"მას აქვს ისეთი მუტაციები, რომ შეიძლება შემაშფოთებელ ვარიანტად იქცეს" - რა ვიცით მიუ შტამზე და ვის და როდის შეიძლება დასჭირდეს კიდევ ერთი აცრა - კვირის პალიტრა

"მას აქვს ისეთი მუტაციები, რომ შეიძლება შემაშფოთებელ ვარიანტად იქცეს" - რა ვიცით მიუ შტამზე და ვის და როდის შეიძლება დასჭირდეს კიდევ ერთი აცრა

ეპიდსიტუაციასა და ვაქცინაციის პროცესის თავისებურებებზე "კვირის პალიტრას" დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ესაუბრა.

- სიტუაცია ოდნავ დასტაბილურდა, დამატებითმა შეზღუდვებმა თავისი როლი ითამაშა, მაგრამ ერთდროულად 32 ათასი ავადმყოფია. თუმცა აგვისტოს განმავლობაში ერთდროულად 60 ათასზე მეტი გვყავდა.

- ანუ განახევრდა. - განახევრდა, მაგრამ სამედიცინო სექტორზე დატვირთვა მაინც ძალიან დიდია.

- გარდაცვლილების რაოდენობაზე რას გვეტყვით? - გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა 2-3 კვირით ჩამორჩება ხოლმე დაავადების პიკს. ახლა ნელ-ნელა მოიკლებს, მაგრამ მაინც ძალიან ბევრია. აცრებზე იმიტომ ვლაპარაკობთ ამდენს, რომ არის ქვეყნები, სადაც ავადობა ჩვენზე მეტია, მაგრამ ჩვენზე 25-ჯერ ნაკლები ადამიანი იღუპება, რადგან იქ მოსახლეობის უმრავლესობა უკვე აცრილია.

- ჩვენ რა პერიოდი გვჭირდება, რომ აცრის მაჩვენებელი 60%-მდე გავზარდოთ? - მთელი აგვისტოს მანძილზე დღეში 25 ათასი ადამიანი იცრებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, პირველმა დოზებმა იკლო, არადა, სისტემას შეუძლია ასაცრელად დღეში 40 ათასამდე ადამიანი მიიღოს.

- რა ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ მეტი ადამიანი აიცრას? - სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. ყველაზე პოპულარული ექიმები დავდივართ მთელ საქართველოში, პირველი ამოცანა პედაგოგების აცრაა, რომ სასწავლო პროცესი დაიწყოს და სკოლა იყოს უსაფრთხო. ახლახან კახეთში შევხვდით პედაგოგებს და ბევრი იქვე აიცრა. დანარჩენებმა თქვეს, რომ აუცილებლად აიცრებიან. გვაქვს ყოველდღიური ონლაინშეხვედრებიც, ხანდახან - დღეში 2-ჯერაც. მე ონლაინ შევხვდი ფეხბურთის ფედერაციის, მათ შორის, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს. ყველა კითხვას პასუხი გავეცით. ვცდილობთ, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნათ, რა სასიკეთოა აცრა თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის.

მოგეხსენებათ, ახლა მთელ მსოფლიოში დელტა შტამი ბატონობს, რომლის გადადების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და ის იპოვის ყველას, ვისაც იმუნიტეტი არ აქვს...

- სანამ მთელი მოსახლეობა პირველად აიცრება, შეიძლება დიდი ხნის წინ აცრილებს იმუნიტეტი შეუსუსტდეთ და ხელმეორედ ასაცრელები გახდნენ? - ამაზე ლაპარაკი ადრეა, ჯერჯერობით კვლევები მიმდინარეობს. ზოგიერთი კვლევით, 8 თვის მერე მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფს შეიძლება კიდევ ერთხელ დასჭირდეს აცრა - ლაპარაკია, ძირითადად, იმ ადამიანებზე, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო სუსტად გამოიმუშავებენ იმუნიტეტს. ზოგიერთ ქვეყანაში დაიწყეს კიდეც კონკრეტული ჯგუფების მესამედ აცრა, მაგრამ ჯერ მთავარია, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ორჯერ იყოს აცრილი.

- მსოფლიოში აცრილების რამდენი პროცენტი გარდაიცვალა, ვიცით? - ყველაზე მასშტაბური მონაცემები ამერიკელებს აქვთ და იქ ეს მაჩვენებელი არის 0,01%. არის ქვეყნები, სადაც ეს მაჩვენებელი 2%-ია აუცრელებში.

- თურქეთში უკვე დადასტურდა მიუ შტამის ორი შემთხვევა... - დიახ, ასეა... ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს ვირუსების ვარიანტების კლასიფიკაცია. ამ კლასიფიკაციით დღეისათვის არის ოთხი ვარიანტი: ალფა, ბეტა, გამა და დელტა, რომლებიც ითვლება შემაშფოთებელ ვარიანტებად. არის სხვა ვარიანტებიც, რომლებიც ინტერესის საგანია და ასეთი მხოლოდ მიუ არ არის, ასეთია ეტა, იოტა, კაპა, ლამბდა... მიუ ახალი არ არის, პირველად ის კოლუმბიაში აღმოჩნდა ამა წლის იანვარში და უკვე 40-მდე ქვეყანაში დადასტურდა, მაგრამ ჯერჯერობით ფართოდ არ გავრცელებულა, ამიტომ ის არ შედის შემაშფოთებელი ვარიანტების ჯგუფში. მაგალითად, აშშ-ში შემთხვევების 0,01%-ია დადასტურებული, მაგრამ ამ შტამს აქვს ისეთი მუტაციები, რომ შეიძლება ისიც იქცეს შემაშფოთებელ ვარიანტად. ახლა ის ყველაზე დიდი ინტერესის საგანია, რადგან ჯერჯერობით არ გამოირჩევა გადამდებლობით, გავრცელების სისწრაფით, მაგრამ აქვს ისეთი მუტაციები, რომლებიც შესაძლოა ვაქცინას დაუძვრეს, რაც ძალიან ცუდი იქნება. ეს არის საშიში, თორემ ნებისმიერ ორგანიზმში გამრავლების პროცესში მუტაცია მუდმივად ხდება. მათგან ზოგიერთი საყურადღებო არ იქნება, მაგრამ ზოგიერთმა შეიძლება ვირუსს შესძინოს უფრო სწრაფად გავრცელების უნარი, ან უფრო პათოგენური გახდეს. თუმცა, არ არის გამორიცხული, პირიქით, ვირუსი ნაკლებად პათოგენურიც გახდეს, ანუ უფრო სუსტი დაავადება გამოიწვიოს.

დედამიწაზე რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება აცრილი, მით ნაკლები ვარიანტი გაჩნდება. მათთვის ნოყიერი ნიადაგია ისეთი ორგანიზმი, რომელსაც იმუნიტეტი არ აქვს. სწორედ იქ გაილაღებს და შეიძლება ახალ-ახალი ვარიანტებიც წარმოიქმნას.

- მომდევნო წელიც დაძაბული გვექნება? - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანი იქნება აცრილი არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ დედამიწაზე.

- გარდა ვაქცინებისა, ტალღების სიძლიერე რაზეა დამოკიდებული? - დელტა უფრო ადვილად გადამდები რომ გახდა, ძალიან სწრაფად დაიწყო აუცრელების მოძებნა. თუ პირველი ვარიანტი ერთი კაციდან ორს გადაედებოდა, ეს ერთი კაციდან რვა-ცხრას გადაედება. თუ კიდევ შეიცვალა, მაშინ შეიძლება უფრო გადამდები გახდეს. აი, ეს არის ვირუსების თავისებურება. გრიპის ვირუსიც ხომ სულ იცვლება... ვაქცინების მწარმოებლები უკვე მუშაობენ ახალი შესაძლო ვარიანტების საწინააღმდეგო ვაქცინებზე.