რატომ გათიშეს "25-ე არხი" - კვირის პალიტრა

რატომ გათიშეს "25-ე არხი"

"ჩვენი მწარე გამოცდილებით ვამბობ, რომ შემოსავლების სამსახური, სამწუხაროდ, სადამსჯელო ორგანიზაციად აღიქმება"

"გამოსავალი აღარ დაგვრჩა, ან არსებობა უნდა შეგვეწყვიტა, ან ტელევიზია აუქციონზე გაგვეტანა"

მედიაჰოლდინგ "პალიტრაში" შემოსავლების სამსახურის შესვლა საქართველოს თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გააპროტესტა, თუ არ ჩავთვლით თითო-ოროლა გაზეთს, რომელმაც მხოლოდ ეჭვის გამო შეშფოთების გამოხატვა საჭიროდ არ მიიჩნია. რატომ არის საქართველოში "ეჭვიანი" მედია და არის თუ არა თავისუფალი პოლიტიკური ზეწოლისგან, ამ თემაზე "კვირის პალიტრას" "25-ე არხის" დირექტორი მერაბ მერკვილაძე ესაუბრა (შეგახსენებთ, რომ აჭარაში ამ ტელევიზიას ერთ-ერთმა საკაბელო არხმა მაუწყებლობა დროებით შეუჩერა, რაც "რატომღაც" 26 მაისის მოვლენების გაშუქებას  დაემთხვა).

- 26 მაისს, ღამით, ჩვენი ტელევიზია ეთერით "მაესტროს" პირდაპირ ტრანსლაციას გადასცემდა. პარალელურად, ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობდა რუსთაველის პროსპექტზე. თავდაპირველად პრობლემა არ შეგვქმნია, მაგრამ როგორც კი ჩვენი გადაღებული მასალა გავავრცელეთ, ერთ-ერთ საკაბელო არხზე მაუწყებლობა გაგვითიშეს. ვფიქრობ, მავანთა გაღიზიანება გამოიწვია ნინო ბურჯანაძის ესკორტის გასვლის ვიდეოფირმა, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა შსს-ს ვერსია, რომ ბურჯანაძის მანქანამ პოლიციელს მიზანმიმართულად გადაუარა.

მახსოვს, ოპერატორს ვურჩიე, თავსაც გაფრთხილებოდა და ვიდეოკამერასაც, მორიდებოდა ადგილებს, სადაც ხელჩართული ჩხუბი შეძლებოდა ყოფილიყო. მართალია, შორიდან გადაიღო ესკორტის გასვლის მომენტი, მაგრამ სწორედ ამ რაკურსიდან უკეთ გამოჩნდა ესკორტის მოძრაობა. ამ კადრებში ჩანს, როგორ მოაქციეს სპეცრაზმელებმა ჯიპი ალყაში და როგორ ახტებოდნენ მანქანას. ამ ფირით გაჩნდა აზრი, რომ მანქანაზე შემხტარ პოლიციელთაგან ერთი ჩამოვარდა და უკან მომავალმა მანქანამ შემთხვევით გადაუარა. ე.ი. ეს იყო უბედური შემთხვევა, რამაც პოლიციის გავრცელებული ვერსია შეცვალა. ფირი ჩვენს ვებგვერდზე დავდეთ, ამის შემდეგ კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთ-ერთ საკაბელო არხზე მაუწყებლობა გაგვითიშეს.

ბათუმში ათამდე საკაბელო ტელევიზიაა და იმ არხს, რომელზეც ჩვენი მაუწყებლობა გათიშეს, ყველაზე დიდი გავრცელების არეალი აქვს. დანამდვილებით ვიცი, რომ ამ საკაბელო არხის ერთ-ერთი მფლობელის ძმა 2006 წელს სოდ-ის მაღალჩინოსანი იყო, დღეს რა თანამდებობაზეა, არ ვიცი. ფაქტია, სამი დღე ვცდილობდი საკაბელო არხის სამსახურთან პრობლემის გადაჭრას. ჯერ გვითხრეს, ტექნიკური მიზეზის გამო ხართ გათიშულიო. მაშინ ჩვენი ინჟინრების დახმარება შევთავაზე რომელიმე საჭირო ნაწილის საკუთარი თანხით შეძენა. Mამის შემდეგ მხრები აიჩეჩეს, თქვენი გათიშვის მიზეზი არ ვიცითო. დავურეკე ერთ-ერთ მფლობელს და პრობლემის აღმოფხვრა ვთხოვე. მითხრა, საზღვარგარეთ ვარ და ვერ დაგეხმარებიო.

არადა, საზოგადოება ჩვენი არხის გათიშვის გამო შეშფოთებული იყო, პროტესტს გამოხატავდა. პოლიტიკური მიზეზი თუ არ არის, ისე არც ერთი ბიზნესმენი თავის მომხმარებელს არ გაანაწყენებს. ჩვენი გათიშვის გადაწყვეტილება საკაბელო არხის კომერციული ინტერესების საწინააღმდეგოც იყო, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებიათ. მადლობელი ვართ დეპუტატ გიორგი თარგამაძის, რომელმაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გაახმაურა ჩვენი საკითხი.

"25-ე არხის" საქმით დაინტერესდა ევროკავშირის წარმომადგენლობა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ვფიქრობ, ამ ერთობლივმა ძალისხმევამ და საზოგადოების თანადგომამ დიდი როლი შეასრულა ჩვენი პრობლემის გადაწყვეტაში.

- რამდენად ადვილია "არასასურველი" ტელევიზიისთვის მაუწყებლობის გათიშვა საქართველოში და კანონით როგორ რეგულირდება ეს საკითხი?

- ამ საქმეში საკანონმდებლო ვაკუუმია. როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში უკვე რამდენიმე ათეული წელია მოქმედებს კანონი, რომელიც საკაბელო ქსელებს პასუხისმგებლობას აკისრებს, თუ რომელიმე ტელევიზიას მაუწყებლობას გაუთიშავენ. ჩვენთან პირიქით არის, ამიტომ ვისაც მოეპრიანება, გვთიშავს.

ეს არ იყო ჩვენი მაუწყებლობის შეჩერების პირველი შემთხვევა. იგივე მოხდა 2006 წლის ივნისშიც. მაშინ პოლიციის შენობის გახსნის ცერემონიალზე ჩამობრძანდნენ პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი. იმ დღესვე დაანგრიეს სასტუმრო "მედეა". მახსოვს, საკაბელო არხის ხელმძღვანელთაგან (ბათუმში სულ ათამდე საკაბელო არხია) ზოგს უშიშროებაში იბარებდნენ, ზოგს სახლში აკითხავდნენ, ზოგს ურეკავდნენ და აფრთხილებდნენ, რომ ჩვენი მაუწყებლობა შეეჩერებინათ.

- ახლახან თქვენ "მედიაპალიტრას" სოლიდარობა გამოუცხადეთ. ზოგიერთმა მედიაორგანიზაციამ (ამგვარი ორი-სამი თუ იყო) განაცხადა, რომ ამა თუ იმ კომპანიის ფინანსური შემოწმება ჩვეულებრივი მოვლენაა და არ საჭიროებს ხმაურს.

- ცივილიზებულ ქვეყნებში მართლაც ამოწმებენ კომპანიების ფინანსურ საქმიანობას და ეს არც არის საგანგაშო. მაგრამ საქართველოში განსხვავებული ვითარებაა. ჩვენი მწარე გამოცდილებით ვამბობ, რომ შემოსავლების სამსახური, სამწუხაროდ, სადამსჯელო ორგანიზაციად აღიქმება.

წლების განმავლობაში ეს უწყება, ფაქტობრივად, ატერორებდა "25-ე არხს", უსაფუძვლოდ გვერიცხებოდა დავალიანება, რომლის გადაუხდელობაც წარმოშობდა კიდევ უფრო დიდ ჯარიმებს. 2009 წლისთვის 600 ათას ლარს მიაღწია ვალმა. ერთადერთი გზა დარჩა, "25-ე არხი" ან უნდა დახურულიყო, ან აუქციონზე გაგვეტანა. მაგრამ საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის აქტიურობამ გადაგვარჩინა. ხელისუფლება იძულებული გახდა, გამოეცხადებინა საგადასახადო ამნისტია.

თუმცა, ამას სხვა "ახსნაც" და "გამართლებაც" ჰქონდა, ცენტრალურ არხებსაც ჩამოაწერეს ჩვენზე დიდი დავალიანება, მილიონობით ლარი. ასეა თუ ისე, თავისუფალი სიტყვის ერთ-ერთი გამავრცელებელი "25-ე არხი" ჯერჯერობით გადარჩა. ჩვენს თავს გადახდენილი ამბები მაფიქრებინებს, რომ ახლა "მედიაპალიტრაშიც" იგივე ხდება.

მით უფრო, რომ თქვენს ჰოლდინგში შემოსავლების სამსახური სწორედ 26 მაისის შემდეგ შემოვიდა. არადა, "მედიაპალიტრამ" შესანიშნავად იმუშავა. დღეში ოცჯერ მაინც ვნახულობდი თქვენს საიტებზე განთავსებულ ინფორმაციას. ჩემი აზრით, ახალი, ობიექტური ინფორმაციის დროულად გავრცელება ძალიან აფრთხობთ მათ, ვინც ცდილობენ, ხელი შეუშალონ თავისუფალ, ობიექტურ მედიას. ცხადია,

"მედიაპალიტრის" ერთდროულად ექვს ობიექტში შემოსავლების სამსახურის შესვლა არ მიგვაჩნია შემთხვევითობად და სწორედ ამიტომ გამოვუცხადეთ სოლიდარობა.