"ახლა ჩემს გინებას დაიწყებენ" - როგორ გახდა მიშო გრძელიშვილი "გიორგი გახარია" - კვირის პალიტრა

"ახლა ჩემს გინებას დაიწყებენ" - როგორ გახდა მიშო გრძელიშვილი "გიორგი გახარია"

მიშო გრძელიშვილმა პაროდიის ნიჭი საკუთარ თავში ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოაჩინა. მაშინ უმეტესად მასწავლებლებისა და მეგობრების პაროდიებს აკეთებდა. მისი ინტერესების სფერო მრავალმხრივია - სწავლობს მუსიკალურ ათწლედში, თამაშობს კალათბურთს, წელს სტუდენტი გახდა, მომავალ პროფესიად დიპლომატობა აირჩია. ამ ინტერესებთან ერთად, მუდამ თან სდევდა სურვილი, მსახიობი გამოსულიყო, ახლახან ეს სურვილიც აიხდინა: "კომედი შოუსგან" შეთავაზება მიიღო, რომ მათი გუნდის წევრი გამხდარიყო. მაყურებელმა ის გიორგი გახარიას პაროდიით გაიცნო.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მუსიკოსი გახლავართ, კალათბურთს ვთამაშობ. მე და თიკო ბულია "კომედი შოუს" ასაკით ყველაზე პატარა წევრები ვართ. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მე და თამარ ჩერგოლეიშვილმა "ტიკ-ტოკისთვის" ტრენდი გადავიღეთ. ეს "ფორმულას" მენეჯერებს უნახავთ და "კომედი ჯგუფის" ხელმძღვანელი, ალეკო მალხაზიშვილი დამიკავშირდა..."

"ყველანი ტაშით შემხვდნენ, როგორც ახალ წევრს და ძალიან, ძალიან მალე გავშინაურდი. მეგობრული, შეკრული გუნდია. ისეთები არიან, ურთიერთობისას მცირე დისკომფორტსაც რომ არ იგრძნობ..."

"გახარიას გარდა, გიგა ბოკერიას და ირაკლი კობახიძის პაროდიებსაც ვაკეთებ. პაროდია ისეთი რამ არის, ამის ნიჭი ან გაქვს, ან - არა. მხოლოდ ვარჯიშით შედეგს ვერ მიაღწევ... ბოკერიას პაროდიაზე თვითონ გიგა და თამარი რას მეუბნებიან? მოსწონთ. ჩვენ სამივეს კარგი ურთიერთობა გვაქვს, ამ თემაზე მე და გიგა ერთად ხშირად ვხალისობთ..."

"ბრიფინგებს რომ ვუყურებდი, გახარიას მანერებს, ხმის ტემბრს ვიჭერდი, პირველსავე ცდაზე გამომივიდა. თამარ ჩერგოლეიშვილმა შემიქო და ვიდეო ჩავწერე... მე არც "კავეენის" სკოლა გამივლია, არც რაიმე გამოცდილება მაქვს. მაყურებლების უმრავლესობა არ იჯერებს, რომ მსახიობი არა ვარ; არც ის სჯერათ, რომ 18 წლის გახლავართ..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 16 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე