"საჭმელი რომ არ გვყოფნიდა, ლოგინში პურის ნამცეცებს ვეძებდითო" - ოთხი ობოლის ემოციური ამბავი - კვირის პალიტრა

"საჭმელი რომ არ გვყოფნიდა, ლოგინში პურის ნამცეცებს ვეძებდითო" - ოთხი ობოლის ემოციური ამბავი

ქალბატონი ნონა ბარიშვილი წლების წინ თბილისში გამართულ ხელნაკეთი ნივთების გამოფენაზე გავიცანი. ამჯერად ის იტალიაში იმყოფება, სადაც ფერარაში, ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობს. მრავალი წელია, ჯერ მისი მშობლები და შემდეგ - თავად, ბავშვთა სახლიდან გაშვილებულ დეიდებს ეძებენ, მაგრამ - უშედეგოდ. დღეს ქალბატონი ნინა გრებნიოვა 77 წლისაა და წლების წინ დაკარგული დების პოვნის იმედი არ დაუკარგავს. მისი შვილის, ქალბატონი ნონას თხოვნაა, თუკი ვინმე ქვემოთ მოთხრობილ ამბავზე რაიმე ინფორმაციას ფლობს, "ფეისბუკზე" შეეხმიანოს, სადაც თავისი გვარ-სახელით არის დარეგისტრირებული.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ომის შემდგომ წლებში, ბაბუაჩემი, ივანე გრებნიოვი მისი ოჯახით, რუსეთიდან საქართველოში გზების ასაშენებლად გამოგზავნეს. მას მეუღლე ევდოკია, 3 და 2 წლის შვილები - ვლადიმერი და ნინა (დედაჩემი) ჰყავდა. სვანეთში მათ კიდევ 2 გოგონა შეეძინათ. ბაბუა სამთო ინჟინერი იყო და ერთ უბედურ დღეს, გზის გასაყვანად წარმოებული სამუშაოების დროს, კლდის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ოთხი თვის შემდეგ ბებია ინფარქტით გარდაიცვალა. ოთხი ბავშვი მშობლების გარეშე დარჩა: ვლადიმერი 8 წლის იყო, ნინა 7-ის, ნადეჟდა 3-ის, ხოლო ეკატერინე - 10 თვის..."

ნინა გრებნიოვა

"ომის შემდგომი პერიოდი იყო და ცხოვრება ძალიან ჭირდა. სოფელმა ბავშვები ბავშვთა სახლში ჩააბარა (ბიძაჩემი და დედა - ქუთაისის ბავშვთა სახლში, ხოლო პატარები - ჩვილ ბავშვთა სახლში). რამდენიმე თვის განმავლობაში უფროსი და-ძმა უმცროსების მოსანახულებლად ხშირად დადიოდნენ, აღმზრდელს მიჰყავდათ, მაგრამ ერთ დღესაც მათ პატარები აღარ ანახვეს - სავარაუდოდ, ისინი უკვე გაშვილებულები იყვნენ..."

"ერთ-ერთ დას დუნდულზე ხალი ჰქონია. მხოლოდ ეს ვიცი. გამორიცხული არ არის, რომ მათ სახელებიც შეცვლილი ჰქონდეთ, თუმცა მაინც აღვნიშნავ: ეკატერინე დაბადებული იყო 1950 წლის 13 დეკემბერს, ხოლო ნადია - 1952 წლის 22 ნოემბერს. როგორც აღვნიშნე, ქუთაისის პროკურატურის წერილში მშვილებლებად ანდრიაძე და კოლომოვი არიან მითითებული. სოციალურ ქსელში ბევრი ვეძებე ეს გვარები, ანდრიაძეები ბევრნი არიან, მაგრამ დაკარგული დეიდების ასე პოვნა წარმოუდგენელია..."

"ბებიაჩემი ლოგინად რომ ჩავარდნილა, 4 ბავშვისთვის მეზობლებს შემოჰქონდათ საჭმელი. დედა მიამბობდა: "ერთხელ, ზამთარში იმდენად გვციოდა, ბავშვებიც ლოგინში ჩაგვაწვინა, რომ არ შეგვციებოდა. იქვე ვჭამდით და საჭმელი რომ არ გვყოფნიდა, ლოგინში პურის ნამცეცებს ვეძებდით. ერთხელ, ლეიბის პირზე დაკრულ ნალზე მომიხვდა ხელი და მეგონა, პურის დიდი ნაჭერი ვიპოვე, მაგრამ მერე ქსოვილი აღმოჩნდაო". ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ბავშვები ჩვილ ბავშვთა სახლებში მეზობლებმა მიიყვანეს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 16 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე