"სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ საქართველოსთვის 2 ათასი შემთხვევაც ბევრია" - კვირის პალიტრა

"სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ საქართველოსთვის 2 ათასი შემთხვევაც ბევრია"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარება ნელი ტემპით, თუმცა სტაბილიზაციისკენ მიდის.

როგორც მან ვებინარზე აღნიშნა, ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რიცხვი დაინფიცირებულთა რიცხვს სჭარბობს და აქტიური შემთხვევების რაოდენობაც იკლებს. მისი განმარტებით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობაც შემცირდა. "ჯერჯერობით სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ საქართველოსთვის 2 ათასი შემთხვევაც ბევრია. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ის წესი დავიცვათ, რაც არის რეკომენდებული, რომ როგორმე სტაბილიზაციისკენ სვლა გაგრძელდეს. რაც შეეხება ვაქცინაციას, ეს ტემპი დღემდე კარგი იყო", - განაცხადა გამყრელიძემ.მისი თქმით, პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის. ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

"პირველ ადგილზე ადმინისტრირებადი ვაქცინებით არის "ფაიზერი", შემდეგ "სინოფარმი", შემდეგ "სინოვაკი" და შემდეგ "ასტრაზენეკა". 4 ვაქცინა ადმინისტრირდება დღეს ქვეყანაში. ვაქცინაციის დღიური რიცხვის კლება გვაქვს, რაც კარგი არ არის. 30-35% ჯავშნის გარეშე მიდის ასაცრელად, რაც კარგია. კიდევ და კიდევ უნდა გაიზარდოს აცრის მაჩვენებელი. პანდემიის დამთავრების გზა გადის აცრებზე. რაც უფრო სწრაფად ავცრით კრიტიკულ პაციენტებს, მით უფრო მალე შევაჩერებთ პანდემიას", - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ ვებინარზე აღნიშნა, თავად ემხრობა, რომ რეგულაციები ეტაპობრივად შემსუბუქეს.

"მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციის სტაბილიზაცია არის, მაინც რთული ვითარებაა. საქართველოსთვის ინფიცირების 2 ათასი შემთხვევა ბევრია. ამიტომ, ნუ გავიმეორებთ იგივე შეცდომებს, ნუ დავმშვიდდებით, რომ ჩვენ უკვე კოვიდს მოვერიეთ. ჯერ შორს არის სიტუაციის საბოლოო სტაბილიზაცია. ამიტომ, დღეს მინიმალური რეგულაციების გაუქმებაზე ნუ ვისაუბრებთ. ჯერ ადრეა პირბადის მოხსნა და ა.შ. არსებული რეგულაციები უნდა დავიცვათ. შარშან ზაფხულში, როცა ვთქვით, რომ გავიმარჯვეთ, მაგრები ვართ ქართველები და ყველამ გავილაღეთ, კი მივიღეთ მერე შემდგომაზე შედეგი. ამიტომ, ჯერ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მათ შეუძლიათ შემოიტანონ ეს წინადადებები საკოორდინაციო საბჭოზე და საბჭო განიხილავს. მომხრე ვარ, ნაბიჯ-ნაბიჯ ეპიდსიტუაციდან გამომდინარე, თანდათანობით, ფრთხილად შემსუბუქებები იყოს. ერთადერთი ვთხოვ ხალხს, რომ პირბადე ატარონ, რადგან ის ყველაზე კარგად იცავს და ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს - 47%. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს 95%-ზე ავიყვანთ, მარტო ამით დეკემბრამდე 250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. მოდით, ყველა სოლიდარული ვიყოთ და ვატაროთ პირბადე", - განაცხადა გამყრელიძემ.