"სახლი", რომელმაც გადაარჩინა მშვიდობა - კვირის პალიტრა

"სახლი", რომელმაც გადაარჩინა მშვიდობა

პოლონელმა რეჟისორებმა - დოროთა პეტრუსიმ და ბოგდან ლეჟნარმა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გადაიღეს ფილმი სახელწოდებით "სახლი". იგი უფრო დოკუმენტური ფილმია, ვიდრე - მხატვრული და გვიამბობს გორიდან დაბომბვისას გაქცეული ადამიანების შესახებ, რომლებიც  ბედმა სოფელ ბობნევში ოსი ქალის, თალიკო ქერდიყოშვილის ოჯახში მიიყვანა. ქალს დიდი სახლი, მაგრამ კიდევ უფრო დიდი გული აქვს, რომელშიც სიძულვილისა და ბოროტების ადგილი არ არის.

ის იფარებს 60 ადამიანს და დაუმადლებლად უყოფს ლუკმას. უკიდურეს გაჭირვებაში ყველა ერთად ცდილობს გამოსავლის პოვნას. ეს არის ფილმი ომის შესახებ, სადაც ომი არ ჩანს სისხლით, ცეცხლით, ტყვიით, მაგრამ ჩანს თითოეული ადამიანის გამოხედვასა და საქციელში. ფილმს ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს სენეკა-უმცროსის სიტყვები: "ომზე უფრო საშიში ომის შიშია." ფილმიც სწორედ ამ შიშს ეხება.

გრძნობას, რომელიც უმართავს ხდის ადამიანის ინსტინქტებს, თუმცა, სხვადასხვა  ეროვნების უიარაღო ადამიანებს არა მხოლოდ საკუთარი თავის, ერთმანეთის გადარჩენისკენაც უბიძგებს. აქ არ არჩევენ მტერსა და მოყვარეს, აქ ყველას მხოლოდ ერთი რამ სურს - მშვიდობა!  "სახლის" გადაღებისთვის არ დახარჯულა კოლოსალური თანხა, არც ყველაზე ცნობილი მსახიობების მოწვევაზე უზრუნიათ ფილმის რეჟისორებს.

თითოეული პერსონაჟი თავის თავს თამაშობს. ფილმი ორი ნაწილისგან შედგება და გამოყენებულია პოლონელების ქართველი რძლის, მანანა ცუცქირიძის გადაღებული კადრები. მანანა თავის უმცროს ქალიშვილთან და მოხუც მშობლებთან ერთად გორიდან გაქცევის შემდეგ მოხვდა "ჯადოსნურ სახლში". ფრაგმენტში, როდესაც ხალხი ამ სახლიდანაც გარბის, მანანა ამბობს, რომ ეს კადრები უნდა აჩვენოს მსოფლიოს. განწირულები აღთქმას დებენ, რომ თუ გადარჩებიან, ერთი წლის შემდეგ ისევ ეწვევიან მხსნელის ოჯახს. წლისთავზე მანანა პოლონელ რეჟისორებთან ერთად ბრუნდება ბობნევში და იწყება ფილმის მეორე, ანუ მხატვრული ნაწილის გადაღება. თუმცა რეჟისორებს აქაც არჩევანი ნატურალიზმზე შეუჩერებიათ. მათ გადაიღეს ომგადახდილების ცხოვრება ყოველგვარი დადგმის გარეშე.

KvirisPalitra.Geმანანა ცუცქირიძე-გრომერტი: "საქართველოში ჩამოსვლისას თან მაქვს ვიდეოკამერა და ოჯახისთვის ვიღებ სამახსოვრო კადრებს. ომის დროსაც ხელიდან არ გამიგდია იგი. თუმცა, არც მიფიქრია, რომ რასაც გადავიღებდი, ფილმად იქცეოდა. პოლონეთში დაბრუნების შემდეგ ჩანაწერები მეგობარ ისტორიკოსს ვაჩვენე. მაშინ გაჩნდა იდეა, რომ შეიძლებოდა დოკუმენტური ფილმის გადაღება. ასეც მოხდა, როდესაც რეჟისორმა დოროთა პეტრუსიმ იხილა ჩვენი ტრაგედია. ფილმის მზადების პროცესში მხოლოდ ერთი სურვილი გვამოძრავებდა - ეს ყველაფერი მაყურებელს არ აღექვა, როგორც ერთი ადამიანის ან ოჯახის თავგადასავალი. მინდოდა მსოფლიოსთვის მეთქვა, როგორ ვცხოვრობდით ერთად სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ომის დროს.

სამწუხაროდ, ფილმში არ შევიდა ერთი, ჩემი აზრით, უნიკალური კადრი. შიშის და საკვების უქონლობის გამო დავბრმავდით. ჩემს ქალიშვილს და მშობლებს ჩემსავით თვალები ეხუჭებოდათ, ვეღარ ვახელდით, ვერაფერს ვხედავდით. მასპინძელმა თქვა, რომ ასეთ დროს საუკეთესო წამალი დედის რძეა. ამის გაგონების შემდეგ ჩვენ შორის მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდა რუსი ქალი, რომელსაც წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავდა, თითქმის რძეგამშრალი, საკუთარ პირმშოს აკლებდა ისედაც მცირე საჭმელს და ჩვენ გვაძლევდა წამლად, რათა თვალისჩინი დაგვბრუნებოდა. "მანანა, შენ უნდა ხედავდე, რომ ეს ყველაფერი გადაიღო", - მითხრა მან. მე ხელები მიკანკალებდა, რადგან ლუკმას ვართმევდი ჩვილს, რომლის გადასარჩენად ყველანი მზად ვიყავით.

ეს არის ფილმი სიყვარულისა და ომის შესახებ, რომელიც ანგრევს ადამიანის ფსიქიკას. ჩემი დის ქმარი, რომელიც ფილმში უმისამართოდ გარბის, შიშისგან დაავადდა და ზუსტად ომის  წლისთავზე გარდაიცვალა. ასევე გარდაიცვალა მოხუცი მასპინძელი ქალი, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი. მისი ჩასასვენებელი დაჩრჩილული და თითქმის დამპალი ფიცრებისგან შეკრეს ბიჭებმა."

"სახლი" უკვე წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო კინოფესტივალებში. პირველი ჩვენება პოლონეთში გაიმართა. პოლონელმა მაყურებელმა და კინოკრიტიკოსებმა დოროთა პეტრუსის და ბოგდან ლეჟნარის ფილმი კუსტურიცას ნამუშევრებს შეადარეს. მიუხედავად იმისა, რომ "აგვისტოს ხუთი დღის" მასშტაბის პრემიერა არ ჰქონია, ფილმი კარგად მიიღო ქართველმა მაყურებელმაც.

ბოგდან ლეჟნარი (ფილმის რეჟისორი): "დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდით ფილმის სახელწოდებას. ბოლოს შევჩერდით "სახლზე", რადგან ამ სიტყვას ძალიან ბევრ ენაზე არ აქვს მხოლოდ ერთი ოჯახის თავშესაფრის მნიშვნელობა - ეს არის ადამიანთა ერთობის თავშესაფარი. ფილმში განგებ არ გვაქვს მითითებული გეოგრაფიული სახელები. გვსურდა,  ყველასთვის მისაღები და გასაგები ყოფილიყო პრობლემა - ეს  შესაძლოა, ყველას დაემართოს".

დოროთა პეტრუსი (ფილმის რეჟისორი): - "დაემთხვა ისიც, რომ "აგვისტოს ხუთი დღის" პრემიერის შემდეგ მალევე ჩვენ წარვდექით ქართველი მაყურებლის წინაშე. ჩვენ კარგა ხნის წინ გვქონდა განსაზღვრული, რომ ამ დროისთვის ჩამოვიდოდით საქართველოში. ამიტომაც, იმ ფაქტმა, რომ რენე ჰარლინის ფილმის პრეზენტაცია იმართებოდა, უკვე დანიშნული თარიღი  ვერ შეგვაცვლევინა. ამასთან, ამერიკელების მსგავსი ამბიციებიც არ გვაქვს. ეს ორი ფილმი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენს ფილმს არ ადარებენ ამერიკულ თრილერებს და ბლოკბასტერებს, არამედ ადარებენ კუსტურიცას ფილმებს, სადაც უფრო მეტი ნატურალიზმია."

მეგი ბიბილური, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართლოსის" ხელმძღვანელი და ფილმის პრეზენტაციის ორგანიზატორი: "რადგან ვარშავაში პირველად ფილმი უნივერსიტეტში აჩვენეს,  გადავწყვიტეთ, ამჯერადაც უნივერსიტეტში მოგვეწყო მისი ჩვენება. პირველად ფილმი წარდგენილი იყო გორის უნივერსიტეტში, შემდეგ - თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენლობაა გახსნილი. სწორედ მათთან თანამშრომლობით გაიმართა პრეზენტაცია. ფილმი ვაჩვენეთ ბათუმში, სადაც ამ ომის შესახებ ბევრი არაფერი იციან.

საქართველოში ჩამოსვლამდე რეჟისორებს სურდათ, ფილმი გასულიყო ტელევიზიით, ამის შესახებ მიმოწერაც ჰქონდათ კულტურის სამინისტროსთან, იყო შეთანხმება, რომ მათ ჩამოსვლას ორგანიზებას გაუკეთებდნენ, მაგრამ უცებ გაწყდა ეს კავშირი. მიზეზი უცნობია. რეჟისორებმა მანამდე გაუგზავნეს ფილმი ქალბატონ სანდრა რულოვსს. მიიღეს პასუხიც, რომ ძალიან საინტერესო ფილმია და კარგი იქნებოდა ტელევიზიით მისი ჩვენება, თუმცა, ჩემთვის დაუდგენელი მიზეზების გამო, ეს არ მოხერხდა".

სავარაუდოდ, "სახლის" მიმართ ხელისუფლების გულგრილობა ერთმა ფაქტმა განაპირობა:  კადრებში ჩანს ორი ჯარისკაცი, რომლებიც ამბობენ, რომ მეთაურებმა მიატოვეს და თავშესაფარს ეძებენ. თუმცა, მაყურებლის აზრით, ფილმიდან გამახსოვრდება არა ჯარისკაცების ამბავი, არამედ ის, რომ შესაძლოა, მსგავსი ტრაგედია მოხდეს  ყველგან, თუ ადამიანები  ერთმანეთს არ გავუფრთხილდებით და არ შევიგნებთ, რომ ომი არ არის პრობლემის გადაჭრის საშუალება.