მაია ბუწაშვილი: "როცა ყველა რესტორანი მუშაობს, ტრანსპორტი და სკოლა რატომ მიიჩნევა სიტუაციის გაუარესების მთავარ წყაროდ?" - კვირის პალიტრა

მაია ბუწაშვილი: "როცა ყველა რესტორანი მუშაობს, ტრანსპორტი და სკოლა რატომ მიიჩნევა სიტუაციის გაუარესების მთავარ წყაროდ?"

მოსალოდნელია, რომ შემოდგომის მეორე ნახევარში შემთხვევების რაოდენობამ ისევ იმატოს

რა არის ამ დროისათვის ცნობილი მიუ შტამის შესახებ? გვესაუბრება ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

- როგორც ვხედავთ, კორონავირუსი მუტაციური ბუნებით გამოირჩევა, არადა, თავიდან თითქოს უფრო სტაბილური ჩანდა. ბოლო დროს ზედიზედ გაჩნდა ახალი შტამები. ახლა მიუ შტამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება. ჯერჯერობით იმაზე ლაპარაკი, კლინიკურად როგორ მიმდინარეობს და ახასიათებს თუ არა უფრო მაღალი ლეტალობა, ნაადრევია, თუმცა ყველა მუტაციური შტამის თავისებურება ის არის, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინამორბედები. ეს მუტაციური შტამები არის ვირუსის მცდელობა, უკეთ მოერგოს ვაქცინებს, რათა თავი გადაირჩინოს. მიუ შტამთან დაკავშირებითაც ვაქცინების ეფექტიანობის პროცენტული მაჩვენებელი ჯერ არ გვაქვს, თუმცა დელტას შემთხვევაში ვნახეთ, რომ ვაქცინები შედარებით ნაკლებად ეფექტიანი იყო, ვიდრე წინამორბედ შტამებზე... დელტას სულ რამდენიმე თვე დასჭირდა, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელებულიყო. მიუ ჯერჯერობით ასე სწრაფად არ ვრცელდება, თუმცა უკვე რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდა და მისი ტემპის პროგნოზირება რთულია.

- მეხუთე ტალღა გარდაუვალია? - მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობამ ისევ იმატოს, თუმცა ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია.

მთავარია, ყველაზე უარესი სცენარისთვის ვიყოთ მზად როგორც მოსახლეობა, ისე ჯანდაცვის სტრუქტურები და, რაც მთავარია, ჰოსპიტალური სექტორი, რადგან გამორიცხული არაფერია.

- როცა მეხუთე ტალღაზე ლაპარაკობთ, დაახლოებით რა პერიოდს გულისხმობთ?

- შემოდგომის მეორე ნახევარს. ახლა შემთხვევათა კლების ტენდენცია შეინიშნება და იმედი ვიქონიოთ, რომ ამ სურათს შევინარჩუნებთ, მაგრამ ყურადღების მოდუნება ყოველთვის ცუდად შემოგვიტრიალდება ხოლმე.

- ამ დროს ხომ სხვა რესპირაციული ვირუსებიც აქტიურდება?

- შარშან გრიპის სეზონი ისეთი მტკივნეული არ აღმოჩნდა, თუმცა წინასწარ მშვიდად ყოფნა არ შეიძლება, რადგან სეზონური გრიპიც ყოველთვის ძალიან ბევრ პრობლემას გვიქმნიდა. გრიპის საწინააღმდეგო აცრაც მასობრივად უნდა დაიწყოს, რომ სეზონური ვირუსების პრობლემაც არ დაგვემატოს. ზამთრის სეზონზე გრიპთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც იმატებს ხოლმე და "კოვიდის" პერიოდში ეს ზედმეტი ტვირთი იქნება.

- ორსულებს დელტა შტამმა განსაკუთრებულად შეუტია. რა იყო ამის მიზეზი და რატომ მთავრდება ზოგჯერ ეს შემთხვევები გარდაცვალებით? - ორსულები H1N1-ის დროსაც განსაკუთრებით დაზარალდნენ. ჩვენ გვახსოვს, ერთ ზამთარს H1N1-ით რამდენიმე ორსული დაგვეღუპა. ორსულები მგრძნობიარეები არიან ასეთი ინფექციების მიმართ და ამიტომ განსაკუთრებულად უნდა დავიცვათ. მათი აცრა აუცილებელია.

- შეიძლება თუ არა პირველ და მეორე დოზაზე სხვადასხვა ვაქცინით აცრა? - ასეთი კვლევები ჩატარდა მხოლოდ "ასტრაზენეკას", "ფაიზერისა" და "მოდერნას" კომბინაციების შემთხვევაში. ჩინური ვაქცინებისა და "ფაიზერის"კომბინაცია ჯერ შესწავლილი არ არის.

- სწავლის დაწყება და ტრანსპორტის ამოქმედება ხომ არ მოახდენს გავლენას ეპიდსიტუაციაზე? - მე ორივეს ვემხრობი შესაბამისი სიფრთხილის ზომებისა და რეგულაციების დაცვით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამ ორ ფაქტორზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. როცა ყველა რესტორანი და ბარი მუშაობს, სადაც პირბადეს ვერ გამოიყენებ, გაუგებარია, მაინცდამაინც ტრანსპორტი და სკოლა რატომ მიიჩნევა სიტუაციის გაუარესების მთავარ წყაროდ.