"დედა ჩემი ქორწინების გაგონებაზე ტიროდა, ძმა კი ნერვიულობდა... ჩემი მამამთილიც იმიტომ დასთანხმდა შვილს ჩემზე დაქორწინებას, რომ ქართველი ვიყავი" - კვირის პალიტრა

"დედა ჩემი ქორწინების გაგონებაზე ტიროდა, ძმა კი ნერვიულობდა... ჩემი მამამთილიც იმიტომ დასთანხმდა შვილს ჩემზე დაქორწინებას, რომ ქართველი ვიყავი"

"პირველი ვიყავი, ვინც თურქეთელ ქართველებს ქართულის სწავლა დააწყებინა. თურქეთში ჩემი ჩასვლისას გოგონებს მხოლოდ მეხუთე კლასის ჩათვლით ჰქონდათ სწავლის უფლება. საბედნიეროდ, ეს მალე შეიცვალა"

რას გვიმზადებს ცხოვრება, არავინ ვიცით. არც მაია წიკლაურმა იცოდა, როდესაც 90-იან წლებში ახალგაზრდა მეცნიერი "ბუტკაში" მუშაობდა გამყიდველად, არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში დარჩენილი დედისა და უმცროსი ძმისთვისაც, რომელთაც, მძიმე შრომის მიუხედავად, ძალიან უჭირდათ. ერთადერთი სინათლე თურქეთის საქართველოდან ფესვების საძებნელად ჩამოსული ლაზი ჭაბუკი აღმოჩნდა - ლურჯი თვალებით, ქერა თმით და მოსიყვარულე გულით, თუმცა მაიამ დიდხანს ვერ გადაწყვიტა დაქორწინება, ცალკე - ფესვების (გოგონას პაპა სახელგანთქმული მელექსე ბეწინა წიკლაური იყო, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცოდა), ცალკე კი ოჯახის წინააღმდეგობის გამო. დედა მაიას თურქეთში გათხოვების ხსენებაზე ტიროდა, ძმას კი ძალიან ეშინოდა მისი დაკარგვის, თუმცა სიყვარულმა თავისი გაიტანა და მაია თურქეთში, ქოჯაელის პროვინციის ქალაქ კარამურსელში გათხოვდა, სადაც მოსახლეობის 95% ძირძველი გურჯია და ქართულ ტრადიციებს ათადან და ბაბადან ნირშეუცვლელად ინახავენ. დღეს მაია წიკლაური-სარიჩამი აქ თავის მისიას - თურქეთელ ქართველებს დედასამშობლოს სიყვარულის გაძლიერებასა და ქართული ენის შესწავლაში ეხმარება. თურქეთის ამ რეგიონში ის ქართულის ერთადერთი მასწავლებელია, და სახალხო განათლების რუსული და თურქული ენის პედაგოგიც.

- უცხო მიწაზე გათხოვება არ არის ადვილი. გარდა ამისა, ისეთი ხალხის შთამომავალი ვარ, თავის ქვეყანას პოეზიითაც რომ ემსახურებოდა. ბეწინა წიკლაურის შვილიშვილი ვარ. მამასაც სახლში მუდამ ცნობილი პოეტები მოჰყავდა სტუმრად და მეც სკამზე შემხტარი მათ ლექსებს ვიმეორებდი. შემდეგ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე და მძიმე დროც დადგა... ამ დროს გამოჩნდა ჩემი მეუღლე - ქერათმიანი და ლურჯთვალება ლაზი, რომელიც საქართველოში ფესვებს დაეძებდა. შეგვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ დედა ჩემი ქორწინების გაგონებაზე ტიროდა, ძმა კი ნერვიულობდა. იმ წლებში თურქეთიდან ტელეფონით დაკავშირება ურთულესი იყო, ჩემი ქმარი კი ცხრა თვის განმავლობაში ყოველდღე რეკავდა. ამის შემდეგ შინ სიტუაციის სერიოზულობა გაითავისეს. ბებიამ, რომელსაც ვეთაყვანებოდი, მითხრა, გაჰყე, შვილო, ქართველი სადაც უნდა იყოს, მაინც ქართველია და ნუ გეშინიაო. ჩემი მამამთილიც იმიტომ დასთანხმდა შვილს ჩემზე დაქორწინებას, რომ ქართველი ვიყავი. ამის მიუხედავად, უცხო გარემოსთან შეგუება არ აღმოჩნდა ადვილი, თუმცა ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი დავიხმარე. პროფესიით ქიმიკოსი ვარ, მაგრამ ენების სწავლაც კარგად გამომდის. ამის გარდა, იოგას, ჭრა-კერვისა და თურქულის სწავლას შევუდექი და მალე უკვე სკოლაში ვმუშაობდი ქიმიის მასწავლებლად. თან დავიწყე ზრუნვა, რომ აქაურ ქართველობას ქართული ესწავლა. ქართველები იყვნენ და ისიც კი არ იცოდნენ, სიტყვა "ქართული" რას ნიშნავდა.

მუნიციპალიტეტში დავდიოდი, ქართული ენის კურსების გახსნას ვიხვეწებოდი და მეუბნებოდნენ, გურჯი უმცირესობისთვის რომ გავხსნათ კურსები, მაშინ სხვა უმცირესობებიც მოინდომებენო. მეც მოვეშვი ხვეწნა-მუდარას, საქართველოდან "დედაენა" ჩავიტანე და მეზობელ სამ ძმას, რომელთა საკონდიტროშიც დავდივარ ჩაის დასალევად, ქართულის სწავლება დავუწყე. საოცრად თბილი ხალხი აღმოჩნდა. მსოფლიო რომ შემოიარაო, ვერსად ნახავ იმ სითბოს, რაც აქაურ ქართველების უმეტესობას აქვს ერთმანეთის მიმართ.

გაოგნებული ვარ, ისე ინახავენ უძველეს ტრადიციებს. ბოლო დრომდე არც ლაზები და არც დანარჩენი გურჯები არაქართველზე არ ქორწინდებოდნენ. ქალაქში, რომელშიც მე ვცხოვრობ, 300 000 მცხოვრებია და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ძირძველი ქართული ოჯახიდანაა, თუმცა უმეტესობამ ბოლო დრომდე არ იცოდა, რა მოდგმისა იყო. ჩემი მეუღლეც კი დღემდე გაიძახის, სუფთა ლაზი ვარო. რომ ვეუბნები, ლაზი ძირძველი ქართველია-მეთქი, უკვირს. არადა, ლაზურ ენას "ქორთუს" ეძახიან, თუმცა არ იციან, ეს სიტყვა რატომ ჩარჩა ამ ენაში. ჩემი მეუღლე საქართველოში ჩემს მეგრელ მეზობელს საათობით ესაუბრება ხოლმე ლაზურ-მეგრულად და ყველაფერი ესმის. ქართულ ბაზარშიც არავის თქმა არ უნდა, მეგრელებს ინტუიციით აგნებს და ელაპარაკება.

- კარგია, რომ თურქეთის სახელმწიფოს ეთნოაკრძალვების უმეტესობა სწორედ თქვენ თვალწინ გაუქმდა. - დიახ, მაგრამ განსაკუთრებულად მიხარია, რომ პირველი ვიყავი, ვინც თურქეთელ ქართველებს ქართულის სწავლა დააწყებინა. თურქეთში ჩემი ჩასვლისას გოგონებს მხოლოდ მეხუთე კლასის ჩათვლით ჰქონდათ სწავლის უფლება. საბედნიეროდ, ეს მალე შეიცვალა. მეც იმდენ ხანს ვეჩიჩინე ჩვენს ნათესავებს, სანამ გოგონების უმაღლეს განათლებაზე არ დავითანხმე. ერთ-ერთი უკვე უმაღლეს სამედიცინო განათლებას იღებს. ისე, ლაზი მამაკაცები ქალთა განათლების წინააღმდეგი მაინცდამაინც არ იყვნენ, რადგან თვითონაც საოცარი მიდრეკილება აქვთ განათლებისაკენ. ჩემს ქალაქში გამოთქმა არსებობს: "ქვა რომ ჩამოვარდეს, უმაღლესგანათლებულ გურჯებსა და ლაზებს დაეცემათო".

- თქვენ მშვენიერ ლექსებს წერთ და ეს შემთხვევითი არ არის - ხევსურეთი, მთა ხომ ქართული ფოლკლორის წყაროა... - თუ დამიჯერებთ, პანდემიამდე ლექსები არასოდეს მიწერია. კინაღამ გავგიჟდი შინ გამოკეტვით. როგორც ჩანს, რაც გულში მქონდა, ამოვთქვი. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად მიმიწევს გული ჩემი უძველესი სოფლისკენ. იქ ჩემი ფესვებია და ამას ვგრძნობ. არადა, იქ არ დავბადებულვარ, მამაჩემიც კი 9 წლისა წამოვიდა იქიდან. გაფაციცებული ვადევნებ თვალს ხევსურეთის აღმშენებლობას. ერთი სული მაქვს, ამღაში, ჩემს პაპისეულ კერაზე, სახლი როდის აშენდება.

- მეუღლეზე რას იტყვით?

- საოცრად მოსიყვარულე და განათლებული ადამიანია. სამხედრო გემების ინჟინერი იყო. ისიც, როგორც ყველა თურქეთელი ქართველი, უსაზღვროდ მოყვარულია მამისეული ოჯახის. აქაური ქართველები მდიდრები არიან. ჩემი მამამთილიც განათლებული და მდიდარი კაცი იყო. მიწისძვრამდე ძალიან დიდი სახლი ჰქონდა, რომლის სხვადასხვა სართულზე მთელი ოჯახი ვცხოვრობდით, მაგრამ 1999 წლის მიწისძვრამ, რომელმაც ლამის ნახევარი თურქეთი დაანგრია და 50 000 კაცი შეიწირა, ჩვენი ცხოვრებაც შეცვალა. ჩემი მეუღლის ოჯახმა დაბზარულ სახლში ცხოვრება აღარ მოინდომა და სხვაგან გადავედით, თუმცა ისევ ხუთსართულიან საოჯახო სახლში, სადაც დედმამიშვილები სხვადასხვა სართულზე ცხოვრობენ.

მიწისძვრა საშინელება იყო, ვერასოდეს დავივიწყებ. აგვისტოს ღამე იყო, ცხელოდა და აივანზე გამოვედი. უეცრად ყველაფერმა ზრიალი დაიწყო. თავდაპირველად მეგონა, ომი დაიწყო - მე ხომ 90-იანი წლების საქართველოს ნაწილი ვარ! მაშინვე ოთახში შევვარდი, სადაც ჩემი ქმარი ლოცვის ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა - თურმე ფიქრობდა, რომ მეორედ მოსვლა დაიწყო, მის შესახვედრად კი აქ ყველა სპეციალურ ლოცვას სწავლობს. 42 წამში თითქმის ყველაფერი დაინგრა ან დაიბზარა. აბსოლუტურ სიბნელეში ხელის ცეცებით გარეთ გამოვედი და საშინელი წივილ-კივილი გავიგონე. მერე სოფელში რამდენიმე უსახლკარო ოჯახი შევიფარეთ. ხელფეხგაყინული გაკვეთილებს კარვებში ვატარებდი. ამ საშინელ პერიოდში სამი ობოლი გოგონაც გამოვზარდე.

ყველა ლაზს აქვს სოფლის ნაკვეთი, სადაც თავდაუზოგავად შრომობენ. ჩემი ქმარიც ასეა. მიწის ჯადოქარია. "კოვიდით" ძმა და რძალი გარდაეცვალა და ნერვიულობის გამო ინსულტი დაემართა, თუმცა გამოკეთებული ისევ სოფელში შრომობს.

მეც ბევრს ვმუშაობ. მაბედნიერებს, რომ ქართულს ვასწავლი. თურქულსა და რუსულს ვასწავლი ლტოლვილ ქალებს, მათ შორის - ავღანელებს, რომლებიც ახლა თურქეთში ჩამოდიან და უმეტესობამ წერა-კითხვაც კი არ იცის. ვასწავლი იოგას, რაშიც უამრავი ჯილდო მაქვს მიღებული. სახლში ჯიშიანი ფისოებიც მყავს. უსაზღვროდ მიყვარს ცხოველები, მაგრამ, სამწუხაროდ, თურქული კანონით, მხოლოდ კატის შინ ყოლაა ნებადართული.

ვიცი, რომ საბოლოოდ მაინც საქართველოში დავბრუნდები, აქ ვერ იქნება ჩემი სამარე. ჩემს ფესვებს უფალი სულ მახსენებს, სიზმრებითაც კი. ჯერ არ ვიცოდი, რომ ჩემი რძალი მეოთხე ბავშვზე ფეხმძიმედ იყო და ჩემს ძმას დავურეკე, სიზმარში ჩვენს სახლში პატარა ცისფერთვალება ანგელოზი დაეშვა, რა ხდება-მეთქი. მითხრა, ჩემი ცოლია ფეხმძიმედო, მერე კი მართლაც ცისფერთვალება ანგელოზი გაგვიჩნდა.