"ბევრი წერს: მემუქრებოდნენ, ხმა არ ამოიღო, თორემ შენს თავს დავაჭერინებთო, ან საგიჟეთში ამოაყოფინებდნენ თავს..." - კვირის პალიტრა

"ბევრი წერს: მემუქრებოდნენ, ხმა არ ამოიღო, თორემ შენს თავს დავაჭერინებთო, ან საგიჟეთში ამოაყოფინებდნენ თავს..."

"მთელი ცხოვრება გეძებ, დაბადების პირველი დღიდან... მაკლიხარ ძალიან, ვერავინ და ვერაფერმა ვერ შემივსო შენ გამო მოყენებული ტრავმა და სიცარიელე"

"ვეძებ ტყუპისცალ დას, დავიბადეთ 8-თვიანები, 2 კგ, 44 სმ, სისხლის ჯგუფი ჩემი არის 4+ (AB). დედა იყო ჩასული თავის მშობლებთან, გურჯაანში და დაეწყო ნაადრევი მშობიარობა, დაღვარა წყლები და 1982 წლის 11 თებერვალს, გამთენიისას, 04:10 დავიბადე მე და 04:35 დაიბადა ჩემი და", - წერს ნინი ჯგუფში "ვეძებ". მას ღრმად სწამს, რომ მისი ტყუპისცალი გააშვილეს. ნინი მისთვის მტკივნეულ თემაზე გულახდილად გვესაუბრა:

- დედამ გვნახა ორივე ერთად, ასევე - ბიცოლამ და როგორც მეუბნებიან, თურმე ძალიან ვგავდით ერთმანეთს. მე თურმე ვერ ვიტირე, არ მქონდა რეფლექსები და ზონდის დახმარებით მკვებავდნენ, აი, ჩემი და კი დაბადებისთანავე ძლიერად ტიროდა, თან საკმაოდ დიდხანს (გამოდის, რომ მე ვიყავი სუსტი ბავშვი და ალბათ იფიქრეს, ეს საცოდავი მაინც მოკვდება, ვერ გავყიდითო). დედას უთხრეს, რომ ჩემს დას რაღაც პრობლემა ჰქონდა და ის გადაიყვანეს "სხვაგან". როგორც ახლა ირკვევა, "დააბინავეს" არა, მაგალითად, რეანიმაციულ განყოფილებაში, არამედ ოთახში, სადაც ხარშავდნენ სამედიცინო იარაღებს, ასევე ამ ოთახს იყენებდნენ საწყობად, იქ ელაგა დაშლილი ავეჯი და საწოლები...

დედას რომ უთხრეს, ბავშვი ცალკე გადაგვყავსო, თურმე ძალა მოიკრიბა, ადგა და მითითებული "პალატისკენ" წავიდა, მაგრამ კართან მისულს გული წასვლია და შესვლა ვერ მოუხერხებია. ასე რომ, მხოლოდ დაბადების დროს ნახა ჩემი ტყუპისცალი.

- რთული მშობიარობა ჰქონდა? თავადაც ცუდად იყო?

- იცით, გენეტიკა გვაქვს უჯანმრთელესი. დედას არც მშობიარობამდე ჰქონდა რაიმე პრობლემა. ახლა იმასაც ვფიქრობ, იქნებ რამე ისეთი დაალევინეს, რომ ძალა არ ჰქონოდა? უკვე ყველაფერში ეჭვი მეპარება, თან სხვების მაგალითებს რომ ვისმენ, ადვილი შესაძლებელია ესეც გაეკეთებინათ. ბევრი წერს: მემუქრებოდნენ, ხმა არ ამოიღო, თორემ შენს თავს დავაჭერინებთო ან საგიჟეთში ამოაყოფინებდნენ ხოლმე თავს ახალნამშობიარევს...

დედამ ფიზიოლოგირად იმშობიარა. ახლა რომ ვეკითხები, იხსნებს, უცებ ძალიან გავითიშე, სიარულიც კი აღარ შემეძლოო. თუმცა, მას დღემდე არ სჯერა, რომ ასე გაიმეტებდნენ...

სულ ვფიქრობდი, რომ ჩემი და ცოცხალი იყო და ფაქტობრივად, გიჟად შემრაცხეს, - ბავშვი სუსტი დაიბადა და გარდაიცვალა, თორემ როგორ მოიპარავდნენ, ამას ვინ გაბედავდაო? დედა ისეთი ცნობილი ოჯახიდან იყო, ყველა პატივს სცემდა და ხომ გითხარით, ახლაც ვერ იჯერებს, რომ შეიძლება მე მართალი აღმოვჩნდე და ბავშვი გაუყიდეს...

- როგორც ამბობ, ბიცოლამ, რომელიც სამშობიაროში დედაშენს ახლდა, არ დაიჯერა ბავშვის სიკვდილი და პედიატრი მოიყვანა...

- იცით, ბიცოლას პირველივე დღეს, 11 თებერვალს უთხრეს, რომ ბავშვი ცუდად იყო და მოკვდებოდა. მან დიდი ძალისხმევის შედეგად, მთავარი ექიმისგან მიიღო თანხმობა, რომ კერძო პედიატრი მოეყვანა. როცა ექიმის მოსაყვანად მიდიოდა, თურმე კორიდორში მიაძახა ვიღაცამ, ბავშვი მოკვდა და რა პედიატრის მოსაყვანად მიდიხარო?! ბიცოლა მაინც წავიდა, არ მიუქცევია ყურადღება იმ ექთნისთვის.

- პედიატრმა ნახა ცხედარი?

- რა ცხედარი? ბავშვი ცოცხალი იყო. პატარასთან მხოლოდ ექიმი შევიდა, ბიცოლა არ შეუშვეს. ის კართან იდგა და უყურებდა, როგორ სინჯავდა ექიმი ბავშვს, რომელმაც გამოსვლისთანავე ახარა, - ამ ბავშვს სიცოცხლისთვის საშიში არაფერი სჭირსო... მანამდე ბიცოლას გინეკოლოგმაც უთხრა, - ბავშვები უბრალოდ დღენაკლულები არიან, სხვა არაფერი სჭირთ, ახლა მათი განვითარება პედიატრზეა დამოკიდებულიო...

ბიცოლამ პედიატრი რომ გააცილა და სამშობიაროში დაბრუნდა, უთხრეს: ბავშვი დავკარგეთ. ცხედარს წაიღებთ თუ სამშობიაროს სასაფლაოზე დავკრძალოთო? ბიცოლა თურმე სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. აღარ იცოდა, რა ექნა, მაგრამ ის კი უთქვამს, - რასაკვირველია, წავიყვანთო. მაშინ ზეწარი მოსთხოვეს. წავიდა ზეწრის მოსატანად და დაბრუნდა მამამთილის ძმასთან ერთად (რადგან ჩემი პაპა და ბებია მაშინ საქართველოში არ იმყოფებოდნენ, მამაც სხვა ქალაქში იყო). მოკლედ, სამშობიაროში მისულს ცხედარი არ მისცეს. უფრო მეტიც, ასე ატარეს აქეთ-იქით 3 დღე, სხვადასხვა მიზეზს იგონებდნენ, რომ არ გაეტანებინათ. 4 დღის მერე, მამამ გაიგო ჩვენი დაბადების ამბავი და გურჯაანში ჩავიდა. მას უთხრეს, ბავშვი უკვე დაკრძალულია სამშობიაროს სასაფლაოზეო და მამას 10 მანეთი გადაუხდია იმ კაცისთვის, ვინც ვითომ მიწას მიაბარა მისი შვილი. სამწუხაროდ, მამისგან მეტი დეტალი არ ვიცი, გარდაცვლილია...

- დედას ალბათ ძალა არ ეყო, მამათქვენის მოსვლამდე მოეთხოვა შვილის ნახვა...

- დედამ ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაიგო ძალიან უცნაურად. არავინ მისულა მასთან და არავის უთქვამს, ტყუპისცალი გარდაიცვალაო. მის პალატასთან ახლოს ყოფილა ტელეფონი. გაუგონია, ვიღაცამ რომ დარეკა და იკითხა, - ტყუპის დედა როგორ არის, ერთ-ერთი ბავშვი მოკვდაო. ცხედარი, რა თქმა უნდა, დედასაც არ აჩვენეს... მისთვის ძალიან მტკივნეულია ეს თემა...

- შენ დაიწყე დის ძებნა...

- კი, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. იუსტიციის სამინისტროში გამოვითხოვეთ საბუთები, სადაც წერია, რომ დედამ მხოლოდ ჩემზე იმშობიარა, ტყუპისცალი არსად ფიქსირდება. დას ვეძებ უკვე გარეგნობის მიხედვით, რადგან მჯერა, მართლა მგავს. თან, როგორც ამიხსნეს, ერთ ბუდეში მყოფ ტყუპს შორის საოცარი მსგავსებაა და ის კი არა, სისხლის ჯგუფიც წესით, ერთი და იგივე უნდა გვქონდეს... სულ ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა და იმისიც მჯეროდა, რომ ცოცხალი იყო. ამას წინათ, გურჯაანში ჩასულს იქაურმა ქალბატონმა მითხრა: რა მაგარი გოგო ხარ, არ იცი. გახსოვს, ბავშვობაში საიდუმლო რომ გამანდეო? არ მახსოვდა და მიამბო: შენ მითხარი, მეუბნებიან, რომ ჩემი და გარდაცვლილია და მე ზუსტად ვიცი, ცოცხალია, ოღონდ არავინ მიჯერებს და ეს შენც არავის უთხრაო. მაშინ 7-8 წლის ვყოფილვარ...

შინაგანად უცნაურად ვარ... ცოცხლებისთვის ხომ ვლოცულობ ხოლმე, მაგრამ გარდაცვლილების სულებზე, განსაკუთრებულად. ვისაც ერთხელ მაინც გაუღიმია ჩემთვის, ყველას ვიხსენიებ და ერთხელ დავფიქრდი, მერე საკუთარ თავს ვუსაყვედურე: რანაირი ადამიანი ხარ, ყველაზე ლოცულობ და საკუთარ დას არასდროს იხსენიებ-მეთქი. ამის მერე ორჯერ მქონდა შემთხვევა, მივედი მისთვის სანთლის ასანთებად და ყურში თითქოს ვიღაც მეუბნება, რას აკეთებო? ჰოდა, ვერ ვიხსენიებ, როგორც გარდაცვლილს...

- რაიმე გამორჩეული ნიშანი ხომ არ გაქვთ გარეგნობაში?

- არა, ასეთი არაფერია. უბრალოდ, ყველანი ღია შეფერილობის ვართ, მუქი კანი ჩვენს გენეტიკაში არავის აქვს. დედა ცისფერთვალებაა, მე კი მომწვანო, ჭაობისფერი თვალები მაქვს.

იცით, 2004-2005 წელს მქონდა შემთხვევები როდესაც ვიღაცები მიმტკიცებდნენ, ამა და ამ ადგილას გნახეო. რამდენიმე შემთხვევაზე გიამბობთ: ვხვდებოდი ადამიანს, რომელიც იმ დროს მუშაობდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტში. ერთ დღესაც მთხოვა შეხვედრა და ვერ მოვახერხე, იმ საღამოს ჩამეძინა და დილით ვნახე მისი უამრავი გამოტოვებული ზარი. დავურეკე და მისაყვედურა: ღამე სად დადიოდი, ქალბატონო, ლერმონტოვის და მაჩაბლის კუთხეშიო. გავოგნდი... არსად ვყოფილვარ, მეძინა-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. მანქანა უნდა დამერტყა შენთვის და მერე მაგას აღარ მეტყოდიო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, რადგან მას ვერაფრით დავაჯერე, რომ მე არ ვიყავი და ვერ გავაგრძელებდით ასეთი უნდობლობით ურთიერთობას...

ჩვენთან რამდენიმე წელი ცხოვრობდა მამას ახლობელი. მეცნიერი კაცია. კარგი ურთიერთობა გვქონდა, ვძმაკაცობდით, მაგრამ ერთხელაც თავი ამარიდა და მეც "გავატარე". თუმცა მსგავსი რამ რომ განმეორდა, ვკითხე: რამე გაწყენინე-მეთქი? - მეგობრებთან ერთად მოდიოდი, დაგიძახე, შენ კი მოტრიალდი, შემომხედე და ვითომ არ მიცნობ, გაიარეო. ვერც ამ ადამიანს დავაჯერე, რომ მე არ ვიყავი ის გოგო...

2004 წელს, სალონში სტილისტმა მითხრა, - რა ყოველდღე ივარცხნი თმასო? გამიკვირდა... არ ვყოფილვარ ბოლო 2 კვირაა-მეთქი. არ არსებობსო, გადაამოწმა და მართლაც, ვინმე თამუნაში შევეშალე. სტილისტს ავუხსენი მდგომარეობა და ვთხოვე, - ნომერი გამოართვი-მეთქი. მეორე მისვლაზე დამახვედრა ნომერი, რომელზეც თვეობით ვრეკავდი, მაგრამ სულ გამორთული იყო და მას მერე, ის გოგო აღარც ამ სტილისტთან გამოჩენილა.

აი, ერთი წლის წინ კი, ჩემი მეუღლის ნათესავებმა ნახეს გოგონა, რომელიც ძალიან მგავდა. ეძახდნენ, მაგრამ მისი ყურადღება ვერ მიიქციეს. ბოლოს მისულან და როგორც მეუბნებიან, საოცრად მგავდა, უბრალოდ გოგონას გამომეტყველებაზე მიხვდნენ, რომ არ იცნობდა მათ (სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა არ იცოდნენ, ტყუპისცალს რომ ვეძებ).

მოკლედ, ასეთმა ამბებმა გადამაწყვეტინა ამ თემაზე დედასთან საუბარი ისევ გამებედა. ცუდად გახდა. მისაყვედურა: რატომ აიკვიატე ეს ყველაფერი? რა გინდა, გული გამისკდესო? ისე ძალიან განიცადა ამაზე საუბარი, რომ მიკროინფარქტი მიიღო...

- ახლა რას აპირებ?

- ჩემი დის გამო ყველაფერს გავაკეთებ. თუ გამოჩნდა, გამიჭირდება, მაგრამ მის აღმზრდელ მშობლებთან საყვედურიც არ დამცდება. მთელი ცხოვრება ისეთი შეგრძნება დამყვება, რომ რაღაც მაკლია, რაღაც არ მაქვს და ეს ტკივილს მაყენებს. არადა, უბედნიერესი ბავშვობა მქონდა და ვერავინ ხვდებოდა, რატომ ვიყავი შიგადაშიგ გულჩათხრობილი. შეიძლება ძალიან კარგ ხასიათზე ვიყო და უცებ, სიცივის შეგრძნება მეუფლება, წამებში რადიკალურად ვიცვლები. კანიც კი უფერული მიხდება. ვშფოთავ და თან, არ ვიცი, რის გამო. დაახლოებით 2-3 თვის წინაც ასე მოხდა. ქმარმა, რა გჭირსო? - ნეტავ ცოცხალი ვიპოვო, ჩემი და-მეთქი. იმედია, არაფერი უჭირს...

ჩვენ შეგვეძლო ორი ერთად გავზრდილიყავით და იმის გამო, რომ ვიღაცამ ფული "გააკეთა", უსულგულოდ მოგვექცნენ, დაგვაშორეს და ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს?.. თუმცა, ახლა მთავარია დამიბრუნდეს და რაც მას გააბედნიერებს, მეც იმას გავაკეთებ. ბოლოს და ბოლოს, უკან ვერაფერს დავაბრუნებთ. ვაპირებ გავიკეთო დნმ ტესტი და ვფიქრობ, ეს პროცედურა ყველამ უნდა ჩაიტაროს, მიუხედავად იმისა, ეძებენ თუ არა ვინმეს. შეიძლება გაშვილებულმა ამ გზით ნათესავს მიაკვლიოს და მერე მშობლების კვალზეც გავიდეს, ვინ იცის.

დაბოლოს, გთავაზობთ ნინის წერილს, რომელიც დას მიუძღვნა:

"შენ გწერ, ჩემს დას, რომელმაც სავარაუდოდ არ იცი, რომ დედას გარდაცვლილად გამოუცხადეს შენი თავი და ტყუპისცალ დას აგაგლიჯეს გვერდიდან... მთელი ცხოვრება გეძებ, დაბადების პირველი დღიდან... გეძებ სხეულის ენერგეტიკით, გეძებ სითბოთი, მაკლიხარ ძალიან, ვერავინ და ვერაფერმა შემივსო შენ გამო მოყენებული ტრავმა და სიცარიელე. ერთადერთი, ვიზუალური მსგავსება მაქვს ხელჩასაჭიდი, მეტი არაფერი... გთხოვ, თუ მგავხარ, გამოჩნდი... შეიძლება ეჭვიც არ გეპარება იმაში, რომ მშობლების ბიოლოგიური შვილი ხარ!..

ყველას ყველაფერს ვაპატიებ. გპირდები, მივიღებ შენს ოჯახს და ვაპატიებ, მხოლოდ შენ გამო ვაპატიებ!.. იმედი არ მაქვს, რომ აღმზრდელი მშობლები გეტყვიან სიმართლეს. ან ალბათ იმას გეტყვიან, რომ დედამ დაგტოვა ან გაგყიდა... იცოდე, არ არის ეს სიმართლე, არა!

დამიბრუნდი, გთხოვ... სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი რთულია ჩემი ცხოვრება უშენოდ. იმედს არ ვკარგავ, რომ ოდესმე გიპოვი. ვიცი, სხეულით შენც გრძნობ ჩემსავით, რომ გაკლია რაღაც, თითქოს რამე ორგანო გაუტკივარების გარეშე ამომაგლიჯეს... ვიდრე არ ვიპოვით ერთმანეთს, ასე ვიქნებით ორივე. ჩვენ ერთი მთლიანი ვართ, ერთად ვიყავით დედას მუცელში მთელი 8 თვე და 1 კვირა... მთელ სამყაროს ვთხოვ, მაპოვნინოს შენი თავი. ყველას ვთხოვ, რომ თუკი მიმამსგავსეთ ვინმეს, მომწერეთ და გარანტიას გაძლევთ, თქვენს ვინაობას არავინ გაიგებს!

გამოჩნდი გთხოვ, არ შეგეშინდეს... ვიცი, ძნელი იქნება ამდენი სიახლის გაგება, მაგრამ შენ წარმოდგენა არ გაქვს, რას გავდივარ მე ყოველ დღე, შენ გარეშე...

ნეტავ, სად ხარ?!"

P.S. თუ რაიმე იცით ამ ამბის შესახებ ან ვინმეს მიამსგავსებთ ფოტოზე გამოსახულ გოგონას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 558 25.60.81. ანონიმურობა გარანტირებული იქნება.

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)