"თვითმხილველმა გიორგი კანაძე ბოლოს ქაშუეთთან, აქციაზე ნახა" - კვირის პალიტრა

"თვითმხილველმა გიორგი კანაძე ბოლოს ქაშუეთთან, აქციაზე ნახა"

გურჯაანში 30 წლის გიორგი კანაძის კვალს დღემდე ეძებენ, ის 26 მაისის ღამეს გაუჩინარდა. გიორგის ღრმად მოხუცი ბებია და ბაბუა ჰყავს. მათ მეზობლად მისი ავადმყოფი ბიძაშვილიც ცხოვრობს. ახლობლებმა გიორგი უკანასკნელად აქციაზე წასვლამდე ნახეს. არსებობს თვითმხილველიც, გურჯაანელი დავით ნიკოლაშვილი, რომელმაც გიორგი აქციაზე შენიშნა.

დავით ნიკოლაშვილი "ქართული პარტიის" გურჯაანის ორგანიზაციის წევრი: - გიორგი აქციის დაშლამდე ათი წუთით ადრე ვნახე, ქაშუეთთან იდგა. მერე დარბევა დაიწყო. მისი გაუჩინარების ამბავი მოგვიანებით შევიტყვე, გიორგის ოჯახში მივედი და პაპამისს ვესაუბრე. Mმოხუცი წუხდა, შვილიშვილი აქციაზე წასვლამდე ვნახე, მერე გაუჩინარდაო. ის არც ერთი პარტიის წევრი არ იყო.

- პოლიციამ თუ გაიგო მისი გაუჩინარების ამბავი?

- გაიგო და ახლა საზღვარგარეთ მის წასვლაზე ლაპარაკობენ. ადგილობრივი პოლიციის ერთმა თანამშრომელმა თქვა, გიორგი აქციის მერე გურჯაანში ვნახე, საბუთების შეგროვებას და საზღვარგარეთ წასვლას გეგმავდაო. მოსახლეობას ეს დაუჯერებლად ეჩვენება, გიორგი 26 მაისის მერე აღარავის უნახავს და როგორ მოხდა, რომ მხოლოდ  პოლიციელმა ნახა? გიორგის დედ-მამა თურქეთში ჰყავს, სადაც ბოლო დროს წასვლას აპირებდა, მაგრამ დედას დაუშლია, ივნისში ჩვენ ვაპირებთ ჩამოსვლასო. ნათესავებსაც დაუჯერებლად ეჩვენებათ თურქეთში გიორგის წასვლა".

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა მცხეთასთან ოთხი ხელბორკილდადებული ცხედრის გამორიყვის შესახებ. საინფორმაციო სააგენტო "საქინფორმს" ეს ამბავი უცნობმა პირებმა შეატყობინეს.

"კვირის პალიტრა" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დაუკავშირდა.

მიშა ღოღაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელი, იურისტი: "სამწუხაროდ, ყველა ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია. ოთხი ცხედრის გამორიყვის ამბავი ჩვენც ჭორად გავიგეთ, მაგრამ მისი ნამდვილობის შემოწმება ჩვენს ძალას აღემატება. Aამისთვის ან დაზარალებულმა მხარემ უნდა მოგვმართოს, ან მამხილებელი ვიდეო, თუნდაც ფოტოფაქტი უნდა გვქონდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი კომენტარს არ აკეთებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამინისტრომ ამ საქმის გამოძიება დაიწყო, კანონით უფლება აქვს, არ გაახმაუროს ინფორმაცია დაღუპულებზე. ეს მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული".