"ლარი სერიოზულად გამყარდა. ის ტენდენცია, რაც ლარის კურსთან მიმართებაში გასულ წელს იყო, ჩვენ არსებითად გადავტეხეთ" - კვირის პალიტრა

"ლარი სერიოზულად გამყარდა. ის ტენდენცია, რაც ლარის კურსთან მიმართებაში გასულ წელს იყო, ჩვენ არსებითად გადავტეხეთ"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ის ტენდენცია, რაც ლარის კურსთან მიმართებაში გასულ წელს იყო, არსებითად გადატეხეს.

როგორც მინისტრმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "საქმეში" განაცხადა, ის ლარის კიდევ უფრო მეტად გამყარებას არ გამორიცხავს.

"ეკონომიკის გაჯანსაღების ირიბი, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგი არის ლარის მეტი სტაბილურობა, რამაც ძალიან დადებითი როლი შეასრულა ყველა მიმართულებით. ის ტენდენცია, რაც ლარის კურსთან მიმართებაში გასულ წელს იყო, ჩვენ არსებითად გადავტეხეთ და ლარი სერიოზულად გამყარდა. ეს პროცესი შეიძლება მომავალში გაგრძელდეს. გამყარებას არ გამოვრიცხავ. გლობალური პანდემიის ფონზე ამის პროგნოზირება რთულია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ტურიზმი უფრო მეტად გაჯანსაღდება, მეტი უცხოური ვალუტა შემოვა ამ არხიდან ამის თქმის საფუძველს იძლევა. ასევე, პანდემიის მიუხედავად წარმოუდგენელი ტემპით იზრდება ჩვენი, ქართული პროდუქციის ექსპორტი. პირველ რვა თვეში 26-27%-ით გვაქვს გაზრდილი ექსპორტი წინა წელთან შედარებით და წინა წელსაც რომ თავი დავანებოთ, რომელიც ჩავარდნილი წელი იყო, 2019 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 7%-ით არის გაზრდილი. ეს კიდევ ერთი წყაროა უცხოური ვალუტის, რომელიც აქ ისეთ ბალანსს იძლევა, რომ ჩვენი ვალუტა იქნება სტაბილური", - განაცხადა თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემაში ისაუბრა "აწარმოე საქართველოს" ახალი პროგრამის შესახებაც, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ იპოთეკური სესხების თანადაფინანსების პროგრამის დაწყებიდან 2 კვირაში უკვე 40 განაცხადია შესული, აქედან 21 დამტკიცებულია.

"დიდი ინტერესი წამოვიდა "აწარმოე საქართველოს" ახალი პროგრამების მიმართ. სულ ორი კვირაა, რაც იპოთეკური სესხების თანადაფინანსების პროგრამა დავაანონსეთ, რომელიც სამი ან მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში გაძლევს საშუალებას, რომ ბინა შეიძინო, ან ახალი სახლი აიშენო და ჩვენ თითქმის 2/3%-ს ვუფინანსებთ. ამ ორ კვირაში უკვე 40-მდე ასეთი მიმართვაა და 21 დამტკიცებულია ბანკების მიერ, დანარჩენი დამუშავების პროცესშია. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაზეც უნდა იხარჯებოდეს ჩვენი პროგრამების ფული - ერთი ეს არის ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, რომელიც გადასახადის გადამხდელებს უკან უბრუნდებათ ახალი სამუშაო ადგილების სახით, ექსპორტით, სავალუტო შემოსავლებით, ხოლო მეორე მიმართულებაა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება - წავახალისოთ ახალი ოჯახის შექმნა და მათი გამრავლება", - განაცხადა თურნავამ.