"ყოველდღე რეანიმაციული განყოფილებიდან ჯოჯოხეთური ხმები გვესმის" - კვირის პალიტრა

"ყოველდღე რეანიმაციული განყოფილებიდან ჯოჯოხეთური ხმები გვესმის"

"ვინც ამბობს, რომ არ აიცრება, "გაურკვეველი შემადგენლობის ვაქცინას" არ გაიკეთებს, ან ჩხვლეტის ეშინია, მინდა წუთით შევახედო რუხის კლინიკის რეანიმაციაში..."

უხის კოვიდკლინიკაში უმძიმესი ვითარებაა, რაც უმეტესწილად ჩვენი მოსახლეობის ნაწილის დაუდევრობის, რეგულაციების დაუცველობისა და აცრაზე უარის თქმის შედეგია. რუხის კოვიდკლინიკის ექიმი, რომელმაც მიზეზთა გამო ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, იქ არსებულ ვითარებაზე გვიამბობს.

- ინფიცირებულ პაციენტებთან მას შემდეგ ვმუშაობ, რაც ეს ვირუსი გაჩნდა. კორონავირუსის პირველი ტალღის დროს მძიმე დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ახლანდელთან რა მოსატანია. მაშინ სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალი იყო, ძირითადად, უფროს თაობას უტევდა, მაგრამ დროული და სწორი მკურნალობით მათი გადარჩენის შესაძლებლობაც გვქონდა. ახლა ნამდვილი ჯოჯოხეთია...

ოკუპირებული აფხაზეთიდანაც გადმოჰყავთ დამძიმებული პაციენტები, რომელთაც ხშირად თანმხლები დაავადებები აქვთ. გალის რაიონის გარდა, სხვა ქალაქებიდანაც მოჰყავთ. ბევრმა ქართული არ იცის, მაგრამ როგორღაც ახერხებს თქმას, მიშველეთ, გადამარჩინეთო. პაციენტს ეროვნება არა აქვს, მაგრამ ისინი უფრო სასოწარკვეთილი არიან, სულ ეშინიათ, რომ შეიძლება მათთვის ადგილი არ იყოს და უკან დააბრუნონ. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, დამძიმებული პაციენტის მართვა და გადარჩენა ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია. გალელების ნაწილი ჯერ გალში ცდილობს იმკურნალოს. როდესაც ვერაფერს გახდებიან, მერე აქეთ გადმოჰყავთ.

- ბავშვებში როგორი ვითარებაა? - ჩვენთან რამდენიმე ათეული ბავშვი მკურნალობს. პატარა იმედი ის არის, რომ ბავშვებში უმეტესად შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ჩვენს კლინიკაში სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა.

სამოქალაქო თვითშეგნება, სოციალური პასუხისმგებლობა ისევ დაბალია და ამის შედეგებს ყოველდღე ვიმკით. ჩვილებთან მნახველების არმიას ვირუსიც ვერ აჩერებს. არც ხალხმრავალი წვეულებები შეწყვეტილა, სადაც დედებს ბავშვები მიჰყავთ, ან ბავშვებიან ოჯახში მართავენ ქეიფებს. სტუმრები და მასპინძლები პირბადის გარეშე იკრიბებიან.

ერთი თვის ბავშვი იწვა ჩვენს განყოფილებაში. დედამისი ძალიან განიცდიდა, ამბობდა, ოღონდ ახლა გამოვძვრეთ და მაშინვე ავიცრები, ოჯახის წევრებსაც ვაიძულებო...

ყოველი წვეულება თუ ხალხმრავალი შეკრება ვიღაცის ინფიცირებით მთავრდება, მაგრამ ეს სხვებისთვის გაკვეთილი მაინც ვერ გახდა. ყველა ინფიცირებული, ვინც ახლა სიკვდილს ებრძვის, აუცრელია. ახლა კი ნანობენ, რომ ვიღაცას დაუჯერეს, ფიქრობდნენ, რომ თუ დაინფიცირდებოდნენ, მაინც გადაიტანდნენ.

- ეს ეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოყვანილებსაც?

- დიახ, იქ ხომ მხოლოდ რუსული "სპუტნიკია", რომელიც შესაძლოა სულაც არ არის უშედეგო, მაგრამ ხალხი არ ენდობა. თითქმის ყველა პაციენტი ოკუპირებული რეგიონიდან დამძიმებული იყო, რადგან დელტა-ვარიანტის დროს სწრაფად ჩარევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას წინათ, 38 წლის კაცი მოგვიყვანეს, თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა, მაგრამ გარდაიცვალა, ვინაიდან მისი გადმოყვანა დააგვიანეს. ისეთი შემთხვევაც არის, დამძიმებული გადმოჰყავთ, ტირის, მე კი მიშველით, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებიდან ზოგი სოხუმში წევს, ზოგი გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში, რა ბედი ეწევა, არავინ იცისო.

დელტა-ვარიანტი იმდენად სწრაფად განიცდის მუტაციას, პაციენტის მდგომარეობის პროგნოზი ზოგჯერ შეუძლებელია. არ ცნობს ასაკს, ერთნაირად ერჩის ყველას.

ახლა 13 წლის გოგონას გადასარჩენად ვიბრძვით. ჭარბი წონა აქვს, თუმცა სხვა მხრივ ჯანმრთელია. ჟანგბადის აპარატს არ იჩერებდა, მის მოგლეჯას ცდილობდა და ამიტომ მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ.

ბოლო თვე-ნახევარია ყოველდღე რეანიმაციული განყოფილებიდან ჯოჯოხეთური ხმები გვესმის. ადამიანები იხვეწებიან, ვიგუდები და გვიშველეთო. მედპერსონალშიც არის ინფიცირების ფაქტები, მსუბუქი ფორმით, მაგრამ მაინც. არადა, ისედაც ცოტა გვყავს და რამდენიმე დღის განმავლობაში მორიგეობა გვიწევს. ზედიზედ სამ დღესაც ვყოფილვარ მორიგე. მორიგე ექიმები წყლის ან ყავის დასალევად რომ გამოვდივართ, რამდენიმე ადამიანის მუდარით სავსე თვალები მოგვყვება, ხომ მალე დაბრუნდებითო?..

მსუბუქი პაციენტი სრულიად მოულოდნელად შეიძლება დამძიმდეს, რის ფონზეც ზოგჯერ არაადეკვატური ქცევა ეწყებათ. როდესაც ტვინს ჟანგბადი ხანგრძლივად არ მიეწოდება, ენცეფალოპათია ვითარდება. პაციენტები ხშირად თავს ვეღარ აკონტროლებენ, ზოგი ვეღარ უძლებს ამ ჯოჯოხეთს და გვთხოვს, შემეშვით, ადგილს ნუ კარგავთ, იქნებ ვინმე პატარას დახმარება უფრო სჭირდებაო. ასეთ დროს მათი მარტო დატოვება წუთითაც არ შეიძლება. ექიმები, ექთანები და სანიტრები მორიგეობით ცალი ხელით ვაკავებთ, რომ აპარატმა შეუფერხებლად იმუშაოს, მეორით კი საწოლზე ვაჩერებთ, რომ არ გადმოვარდეს. დამძიმებული დელტა-შტამის დროს ენცეფალოპათია პაციენტს ნერვულ სისტემას უზიანებს. ზოგჯერ ორი-სამი დღის განმავლობაში შეშლილივით ღრიალებენ.

გადაბმული მორიგეობის შემდეგ შინ რამდენიმე ღამის უძილო, დაქანცული და პაციენტებისგან ბრძოლით დალილავებული ვბრუნდები და ვიცი, რომ მეორე დღეს უარეს რეალობაში მომიწევს დაბრუნება.

- ასეთი პაციენტების გამოკეთების შესაძლებლობა არსებობს? - დელტა იმდენად უცნაური შტამია, ვერ გაიგებ, ვის როგორ მიუბრუნდება. შესაძლოა რაღაც გართულება დატოვოს, მაგრამ არაერთი გამოჯანმრთელებული გვყავს. ენცეფალოპათიით დამძიმებული პაციენტებიც გამოკეთებულან, მაგრამ არაფერი ახსოვთ.

ვინც ამბობს, რომ არ აიცრება, "გაურკვეველი შემადგენლობის ვაქცინას" არ გაიკეთებს, ან ჩხვლეტის ეშინია, მინდა წუთით შევახედო რუხის კლინიკის რეანიმაციაში. ვიდეოფირზე შეიძლება თქვან, მონტაჟიაო. ამ ყველაფერს ახლობლებს ვუყვები, რათა ის კერკეტი კაკლებიც დაფიქრდნენ, რამხელა საფრთხეს უქმნიან თავიანთი ეჭვიანი დამოკიდებულებით გარშემო მყოფებს. კარგი იქნება, თუ აცრა სავალდებულო გახდება. ახლა გადარჩენის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.