რა არის ქაჯობა!.. - კვირის პალიტრა

რა არის ქაჯობა!..

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ბოლო დროს მოხდა ჩვენი სამშობლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არის "აგვისტოს 5 დღის" პრემიერა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმზე უკვე დავწერე, მაინც მიმაჩნია, რომ პრემიერა, რომელიც ორი კვირის წინ გაიმართა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

მე იმ დღეს ვუყურებდი თბილისის“ბომონდს,”რომელიც წითელ ხალიჩაზე დასეირნობდა და მახსენდებოდა ბობ ფოსის ფილმი "კაბარე". იქაც, კაბარეს ბალაგანურ ატმოსფეროში გამოსჭვივის ფაშისტური ძალადობა. მე გთავაზობთ ჩემს თითქმის  სპონტანურ გამოძახილს, რომელიც მაშინ დამეუფლა.

მაშ, ასე -”ქაჯები!”

მიუხედავად იმისა, რომ ეს დეფინიცია ქალაქის ცენტრალურუბნელების მიერ მოგონილია და ერთგვარ სეგრეგაციულ ხასიათს ატარებს, მაინც მინდა ვიხმარო. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ არც ერთი ტერმინი არ გამოხატავს უკეთ იმას, რაც ხდება "აგვისტოს 5 დღის" თბილისური პრემიერის გარშემო.

მოდი, ვცადოთ, ავხსნათ, თუ რა არის ქაჯობა და ვინ არის ქაჯი.

ეს არის ადამიანის ერთ-ერთი მდგომარეობათაგანი, რომელიც განპირობებულია საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსით.  დავუშვათ, გულის სიღრმეში მე ვიცი, რომ არა ვარ იმ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, რომლისკენაც მივილტვი. მაგალითად, არა ვარ ცენტრალურუბნელი, არ მაქვს“ქალაქური პრონონსი, ჩემი მშობლები დაბალი სოციალური ფენიდან იყვნენ. იმის ნაცვლად, რომ ეს ფეხებზე დავიკიდო და ჩემი საქმე ვაკეთო, ზემოაღნიშნულს განვიცდი და ვცდილობ, როგორმე შევძვრე ელიტაში. არა ვარ პროფი ჩემი საქმისა, ამიტომ კარიერას ინტრიგებითა და ათასი მამაძაღლობით ვჩალიჩობ. ჩემი ერთ-ერთი იარაღი მლიქვნელობაცაა. მოკლედ, გააფთრებით ვიბრძვი ადგილის დასამკვიდრებლად. რა თქმა უნდა, მე არა მაქვს თვითირონიის გრძნობა.

არ შემიძლია, განყენებულად შევხედო საკუთარ თავს და მოვლენებს ჩემ გარშემო. თან მეშინია, რომ ვიღაცები უცხოდ ჩამთვლიან. უნიჭო ვარ და გემოვნება მღალატობს. მრავალწლიანმა "პოდხალიმაჟმა" პროფესიონალ კონფორმისტად მაქცია. უსიტყვოდ ვგრძნობ კონიუნქტურას და უკვე წინასწარ ვიცი, რა მოვლენაზე რა უნდა ვთქვა, თუმცა ხშირად არ ვიცი, რა არის ამ მოვლენის არსი. მძულს ის ხალხი, რომელთან ერთადაც გავიზარდე, რომლებსაც სულ სხვანაირი ვახსოვვარ.

ვცდილობ, არც კი ვიფიქრო ისეთ რაღაცებზე, რაც ჩემში სინდისის ქენჯნას იწვევს. მოკლედ, მე არ ვფიქრობ, არ განვიცდი, არ ვტირი და არ ვმძვინვარებ. ასე განსაჯეთ, არც კი ვიცინი. მე მხოლოდ "დერზკად" ვიღიმები და ხანდახან ვხითხითებ. მე მივსრიალებ ცხოვრების ტალღის თხემზე უდარდელი სერფერივით. მე უტიფრად ვჩნდები კამერების ობიექტივში და არ ვწითლდები, როცა მწერალს, მომღერალს, რეჟისორს, დიზაინერს ან ბიზნესმენს მიწოდებენ. მე ხომ სტარი ვარ... სელებრითი... ერთი სიტყვით, მე ვარ ქაჯი!

ჩემო ძვირფასო ქაჯო მეგობრებო, დღეს რუსთაველის გამზირზე. თქვენ შიშმა მიგიყვანათ. შიშმა, რომელიც სულ თან დაგყვებათ, სადაც უნდა იყოთ - გინდ საზეიმო წვეულებაზე და გინდ - საკუთარ ლოგინში. შიშმა იმისა, რომ ყველამ იცის თქვენი ქაჯობის ამბავი, რომ ეს სახეზე გაწერიათ, რომ ეს თქვენს თითოეულ  უგუნურ კომენტარში გამოსჭვივის. მე ყველას გიცნობთ. ისიც მახსოვს, საიდან მოდიხართ და იმასაც ვხედავ, სად აღმოჩნდით. არ ვმორალისტობ. ვიცი, რომ ამის უფლება არც მე და არც ბევრ ჩემს თანამემამულეს არ დაგვიმსახურებია. მაგრამ იმას მაინც გეტყვით, ზნეობრიობა გვერდით გადავდოთ და - რაც დღეს გააკეთეთ, ძალიან ქაჯურად ქენით!!!

შალვა რამიშვილი