" ვიტყვი
ორიოდე სიტყვას. ტრადიციულად დაიბეჭდა "ლიტერატურულ საქართველოში". ასევე,­ თარგმნილია რუსულად და ჟურნალ "ზვეზდის" ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდება. მისმა მთავარმა რედაქტორმა, მწერალმა იაკობ გორდინმა მომწერა, რომ ბროცკის შემდეგ ამ მოცულობის ნაწარმოები არ დაუბეჭდავს. მილანის ჟურნალში დეკემბერში დაიბეჭდება იტალიური ვერსია, რომელიც ნუნუ გელაძემ თარგმნა. თარგმნილია ასევე ინგლისურად და იმედია,
აშშ საუნივერსიტეტო ჟურნალში დღის სინათლეს მალე იხილავს... ჩემი ნაწარმოების არსს, ამ ეპოქაში­ მოქალაქეში ადამიანის გადარჩენას, ასე აღვიქვამ - როგორც წვეთში ოკეანეა გადასარჩენი, წამში - მარადისობა, ასე გაუჭირდა ადამიანს ჩვენს ეპოქაში. ადამიანური სიფაქიზე, სინატიფე და გულისხმიერება მხოლოდ მშრალ უფლებებს ეყრდნობა და მოქალაქეში ადამიანურობა იკარგება. ეს მოიტანა ადრეულ პერიოდში გაჟღერებულმა ნიცშეს ფრაზამ - "ღმერთი მოკვდა!..", რასაც წინ უძღოდა რიჰარდ ვაგნერის "ღმერთების დაღუპვა", შემდეგ უკვე ოსვალდ შპენგლერის "ევროპის დაისი", რომელიც ასევე ღირებულებების დევალვაციას გულისხმობს. ასე რომ, როდესაც ადამიანმა ათი მცნების რევიზია დაიწყო, ლოგიკურმა გაგრძელებებმაც არ დააყოვნა. ამას მოჰყვა ფაშიზმი, ვისკონტის ფილმი ასევე ღმერთების დაღუპვაზე, მერე იყო კომუნიზმი და ასე მოვედით დღევანდლამდე, რა დროსაც ღირებულება, როგორც ასეთი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ადამიანი ცუდისა და კარგის გარჩევის გამოცდილების გარეშე შეიძლება დარჩეს. ეს საფრთხე ჩვენს ეპოქაში რეალურია. კულტურული ფილტრი გაქრა და ეპოქამ რედაქტორი დაკარგა".

- ამ ყველაფერს, ალბათ, გვერდი ვერ აუქცია საქართველომ...

- დიახ, ჩვენც ამ ეპოქის განუყოფელი ნაწილი ვართ, თუმცა გადარჩენის იმედი არის. ეს საფრთხე დგას საქართველოშიც, რასაც ემატება პერიფერიულობის განცდა, რომ ტრენდის ეპიცენტრი სადღაც სხვაგან არის და გვინდა ჩვენი კალენდარი მას გავუსწოროთ და ძალზე მოწადინებულად ვემსახუროთ. სურათი ასეთია: არსებობს რეალური და პარალელური საქართველო. პირველში ისტორია თავისი გზით მიედინება, პარალელურში ისტორიის ნაცვლად ისტერიკაა. რეალურში ისტორიას ისტორიკოსები წერენ, პარალელურში - ისტერიკოსები. იქ საქართველომ რუსეთს ომი მოუგო, მაპ-ზე უკეთესი მივიღეთ, პატიმარი ადამიანად არ ითვლებოდა, დავითგარეჯა - საქართველოდ, აღარც ოლიმპიელების გამარჯვება ახარებდათ. ახლაც ამ გზას მიჰყვებიან... რეალურ საქართველოში ადამიანები თავიანთი პრობლემებით, ფიქრით, მომავლის იმედით ქვეყნის თანამედროვე ისტორიას წერენ. ასეთი მოცემულობა ბევრმა რამემ განაპირობა, მათ შორის იმან, რომ ჩვენში დიდი ინფორმირებულობა განათლებაში ვერ გადადის. ამას სულიერი ხერხემალი, კულტურა სჭირდება, რისი დეფიციტიც თანამედროვე საქართველოში გვაქვს. შესაბამისად, არც ქარტეხილი გადადის გამოცდილებაში. განათლებულ საზოგადოებას აქვს ქარტეხილის გამოცდილებაში გადატანის უნარი.

- საზოგადოების უმეტესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს. როგორ ხედავთ არჩევნების შემდგომ საქართველოს?
- არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ნამდვილად არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს. ისინი სწორედ იმ პერიოდში გამოცოცხლდებიან, შემდეგ კი ისევ უსაქმურ წუწუნს მოჰყვებიან. თუმცა ამ ქვეყანაში ისეთებიც არიან, ვინც არჩევნებს შორის შუალედით არ ცხოვრობენ. ისინი მიწას ამუშავებენ, ღვინოს აყენებენ, რომელიც მსოფლიოში განთქმულია. ქართველი კაცი მხოლოდ მითოლოგიასა და ლეგენდებს­ კი არ ეჭიდება, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, მას მოჰყავს ვაზი, უვლის, ყურძენს წურავს და საუკეთესო ქართულ ღვინოს სთავაზობს მსოფლიოს და თავის სამშობლოს ისე აცნობს, როგორც მართალი და მშრომელი ხალხის ქვეყანას. არის ხალხი, რომელიც ხორბალს თესავს, თონეში პურს აკრავს და თბილისის სარდაფული ფანჯრებიდან პურის სურნელს აფრქვევს. ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო, მზეს ასწრებენ გაღვიძებას, დღედაღამ შრომაში არიან და არჩევნებით ნამდვილად არ ცხოვრობენ. ისინი უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე სახელმწიფომ დიახაც უნდა იზრუნოს.

- რას აკეთებს მათი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის?.. რამდენიმე დღის წინ 75-მილიონიან საშეღავათო მაკროსესხზე თქვა უარი, რაც საგარეო კურსის შეცვლის საფრთხედაც აღიქვეს...
- ახლაც ვიტყვი­ იმას, რაც ადრეც მითქვამს­ - მიშელის შეთანხმებიდან­ გამოსვლა ნაბიჯი იყო და თუ ნაბიჯი იყო, კვალიც იქნება-მეთქი. ეს იყო ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ, ვინაიდან იმ ხელოვნური, მაგრამ მაინც კრიზისის დროს ხელისუფლებამ ქვეყნის მართვა დროებით ევროსტრუქტურებს გადააბარა და ნაყოფიც გამოიღო. ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოპოზიცია აიძ­ულა თანაცხოვრების კი არა, თანამშრომლობის კულტურას ზიარებოდა და პარლამენტში დასვა. თუმცა შეუძლებელი იქნებოდა ქვეყნის მართვის სადავეები ევროსტრუქტურების ან დიპლომატიური კორპუსისთვის გადაებარებინა, ვინაიდან ხელისუფლება ვალდებულია ქვეყანა თავად მართოს. ეს ნაბიჯი საგარეო კურსის შეცვლად კი არა, დამოუკიდებლობისკენ გადახრად შევაფასე. ევროსტრუქტურების ჩართვა, ცხადია, დიდ პოზიტივს შეიცავდა. თუნდაც ის რად ღირს, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის იძულებითი თანამშრომლობა შედგა და კრიზისი განიმუხტა... ასე რომ, ხელშეკრულებიდან გასვლით დაიწყო ხელისუფლებამ მართვის სადავეების დაბრუნება. მეორე ნაბიჯი იყო სესხზე უარის თქმა, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ძალიან მადლიერი ვართ ევროსტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის თანამიმდევრული პოლიტიკის, მეთვალყურეობის გამო, მაგრამ მათაც და ჩვენს მოქალაქეებსაც დიდი პატივისცემით შევახსენებდი, რომ ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძვით და არა ბატონის შესაცვლელად.

- ამ მძიმე სოციალურ ვითარებაში რამდენად მართებული იყო სესხზე უარის თქმა? არაკეთილმოსურნეები სწორედ ეკონომიკური პრობლემებით ცდილობენ არეულობის შექმნას.
- ხელისუფლებას მოსახლეობა სწორედ იმიტომ ირჩევს, რომ მან უნდა განსაზღვროს რამდენად მართებულია ესა თუ ის გადაწყვეტილება. ყველა საკითხს რეფერენდუმზე ვერ გაიტანს, მაშინ ხელისუფლების საჭიროება რაში მდგომარეობს, ბარემ მოსახლეობამ გადაწყვიტოს, რა გვჭირდება და რა არა, თანაც ჩვენი მოსახლეობა ისეთი­ ამბიციურია, ერთნაირი წარმატებით ერკვევა პოლიტიკაში, ეკონომიკაში, მეცნიერებასა და მედიცინაში. შესაბამისად, დიდი სიამოვნებით მიესალმებიან ყველა საკითხზე რეფერენდუმის გამართვას. მე არ ვიზიარებ ასეთ დამოკიდებულებას. ვფიქრობ, ასეთი­ პოზიცია გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მათი წარმომადგენლებისთვისაც მისასალმებელი უნდა იყოს.

საქართველოს სახელმწიფო ვექ­ტორი დამოუკიდებლობისკენ გადა­იხარა. რაც შეეხება გულისწყრომას და ჩემთვის ძალიან პატივსაცემი­ ამერიკის ელჩის განცხადებას - მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო,­ რომ ქალბატონი დეგნანი ჩვენი ეგზოტიკური ფინტებით არაერთხელ დავტოვეთ სახტად. მაგალითად, საქვეყნოდ დავდეთ პირობა, რომ პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადავიდოდით, შემდეგ კი პირობა შევცვალეთ. ასე მოვიქეცით მოსამართლეების საკითხზეც, რაც განსაკუთრებით არაადეკვატური იყო, როდესაც სააკაშვილის უსამართლო სასამართლოს სიმბოლო, გირგვლიანის საქმესთან ასოცირებული სისტემა ახალი საქართველოს სამართლის საძირკველი გახდა. საქვეყნოდ დადებული პირობა არ უნდა დაირღვეს, რომ გუნდის პირობას ფასი ჰქონდეს, თორემ მე პირადად მაჟორიტარული სისტემის მომხრე ვარ, რადგან პროპორციული წესით არჩევისას ინდივიდუალიზმი იკარგება. ასე რომ, ქალბატონი ელჩის გულისწყრომის მესმის, თუმცა საგარეო სივრცეში ახალი დღის წესრიგი დგება.

ავღანეთის აფეთქება, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც აფეთქებაა. ის კვამლი, რომელიც იმ პროცესებს მოჰყვა, ჯერ არ დაწმენდილა და ნაადრევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ, ვაცადოთ სამყაროს... საქართველომ უნდა გააგრძელოს უფრო მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასა და ევროპასთან. უნდა გვახსოვდეს, სად, რა რეალობაში ვცხოვრობთ. ჩვენი მეზობელი ქვეყნები საერთაშორისო ნორმების პატივისცემით არ გამოირჩევიან. ამიტომ კიდევ ბევრჯერ მინდა გავიმეორო - ერთ წუთში შეიძლება ერეკლე მეფის დილემის წინაშე აღმოვჩნდეთ. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის გავლენა, მასთან და ევროპასთან პარტნიორობა.

- ამ გზას მივყვებით?
- დიახ, მივყვებით. საქართველოსთვის ევროპასა და ამერიკასთან ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც განათლების, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განვითარებისთვის. მძიმე საბჭოურმა წარსულმა თავისი კვალი დატოვა და ევროპის დეფიციტი იგრძნობა ყველაფერში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში... თუნდაც ოპოზიციის ბოლოდროინდელ ქმედებებში. რევოლუცია ესიზმრება და ელანდება იმას, ვისაც ევოლუციური განვითარება არ შეუძლია. თუმცა ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ იზიარებს ამ განწყობებს.

აქ რევოლუციური სცენარი წინასწარ ჩაგდებულია. ბოლო შემთხვევისას თავიანთი ოპოზიციური ტელევიზიებით მოვიდნენ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი შეგროვდა, მათი და ტელეწამყვანების გარდა არავინ­ მივიდა. ამიტომ მათი ახლანდელი ნაბიჯი, მიშელის დოკუმენტისთვის ხელის მოწერა, ძალზე უმწეოა. იმდენად უსუსური, რომ სერიოზულ განხილვას არც იმსახურებს - შეუძლიათ მოლოტოვ-რიბენტროპის თავდაუსხმელობის პაქტსაც მოაწერონ ხელი და მეორე მსოფლიო ომსაც აარი­დებენ სამყაროს. ეს დიდი გამარჯვება წინ აქვთ. ასეთ "წარმატებებს" მიაღწევენ, მაგრამ რევოლუციას ვერ მოაწყობენ. საქართველოს მოსახლეობას არ სურს და იმიტომ. ქართველ საზოგადოებას სურს დამოუკიდებლობა.
ჟორა გაბრიჭიძე
16 სექტემბერი 2021 09:52
სანამდე ქვეყანას თუნდაც ერთი ასეთი კაცი ჰყავს, წყალწაღებულად არ ითვლება.
!!!
16 სექტემბერი 2021 07:52
აი, ეგრე!
zaza
15 სექტემბერი 2021 18:49
ვიცი, რომ ამ პიროვნებას არ უყვარს თანამდებობა (მწერალი რომაა, იმიტომ), მაგრამ ქვეყნის კულტურული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მაინც სჯობს არა როგორც საზოგადო მოღვაწემ (უფრო სწორად, არა მხოლოდ), არამედ საჯარო პირის (უკაცრავად, მოხელის) რანგშიც მიიღოს მონაწილეობა. ვთქვათ გახდეს საქართველოს კულტურული ატაშე გაეროში, ან იუნესკოში. რაღაც მსგავსი უნდა შესთავაზონ. თან ეს მოთხოვნა საზოგადოების წიაღიდან უნდა წამოვიდეს. თუმცა, ალბათ მსგავსი შეთავაზება უკვე იყო და ამაზეც კატეგორიული უარი ექნება გაცხადებული

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები