"იძულებული გავხდი დედაჩემი შორიდან დამეტირა!"
"იძულებული გავხდი დედაჩემი შორიდან დამეტირა!"
"დედა სულ თვალწინ მიდგას, ჩემს მეხსიერებაში ასეთი დარჩა: ღიმილიანი, ენერგიული და ფუტკარივით მოუსვენარი..."

"დედიკო, რა ვაჟკაცურად ებრძოდი ამ საშინელ ვირუსს, 35 დღე იბრძოლე და 28 აგვისტოს წაგიყვანა წმინდა მარიამმა, ჩემო იმედო! შენ ხომ ჩემი ოჯახის ხერხემალი იყავი. შორიდან დაგტირი, გასკდა გული ამ უსასრულო დარდისაგან!" - ასე შორიდან დაიტირა ახალგარდაცვლილი დედა რომში­ ქართველმა ემიგრანტმა თამილა თავაძემ. ის ცრემლიანი თვალებით ჰყვება ქართველ ემიგრანტებზე, რომლებიც გარდაცვლილი ახლობლების დატირებასაც ვერ ახერხებენ:

- დედას ივლისის
ბოლოს "კოვიდი" დაუდასტურდა და სუნთქვის გაძნელების­ გამო კლინიკაში გადაიყვანეს. ჩემთვის ყველა დღე სატანჯველი გახდა, ვეღარაფერს ვაკეთებდი, ჩემი სული და გული საქართველოში იყო... სანამ შეეძლო, ახლობლებს ტელეფონით ესაუბრებოდა და მეც ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ გამოკეთდებოდა.

ერთ რამეში გამიმართლა: ძალიან კარგ ოჯახში ვმუშაობ, ქალს, რომელსაც ვუვლი,
მარიანა პრუდენსა ჰქვია. 82 წლისაა, ადრე მასწავლებელი იყო, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, გული აწუხებს და მომვლელი ამიტომ დასჭირდა. რომ ხედავდნენ, როგორ მიჭირდა, ვინ არ შეაწუხეს, რომ საქართველოში წამოვსულიყავი, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

- რატომ, აცრის გამო?
- იტალიაში რამდენიმე წლის წინ ჩამოვედი და საბუთები ბოლომდე წესრიგში არა მაქვს. აცრას წამოსვლაში ხელი არ შეუშლია: ერთჯერადი აცრაც ხომ არსებობს­ - "ჯონსონი და ჯონსონი", გავიკეთებდი და წამოვიდოდი, მაგრამ რომ წამოვსულიყავი, უკან არალეგალად დავბრუნდებოდი. არალეგალს კი ამ ოჯახში­ არ ამუშავებენ. მეც იძულებული გავხდი დავრჩენილიყავი და დედაჩემი შორიდან დამეტირა! რას განვიცდიდი და ახლა რას განვიცდი, სიტყვით ვერ გამოვთქვამ. დედა სულ თვალწინ მიდგას, ჩემს მეხსიერებაში ასეთი დარჩა: ღიმილიანი, ენერგიული და ფუტკარივით მოუსვენარი... იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ამ ოჯახში ვერაფერს ვაკეთებდი­, ათი დღის ხელფასი გადამიხადეს და მითხრეს: დაისვენე, შენს ქართველ მეგობრებს ესტუმრე, ან აქ მოიყვანე და გული გადააყოლეო. ამას აქ იშვიათად გეტყვიან.

რაც უნდა მაღალი ხელფასი გქონდეს, უცხო ქვეყანაში ყოფნა მაინც მძიმეა.
ემიგრანტები "ფეისბუკში" გაღიმებულ ფოტოებს რომ დებენ, არ ნიშნავს, რომ ყველა კარგადაა. შვილების და ახლობლების მონატრებას თავი დავანებოთ, ზოგს საკვების პრობლემაც აქვს... ოჯახის წევრებს, რომ არ ინერვიულონ, თავს აჩვენებენ, რომ არაფერი უჭირთ.

აქ ქართველი ემიგრანტი რომ დაიღუპება, მისი გადმოსვე­ნებაც პრობლემაა. უცხო სახელმწიფო უფრო ზრუნავს­ ჩვენზე, ვიდრე საქართველო. წარმოიდგინეთ, თავის ხალხს­ როგორ უვლიან და პატრონობენ: პენსიონერებისთვის აქ ყველაფერი უფასოა, შეიძლება 70-ევროიანი წამალი პენსიონერმა 2-4 ევროდაც იყიდოს, უამრავი შეღავათით სარგებლობენ, მასაჟისტიც კი უფასო ჰყავთ. ჩვენ კი სამშობლოდან მოვდივართ და აქ იმიტომ ვმუშაობთ, რომ ჩვენს მოხუცებს წამლის ფული და ნორმალური პირობები­ ჰქონდეთ.

- ყველამ ვიცით, იტალიაში შარშან რა რთული ეპიდსიტუაცია იყო. ახლა რა ხდება?
- სიტუაცია აშკარად გაუმჯობესდა, მაგრამ "კოვიდით" ისევ იღუპებიან, ამიტომ დახურულ სივრცეში­ პირბადე ყველას უკეთია. ვინც აცრილია, ღია სივრცეში­ პირბადეს მხოლოდ ისინი არ იკეთებენ. მაღაზიებსა და დახურულ შენობებში დისტანციას ყველა იცავს. იტალიელები აცრასაც ინტენსიურად იკეთებენ: აქ "მოდერნაც" არის შემოსული და "ასტრაზენეკაც", მაგრამ უმეტესობა მაინც "ფაიზერით" იცრება.

მარიანას ოჯახში რომ შემოვედი, მითხრეს, ჩვენ აცრა გაკეთებული გვაქვს, შენც დაფიქრდი და ისე გადაწყვიტეო... ისეთ წამლებს ვიღებ, რომ ჯერ ვერ ავიცრები, ამიტომ ძალა არ დაუტანებიათ, მაგრამ ზოგიერთი სამსახურიდან გაუშვეს იმის გამო, რომ აცრაზე უარი თქვა.

მართალია, იტალიელებმა "კოვიდი" ჯერ ვერ დაამარცხეს, მაგრამ თავს ძალიან კარგად ართმევენ, ხალხს შიში გაუქრა, ნელ-ნელა ძველი ცხოვრების რიტმს უბრუნდებიან. როგორც ამბობენ, სექტემბრის ბოლოს, ვინც აცრილი არ იქნება­, დახურულ სივრცეში შესვლის უფლება აღარ ექნება.

- ეკლესიაში თუ ახერხ­ებთ სიარულს?
- რომში არის მართლმადიდებლური ეკლესია, სადაც კვირაობით მივდივარ და დედაჩემის სულს ვიხსენიებ. თებერვალში უკვე საბუთებიც წესრიგში მექნება და იქნებ წლისთავამდე მაინც მოვახერხო ჩამოსვლა. ვინც საქართველოშია, ყველას ვურჩევ, არ წამოვიდეს, რადგან ემიგრანტებისთვის აქ ძალიან მძიმე ცხოვრებაა.

გული მიკვდება, როცა ვხედავ, გოგონები რამდენს შრომობენ, რომ საქართველოში ახლობლებს დაეხმარონ. ჩვენს მთავრობას ვთხოვ: სამუშაო ადგილები შექმნან, რომ ხალხი დაბრუნდეს თავის სამშობლოში და ღირსეულად იცხოვროს - ეს არის ყველა ემიგრანტის ნატვრა!

ხათუნა ჩიგოგიძე

ასეთია ცხოვრება
21 სექტემბერი 2021 20:27
"ჩვენს მთავრობას ვთხოვ: სამუშაო ადგილები შექმნან, რომ ხალხი დაბრუნდეს თავის სამშობლოში"-ო. აქ კი გახურებული კამპანიაა, არიქა, უცხოეთში ლეგალური დასაქმების არეალს ვაფართოებთო. გერმანიიდან ხო გადმოხეთქა ევროების ნიაღვარმა და ბიზნეს გამოცდილებამ. ახლა საფრანგეთიდან წამოვა შხუილით.
keti
21 სექტემბერი 2021 18:38
კველა ემიქრანტის დარდი ექაა ცელიცად ნახევარსი 9 ოჯახის ცევრი მკავს დატირებული ოჯახის ცევრები არაა ლაპარაკი ნატესავებზე სამცუხაროდ ესაა კველა ემიქრანტისტვის და უნდა სევექუოტ კველამ სიდსზლიერეს და მოტინებას უსურვებ სენტან ერტად კველა იმ ადამიანებს ვინც საკარტველოდანAA ცასული რამდენმა დედამ დაიტირა სვილები სორიდან რომ იცოდეტ ქამდზლეობა კველას

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები