"დიდი ხანია შემოთავაზება გვაქვს, რომ მოეწოდებინათ კადრები, რომლის მიმართაც მაღალი საჯარო ინტერესი იქნებოდა, მაგრამ მის გავრცელებაზე უარი ვთქვით" - კვირის პალიტრა

"დიდი ხანია შემოთავაზება გვაქვს, რომ მოეწოდებინათ კადრები, რომლის მიმართაც მაღალი საჯარო ინტერესი იქნებოდა, მაგრამ მის გავრცელებაზე უარი ვთქვით"

თბილისის პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვები გრძელდება. დღეს გამომძიებლების შეკითხვებს "ტელეკომპანია" ფორმულას თანამშრომელმა მიშა მშვილდაძემ უპასუხა.

როგორც გამოკითხვიდან გამოსვლის შედეგ მშვილდაძემ განაცხადა, კითხვები ფარული ჩანაწერების გავრცელების წყაროს ეხებოდა.

"კითხვები ეხებოდა იმას, საიდან გავიგე ამ ფაილების შესახებ, ან ხომ არ ვიცოდი ვისგან გავრცელდა, ან ჩვენმა ტელეკომპანიამ საიდან მიიღო. ამის თაობაზე ვუთხარი, რომ არ ვიცოდი, რადგან სამსახურეობრივად შეხება არ მაქვს ამ ტიპის საკითხებზე ტელეკომპანია "ფორმულას" სახელით. აგრეთვე, კითხვა ეხებოდა იმას, ვფიგურირებდი თუ არა თვალთვალის ობიექტებს შორის და ვუთხარი, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არა. თუმცა, ჩანაწერებში ორგან ჩემი სახელი და გვარი ფიგურირებს. ასევე, აინტერესებდათ ის ამბავი, რაც ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ვთქვი, რომ გარკვეული შემოთავაზება მქონდა მიღებული საკმაოდ დიდი ხნის წინ იმის თაობაზე, რომ შეიძლებოდა ჩემთვის მოეწოდებინათ ისეთი კადრები, რომლის მიმართაც საჯარო ინტერესი მაღალი იქნებოდა. ეს კადრები სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ეხებოდა, ამიტომ მე, როგორც პასუხისმგებლიანი მედიის წარმომადგენელმა უარი განვაცხადე ამის მიღებაზე.

მდინარაძემ ბრიფინგზე დააანონსა, რომ კადრების გავრცელება იგეგმებოდა, მისი აღწერა გამახსენდა ჩემ შემოთავაზებაზე, მინდოდა საზოგადოებას სცოდნოდა, თუ ეს კადრები გავრცელდებოდა, როგორც მდინარაძემ მედიას დაგვაბრალა, ასე არ გამოსულიყო. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს შემოთავაზება დიდი ხანია გვაქვს და ჩვენ დიდი ხანია უარს ვამბობთ, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს დაცვა",- განაცხადა მშვილდაძემ.

პროკურატურაში ჩვენებას რამდენიმე წუთში ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ინწკირველი მისცემს.