"ხმას ისევ მას მივცემ. ამას ჩემი რწმენით ვაკეთებ და არა ვიღაცის კარნახით ან დავალებით" - კვირის პალიტრა

"ხმას ისევ მას მივცემ. ამას ჩემი რწმენით ვაკეთებ და არა ვიღაცის კარნახით ან დავალებით"

"მე რომ ამირჩიოთ თბილისის მერად, დანამდვილებით ვიცი, რომ ვერ შევძლებ"

მოახლოებულ არჩევნებსა და თბილისის მერობის კანდიდატებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს საქართველოს სახალხო არტისტი იმედა კახიანი:

- გულახდილად გეტყვით: თბილისის მერობა ძალიან რთული საქმეა - ჯერ ერთი, ამდენი ადამიანი შემოგყურებს, რაც დიდი პასუხიმგებლობაა, მაგრამ თბილისის მერობას კიდევ სხვა რამ სჭირდება - ამ ქალაქმა უნდა მიგიღოს და შეგიყვაროს. მე არ ვმალავ და პირდაპირ გეტყვით: ადრეც კახა კალაძის მხარდამჭერი ვიყავი და 2 ოქტომბერს ხმას ისევ მას მივცემ. ამას ჩემი რწმენით ვაკეთებ და არა - ვიღაცის კარნახით ან დავალებით.

- ბატონო იმედა, ამდენ კანდიდატს შორის რატომ გახდა კალაძე თქვენი რჩეული?

- მხოლოდ იმის გამო არა, რომ კალაძეს ბავშვობიდან ვიცნობ: მისი დედ-მამა ძალიან კარგი, მშრომელი ხალხია და ყოველთვის კარგი ოჯახი ჰქონდათ. ეს ბიჭიც ყოველთვის მომწონდა: წარჩინებული მოსწავლე, ბეჯითი და მონდომებული ახალგაზრდა იყო... მომწონდა სპორტშიც - ყოველთვის სერიოზულად ეკიდებოდა თავის საქმეს და რასაც მიაღწია, ნიჭიერებასთან და გონიერებასთან ერთად, დიდი შრომის ფასად მიაღწია. როდესაც კახა კიევის "დინამოში" თამაშობდა, მისმა მამამ ერთი ისტორია მიამბო: კიევის "დინამოს" მწვრთნელი ვლადიმერ ლობანოვსკი თავისი სიმკაცრით იყო ცნობილი: ფეხბურთელებს ძალიან ბევრს ავარჯიშებდა, ლამის, სიქას აცლიდა ხოლმე. ერთხელ ლობანოვსკის უთქვამს: თქვენი შვილი ძალიან კარგი ახალგაზრდაა და ბევრს მიაღწევს: ვარჯიშს რომ მოვრჩებით და ფეხბურთელებს ბურთისკენ გახედვა აღარ უნდათ, ეს რჩება და მარტო ვარჯიშობსო. რომ ვაკვირდები, მან ეს თვისებები მერობის დროსაც გამოავლინა. მე კახას საქციელში ვხედავ, რომ უყვარს ეს ქალაქი და უნდა, რომ თბილისი ყველაზე ლამაზი იყოს. ძალიან ენერგიულია, საქმის კეთება შეუძლია და კიდეც აკეთებს.

- ძალიან ბევრი კონკურენტი ჰყავს. მათზე რას იტყოდით?

- გეთანხმებით, კონკურენტები კი ჰყავს, მაგრამ ეს ხალხი დედაქალაქის მერობას შეძლებს? ახლა მე რომ ამირჩიოთ თბილისის მერად, ზუსტად ვიცი, რომ ვერ შევძლებ. კი ბატონო, ეს ქალაქი მიყვარს, მაგრამ იმის ნახევარსაც ვერ გავაკეთებ, რაც კახის შეუძლია. რასაკვირველია, კონკურენტები იქნებიან, მაგრამ მისი დონის კანდიდატს მე ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, რომ კახა ყველაფერს გააკეთებს, რაც თბილისს სჭირდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ქალაქის მერობა ასჯერ რთულია, რადგან შეიძლება თავი არ დაზოგო, რაც გაბადია, ყველაფერი გასცე, მაგრამ მაინც ყველა უკმაყოფილო გყავდეს. კახა ყველა ამ სირთულის გადალახვას ახერხებს, მისი კონკურენტები ამას შეძლებენ? - არ მგონია.

- ოპოზიცია კახა კალაძეს და თბილისის მერიას კორუფციასა და არამიზნობრივ ხარჯვაშიც სდებს ბრალს. რა რეაქცია გაქვთ, როცა ამგვარ ბრალდებებს ისმენთ?

- მე ეს ვერც კი წარმომიდგენია: კახა კალაძე ღარიბი და ფულზე დახარბებული კაცი არ არის, ის საკმაოდ შეძლებული ადამიანია, თავისი შრომით იმდენი იშოვა, რომ არ მგონია, თავის სახელს არ გაუფრთხილდეს და ხალხის სიყვარული დაკარგოს. სახელოვანი ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა, სახელი მოეხვეჭა, ფულის შოვნის გამო საკუთარ სახელს არ გაწირავს. ვფიქრობ, რომ კახა თავის სახელს და ხალხის სიყვარულს ფულზე არ და ვერ გაცვლის. ვისაც ფული თაღლითობით აქვს ნაშოვნი, ის უფრო იოლად დაადგება მოლიპულ გზას და კიდევ ერთხელ იშოვის ფულს - ისევ თაღლითობით. დღეს ისეთი ხალხი პოლიტიკოსობს, რომელიც გუშინ ქუჩაში დარბოდა და თავი მხოლოდ "საქართველო, საქართველოს" ძახილით გამოიჩინა. მე ამ ხალხისა ნაკლებად მჯერა.

- ბატონო იმედა, თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიგერიელია - ბიზნესმენი რიჩარდ ოგბუნუჯუ. კალაძე რომ არ იყოს, მას ხმას მისცემდით?

- ფერადი კანის გამო ადამიანს როგორ დავიწუნებ? თუ აქაურობა უყვარს და კარგ საქმეს აკეთებს, რატომაც არა? მე ყოველთვის მივესალმებოდი ხალხს, რომელიც გენეტიკურად ქართველი არ არის, მაგრამ აქ ცხოვრობს და საქართველო უყვარს. ძალიან კარგად მახსოვს ომისშემდგომი წლები, როცა სულ ახალგაზრდა ვიყავი: 300 გრამი პური ტალონით რომ გეყიდა, მთელი დღე რიგში უნდა მდგარიყავი, მაგრამ ხალხი საოცარი სიკეთით იყო გამსჭვალული ერთმანეთის მიმართ. თბილისში მაშინ სულ სხვა ურთიერთობები იყო ადამიანებს შორის და გული მწყდება, რომ ეს სითბო და სიყვარული იკარგება. მამაჩემი რეპრესირებული იყო და "პლეხანოვზე" სულ მარტო ვცხოვრობდი. ჩემ გვერდით ცხოვრობდნენ რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები - მოკლედ, თითქმის ყველა ეროვნების ხალხი. თვითონაც უჭირდათ, მაგრამ ობოლი რომ ვიყავი, ყველა მე მეხმარებოდა. ამიტომ, სიკეთით სავსე ადამიანს, რომელიც სხვა ეროვნების წარმომადგენელია, მაგრამ საქართველო და ქართველები უყვარს, ხელს როგორ ვკრავ?

ხათუნა ჩიგოგიძე  (სპეციალურად საიტისთვის)