"შეგვიძლია ქალაქში ცხოვრება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ოტიას ბაბუის კერა არ უნდა გავაცივოთ" - კვირის პალიტრა

"შეგვიძლია ქალაქში ცხოვრება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ოტიას ბაბუის კერა არ უნდა გავაცივოთ"

"საოცრად სასიამოვნოა მუშაობით დაღლა, გრძნობ, რომ მიწის შვილი ხარ. შენი ხელით მოწეულ პროდუქტს სულ სხვა გემო და ენერგია აქვს"

დიდი სახლის პატარა დიასახლისი - ასეც შეიძლება ვუწოდოთ მშვენიერ ნუცა ცისკარიშვილს. ნუცა მწერალ ოტია იოსელიანის შვილიშვილის, ოტია იოსელიანის მეუღლეა. უკვე რამდენიმე წელია მეუღლესთან ერთად წყალტუბოში, დიდი ქართველი მწერლის კარ-მიდამოში ცხოვრობს, სოფლის მეურნეობას, მეღვინეობას მისდევს და სახლ-მუზეუმის სტუმრებს ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდება. ამასთან, ნუცა ბლოგერია, საზოგადოებას სოფელში ცხოვრების სიკეთეზე ესაუბრება. თუ რა სირთულეებსა და ამავე დროს სიურპრიზებთან არის დაკავშირებული დიდი სახლის პატარა დიასახლისობა და როგორია გზა თბილისიდან წყალტუბომდე, ნუცა ცისკარიშვილი თავად გვიამბობს:

- როდესაც გადავწყვიტე, რომ ოტიას უნდა გავყოლოდი ცოლად, ისიც ვიცოდი, რომ წყალტუბოში ვიცხოვრებდი. სხვათა შორის, ოტიაც ჩემსავით თბილისშია გაზრდილი, ბინა ახლაც გვაქვს და შეგვიძლია ქალაქში ცხოვრება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ოტიას ბაბუის კერა არ უნდა გავაცივოთ. მწერალი ოტია იოსელიანი სოფლის მეურნეობის შესანიშნავი მცოდნე იყო. ჩვენც ამ გზას მივყვებით. სახლში მე, ჩემი მეუღლე, დედამთილი და მამამთილი ვცხოვრობთ. მამამთილს მწერლის გარდაცვალების შემდეგ ერთი დღეც არ დაუტოვებია სახლი. მანამდეც, მოგეხსენებათ, ოტია იოსელიანი მძიმე სენს ებრძოდა და მისი ვაჟი ერთი დღეც არ მოშორებია.

გზა თბილისიდან რეგიონამდე არც ისე რთული და გრძელია, როგორც ზოგიერთს ეჩვენება. თუმცა, ალბათ, ეს იმაზეც არის დამოკიდებული, ვისთვის რა არის ბედნიერება, თავისუფლება... მე თავისუფლებას აქ ვგრძნობ, როცა მიწას ვეხები, ვგრძნობ, რომ ჩემი თავი მე მეკუთვნის, მე შემიძლია განვსაზღვრო ჩემი დღე, მომავალი...

თბილისური ცხოვრება, გრძელი საცობები, რიგები იმდენად რუტინულია, რომ თითქოს საკუთარ თავს კარგავ. ოტიასთან შეხვედრამდე, სანამ თბილისში ვცხოვრობდი, ვსწავლობდი და თან ორ ადგილზე ვმუშაობდი, შეიძლება ითქვას, მთელ ქალაქს ვუვლიდი წრეს. უსაქმოდ არც აქა ვარ, მე და ოტიას სულ საქმე გვაქვს: ხან ბაღში ვმუშაობთ, ხან მუზეუმში სტუმრებს ვმასპინძლობთ, ხან შინ ვდიასახლისობ. თუ გსურს აქტიური და შემოქმედებითი იყო, ამას ნებისმიერ ადგილას შეძლებ. უბრალოდ, აქ მეტი თავისუფლებაა და ეს ძალიან მომწონს.

- ოტია როგორ გაიცანით? - ფუძეობაზე წყალტუბოში ფესტივალი ჩავატარეთ და მეორე დღეს მუზეუმს ვესტუმრეთ, ოტიაც აქ გავიცანი. თავად ამბობს, რომ ერთი ნახვით შევუყვარდი. ძალიან მალე, ორ თვეში ხელი მთხოვა და დაახლოებით ხუთ თვეში დავქორწინდით. ოტიას არასოდეს მოუტყუებია და არ დაუხატავს ზღაპარი ლამაზ ფერებში, ყოველთვის სიმართლეს მეუბნებოდა. ამბობდა, რომ მარტივი არ იქნებოდა მასთან თანაცხოვრება, თუმცა კარგად გამოგვდის. ვფიქრობ, გამიმართლა, რომ სწორედ აქ მოვხვდი. აქ აღმოვაჩინე ჩემი თავი, გარემო, სადაც თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ თავს. ვიცი, რომ რასაც ვაკეთებ, არ არის ფუჭი.

დღეს სოფელში ცხოვრება ყველაზე დიდი გამართლებაა 21-ე საუკუნის ადამიანისთვის. აქაურ თავისუფალ, სუფთა გარემოს აღარაფრით გავცვლი ქალაქის სტრესულ გარემოზე.

- როგორც ვიცი, დედამთილსა და მამამთილთანაც გამორჩეულად თბილი ურთიერთობა გაქვთ. - დიახ, დედამთილმა ქალიშვილივით მიმიღო. მამამთილიც ძალიან საყვარელი, საინტერესოდ მოსაუბრე და განათლებული ადამიანია.

- ნუცა, მესმის, რომ თქვენ განსაკუთრებულ ოჯახში და განსაკუთრებულ გარემოში მოხვდით, ბოლოს და ბოლოს, სახლ-მუზეუმში ცხოვრობთ. სხვა, რიგითი ადამიანებისთვის, ახალგაზრდა ოჯახებისთვის რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს წყალტუბოში ცხოვრება? - ვისაც შრომა არ ეზარება, სოფელში გაცილებით მეტი შესაძლებლობაა. მე და ოტია ქალაქში გავიზარდეთ და ახლა ვსწავლობთ ყველაფერს სოფლის მეურნეობაში, სოფელში დაბადებულ-გაზრდილისთვის კი ეს უფრო მარტივია. ჩვენ ხომ მარტო მუზეუმით არ ვცხოვრობთ, ღვინოს ვაყენებთ, ლუდს ვხარშავთ, მეფუტკრეობას მივდევთ, მიწას ვამუშავებთ, ბოსტნეული მოგვყავს, ჩითილი გამოგვყავს, ქათმებს ვზრდით... ყველაფერს ფასი განსაკუთრებით პანდემიის დროს დაედო.

სოფელში ძალიან დიდი შესაძლებლობებია, უბრალოდ, სიზარმაცეს უნდა მოვერიოთ.

გასაგებია, როცა ადამიანს აქვს ისეთი გატაცება ან პროფესია, რომელსაც სოფელში ვერ განავითარებ, მაგრამ თუ ასეთი ნიჭი ან პროფესია არა გაქვს, რატომ უნდა დატოვო მამაპაპისეული ფუძე და წახვიდე ქალაქში, სადაც უკვე სუნთქვა ჭირს?!

- როგორც ვიცი, ხეხილის დამყნობაც ისწავლეთ, პურის ცხობაც და საფუვრის მომზადებაც. შემდეგ ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში აქვეყნებთ. ამას თქვენი ინტერესის გამო აკეთებთ და იმისთვის, რომ თქვენი ბლოგი პოპულარული გახდეს? - უპირველესად ჩემი სიამოვნებისთვის, ინტერესის დასაკმაყოფილებლად ვაკეთებ. როცა რამის გაკეთებას ვცდილობდი და კარგად გამომდიოდა, იმდენად მიხაროდა, რომ მინდოდა ეს სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ამასთან, თავად ძალიან ბევრი შრომა და წვალება დამჭირდა გამოცდილების მისაღებად.

პურის ცხობა სოფელში არავის უკვირს, მაგრამ ქალაქში ამას არავინ აკეთებს. მეც არ ვაცხობდი, არც მაინტერესებდა, ალბათ, იმიტომ, რომ არ მჭირდებოდა, აქ კი დამჭირდა და ბევრიც ვიწვალე.

ჩემი ვიდეობლოგებით მინდა სხვებსაც მოვანდომო იმის გაკეთება, რასაც მე ვაკეთებ. სხვათა შორის, ხშირად მწერენ, რომ ჩემმა ვიდეოებმა მათ განწყობა შეუქმნა და პური თავადაც გამოაცხვეს, ან ბოსტანი გააკეთეს, ხეხილი დაამყნეს და ა.შ. ეს ძალიან მიხარია.

- მთელ ამ პროცესში ყველაზე საინტერესო რა იყო? - მცენარის აღმოცენების პროცესი. ეს თეორიულად კი ვიცოდი, მაგრამ სულ სხვა რამ ყოფილა, როცა ამას თავად ქმნი. საოცრად სასიამოვნოა მუშაობით დაღლა, გრძნობ, რომ მიწის შვილი ხარ. შენი ხელით მოწეულ პროდუქტს სულ სხვა გემო და ენერგია აქვს.

- იქნებ ეს ახალი სამყარო საყვარელი ადამიანის გამო გეჩვენებათ ასე ლამაზად. დარწმუნებული ხართ, რომ არასდროს მოგბეზრდებათ? - არა, მე ბნედითი სიყვარული არ დამმართნია, არ მომხდარა ისე, რომ დავინახე და გული წამივიდა...

ჩემი სიყვარული იყო გააზრებული, დინჯი. არც ოტია იყო ისეთი, რომ ილუზიები შეექმნა და ოქროს კოშკებს დამპირებოდა. შეუღლებამდე უფრო რთულად წარმომედგინა მისი ცხოვრების წესი. წამით არ მომბეზრებია ის, რასაც ვაკეთებ.

ხათუნა ბახტურიძე