"დასავლურ სამყაროს წარმოდგენაც კი გაუჭირდება, რის ფასად უწევთ ასეთ ქვეყნებში ქალებს სულ მცირედი თავისუფლების მოპოვება" - კვირის პალიტრა

"დასავლურ სამყაროს წარმოდგენაც კი გაუჭირდება, რის ფასად უწევთ ასეთ ქვეყნებში ქალებს სულ მცირედი თავისუფლების მოპოვება"

ომს გაქცეული ადამიანების დასახმარებლად წასული ქართველი გოგონას ამბავი

ბოლო ხანებში მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ არაერთ ქვეყანაში ლტოლვილების ნაკადი იზრდება.

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამსახურის (UN OCHA) თურქეთის წარმომადგენლობის ქართველი თანამშრომელი ლელა მამადაშვილი წლებია იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობს. ყველაზე ხანგრძლივად თუარქეთში სირიელ ლტოლვილებთან იმუშავა და უამრავი ადამიანური ტრაგედია მოისმინა. თავადაც აფხაზეთიდან დევნილია და შესაბამისად, ამ სფეროში თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია.

- სანამ გაეროში მოვხვდებოდი, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ქეას" საქართველოს ოფისში ვმუშაობდი. გაეროში მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ მოვხვდი. მაგისტრატურა სტამბოლში გავიარე. სამსახურს სწავლის დამთავრებამდე ვეძებდი. ძალიან მინდოდა ლტოლვილებთან საველე პირობებში მუშაობის შესაძლებლობა მქონოდა. კერძოდ, ვცდილობდი სირიის ჰუმანიტარულ კრიზისში საველე მუშაობის გამოცდილება შემეძინა. იმ პერიოდში თურქეთმა 3 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი მიიღო. მეც გაეროს ლტოლვილთა კომისარიატში ვცადე ბედი. ჯერ გამოცდაზე დამიბარეს, შემდეგ გასაუბრება გავიარე და პროგრამების დეპარტამენტში პროგრამის ასისტენტად ამიყვანეს.

- რა იყო თქვენი ფუნქცია? - ცოტა შორიდან დავიწყებ - ჩემი ჰუმანიტარული კარიერა "ქეაში" დაიწყო, სადაც ჩემი მოვალეობა ადმინისტრაციული მენეჯმენტი იყო, ანუ ლტოლვილებსა და დევნილებთან პირდაპირი კონტაქტი არ მქონია, მე კი ყოველთვის მინდოდა თავად Dმემუშავა ომს გამოქცეულ ადამიანებთან, რათა პირადად მომესმინა მათი ამბები, პრობლემები და მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში წვლილი შემეტანა, გაეროს პროგრამა კი ლტოლვილებთან მუშაობის შესაძლებლობას მაძლევდა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი პროექტებს თავად თითქმის არასდროს ახორციელებს, ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და მომსახურების მიწოდება, ძირითადად, პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით ხდება. ადგილობრივი და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები დაფინანსებას იღებენ გაეროს სააგენტოებიდან, შემდეგ კი უშუალოდ პროექტებზე მუშაობა იწყება, ოღონდ ყველა პროექტს პროგრამების დეპარტამენტი მართავს, მე კი ამ სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი ვიყავი. ჩემი მოვალეობა იყო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ლტოლვილებისა და დევნილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების გაწევა. თურქეთს თითქმის 4 მილიონამდე ლტოლვილი ჰყავს და გაერო ყველა მათგანთან სხვადასხვა პროექტით მუშაობს, ჩვენ კი მათი მონიტორინგი გვევალებოდა. ამ დროს ომგამოვლილ ადამიანებთან გასაუბრების შესაძლებლობა მქონდა. იმ გაწამებულ, ნაშიმშილარ და მუდმივი დაბომბვებისა და საფრთხეებისგან ნატანჯ ოჯახებში ღიმილი მაინც არ დავიწყებიათ, რაც სტიმულს მაძლევდა. თუმცა ძალიან მძიმედ მახსოვს ბავშვების თვალები, შეშინებული, რამდენიმე თვეში გაზრდილი ადამიანების სახეები ჰქონდათ, მაგრამ სათამაშოებს რომ დაინახავდნენ, მაინც უხაროდათ.

- როგორ ცხოვრობენ, კომპაქტურად თუ გაფანტულად? - მათი უმრავლესობა ურბანულ ნაწილში ცხოვრობს, მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია კამპებში, ანუ კომპაქტურ საცხოვრებელში დაბინავებული. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და კარგად ორგანიზებული კამპი სამხრეთ ანატოლიაშია. იქ კარგა ხანს მომიწია მუშაობამ. იქ კარგ პირობებში ცხოვრობენ, მაგრამ ისეთებიც არიან, ვინც კამპებში ცხოვრებაზე უარი თქვეს და მიტოვებულ შენობებში შესახლდნენ, რადგან კამპებში მათი მიმოსვლა ადმინისტრაციის კამერებით კონტროლდება. შედგენილი გრაფიკით უნდა იცხოვრონ, ბევრს კი წესების დაცვა უჭირდა და ამიტომ ირჩევდნენ მიტოვებულ ადგილებს, სადაც ცხოვრების ელემენტარული პირობები არ ჰქონდათ, მაგრამ თავისუფლად მიმოსვლა შეეძლოთ. კომპაქტურ საცხოვრებელში შესვლა-გამოსვლის საათებია დაწესებული და დრო მკაცრად აღირიცხება, რაც ზოგჯერ მათი მუშაობის განრიგს არ ემთხვევა და ეს აფერხებდათ. სამუშაოს ხან საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით პოულობდნენ, ხან თავად ეძებდნენ.

მუშაობა გვიწევდა ყველაზე გაჭირვებულ, საკუთარი სახლ-კარიდან რამდენჯერმე აყრილ ჯგუფთან, რომელმაც ომის საშინელებას თვეების ან წლების განმავლობაში უყურა. ბლოკადაში მოხვდნენ, ზოგს ოჯახის წევრები ტყვიით, დაბომბვისას ან აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებისას დაეხოცა. ეს მათ ფსიქიკაზე აისახა და უცხო საზოგადოებაში ინტეგრაცია რომ შესძლებოდათ, დრო იყო საჭირო. ზოგი არც გამოდიოდა ჩვენთან და ოჯახის წევრს აბარებდა, თუ რამე სურდა. საბედნიეროდ, ასეთი ძალიან ცოტა იყო. სირთულეები სხვა მხრივაც ბევრი იყო, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა იყო.

- მათთან კონტაქტი უჭირდათ? - ძალიან, ხშირად სხვადასხვა მიზეზის გამო კონფლიქტიც იყო. სირიელი ლტოლვილების უფროსმა თაობამ, მშობლიურის გარდა, სხვა ენა არ იცის, ბავშვები კი თურქულ სკოლებში დადიან და ენას ადვილად ეუფლებიან. თურქეთის მთავრობამ ბევრ ლტოლვილს მოქალაქეობაც მისცა, თუმცა მათი სოციალური ინტეგრაცია ვერც ამ გზით მოხერხდა.

იმ გარეუბნებში, სადაც სირიელი ლტოლვილები ცხოვრობენ, მუდმივი დახმარების მიუხედავად, მაინც მძიმე სოციალური ფონია. არაერთი ტრაგიკული ამბავი მოვისმინე. მაგალითად, რუსული ავიაიერიშების დროს დაბომბვაში მოყვა ჩვენი სირიელი თანამშრომლის მამა და დაიღუპა, არადა, თავდაუზოგავად ცდილობდა სხვების გადარჩენას. რუსული საჰაერო ძალების მასირებულ დაბომბვაში მოყვა სირიის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და ყველა დაიხოცა.

გამორჩეულად მახსოვს ერთი ქალი - კოლეგებთან ერთად პატარა ქალაქ ნიზიფში კარდაკარ დავდიოდით და ლტოლვილების ცხოვრების პირობებს ვაფასებდით. მიტოვებულ, უფანჯრო და უკარო შენობებში მცხოვრებ ლტოლვილებს ვხვდებოდით. ერთ მიტოვებულ შენობაში სირიელების დიდი ოჯახი იყო შეფარებული. ოთახები ფარდებით გადაეტიხრათ. თავშესაფარი უფრო იყო, ვიდრე სახლი. სირიელი ლტოლვილების რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობდა. ჩვენ უფროსები, ბაბუა და ბებია გვესაუბრებოდნენ. როგორც უნდა უჭირდეთ, უცხოებთან მაინცდამაინც გულღია არ არიან, თუმცა საკითხავი არც არაფერი იყო, ისედაც ეტყობოდათ, რომ ძალიან უჭირდათ. მოხუცებთან საუბრისას პატარა ბიჭი მომიახლოვდა და არაბულად რაღაც მითხრა. როგორც მივხვდი, დედამისს სურდა ჩემთან საუბარი.

ბავშვს ფარდით გადატიხრულ მეორე ოთახში შევყევი, სადაც ახალგაზრდა ქალი იმალებოდა. რეცხავდა, ჟესტიკულაციით ამიხსნა, იქნებ სარეცხი მანქანით დაგვეხმაროთო. მათი ტრადიციების მიხედვით, ქალს უცხოებთან კონტაქტის უფლება არა აქვს, სულერთია, ქალი იქნება თუ კაცი. ჩვენ კი ყველანი უცხოელები ვიყავით, ერთადერთი ქალი მე ვიყავი... არაადამიანურად მძიმე საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ, წყალს საიდანღაც ეზიდებოდნენ. ის ქალი ყველაზე ახალგაზრდა იყო ოჯახში და, ალბათ, ყველაზე მეტი შრომა უწევდა. როგორღაც ამიხსნა, ბავშვების მამა დაბომბვის დროს დაიღუპა, მან კი ბავშვებთან ერთად როგორღაც სამშვიდობოს გამოაღწია. მივხვდი, იქ ყოფნა ძალიან უჭირდა და შესაძლოა კამპში ცხოვრება ერჩივნა, მაგრამ ასეთ საკითხებს სირიელებში მამაკაცები წყვეტენ. როცა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ამ ბოლო დროს კი ავღანეთში, ქალების უფლებებზე ლაპარაკობენ, სულ ის ქალი მახსენდება.

დასავლურ სამყაროში დაბადებულ-გაზრდილ ქალებს წარმოდგენაც გაუჭირდებათ, რის ფასად უწევთ ისეთ ქვეყნებში ქალებს სულ მცირედი თავისუფლების მოპოვება: სახლიდან გამოსვლა, არაფერს ვამბობ განათლების მიღებაზე, სამსახურსა და კარიერაზე; რომ შვილი, გოგონა, სკოლაში გაუშვას ან თავად ასწავლოს წერა-კითხვა. მას შემდეგ ასობით ლტოლვილს შევხვდი, მტირალს, მგლოვიარეს, იმხელა უბედურების ნახვისგან ყველანაირი ემოციისგან დაცლილს, მაგრამ ის ქალი გონებიდან არ ამომდის.

არასდროს დამავიწყდება, როგორი მებრძოლი იყო და შვილებისთვის რაღაცის მიღწევას ცდილობდა. კარგად ვიცნობ მათ ტრადიციებს და ამიტომ ვარ მისით აღფრთოვანებული - ქალმა, რომელმაც ენა არ იცოდა, უცხო მამაკაცებთან საუბრის და საერთოდ, გარე სამყაროსთან ურთიერთობის უფლება არ ჰქონდა, მაინც მოახერხა ხმა მიეწვდინა ერთადერთი ჰუმანიტარი ქალისთვის, რომელიც მის თავშესაფარში მივიდა. ეს ძალიან დიდი გამბედაობაა.

მინახავს არაერთი ლტოლვილი, რომლებსაც სირიაში დაბრუნება სურდათ. ბევრი დაბრუნდა კიდეც ისეთ ადგილებში, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი აღარ არის.

გარიყულად მცხოვრები სირიელებისგან განსხვავებით, ზოგიერთმა სირიელმა თურქეთში ბიზნესმენთა ასოციაცია ჩამოაყალიბა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაქმებაზე იზრუნა. თურქეთში ცხოვრების კარგი პირობებია და ვინც უკვე დასაქმებულია, ცდილობენ მოქალაქეობა მიიღონ და ინტეგრირებული იყვნენ.

განსაზღვრული დროის შემდგომ გაეროს ჰუმანიტარული საქმიანობისა და კოორდინაციის სააგენტოში პროგრამების დეპარტამენტში დავიწყე მუშაობა, ჩრდილო-დასავლეთ სირიაში იძულებით გადაადგილებულ პირებს, ანუ შიდა დევნილებს ვეხმარებოდით, ანუ ერთი მხარიდან მეორეში გადასულებს, რათა გადარჩენილიყვნენ. თუმცა მშვიდობა არც იქ ყოფილა. მათი სოციალური მდგომარეობა, საცხოვრებელი პირობები, იმაზე ბევრად მძიმეა, ვიდრე თუნდაც თურქეთში მიტოვებულ შენობებში შესახლებული ლტოლვილების. სირიელი კოლეგებისგან ვიღებდით ინფორმაციას იქაურ მდგომარეობაზე. მათი ამბები ძალიან მძიმე მოსასმენი იყო.

- ახლა სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში ხართ, არა?.. - დიახ, თუმცა ისევ ლტოლვილებთან ვმუშაობ, ამჯერად სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელელ ლტოლვილებთან. ძალიან საინტერესოა, ოღონდ ჯერჯერობით ახალი პროექტია და ბევრი არაფერი მაქვს მოსაყოლი. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - ომი ყველა ქვეყანაში საშინელებაა. ამ დროს ყველაზე მეტად ქალები და ბავშვები ზარალდებიან.