"დღეს ქვეყანაში უამრავი უმუშევარი და ღატაკი ადამიანია, მათი უმრავლესობა კი ყველაფერზე მოაწერს ხელს, საკუთარ მამასაც დაიჭერს, ოღონდ ლუკმაპური იშოვოს" - კვირის პალიტრა

"დღეს ქვეყანაში უამრავი უმუშევარი და ღატაკი ადამიანია, მათი უმრავლესობა კი ყველაფერზე მოაწერს ხელს, საკუთარ მამასაც დაიჭერს, ოღონდ ლუკმაპური იშოვოს"

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის ახალი ინიციატივის თანახმად, ცოტა ხანში საქართველოში კერძო საგადასახადო ინსპექტორის საპილოტე პროგრამა დაიწყება. ამ პროგრამის თანახმად, მეწარმეთა კონტროლი და შემოწმება, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ნაცვლად, რიგით მოქალაქეებს დაევალებათ.კერძო საგადასახადო ინსპექტორობის მსურველთ კონკურსით შეარჩევენ და შესაბამის უფლებებსაც მიანიჭებენ, თუმცა მათ თვითდაფინანსებით მოუწევთ მუშაობა(?!).

კერძო საგადასახადო ინსპექტორებს დაევალებათ გამოავლინონ: გამოიყენებენ თუ არა მეწარმეები საკონტროლო-სალარო აპარატს, ამობეჭდავენ თუ არა ქვითარს ან საკონტროლო აპარატის გამოყენებისას განგებ ხომ არ მიუთითებენ მცირე რაოდენობის თანხას. რამდენ კანონდამრღვევ მეწარმესაც გამოავლენენ, იმდენ ფულად სარგებელს მიიღებენ შემოსავლების სამსახურისგან ბონუსების სახით.

დემურ გიორხელიძე (ეკონომიკის ექსპერტი): "ასეთი გადაწყვეტილება ვერაფერს შემატებს ბიზნესს, რადგან წარმატებული საქმიანობისთვის ჯანსაღი ბიზნესგარემოა საჭირო. ეს კი ისეთი მცირე დეტალებია, ისეთი წვრილმანებია, რაც ვერ მოაგვარებს მეწარმესა და სახელმწიფო უწყებებს შორის არსებულ პრობლემებს. კერძო საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება არსებითად არაფერს შეცვლის".

ნოდარ ჯავახიშვილი: "ეს არის საზოგადოების დაშლისაკენ გადადგმული ძალიან მზაკვრული ნაბიჯი. დღეს ქვეყანაში უამრავი უმუშევარი და ღატაკი ადამიანია. მათი უმრავლესობა კი ყველაფერზე მოაწერს ხელს, საკუთარ მამასაც დაიჭერს, ოღონდ ლუკმაპური იშოვოს. წარმოიდგინეთ სიტუაციის ტრაგიზმი, როცა ასეთ ადამიანებს აძლევ უფლებას, დააჯარიმოს მეწარმე და ჯარიმიდან ბონუსის სახით მიიღოს შემოსავალი. სრულიად გაუგებარია, ვინ გააკონტროლებს თვით ამ "მოხალისე-ინსპექტორებს"", რომლებიც თვითდაფინანსებაზე იმუშავებენ. სინამდვილეში, ადგილზე რა მოხდება, ვინ რა პროვოკაციას მოაწყობს, ღმერთმა იცის. ეროვნულ ბანკში პირველად ზედამხედველობის სამსახური ჩემი მმართველობის დროს შეიქმნა.

მას ევალებოდა ბანკების შემოწმება. მახსოვს, მაშინ ეროვნულ ბანკში ძალიან დაბალი ხელფასები იყო. ძალიან რომ გაუჭირდათ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლევან ქისტაური ჩამოვიდა და მითხრა, ბანკებს რომ ვამოწმებთ, ჯარიმების სახით თანხას ვიღებთ და იქნებ ჩვენი ხელფასი ჯარიმების რაოდენობის შესაბამისად გავზარდოთო. სასტიკად შევეწინააღმდეგე, რადგან თუკი ჯარიმების რაოდენობაზე იქნებოდა დამოკიდებული მაკონტროლებლის ხელფასი, იგი საკონტროლო ობიექტს დააჯარიმებდა კი არა, სულს ამოხდიდა! განა არ მინდოდა ჩემს თანამშრომლებს ნორმალური შემოსავალი ჰქონოდათ! წესიერი ბიჭი იყო, და მიხვდა, რატომ ვუთხარი უარი და მეორედ ასეთი რამ აღარ უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ 4 დოლარი ჰქონდა ხელფასი.

ამ ინსტიტუტის შემოღებას აუცილებლად მოჰყვება პროვოკაციები. რაღა შორს მივდივართ - ჩვენი პოლიცია ასე არ იქცევა? რადგან პოლიციელების კეთილდღეობა რაღაც დოზით  მოქალაქეების დაჯარიმებაზეა დამოკიდებული, ხომ ხედავთ, რა პროვოკაციებს უწყობენ უდანაშაულო ადამიანებს? ადამიანის ტვინი ძალიან საინტერესოდ არის მოწყობილი -  ამერიკაში 30 წლის წინ უზარმაზარი ფული დახარჯეს და დააყენეს რადარები, რომლებიც 50 კმ-ში აფიქსირებდა სიჩქარის გადაჭარბებას. დაიწყეს მთელ ამერიკაში მათი დამონტაჟება და ვიდრე დაასრულებდნენ, მძღოლების "შავმა გაერთიანებამ" შექმნა საწინააღმდეგო მოწყობილობა, რომელიც ამ რადარს 75 კილომეტრში აფიქსირებდა... ამით იმის თქმა მინდა, რომ დესტრუქციული ტვინი არანაკლები სიმძლავრით მუშაობს, ვიდრე კონსტრუქციული და პროვოკაციების მეთოდების მოფიქრებაც ძნელი  არ იქნება.

არც ერთი ნორმალური სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ ადამიანმა მოპოვებული ჯარიმის პროცენტით იცხოვროს. ეს გარყვნის საზოგადოებას. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბანდიტურ დაჯგუფებას ქმნის. შეიძლება ეგრეთ წოდებული კერძო საგადასახადო ინსპექცია პირველივე დღეს არ ჩამოყალიბდეს ასეთად, მაგრამ ნელ-ნელა ის აუცილებლად გახდება ფულის შოვნაზე ორიენტირებული და ჩვენ ერთმანეთის მტრები გავხდებით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქვეყანაში მოსახლეობის 70% ღატაკია და თავის გადასარჩენად ყველაფერზე მოაწერს ხელს, მათ შორის სხვის ხარჯზე ცხოვრებაზეც".

მარინა ბალიაშვილი (ფსიქოლოგი):

"აქ ორი ვარიანტია - ან ძალიან სერიოზულ უვიცობასთან გვაქვს საქმე, ან ეს არის საზოგადოების დაშლის მიზანმიმართული მცდელობა, რათა ადამიანები აღარ ენდონ ერთმანეთს. სოციოლოგიაში დადგენილია სოციალური წესრიგის დამყარების აუცილებლობისა და საჭიროების კრიტერიუმები. იმისათვის, რომ ადამიანმა ადამიანი არ შეჭამოს, სოციალური სისტემა უნდა იყოს შეკავშირებული. ამას სოციოლოგიაში კოხესიას ეძახიან.

ნორმალური საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა მისი შეკავშირება და არა დაშლა-დანაწევრება. სოციალური წესრიგის შექმნას და ადამიანებისაგან საზოგადოების ჩამოყალიბებას სჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა. კანონის გარდა, ეს არის კულტურა და ადამიანებისთვის მისაღები მორალური პრინციპები. საინტერესოა, მაშ, რით განსხვავდება ის დრო, როცა ინსპექტორი ქუჩაში იდგა და ხალხს ღლეტდა (თანაც თავს იმით იმართლებდა, რომ ხელფასი არ ჰქონდა) ამ ინიციატივისგან? ეს ხომ იგივეა, ოღონდ საკანონმდებლო დონეზე! ეს ნაბიჯი საზოგადოებაში დიდ უნდობლობას დათესავს. კულტურა, მორალი იმისათვის არსებობს, რომ საზოგადოებამ ამ პრინციპებით იხელმძღვანელოს. როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას ხალხის ერთიანობა  საშიში ჰგონია, ამიტომ შეგნებულად აქუცმაცებს საზოგადოებას".

პროსკრიპცია

ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს, როგორ შეიძლება ადამიანი ადამიანის მტრად იქცეს მაშინ, როცა ამის პირობებს ხელისუფალი ქმნის. ამ სტატიის მომზადებისას პირველი რომაელი დიქტატორის, ლუციუს კორნელიუსის (სულას) მიერ რომში კანონის სახელით დატრიალებული ამბები გამახსენდა: სულამ ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან ძალიან მალე დააკანონა ე.წ. პროსკრიპცია. ქალაქში საჯარო ფორუმზე ჰკიდებდნენ დაფებს იმ ადამიანების სახელებით,  ვისი ლიკვიდაციაც უნდა მომხდარიყო. თავიდან ამ სიაში მოხვდნენ სულას პირადი მტრები.

პროსკრიპცია იმით იყო საინტერესო, რომ ამ ადამიანების სიკვდილით დასჯა სულამ "საზოგადოებრივ საქმედ" აქცია. სულას პირადი მტრის მკვლელი ორ ტალონ (40 კილოგრამ) ვერცხლს იღებდა საჩუქრად, ხოლო თუ სულას პირადი მტრის მკვლელი მონა იყო, მას ათავისუფლებდნენ. მსტოვრები, რომლებიც ინფორმაციას მიაწვდიდნენ სულას ამა თუU იმ პირის ადგილსამყოფლის შესახებ, საჩუქრებს იღებდნენ. იმ ადამიანებს, ვინც სიაში მოხვედრილი ადამიანების შეფარებას გაბედავდა, სიკვდილი ელოდათ, მოკლულთა ქონება კი სახელმწიფოს სასარგებლოდ კონფისკაციას ექვემდებარებოდა... სულას კარზე მიღებულ პირებს პროსკრიპციის სიებში პირადი გამორჩენის მიზნით შეჰქონდათ მდიდარ ადამიანთა სახელები (შესაძლოა, ეს ადამიანები სულაც არ იყვნენ სულას მტრები).

საქმე ის იყო, რომ ეს ადამიანები დახოცილთა  ქონების გაყიდვით იყვნენ დაკავებულნი და სოლიდური გამორჩენაც ჰქონდათ. მაგალითად, კრასმა და ლუკულმა ამ გზით უდიდესი ქონება იშოვეს. სულამ პროსკრიპციის სიები ისე შეადგინა,  რომ არც ერთ მაგისტრს არ შეთანხმებია. ამას საზოგადოებრივი მღელვარება და პროტესტი მოჰყვა. მეორე დღესვე სულამ ახალი, სამჯერ გაზრდილი სიები გამოაქვეყნა, მეოთხე დღეს კი კიდევ ერთი სია. ამის შემდეგ მან სიტყვით მიმართა ხალხს და განაცხადა, რომ სიებში შეიტანა მხოლოდ ისინი, ვინც გაახსენდა, ხოლო თუ ვინმე  დარჩა მისი ყურადღების მიღმა და მომავალში გაიხსენებს, ახალ სიებში შეიყვანს.

მოხალისე მკვლელების რიცხვი რომში უზომოდ გაიზარდა. მონებს - თავისუფლება, ღატაკებს კი სიმდიდრე უნდოდათ. და ეს იყო ერთადერთი გზა მიზნის მისაღწევად. მკვლელობისაგან ადამიანებს ვერავინ იცავდა - ვერც ღმერთების ტაძრები, ვერც სტუმართმოყვარეობის წმინდა ადათები, ვერც საკუთარი სახლის კედლები. ისტორიაში ცნობილია ფაქტი, რომ ლუციუს კატილინამ ძმა მოკლა, სულასთან მივიდა და მოკლული  ძმის,  როგორც სულას ცოცხალი მტრის,  პროსკრიპციის სიაში შეტანა სთხოვა. სულას უარი არ უთქვამს. მადლობის ნიშნად კატილინამ მოწინააღმდეგე პარტიის წევრი მარკუს მარიუსიც მოკლა და სულას მისი  მოჭრილი თავი მიართვა...