"ჩემს დისიდენტობას სკანდალი მოჰყვა, ურჩობით სკოლის პერიოდიდან გამოვირჩეოდი"
19-09-2021
"ჩემს დისიდენტობას სკანდალი მოჰყვა, ურჩობით სკოლის პერიოდიდან გამოვირჩეოდი"
როგორ ზრდიდა და რას ურჩევდი მამა ქეთი დოლიძეს

"რა დროს დასვენება და მოგზაურობაა ამ პანდემიის დროს, ეს მაგიჟებს..." - მითხრა ქეთი დოლიძემ, ამ თემაზე ინტერვიუ რომ ვთხოვე. როცა დავაკონკრეტე, წარსული წლების მოგზაურობებისა და ძველი დროის ამბები მაინტერესებდა, ჩვენი საუბარიც შედგა.

- ქალბატონო ქეთი, თქვენი ბავშვობის ერთი ფოტო ვნახე ინტერნეტში, სადაც მშობლებთან ერთად ჰამაკში ზიხართ, სად ისვენებდით?
- ყოველ ზაფხულს კიკეთში ვისვენებდით. კიკეთის გარ
და, რაც მთავარია, ბებია-ბაბუას სახლი ჰქონდა მახინჯაურში, იქ ცხოვრობდნენ და მთელი სანათესავო მათთან ვიყავით. მამაჩემს ჰყავდა ორი ძმა - ბორისი, ვლადიმერი და ორი და - შუშანა და ვენერა. ასევე, ჰყავდა დეიდაშვილი მარიკა, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა. რომ დავიბადე, მას ჩააბარეს ჩემი თავი, მარიკა მამიდა მზრდიდა. დედა მუშაობდა, ძალიან დაკავებული ქალი იყო, მსუბუქი მრეწველობის მინისტრის მოადგილის
პოსტი ეკავა. ასევე მყავდა რუსი ძიძა, "წოწია" ნიურა, რომელზეც ყველანი ვგიჟდებოდით, ისე გვიყვარდა და თან გვეშინოდა, მკაცრად გვზრდიდა. გოგონებს ქარგვას გვასწავლიდა, პუშკინის ზღაპრებს გვიკითხავდა...

- ზღვაზე რა თამაშებით ერთობოდით? ცურვა ვინ გასწავლათ?
- განსაკუთრებული თამაშები არ გვქონია. ჩემმა ბიძაშვილმა ირაკლი დოლიძემ ზღვაში შემაგდო და მითხრა: ახლა, როგორც გინდა, ისე გამოცურეო. სულ ფართხალ-ფართხალით გამოვცურე და ასე ვისწავლე ცურვა. მახინჯაურში რეჟიმში ვიყავით, დილის 7 საათზე გვაღვიძებდნენ, 8-ზე ვსაუზმობდით. აუცილებელი პირობა იყო, რომ დღის განმავლობაში გოგონებს 2 საათი უნდა გვეკითხა, მერე გვექარგა, შუადღისას - დაგვეძინა. ყოველდღე სუფრასთან დაახლოებით 14-15 კაცი ვსხდებოდით. "გადაპრანჭული" საჭმელი და ზედმეტი არაფერი გვქონია - სალათი, მჭადი, ყველი... კვირაში ერთხელ ვარია ან სხვა რამ იკვლებოდა. ყველაზე მეტად შემწვარი კარტოფილი გვიყვარდა. მახინჯაურს მთები არტყია გარს და ჩვენ ძალიან მაღლა, ერთ-ერთი მთის წვერზე ვცხოვრობდით. ბაბუაჩემმა 1936 წელს თავისი ძველი ოდა ამაღლებიდან გადაიტანა მთაზე, რადგან ცოტა გულს უჩიოდა და ეუბნებოდნენ, ზღვის ჰაერთან ერთად, მთის ჰაერიც გჭირდებაო. ბაბუამ 94 წელი იცოცხლა. მან ააშენა ხულოში პირველი ქართული ეკლესია და უამრავი აჭარელი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, იქ მიავლინა მაშინდელმა პატრიარქმა. ასე რომ, მღვდელი ბესარიონ დოლიძე სამუდამოდ არის ჩაწერილი აჭარის ისტორიაში.

- პირველად როდის წახვედით დასასვენებლად ან სამოგზაუროდ დამოუკიდებლად?
- მხოლოდ სკოლის დამთავრების შემდეგ გამიშვეს მეგობართან ერთად სამოგზაუროდ, მანამდე არსად ვყოფილვარ დამოუკიდებლად. მამიდები და მამაჩემიც ძალიან მკაცრად მზრდიდნენ. სხვათა შორის, პირველი გამოსაშვები კაბა რომ უნდა შემეკერა, მამიდამ უთხრა მამაჩემს: რა არის, კაცო, ამ ქეთევანას არაფერი წესიერი ჩასაცმელი არა აქვს, სკოლის ფორმის გარდაო. წავიდნენ გადამყიდველებთან და ქსოვილები იყიდეს. მყავდა არაჩვეულებრივი მკერავი ნატაშა დეიდა, ის აბრეშუმის ფაბრიკაში მუშაობდა, რომლის პოლიკლინიკაში მამიდაჩემი იყო კბილის ექიმი. პრაქტიკულად, იქ გავიზარდე. სკოლიდან მივყავდი მამიდას ფაბრიკაში, სადაც მაჭმევდნენ, მასმევდნენ და გაკვეთილებსაც იქვე ვამზადებდი. ფეიქარი ნატაშა მელაძე ჩემი პირველი მკერავი იყო, ოღონდ მე ვეუბნებოდი, რა მოდელი მინდოდა. ერთ-ერთ ყველაზე კარგ ჩამცმელად ვითვლებოდი. 30 წლამდე ყველაფერს მიკერავდა ნატაშა დეიდა, რომელიც "გროშებს" იღებდა ამ საქმეში.

ჩავაბარე უნივერსიტეტში, პირველ კურსზე ვარ. მე და ჩემს მეგობარ გულიკო ბრეგვაძეს ძალიან გვინდა მოსკოვში წასვლა. ბავშვობაში კი ვიყავი, მაგრამ რა მახსოვდა?! სტუდენტი გოგო-ბიჭების უმრავლესობა არდადეგებზე მოსკოვში მიდიოდა. მამაჩემმა და ბახვა ბიძიამ (ტელეწამყვან ბახვა ბრეგვაძის ბაბუა) ერთმანეთს დაურეკეს. მამამ უთხრა: რა ვქნათ ახლა, გოვუშვათ ბოვშვები მოსკოვში მარტოო?.. მაგრამ რა მარტო გამოვიდა?! იმ დროს იქ სამკვირიანი მოვლინებით იყო ბიძაჩემი ბორის დოლიძე და სასტუმრო "მოსკვაში" ცხოვრობდა. იმასთან გაგვიშვეს, რადგან ლუქსი ჰქონდა. ნომერში ერთად იყვნენ ბიძაჩემი და მისი ერთი თანამშრომელი. სასტუმრო "მოსკვაში" დიდი სააბაზანოები იყო, მე და გულიკო 24 საათი იქ ვისხედით და ვჭორაობდით. ამათ თურმე შესვლა უნდათ... მერე ბიძაჩემმა დაგვიცაცხანა: გადით გარეთ და ნახეთ რამეო. მოკლედ, მაშინ მოსკოვში ძალიან კარგი დრო ვატარეთ.


- დასავლეთ ევროპის ენებზე სწავლობდით და პრაქტიკა ხომ არ გაგივლიათ უცხოეთში?
- არა, რა პრაქტიკა?! პირველი ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანი მესამე კურსზე ვნახე მამაჩემთან, კინოკავშირში, როცა ინგლისელი კინოდოკუმენტალისტების დელეგაცია ჩამოვიდა. სულ ვაკონტროლებდი, რა და როგორ უნდა მეთქვა. ერთ-ერთმა ინგლისელმა მითხრა: არასდროს იფიქრო შეცდომებზე, თავისუფლად ილაპარაკეო. ეს ისეთი გაკვეთილი იყო, რომ იმის შემდეგ ენის არ შემშინებია. მაგრამ თავიდანვე არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა. პირველი მასწავლებელი ლევან ხაინდრავა (გოგას მამა) იყო, მამას ძალიან ახლობელი, მან მოამზადა ჩემი ინგლისურის ბაზა. უკვე უნივერსიტეტში როდესაც ვაბარებდი, შესანიშნავმა პედაგოგმა მალვინა რაძინსკამ (ეს ქალბატონი ცოლად გაჰყვა ბატონ ლილე კილაძეს) ენა აბსოლუტურად შემესწავლა. როცა უმაღლესში ჩავირიცხე, გივი გაჩეჩილაძემ დაურეკა მამაჩემს და უთხრა: დიდი მადლობა, რომ ასეთი მომზადებული გოგო მოვიდა ჩვენთანო. მეშინოდა, ვინმეს არ ეთქვა, - აი, სიკო დოლიძის შვილია და იმიტომ დაუწერეს ნიშანიო. კარგად ვსწავლობდი, თუმცა პოლიტეკონომიაში საშემოდგომოც კი გამომყვა. ლექტორს ვუთხარი, - ამ საზიზღარი საგნის სწავლას არ ვაპირებ-მეთქი. ჩემს დისიდენტობას სკანდალი მოჰყვა. ბოლოს ხელი ჩაიქნიეს და სექტემბერში ნიშანი ისე დამიწერეს. ურჩობით სკოლის პერიოდიდან გამოვირჩეოდი - რამე თუ არ მომეწონებოდა, პირდაპირ ვამბობდი. არასოდეს არავის ვეპუებოდი. მამა ასე მზრდიდა და ამბობდა: ისეთ ქვეყანაში და ისეთი წყობის დროს ხარ გაზრდილი, დამნაშავე იქნები თუ არა, მაინც მონახავენ მიზეზს, რომ დაგსაჯონ, ამიტომ ნურაფრის გეშინია და ისე იმოქმედე, თითქოს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობო.

- უცხოეთში სად წახვედით პირველად და რა ასაკში?
- პირველ კურსზე ვსწავლობდი, ვისაც საზღვარგარეთ წასვლა გვინდოდა, სიაში ვეწერებოდით, რომელიც კომკავშირის ცეკაში იგზავნებოდა. მერე კარგად გვამოწმებდნენ, ადგენდნენ ჯგუფებს და ასე საგზურით მივდიოდით. პირველად წავედით ჩეხოსლოვაკიაში, მერე - პოლონეთში. ემოციებზე რა გითხრათ - ჩეხეთი და განსაკუთრებით პოლონეთი ჩემთვის იყო თავისუფლების რაღაც ოაზისი. უნგრეთიც ვნახე უნივერსიტეტში სწავლის დროს. მას შემდეგ კარგა ხანს არსად ვყოფილვარ. 1979 წელს დიდ ბრიტანეთში მოვხვდი, ე.წ. შემოქმედებითი ჯგუფის (მწერლები, მსახიობები და სხვა) შემადგენლობაში იყვნენ ლაშა თაბუკაშვილი, ოთარ შამათავა... კარგი ჯგუფი იყო.

- სულ რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?
- ძალიან ბევრში... რა თქმა უნდა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პიტერ ბრუკს ძალიან მოეწონა თუმანიშვილის "დონ ჟუანი", მაგრამ ის ვერსად წაგვიყვანდა, ეს გამორიცხულია. იყო ასეთი პიროვნება, ჩვენი ყველაზე დიდი და მაგარი მეგობარი, უილიამ ბარდეტ-კუტსი, ადრე გავიცანი ინგლისში, რომელიც აქ ჩამოვიდა, ნახა "დონ ჟუანი" და გაგიჟდა. საბჭოთა კავშირის პერიოდია და ვუთხარი, რომ მოსკოვის ნებართვის გარეშე არსად გაგვიშვებდნენ... მერე უკვე საუბარი დავიწყეთ ფესტივალ "საჩუქარზე", 1993 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ დაიწყო ომი აფხაზეთში, კიდევ 4 წელი გავიდა და ძლივს, მხოლოდ და მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის წყალობით დაარსდა ფესტივალი 1997 წელს, და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს იყო პირადად მისი გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, წინა წელს გარდაიცვალა მიხეილ თუმანიშვილი. მერე ისევ მე დავატარებდი ბატონი მიშას სპექტაკლებს აქეთ-იქით. არ მრცხვენია იმის თქმა, რომ მარტო ედინბურგში, ჩვენი თეატრის გარდა, მარჯანიშვილის თეატრი, "ქართული ხმები", ქართული სამზარეულო 14-ჯერ გავიყვანე... არავის უთქვამს მადლობა, მაგრამ ამას მადლობის გამო არ ვაკეთებდი.

- რომელია თქვენთვის გამორჩეული ქვეყანა ან ქალაქი?
- მხოლოდ ლონდონი და ედინბურგი. რა თქმა უნდა, პარიზი არაჩვეულებრივია, მაგრამ ჩემთვის ამაზე საყვარელი ქალაქები არ არსებობს. ლონდონში არ იცის ნამდვილი ზამთარი, გოლფსტრიმის თბილი დინების გამო რბილი ჰავაა. ბევრს ჰგონია, რომ გაუსაძლისად ცივა, სმოგია, - მსგავსი არაფერი. მზიანი ქვეყანაა და პრაქტიკულად, ქურქები მოდის გამო აცვიათ, შეგიძლია მთელი ზამთარი პალტოთი გაატარო. ედინბურგი მომწონს მხოლოდ ფესტივალის დროს. სხვა დროს რომ ვიყავი - ერთხელ "ქართული ხმები" გლაზგოდან ჩავიყვანე ედინბურგის დასათვალიერებლად, - ქალაქი ძალიან მკვდარი მეჩვენა. ფესტივალის დროს კი დუღს ყველაფერი. ლონდონი არის მარადიული ქალაქი.

ნიუ-იორკზე ვგიჟდები. ის უფრო მეტია, ვიდრე ამერიკა. ეს ქალაქი ცალკე სახელმწიფოა. წელს გრანტი მოვიგე და 4 თვე ნიუ-იორკში ვიყავი. სიდიდის მიუხედავად, არაჩვეულებრივად მყუდრო ქალაქია. პრესტიჟულ რაიონში, ჩრდილოეთ მანჰეტენში ვცხოვრობდი, ბინა იქ ვიშოვე. ამერიკელებთან ურთიერთობა იოლი არაა, ვერავის შეხვდები დაუგეგმავად. ყველაზე მეტად იმან გამაგიჟა, რომ არც ერთი ადამიანი ყურმილს არ იღებდა. ირთვებოდა ავტომოპასუხე, დატოვებდი შეტყობინებას და მერე თავად გადმოგირეკავდა. ასეთივე სიტუაციაა მოსკოვში, ლონდონში - ყველა მეგაპოლისში წინასწარ, ერთი თვით ადრეა საჭირო შეთანხმება ნებისმიერი სახის შეხვედრაზე. 1993 წელს ვაშინგტონში ჩავიყვანე თეატრი გასტროლებით და მერე დავრჩი მეგობრებთან ერთი თვე, შვილებიც ჩემთან იყვნენ. მასპინძლებმა ვაშინგტონი მთლიანად გვაჩვენეს და ნიუ-იორკშიც წაგვიყვანეს. ყველაფერი დავათვალიერეთ, გადაღებული მაქვს, "ტყუპზე" ჩემი პატარა ბავშვები რომ ავიყვანე: როგორ ვსხედვართ ლიფტში, ბოლო სართულზე ავდივართ და იქიდან ვიღებთ. ის ვიდეოკასეტები შემომრჩა, როგორც მატიანე.

- როცა დაძაბული პერიოდი გადაივლის, საით გაგიწევთ გული?
- რა თქმა უნდა, დიდ ბრიტანეთში - ლონდონსა და ედინბურგში!

ნანული ზოტიკიშვილი
ნანა
19 სექტემბერი 2021 18:35
ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონსა და ედინბურგში კარგად ახსოვთ ქალბატონი ქეთი და დიდ პატივს სცემენ მას. არაერთხელ უთქვამთ ეს ჩემთვის პირადად, როდესაც ქართულ თეატრზე და ზოგადად ხელოვნებაზე ჩამოვარდება ხოლმე საუბარი. რაც შეეხება ინგლისური ენის ცოდნას, მე პირადად მომისმენია, თუ როგორ თარგმნიდა ქალბატონი ქეთი (საქართველოს ტელევიზიაში), სტუდიაში მოწვეული ინგლისელი რეჟისორის სიტყვას. აღტაცებული დავრჩი მისით. უნიჭიერესი ადამიანია!!! წარმატებები მინდა ვუსურვო მას ყველაფერში!!!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თვის კითხვადი სტატიები