"ამ იდეის განხორციელება დიჯეი დანიზას დახმარებით შევძელი. ის რუსულ-ამერიკული ლეიბლის დამფუძნებელია" - კვირის პალიტრა

"ამ იდეის განხორციელება დიჯეი დანიზას დახმარებით შევძელი. ის რუსულ-ამერიკული ლეიბლის დამფუძნებელია"

ვინ არის ნათია რიგვავა, რომელსაც სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ?

ბოლო რამდენიმე წელია, "იურმალის" კონკურსი, რომელსაც ახლა "ახალი ტალღა" ჰქვია, სოჭში ტარდება და მასში ქართველი მომღერლები აღარ მონაწილეობენ. თუმცა ამ კონკურსზე ადრე არაერთი ქართველი გამოსულა, რომლებმაც უნიკალური შესრულებით მსმენელებსაც თავი დაამახსოვრეს და გაიმარჯვეს კიდეც. ალბათ დღემდე ბევრს ახსოვს სოფო ხალვაშის, დუეტ "ჯორჯიას", ნუცა ბუზალაძისა და სხვების გამოსვლები. შესარჩევი კონკურსი საქართველოში ტარდებოდა და "იურმალაზე" წარსადგენ კანდიდატს სპეციალური ჟიური ირჩევდა, მერე "პირველი არხის" პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა მთელი ღონისძიება.

წელს საქართველოს სახელით სოჭში ნათია რიგვავა გამოჩნდა, რომელმაც ქართველების საყვარელი სიმღერა, "იაგუნდი" შეასრულა. ნათიას ამ გამოსვლას სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი და კრიტიკა მოჰყვა. ქართველმა მაყურებელმა ახალგაზრდა გოგონა გააკრიტიკა და მას ნამღერი დაუწუნა. ბევრმა იმის გამოც გააკრიტიკა, რომ საქართველოს სახელით გამოვიდა. სამწუხაროდ, გოგონამ კონკურსში ვერ გაიმარჯვა და ოცნება ვერ აისრულა.

როგორც რუსული მედიისთვის მიცემული ინტერვიუებიდან გაირკვა, 25 წლის ნათია რიგვავა მოსკოვში ცხოვრობს. დამთავრებული აქვს გნესინების სახელობის სამუსიკო სასწავლებელი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში. "ახალი ტალღის" რუსულენოვანი ბლოგისთვის მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, რომ გოგონა ბავშვობაში ვალერი მელაძესთან ერთად დუეტის ჩაწერაზე ოცნებობდა. უყვარს ჩოგბურთი და ცურვა, დროის გატარება ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

სცენაზე დგომა ბავშვობიდან სურდა. უყვარს ცეკვა. როგორც ამბობს, შვიდი წელი ქართულ ცეკვებზე დადიოდა, ასევე ხიბლავს ლათინურამერიკული ცეკვები. ბავშვობაში თურმე "პუშკარევას ეძახდნენ": "მქონდა სათვალე, როგორიც კატია პუშკარევას სერიალიდან "ნუ დაიბადები ლამაზი", რომელიც ძალიან პოპულარული იყო და ამიტომ ეს სახელი შემარქვეს", - ამბობს ნათია.

გოგონას ძალიან ჰყვარებია კინო. მისი საყვარელი ფილმებია: "წვიმის კაცი", "წყეულთა კუნძული", "მანდარინები", "ცეკვა სიბნელეში", "სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა" და ა.შ. გოგონას საყვარელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერია. კერძებიდან უპირატესობას მეგრულ ხაჭაპურს ანიჭებს. მისთვის უდიდესი ღირებულება ოჯახის ერთიანობა და ერთმანეთის სიყვარულია. ინტერვიუში დიდი სიყვარულით საუბრობს თავის დიდ ოჯახზე:

"ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს: მე მყავს ექვსი ბიძა და ერთი დეიდა. ბევრი და, ძმა, ძმისშვილები. ჩვენ ყველანი სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ხშირად ვიკრიბებით საქართველოში, მოვფრინავთ მთელი მსოფლიოდან დედამიწის ყველაზე საყვარელ წერტილამდე! ოთხი წლის წინ მამა გარდამეცვალა. ის ახლა ჩემი ძალაა. ყველაფერი, რასაც მე ვიღებ, ყველაფერი ჩემი რწმენისა და ზემოდან მხარდაჭერის შედეგია", - ამბობს ნათია და დასძენს, ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანების დაკარგვის მეშინიაო. იმაშიც დარწმუნებულია, რომ თუ ადამიანი ბევრს იშრომებს და მიზანს დაისახავს, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. "მინდა შევქმნა მაღალი ხარისხის მუსიკა. ბებიაჩემი ბავშვობაში ხშირად მიმღეროდა "იავნანას". ჩემი მუსიკალური ნიჭიც პირველად მან შენიშნა. ექვსი წლის რომ გავხდი, დედამ მუსიკალურ სკოლაში შემიყვანა. ჩემი ოჯახიც მუსიკალურია. დედა ერთ დროს საკმაოდ პოპულარული მომღერალი იყო საქართველოში... მახსოვს 2008 წლის ფინალის ნათელი მომენტიც, როდესაც დუეტმა "საქართველომ" მოიგო... მთელ ოჯახს უხაროდა მათი გამარჯვება. სასიამოვნო მოგონებებია! მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ საქართველოს დროშა სცენაზე გამეტანა და მებრძოლა გამარჯვებისთვის, დიდი ოჯახის ნაწილი გავმხდარიყავი, სახელწოდებით "ახალი ტალღა"...

როდესაც სიმღერებს ვირჩევ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა გულამდე ჩემს ძარღვებში გაიაროს. ყველას გისურვებთ, არ ინერვიულოთ! მე კი ჩემს თავს ვეტყვი: ნათია, ეს წელი შენია. დარწმუნდი, რომ გამარჯვების დროშა შენ უკან დგას. მე ვიცი, რომ შეგიძლია", - ამბობს გოგონა "ახალი ტალღის" რუსულენოვან ბლოგში.

ნათიამ წელს ეს ოცნება, სამწუხაროდ, ვერ აისრულა. თუმცა ბუნებრივია, მომავალშიც გააგრძელებს მიზნისკენ სვლას. გოგონას კიდევ ერთი ინტერვიუ ყაზახურ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა. გამოცემა "ელლეში" სტატია ასეთი სათაურით დაიბეჭდა: "მე სამართლიანი, მეოცნებე "ფსიხი" ვარ". ინტერვიუს ნათია ასე იწყებს:

"წარმოშობით საქართველოდან ვარ, მთელი ჩემი ოჯახი საჯარო მოხელეები არიან. მხოლოდ დედაჩემია მომღერალი. რაც ჩემში შემოქმედებითია, მისგან მაქვს. ბავშვობიდან არავის გასჩენია ეჭვი, თუ რომელ პროფესიას დავუკავშირებდი ჩემს ცხოვრებას. საერთოდ, თქვენ იცით, ქართველები ისეთი მომღერალი, მელოდიური ერია, რომ არაა აუცილებელი, სადმე სასწავლებლად წახვიდე. მაგრამ 2015 წელს მე ჩავაბარე გნესინების სახელობის აკადემიაში ესტრადა-ჯაზის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე. სიმართლე გითხრათ, პატრიოტი ვარ. სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ენა, კულტურა. ამის გამო საქმიანობის დროს ყოველთვის მინდა ხაზი გავუსვა ჩემს ეროვნებას. ასე დაიბადა "იაგუნდის" ინგლისურ-ქართული ვერსია..."

ჟურნალისტის კითხვაზე, - რატომ მაინცდამაინც "იაგუნდი"? - ნათია პასუხობს: "ეს ძველი ქართული ფოლკლორული სიმღერაა, რომელიც ყოველთვის მომწონდა. იმისათვის, რომ უფრო მეტი მსმენელი ჰყოლოდა ამ სიმღერას, გადავწყვიტე, ინგლისურ ენაზე მეთარგმნა და მისამღერი ქართულად დავტოვე. ამ იდეის განხორციელება დიჯეი დანიზას დახმარებით შევძელი. ის რუსულ-ამერიკული ლეიბლის - "ზაბიაკა რეკორდის" დამფუძნებელია, ასევე, მუსიკალური პროდიუსერია პიოტრ ფომენკოს სახელოსნოსი, რომელიც ნამდვილად საუკეთესო თეატრია მოსკოვსა და მთელ რუსეთშიც... ჩემთვის ეს სიმღერა სიყვარულზეა, რომელსაც ბედნიერი დასასრული არა აქვს ახალგაზრდა კაცის გადაუწყვეტელობის გამო, ნაცნობი ისტორიაა. ალბათ ამიტომაც შემიყვარდა ასე ძალიან "იაგუნდი". კარგად ვგრძნობ თავს იმ ქალის როლში, რომელიც მოქმედებას ელოდება... 2017 წელს გამოვიდა ჩემი ინგლისურენოვანი სიმღერა - ჩასინგ სუნ, ერთი წლის შემდეგ იყო ნამუშევარი რუსულ ენაზე - სიმღერა სახელწოდებით "გიჟი", მისი ვიდეო მოხვდა ჩატში და "მიუზიკბოქსში" დიდი ხნის განმავლობაში მეორე ადგილი ეკავა. ამჟამად ვმუშაობ ალბომზე, რომელშიც ბევრი სიმღერის ჩემეული კომპოზიციებია... საქართველოში ცეცხლოვანი საცეკვაო ვიდეოს გადაღება მაქვს დაგეგმილი. მინდა მასში ბალეტი "სუხიშვილები" ჩავრთო და ნაციონალური და თანამედროვე მოძრაობების ნაზავი შევქმნა.

ჟურნალისტი ეკითხება, თუ ადარებენ რომელიმე მომღერალს ან თავად ვის მსგავსად იქცევა სცენაზე, რასაც ასე პასუხობს: "ინსტაგრამზე" ხშირად მწერენ, რომ არიანა გრანდეს და მედისონ ბიერს ვგავარ. მგონია, რომ მედისონს გარეგნულად ვგავარ, ხმით კი უფრო - გრანდეს. ყოველ შემთხვევაში, ისე შემიძლია პაროდიის გაკეთება, რომ ვერ გაარჩევთ.... იმდენად მელომანი ვარ, ჩემს ხელოვნებასაც კი ვერ გავაერთიანებ ერთ რომელიმე სტილში. ალბათ იქამდე მივალ, სოლო ალბომს გამოვცემ ავტორის სიმღერებით. ვგიჟდები რუმინელ დიჯეი ვანოტეკზე. მის სიმღერას მუდმივად შემიძლია ვუსმინო მოგზაურობის დროს. ასევე მომწონს ყაზახელი არტისტები... საერთოდ, მგონია, რომ ძველ სიმღერებში მეტი სიცოცხლე და გულწრფელობაა... მუსიკა ჩემთვის არ არის ბიზნესი, არაა მატერიალური მიღწევა ან ტოპადგილები. მინდა ჩემი თავი ვიპოვო მუსიკაში, გამოვუშვა ჩემი დაწერილი სიმღერები, ვიპოვო ჩემი მსმენელი, ვიმუშაო არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე.

- რა არის შენი შთაგონების წყარო?

- ყველაფერი, რასაც შეუძლია შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ. ჩვენ ბევრი სევდა და იმედგაცრუება გვაქვს და საერთოდ, ცხოვრება რთულია. მინდა ისეთი სიმღერები დავწერო, რომელიც კარგ ხასიათზე დააყენებს მსმენელს. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ძაღლები. ჰასკი ჩემი სიყვარულია. ამ კვირას შევიძინე პატარა ლეკვი, ცისფერთვალება ბეტი - ეს ბებიის საჩუქარია. ამბობენ, რომ მე და ბეტი ერთმანეთს ვგავართ. 14 წლის ასაკში მყავდა აკიტა, მეტსახელად აჩე".

როგორც ამ ინტერვიუდან ირკვევა, ნათიას აქვს სამსახიობო როლებიც. "მე ვმღერი და ვთამაშობ თეატრში, რეჟისორ კონსტანტინ მიშინთან ერთად. უფრო დრამატული მსახიობი ვარ. როგორც ნამდვილ გოგოს, მიყვარს ტანჯვა - ამიტომაც ვარჩევ ამ როლებს (იცინის). ეს არის ის, რაც ბუნებრივად უფრო ადვილი ხდება. მაგრამ მე ვმუშაობ იმაზე, რომ გარკვეული პერსონაჟებით არ შემოვიფარგლო. ჩვენ გვაქვს საოცარი სპექტაკლი - "სათავგადასავლო რომანი". ის არის ძალიან მხიარული, მაგრამ ამავე დროს - დრამატული... მე მომღერალი ვარ. ეს არის ის, რაც ბუნებამ მომცა. ბავშვობიდან ვგრძნობ და ვტკბები სიმღერით. მსახიობობა კი შეძენილია", - ამბობს ნათია რიგვავა.

თეა ხურცილავა ჟურნალი "გზა"