"ნონა გაფრინდაშვილის მთელ კარიერულ მიღწევას ერთი ხელის მოსმით გადაუსვეს ხაზი... სამართლებრივად ორგვარი მოთხოვნა გვაქვს დაყენებული" - კვირის პალიტრა

"ნონა გაფრინდაშვილის მთელ კარიერულ მიღწევას ერთი ხელის მოსმით გადაუსვეს ხაზი... სამართლებრივად ორგვარი მოთხოვნა გვაქვს დაყენებული"

"რაც შეეხება თანხის განსაზღვრას, 8 თვე ვმუშაობდით ამერიკელებთან ამ საქმეზე და მათი რეკომენდაცია იყო, ეს თანხა განგვესაზღვრა"

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი ამერიკული კინოინდუსტრიის გიგანტის, "ნეტფლიქს"-ის წინააღმდეგ ამერიკაში, კალიფორნიის სასამართლოში 16 სექტემბერს შევიდა. ცნობილ სერიალში - "ლაზიერის გამბიტი", სადაც ყველა პერსონაჟი გამოგონილია, ნონა გაფრინდაშვილი ერთადერთი რეალური ფიგურაა, რომელზეც მთხრობელი ამბობს, რომ მას არასდროს უასპარეზია მამაკაც სპორტსმენებთან. არადა ლეგენდარული მოჭადრაკე 22 წლიდან ვაჟთა ტურნირებში მონაწილეობდა და არაერთი გამარჯვება მოიპოვა.

ყველასთვის ცნობილია მისი მიღწევები. ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული, ქალბატონი ნონა 1983 წელს პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი გახდა, არის ასევე ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდო "ოქროს პაიკის" მფლობელი, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს 1989 -1996 წლებში თავმჯდომარეობდა და მის თამაშებზე დღემდე ლეგენდები დადის.

ფილმში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეცდომაა დაშვებული, ის მოხსენიებულია როგორც რუსი მოჭადრაკე ქალი. ქალბატონი ნონა მიიჩნევს, რომ ეს ორივე ფაქტი მიზანმიმართულად არის შეცვლილი, რადგან სერიალი გადაღებულია ვოლტერ ტევისის წიგნის მიხედვით და იქ ცალსახად აღნიშნულია, რომ ის კაც დიდოსტატებს ბევრჯერ შეხვედრია.

ნონა გაფრინდაშვილის საჩივარი "ნეტფლიქსის" წინააღმდეგ უკვე მოექცა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში და სტატიებიც დაიბეჭდა. ალბათ მალე სასამართლო ამ სარჩელის განხილვას დაიწყებს და იმედია, დავა უდიდესი სპორტსმენი ქალის გამარჯვებით დასრულდება. მის ინტერესებს ქართველ იურისტებთან ერთად ამერიკელი იურისტები იცავენ.

იურიდიული კომპანია LBLB-ს იურისტები რამდენიმე თვეა ამ სარჩელზე მუშაობენ.

რუსუდან მაისურაძე, იურისტი:

- ჩვენი გუნდისთვის დიდი პატივია ქართული საზოგადოებისთვის ამ ძალზედ ღირებულ და მნიშვნელოვან საქმეში წარმოადგინოს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც "ნიუ-იორკ თაიმსთან" გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ეს დავა მისი მემკვიდრეობის კიდევ ერთი ნაწილია. ამბობს: "ის, რომ ქალი მოჭადრაკეები მიღებული არიან საჭადრაკო საზოგადოებაში და ისინი ხდებიან დიდოსტატები ჩემი მემკვიდრეობის ნაწილია; ეს არის ბრძოლა, რომელიც მე დავიწყე და ბრძოლა, რომელსაც მე ვაგრძელებ"

16 სექტემბერს უკვე შევიტანეთ სარჩელი კალიფორნიის შტატში, ფედერალურ სასამართლოში.

- უფრო დეტალურად გვიამბეთ სარჩელის შინაარსზე... - იცით, რომ "ნეტფლიქსის" ეს სერიალი 2020 წლის ოქტომბერში გამოვიდა და მაშინვე მოყვა ამას საერთაშორისო რეზონანსი, როგორ ცუდად გააშუქეს ქალბატონი ნონას კარიერული მიღწევები, ტყუილი თქვეს მასზე სერიალში. კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულია მცდარი ცნობები კარიერული მიღწევების შესახებ. ჩვენ იანვარში დავიწყეთ კომუნიკაცია, ფაქტობრივი გარემოებები გამოვიკვლიეთ, დავუკავშირდით ამერიკელ იურისტებს, მივმართეთ ნეტფლიქსს. ამერიკელ იურისტებს თავიდან სატელეფონო საუბრები ჰქონდათ მათთან, შემდეგ კომპანიაში გავაგზავნეთ ოფიციალური წერილი, რომ ეს იყო სიცრუე. ვითხოვდით ამ სიცრუის გამოსწორებას. წერილებზე პასუხები დაგვიანებით მოდიოდა, მაგრამ გვპასუხობდნენ. აპრილის ბოლოს საბოლოო წერილი გამოგვიგზავნეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად ნონა გაფრინდაშვილის მიმართ ჩვენი პატივისცემისა, ჩვენ არ ვაპირებთ საჯაროდ გამოვასწოროთ შეცდომა, ან სერიალში ეს წინადადება ამოვიღოთო. ამით დაამთავრეს ჩვენთან კომუნიკაცია. ამის შემდეგ დავიწყეთ ჩვენ კომუნიკაცია ამერიკელი იურისტების სხვა ჯგუფთან, სასამართლო პროცესის სპეციალისტებთან დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა, სარჩელის შინაარსობრივ ნაწილზე ინტენსიურად ვიმუშავეთ. ამერიკული სასამართლოს პროცედურული საკითხები ამერიკელი იურისტების კომპეტენციას წარმოადგენს, საბოლოოდ რამდენიმე თვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, 16 სექტემბერს წარვადგინეთ სარჩელი კალიფორნიის შტატში, ფედერალურ სამხარეო სასამართლოში.

რაც შეეხება სარჩელის შინაარსობრივ მხარეს, ჩვენ ვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გავრცელებული ცალსახად მცდარი სიცრუით ქალბატონ ნონას მიადგა. ეს არის ძირითადი მოთხოვნა. სამართლებრივად ორგვარი მოთხოვნა გვაქვს დაყენებული, პირველია ადამიანის მცდარად წარმოჩენა ამ სერიალში და მეორეა - ცილისწამება. სექსისტურად დაამახინჯეს, დააკნინეს ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევა, ის ხომ მამაკაცებს ტოლს არ უდებდა ჭადრაკის თამაშში ბევრად ადრე, ვიდრე სერიალში გამოგონილ ტურნირზე ეს ხდება, პირდაპირ ჰერმონი ეთამაშება დიდოსტატებს. ბევრად ადრე აქვს ქალბატონ ნონას ნათამაშები მოჭადრაკე მამაკაცების და საერთოდ დიდოსტატების წინააღმდეგ და ბევრი გამარჯვება მოუპოვებია. 1968 წლისთვის, რომელიც აღწერილია "ლაზიერის გამბიტის" ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები სულ მცირე 59 კაც მოჭადრაკესთან, და მათ შორის 10 დიდოსტატთან. აბსოლუტურად ფაქტობრივად მცდარი გარემოებაა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარემოებაა ქალბატონი ნონასთვის, რადგან მთელი მისი კარიერის ლაიტმოტივს წარმოადგენს, რომ ის იყო პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელიც მამაკაცების წინაღმდეგ წარმატებულად თამაშობდა და პირველი ქალი მოჭადრაკე ჭადრაკის ისტორიაში, რომელიც მამაკაცებს შორის საერთაშორისო დიდოსტატი გახდა. "ნეტფლიქსმა" ეს ყველაფერი იცოდა გამომდინარე იქიდან, რომ სერიალი დამყარებულია ნოველაზე, სადაც აბსოლუტურად სხვა რამე წერია და არასწორად გადმოიტანეს, უფრო სწორად შეგნებულად დაამახინჯეს ეს ნაწილი, რომ თითქოს მას არასოდეს უთამაშია მამაკაცების წინააღმდეგ. ისიც კარგად იცოდნენ, რომ რუსი არ იყო ნონა გაფრინდაშვილი და ჩვენც ვარსებობთ, როგორც სახელმწიფო. 21-ე საუკუნეში ამის გადამოწმება არ წარმოადგენდა არანაირ სირთულეს. ამას უფრო ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ მათ ჰყავდათ საკმაოდ კარგი კონსულტანტები ჭადრაკის საკითხში, მაგალითად გარი კასპაროვი, რომელიც პირადად იცნობს ნონას და ისიც კარგად იცის, რა მნიშვნელობის ფიგურაა საჭადრაკო სამყაროში. მეორე კონსულტანტი იტალიელი ყავდათ, რომელმაც ასევე კარგად იცოდა ეს საკითხი. შეეძლოთ ინფორმაცია მათ მიეღოთ, მაგრამ რა მოხდა და რატომ გაააკეთეს ეს შეგნებულად, არ ვიცით. სწორედ ამ გარემოებებს ეფუძნება ჩვენი სარჩელი. ნონა გაფრინდაშვილი წარმოჩენილია როგორც ეთნიკურად რუსი, ეს ხომ ცალსახად მცდარი ინფორმაციაა, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, რომელიც დღემდე იბრძვის, რომ გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას. ეს თემა ძალიან სენსიტიურია მისთვის. მთელ მის კარიერულ მიღწევას გადაუსვეს ერთი ხელის მოსმით ხაზი და ეს არის ძალიან მტკივნეული.

- კომპენსაციის სახით რა თანხას ითხოვთ და თანხა რის მიხედვით განისაზღვრა?

- მოვითხოვეთ 5 მილიონი დოლარის ანაზღაურება. 5 მილიონი არ არის ჰაერიდან მოტანილი ციფრი, ამის დასაბუთება საქმის არსებითი განხილვის დროს მოხდება. რაც შეეხება თანხის განსაზღვრას, 8 თვე ვმუშაობდით ამერიკელებთან ამ საქმეზე და მათი რეკომენდაცია იყო, ეს თანხა განგვესაზღვრა. ამ ტიპის საქმეებს თუ გადავხედავთ, რომელიც იმართება სასამართლოში, ჩვენ მართლა მინიმალური თანხა გვაქვს მოთხოვნილი, სხვა შემთხვევებში ბევრად მეტია კომპენსაციის მოთხოვნა. ამერიკელი იურისტები და ყველა, მართლა მოიხიბლნენ ნონა გაფრინდაშვილის ინტერვიუთი, რომელიც "ნიუ-იორკ თაიმსთან" იყო. იძახდა ადვოკატი, პატივია ჩვენთვის ამხელა ლეგენდას სასამართლოში ჩვენ რომ წარმოვადგენთო. პირადად მე, არ მახსოვს ასეთი დონის სასამართლო საქმე, თვითონაც გვეუბნებიან ამერიკელი კოლეგები, ეს საქმე შეიძლება გახდეს პრინციპების დამდგენი საქმე თვითონ ამერიკულ სასამართლო სისტემაშიო.

- შესაგებელი ხომ არ მიგიაღიათ?

- შესაგებელი ჯერ არ არის, რადგან ხუთშაბათს შევიდა სარჩელი და ახლა იწყება პროცედურები, მათ შორის დოკუმენტაციის, მტკიცებულებების მოთხოვნა და ამას გარკვეული ვადა დასჭირდება. 60 დღის ვადაში გავიგებთ რა მხრივ წარიმართება საქმე და როგორ განვითარდება მოვლენები.

- მოლაპარაკებების დროს რაიმე შემოთავაზება ხომ არ ყოფილა კომპანიის მხრიდან, თუნდაც ბოდიშის მოხდა? - არავითარი, ელემენტარულად წუხილიც კი არ გამოუხატავთ. თავიდანვე გვეუბნებოდნენ, რომ ეს ბრალდებები არის უსაფუძვლო, მაგრამ რატომ გვეუბნებოდნენ, დღემდე უცნობია ჩვენთვის. ერთადერთი ყველა უარის ფრაზა იწყებოდა ასე, ნონა გაფრინდაშვილის მიმართ ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მოთხოვნა უსაფუძვლოა. ჩვენ ვთვლით რაც გაკეთდა, შეგნებულად იყო გაკეთებული. ეს არ არის უბრალოდ ტექსტი, მთლიანად ნოველიდან არის გადაკოპირებული ყველაფერი და ზუსტად ის არის შეცვლილი, რაც ქალბატონი ნონას მამაკაცებთან გამარჯვებას ეხება. გადახაზულია მთლიანად მისი ცხოვრებისეული მიღწევა.

- საქმის განხილვაში ქალბატონი ნონა თავად მიიღებს მონაწილეობას? - ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ქალბატონი ნონას შეწუხებას ვერიდებით, თუმცა თუ თვითონ გადაწყვეტს რომ დაესწროს საქმის განხილვას, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იქ იყოს. ველოდებით მოვლენების განვითარებას.

(სპეციალურად საიტისთვის)