"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი "ქალბატონები" როგორ ოჯახში მოხვდებიან" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი "ქალბატონები" როგორ ოჯახში მოხვდებიან"

"ბედნიერი ვარ, რომ ამ ჯადოსნურ სამყაროს ვეკუთვნი"

ნათია მარსაგიშვილი სიონის საშუალო სკოლაში ისტორიას ასწავლის და თან თვითნასწავლი მეთოჯინეა - ყიდულობს სპეციალურ თიხას, ძერწავს მათ სახეებს, გამოწვავს ღუმელში, მერე სპეციალური ტექნიკით აწყობს, უღებავს სახეს, ამატებს თმას და წამწამებს, უკერავს ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და თოჯინებს ქალბატონებად აქცევს.

- აჩხოტში დავიბადე და გავიზარდე. ყაზბეგი ვისაც უნახავს, არასოდეს დაავიწყდება მისი ულამაზესი ბუნება! ამ სილამაზეს ახლა უფრო აღვიქვამ, ვიდრე ადრე, თუმცა ბავშვობაში ზეპირად ვიცოდი მინდორში სად, რა ყვავილი ხარობდა.

ყოველთვის მიზიდავდა ხელოვნება, მიყვარდა ხატვა და თოჯინების სამოსის შეკერვა.

- პედაგოგი ხართ, ოჯახი გაქვთ, როგორ ახერხებთ საყვარელი საქმისთვის დროის გამონახვას? - სასწავლებლის დასრულების მერე მალევე დავოჯახდი, მყავს სამი გოგონა, რომლებსაც ჩემსავით უყვართ ხელოვნება. ხშირად ერთად ვაკეთებთ აქსესუარებს: ნაძვის ხის სათამაშოებს, ვწნავთ კალათებს, სამკაულებს... სანამ თოჯინების კეთებას დავიწყებდი, სხვადასხვა ხელსაქმით ვიყავი გატაცებული: ქსოვა, ქარგვა, პაპიე-მაშე... ხელნაკეთი თოჯინების შესახებ პირველად პრესიდან წლების წინ შევიტყვე. თინათინ მაღალაშვილის თოჯინები ვნახე და აღვფრთოვანდი. ძალიან მინდოდა გამეგო, როგორ კეთდებოდა, რა მასალით, რა ტექნიკით, მაგრამ მაშინ არ იყო ინტერნეტით ხელმისაწვდომი ამდენი ინფორმაცია. მოგვიანებით მასტერკლასები გავიარე არაჩვეულებრივ ხელოვანთან, უნიჭიერეს მეთოჯინე ბორენა ელოშვილთან.

თოჯინის შექმნა საოცარი პროცესია, რადგან სხვადასხვა რამის ცოდნას მოითხოვს... უნდა იცოდე ძერწვა, კერვა, ქარგვა, იყო მეწაღეც და ვარცხნილობაც შენვე უნდა შეურჩიო. საინტერესო იმითაა, რომ ყოველი თოჯინის გაკეთებისას რაღაც სიახლეს აწყდები, შეიძლება ისეთი დეტალის გაკეთება იყოს საჭირო, რომელიც არასოდეს გაგიკეთებია, მაგრამ არაერთი ცდის მერე მაინც აღწევ შედეგს. რაც უფრო ბოლოსკენ მიდის პროცესი, მით უფრო ვეღარ სწყდები მუშაობას, გინდა მალე დაამთავრო და შეხედო, რა გამოგივიდა. მუშაობისას თოჯინებს ველაპარაკები, ვეფერები... პირველი შემფასებლები ჩემი მეუღლე და შვილები არიან. მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, სტიმულს მაძლევენ. ასევე მნიშვნელოვანია მათი შეფასება, ვინც ინტერნეტით ნახულობს. მიხარია, რომ მოსწონთ.

- თოჯინების ჩაცმულობას როგორ არჩევთ? - ქართველებს საინტერესო და ორიგინალური ეროვნული სამოსი გვაქვს. ერთ თოჯინას უკვე ჩავაცვი მოხეური სამოსი, მომავალში სხვა კუთხის სამოსსაც ვცდი.

"კლეოპატრა" პირველი ნამუშევარია, როცა თავის ძერწვას მოვრჩი და მოვხატე, ვფიქრობდი, ვინ უნდა ყოფილიყო. ისეთი თვალები ჰქონდა, ეგვიპტელს ჰგავდა. სამოსისა და თავსაბურავის სხვადასხვა ვერსიაზე ვფიქრობდი, საბოლოოდ შთაგონების წყარო გახდა ელიზაბეტ ტეილორის კლეოპატრა. შევარდნის თავსაბურავმა ძალიან მაწვალა, ხელსაწყოების სწორად დაჭერას მაშინ ვსწავლობდი, რამდენჯერმე დაშლამაც მომიწია, თუმცა როცა დასრულდა, მივხვდი, რომ ეს ის საქმე იყო, რომელსაც თავს ვეღარ დავანებებდი. ეს ჯადოსნური სამყაროა. ბედნიერი ვარ, რომ მეც ამ სამყაროს ვეკუთვნი.

სამწუხაროდ, გამოფენაში მონაწილეობა არ მიმიღია. ვაპირებდი რამდენიმე თოჯინის გატანას, მაგრამ პანდემია დაემთხვა, ამიტომ ჩემს თოჯინებს მხოლოდ სოციალური ქსელიდან იცნობენ. რაც შეეხება გაყიდვას, მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, თუმცა უარი ვუთხარი, არ მემეტებოდა, თანაც ძალიან მინდოდა ჯერ გამოფენაზე გამეტანა.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი "ქალბატონები" როგორ ოჯახში მოხვდებიან, ვინც იყიდის, მან უნდა იცოდეს თოჯინების, საზოგადოდ, ხელოვნების ფასი! ეს არაა სათამაშო თოჯინა, ინტერიერის ნაწილია.

ჩემი ოცნებაა სიტუაცია დაწყნარდეს და ხელოვნებას გზა გაეხსნას, გავმართო გამოფენა და ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოში მეტი თაყვანისმცემელი ჰყავდეს ჩემს ხელნაკეთ თოჯინებს.