"თუ ასე შეხმატკბილებულად იყავით, ერთმანეთს რატომ ესროლეთო?.. არ ვიცი, პასუხი დღესაც არა მაქვს" - კვირის პალიტრა

"თუ ასე შეხმატკბილებულად იყავით, ერთმანეთს რატომ ესროლეთო?.. არ ვიცი, პასუხი დღესაც არა მაქვს"

"კვირის პალიტრა", არქივი, 2021 წელი

30 წლის წინ სოხუმი დაეცა

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. უთანასწორო ბრძოლას 10 ათასი კაცის სიცოცხლე შეეწირა, ბევრი მათგანი წლების განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 300 ათასზე მეტი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა. უამრავ მათგანს სამშვიდობოს გამოსვლა კოდორის ხეობით მოუწია, რადგან სჯეროდათ, რომ სოხუმს არაფერი ემუქრებოდა, ომი მძვინვარებდა, მაგრამ მაინც ეგონათ, რომ აფხაზები არ ესროდნენ... ასე ეგონა სოხუმელ ნოდარ კვირკველიასაც, რადგან ბავშვობა აფხაზებთან გაატარა, თუმცა ომს ხომ კანონები არა აქვს...

"ბედნიერება ვერც აფხაზებმა მოიპოვეს, ვერც ჩვენ"

- ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, ისევ ჩემი სახლის კარი მესიზმრება. შევდივარ და უცხო გარემო მხვდება, ოჯახის წევრებს ვეძებ და ვერ ვპოულობ... შეშინებული ჩამოვდივარ კიბეზე, სოხუმის მრავალბინიანი სახლის ორნამენტებიანი, ცისფერი ჭერი, ისევ ისეთია... იმ ბედნიერ ბავშვობაში კიბეზე ვჯდებოდი, მზესუმზირას ვაკნატუნებდი და ველოდი, რომელი მეგობრის კარი გაიღებოდა. ჯერ ფეხბურთს ვთამაშობდით, შემდეგ, მოსაღამოებულზე, ომობანას...

აქაური მეგობრები მეუბნებიან, თუ ასე შეხმატკბილებულად იყავით, ერთმანეთს რატომ ესროლეთო?.. არ ვიცი, პასუხი დღესაც არა მაქვს, მაგრამ წლები გავიდა და მე ქართველ მეგობრებთან ერთად ფრონტის ხაზის მეორე მხარეს აღმოვჩნდი, სანგრიდან კი აფხაზები გვესროდნენ. ყველანი ჩვენს წილ აფხაზეთს ვიცავდით. ბევრი დაიღუპა, მეც დავკარგე მეგობრები. ბედნიერება ვერც აფხაზებმა მოიპოვეს, ვერც ჩვენ. ამას წინათ, მოსკოვში, მეგობრის გასვენებაში ვიყავი, ჩვენი საერთო, ძველი აფხაზი მეგობარიც იქ იყო. ის ახლაც ჩვენს ტყვიებით დაცხრილულ სახლში ცხოვრობს. შენს ბინაში ყაბარდოელები ცხოვრობენ. ამას წინათ, ჭერი ჩამოინგრა და შესაკეთებლად ხელოსნები მოიყვანესო, მითხრა. ორი ძმა დაეღუპა ომში. თავად ფეხი მოაჭრეს. რამდენჯერმე ვიყავი თბილისში და კიდევ მომიწევს ჩამოსვლაო, მითხრა. შემპირდა, ბავშვობის ფოტოებს ჩამოგიტან, სოხუმის ქუჩებში რომ დავრბოდით ნაყინებით ხელშიო... დამშვიდობებისას სინანულით მითხრა, ის სოხუმი აღარ არსებობს და არც არასდროს იარსებებს. იქნებ ბედნიერიც კი ხარ, რომ ისეთ სოხუმში არ ცხოვრობო...

27 სექტემბრის შემდეგ ბევრი ვერ გადარჩა. სოხუმელი ეკა ჯოჯუა, რომელიც მაშინ 14 წლის იყო, ოჯახთან ერთად 13 დღე მოდიოდა უღელტეხილზე. ის თავისი ცხოვრების იმ მონაკვეთს გოლგოთას უწოდებს.

"ჯოჯოხეთში გატარებული 13 დღე"

- ომის განმავლობაში, ვისაც როგორც უხერხდებოდა, ისე გვძარცვავდა: აფხაზიც, სომეხიც, ჩრდილოკავკასიელიც და ქართველიც...

ე.წ. შერიგების დროს სოხუმის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა, სკოლა იწყებოდა და ქალაქი ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებდა. რამდენიმედღიანი სიმშვიდის შემდეგ აფხაზებმა შეთანხმება დაარღვიეს და სროლა დაიწყო, რასაც დაბომბვები მოჰყვა, დენი გაითიშა და სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოვჩნდით. ერთადერთი საკონტაქტო საშუალება ქალაქის ტელეფონი იყო, რომელიც ლამის სოხუმის დაცემამდე არ გათიშულა. მაჭარის დასახლებაში, სანაპიროს ახლოს ვცხოვრობდით და ვხედავდით, როგორ რკალისებურად აწითლებდა აფეთქებების სინათლე ცას...

ერთხელაც ახლობელმა დაგვირეკა, ამბობენ, გულრიფში აფხაზებმა აიღეს და თქვენ რამე ხომ არ იცითო. ის ღამე თეთრად გავათენეთ, არ ვიცოდით, სად წავსულიყავით. როგორც კი გათენდა, წებელდის რაიონში, ნათესავებთან წავედით. იქიდან სოხუმი ხელისგულივით მოჩანს. გვეგონა, ვითარება ჩაწყნარდებოდა და ისევ სოხუმში დავბრუნდებოდით. თუმცა იმავე საღამოს მამა მანქანით ამოვიდა, სანაპიროს გემები მოადგნენ და სასწრაფოდ გაემზადეთო. 26 სექტემბერი იყო... როგორც კი ქალაქში ჩავედით, უზარმაზარი გემი დავინახეთ, რომლისკენაც ზღვა ხალხი დაძრულიყო. ბავშვებს შეგვეშინდა და კივილი ავტეხეთ, გემში არ ჩავსხდებით-მეთქი. ტრაპი უკვე დაკეტილი გახლდათ და ძალიანაც რომ მოგვენდომებინა, ვეღარ ჩავსხდებოდით. ერთი სიტყვით, სოხუმში დავბრუნდით.

მამამ და ბიძამ, რომლებიც სოხუმის ბატალიონის წევრები იყვნენ, გვითხრეს, ჩვენს ბიჭებს ვერ მივატოვებთ და თქვენ სვანეთის გზით წადითო. იმ ნივთების შეგროვება დავიწყეთ, რისი წაღებაც შეიძლებოდა. ბებია ავტოფარეხში ჩავიდა. ამ დროს სომეხი მეზობელი შემოეფეთა, ბებიამ შესჩივლა, სახლის მიტოვება გვიწევსო, იმ ქალმა კი, ასეც მოგიხდებათო და სადარბაზოს კარი ცხვირწინ მიუხურა.

ისევ წებელდისკენ წავედით. საღამოვდებოდა. გზა, რომელიც დილას თავისუფალი იყო, ხალხისა და მანქანებისგან გადაჭედილი დაგვხვდა. ჩვენი ნათესავის ეზოც სავსე იყო. იატაკზე ქვეშაგები ჰქონდათ გაშლილი. მასპინძლებმა, თუკი რაიმე საკვები ებადათ, ყველაფერი გამოგვიტანეს. იმ ღამეს არ გვიძინია, გარიჟრაჟზე სოხუმის თავზე ცა განათდა...

ერთ მეზობელს დიდი წითელი "იკარუსი" ჰყავდა, ჩავსხედით და კოდორის ხეობისკენ დავიძარით. სოხუმი უკვე აღებული იყო. მამა და ბიძაც ჩვენთან ერთად წამოვიდნენ. ყველას გვეგონა, რომ რამდენიმე დღეში დავბრუნდებოდით. ქართულ სამხედრო შენაერთებს მძიმე ტექნიკა გაჰყავდა. გაგვიმართლა, რადგან ჩვენს ავტობუსში სვანი კაცი იჯდა, რომელმაც გზაც იცოდა და ამინდის გამოცნობაც შეეძლო. გვაკვალიანებდა, როდის და საიდან უნდა გვევლო უღელტეხილზე.

13 დღე მოვდიოდით... ეს იყო ჩვენი ცხოვრების გოლგოთა... რაღაც მონაკვეთი, მთელი 24 საათი, არ მახსოვს. სიცხე მომცა და მამამ და ბიძებმა ხელით მატარეს. ტანზე 5-10 ხელი ტანსაცმელი გვეცვა, რომ არ გავყინულიყავით, თუმცა არც ეს გვშველოდა. დღისით სასტიკად აჭერდა მზე, ღამით კი ციოდა. სვანებს, ყველას, ღია ჰქონდა კარი, მათი სახლით რომ გვესარგებლა. თუმცა იყო დაყაჩაღება და მაროდიორობა, მაგრამ ეს მხოლოდ სვანებს არ გაუკეთებიათ, ვიღაცები სპეციალურად ავიდნენ იმ გზაზე, რომ დევნილების ნაკადს დახვედროდნენ. ერთხელ ერთი სვანის ოჯახში შევედით, აკვანში ტყუპი იწვა. ლამპის შუქზე გვაჭამეს და გაგვათბეს. უამრავ უბედურებანანახ ბავშვს იმ ოჯახის მზრუნველობამ გული ამიჩუყა. რამდენიმე დღის შემდეგ უღელტეხილისკენ მიმავალ გზას გავუდექით. გზაზე ნისლი იდგა და ვიცოდით, რომ მოთოვდა. მაინც წინ მივიწევდით, გზაზე კი უამრავ ადამიანს ვხედავდით გაყინულს ან ხრამში გადავარდნილს.

- საკვები ან საწვავი საიდან გქონდათ? - ვერტმფრენებიდან პურსა და კონსერვს გვიყრიდნენ. ზოგჯერ კონსერვს ვერ ვპოულობდით და მხოლოდ პურს ვჭამდით. იშვიათად, როცა ვერტმფრენი დაჯდომას მოახერხებდა, ჩვილბავშვიანი დედები, ფეხმძიმე ქალები და მოხუცები მიჰყავდათ. ხალხი შიგნით რომ არ შევარდნილიყო, სამხედროები იცავდნენ. ზოგი მაინც ახერხებდა მიახლოებას და ფრთებზე ეკონწიალებოდა.

ერთხელ ვერტმფრენი რომ დაჯდა, ყველა მიაწყდა. ხალხით სავსე როგორღაც აფრინდა, მაგრამ მალე კლდეს შეეჯახა და აფეთქდა. ყველანი შოკში ვიყავით. ხანდახან ვფიქრობ, როგორ არ შევიშალეთ მაშინ. ერთ საათში, სხვა ვერტმფრენი რომ დაინახეს, ქანცგაწყვეტილმა ხალხმა მაინც გარისკა და ჩასხდნენ. სანამ ვერტმფრენი ხეობიდან აფრინდებოდა, გულის კანკალით შევყურებდით ცას, ის რამდენიმე წუთი საუკუნედ მოგვეჩვენა. როცა თავი სამშვიდობოს დავიგულეთ, სიხარულის შეძახილები აღმოგვხდა.

ალპური ზონა ყველაზე რთული, სიკვდილ-სიცოცხლის გზაა. ჩვენი საკვები პური და წყალი იყო. იმანაც გვაწყინა. მერე ვიღაცის ძროხა ხრამში ჩაიჩეხა. კაცებმა ამოათრიეს, გაატყავეს და შეწვეს. ხორცის სუნზე გული მიმდიოდა, უჭმელობისგან ისე ვიყავით დასუსტებული, სულ მეძინებოდა, მაგრამ უმარილო ხორცი ვერ ვჭამე. უმწეობისგან ვტიროდი. არადა, უნდა მეჭამა, ძალა რომ მქონოდა სასიარულოდ. გზადაგზა უამრავი გარდაცვლილი გვხვდებოდა, ზოგი ვიცანით. თავიდან ძალიან განვიცდიდით, ბებია თვალებზე ხელს გვაფარებდა, მერე მკვდრის დანახვას შევეჩვიეთ. მამამ და ბიძამ ბევრი მიაბარეს მიწას... ერთ ქალს, ჩვენს ნაცნობს, ოჯახი დიდხანს ელოდა. შემდეგ მამამ უთხრა, რომ კოდორის უღელტეხილზე იპოვა გაყინული და დამარხა.

ერთხელ ხრამში გადავარდნილი მანქანა, ტანსაცმელი და ძვირად ღირებული ნივთები შევამჩნიეთ. ჩემმა ნათესავმა თქვა, ბიბლიაშია ნათქვამი, თქვენ წინ ოქრო-ვერცხლი ეყრება, რომელსაც გადააბიჯებთ, რადგან გადარჩენისთვის ბრძოლა მოგიწევთო.

იმ 13 დღის განმავლობაში 12 კილოგრამი დავიკელი. როგორღაც გავაღწიეთ სამშვიდობოს. ქუთაისიდან სოფელ სვირში წავედით, ნათესავებთან. ამდენდღიანი წამების, გაყინულ მიწაზე ძილის შემდეგ, ლოგინში პირველად დავიძინე, 24 საათს გადაბმულად მეძინა. შეშინებულმა ოჯახის წევრებმა გამაღვიძეს, ხომ არაფერი გჭირსო?.. მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ ჯოჯოხეთი დასრულდა.