"აშშ-მ გრიპისა და კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება ერთ დღეს დაუშვა, ჯანმოს რეკომენდაცია მალე დაიდება" - კვირის პალიტრა

"აშშ-მ გრიპისა და კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება ერთ დღეს დაუშვა, ჯანმოს რეკომენდაცია მალე დაიდება"

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაუშვა, რომ ერთ დღეს შეიძლება გრიპის და კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, ჯანმოს რეკომენდაცია მალე დაიდება და შეჯერდება ყველაფერი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანა გრიპის ვაქცინას უახლოეს პერიოდში მიიღებს, სამეცნიერო ჯგუფი კი მსჯელობს, რა ფორმით, კერძოდ, რა ინტერვალში მოხდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ადმინისტრირება.

"ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაუშვა, რომ ერთ დღეს შეიძლება გრიპის და კოვიდის ვაქცინის გაკეთება, ასევე რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა და გერმანიამაც დაუშვა ორივე ვაქცინის ერთ დღეს გაკეთება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ შეუცვლია რეკომენდაცია 14-დღიან ინტერვალთან დაკავშირებით. გრიპის სეზონი ევროპაში უკვე იწყება, ისინი ამბობენ, რომ მალე გამოაქვეყნებენ რეკომენდაციებს, შეიძლება, ორივე ვაქცინა ერთ დღეს ადმინისტრირდეს, თუ უფრო მოკლე შუალედით.

მოგეხსენებათ, დაიწყო ერთ-ერთი დიდი ამერიკული კომპანიის, "ნოვოვაქსის" დიდი კლინიკური კვლევის ბოლო ფაზა, რომელიც გრიპის ვაქცინის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია მსოფლიოში. მათ აქვთ ახალი კოვიდის ვაქცინა, სხვა პრინციპზე დამყარებული, მათ ერთ ინექციაში გააკეთეს გრიპის და კოვიდის ვაქცინა, ახლა მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, სავარაუდოდ, მომავალ გაზაფხულზე საბოლოო შედეგს დადებს.

სამეცნიერო ჯგუფს ეს საკითხი თავის გეგმაში აქვს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შიდა მსჯელობები გვაქვს, რომ რეკომენდაციები დაიდოს, რადგან ქვეყანა გრიპის ვაქცინის გარკვეულ პირველ დოზას მალე მიიღებს და ჩამოყალიბებული რომ ვიყოთ. ამ ეტაპზე, გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერში ვიზიარებთ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. მათ უკვე დადეს რეკომენდაცია, ალბათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია რამდენიმე დღეში დაიდება, შეჯერდება ეს ყველაფერი და ჩვენი ეროვნული რეკომენდაციაც იქნება",- აღნიშნავს გამყრელიძე.