"ამ ქვეყანაში "კოვიდი" თითქოს არც ყოფილა" - კვირის პალიტრა

"ამ ქვეყანაში "კოვიდი" თითქოს არც ყოფილა"

"ისლანდიელები ბევრს მოგზაურობენ და ბევრმა აცრა იმიტომ გაიკეთა, რომ მოგზაურობაში ხელი არ შეშლოდა"

ისლანდია ატლანტის ოკეანეში მდებარე პატარა ქვეყანაა, რომლის ფართობი გაცილებით მცირეა საქართველოზე. მიუხედავად ამისა, დღეს ევროპის ერთ-ერთ განვითარებულ სახელმწიფოდ არის მიჩნეული. ამავე დროს ის ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც "კოვიდ-19" დაამარცხეს. ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია და ვირუსის აღარავის ეშინია. როგორ ცხოვრობენ ამ ქვეყნის შვილები და როგორ შეძლო ისლანდიამ ვირუსის დამარცხება? - ამის თაობაზე რეიკიავიკში მცხოვრები სოფია ნადაშვილი გვიამბობს:

- ასეთ შორეულ ქვეყანაში როგორ მოხვდით?

- ბევრი ქართველის მსგავსად, მეც ემიგრანტი გავხდი და თავდაპირველად იტალიაში ვცხოვრობდი. ისლანდიიდან იტალიაში ხშირად ჩამოდიოდა ჩემი მომავალი მეუღლე. ერთმანეთი ასე გავიცანით და როცა ცოლად გავყევი, ორივე ისლანდიაში გადმოვედით საცხოვრებლად. ორივე კახელი ვართ და ჩემი მეგობრები მაჯავრებდნენ: მთელ ევროპას შემოუარე და ბოლოს ცოლად მაინც კახელს გაჰყევიო.

- როგორი ქვეყანაა ისლანდია? - საოცრებათა ქვეყანაა: თეთრი ღამეები, ჩრდილოეთის ნათება, მარადიული ყინულები და ლავისგან გაჩენილი უდაბნოები. ამბობენ, ისლანდია ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც "კოვიდი" დაამარცხაო, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ამ ქვეყანაში "კოვიდი" თითქოს არც ყოფილა. გარდაცვალების შემთხვევებიც მიზერული იყო და ვირუსიც არ გავრცელებულა.

- საინტერესოა, ეს როგორ მოახერხეს? - ისლანდიელები ბევრს მოგზაურობენ და ეს ვირუსი რომ დაიწყო, თქვეს, ჩვენ ვიკინგები ვართ და "კოვიდი" რას დაგვაკლებსო. 120 კაცი თვითმფრინავში ჩაჯდა და იტალიის იმ რეგიონში ჩავიდა, საიდანაც ვირუსი გავრცელდა. ზუსტად ერთ კვირაში, მათგან 60 კაცი დაინფიცირდა და სპეცრეისით ისლანდიაში გადმოაფრინეს. მერე უკვე მიხვდნენ, რომ ამ ვირუსთან ხუმრობა არ შეიძლებოდა, ქვეყანა ჩაკეტეს და უკლებლივ ყველამ წესების დაცვა დავიწყეთ. ვინც უცხოეთიდან შემოვიდოდა და ორკვირიან კარანტინს არ გაივლიდა, იმხელა ჯარიმას აკისრებდნენ, ურჩობას ვინ გაბედავდა?

მოკლედ, მთავრობამ და ხალხმა ერთობლივად იმუშავეს და ვირუსს აჯობეს. სწრაფ ტესტებს და პისიარ-ტესტებსაც უფასოდ გვიკეთებენ. ამბობენ, ჩრდილოეთის ხალხები ცივები არიანო, მაგრამ ასე არ არის: აქ ყველა თავისთვის ცხოვრობს, მაგრამ ცუდს არც გისურვებენ და არც გაგიკეთებენ.

- ვაქცინაცია როგორ მიმდინარეობს? - როგორც კი ვაქცინები შემოვიდა, ყველას მოგვწერეს სმს-ები - ამა და ამ დროს, ამა და ამ ადგილას თქვენი წილი ვაქცინის გასაკეთებლად მობრძანდითო. მოქალაქეს თავად უნდა აერჩია, რომელ ვაქცინას გაიკეთებდა.

ამ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანი დაცულია, რადგან მთავრობა ხალხზე ზრუნავს. ამიტომ მძიმე პანდემია და დიდი მსხვერპლი ისლანდიაში არ ყოფილა. ტრანსპორტიც არ გაჩერებულა, პირიქით, ავტობუსების რაოდენობა გაზარდეს, რომ სიხალვათე ყოფილიყო. ტრანსპორტში იმდენ ადამიანს უშვებენ, რომ მგზავრებს შორის დისტანცია 2 მეტრი მაინც იყოს.

- კიდევ რა მოგწონთ ვიკინგების ქვეყანაში? - ყველაზე მეტად სიმშვიდე, აქ არავის არ უჭირს. ბევრს მოგზაურობენ და ბევრმა აცრა იმიტომ გაიკეთა, რომ მოგზაურობაში ხელი არ შეშლოდა. შარშან ვერ იმოგზაურეს და თითქმის ყველა ოჯახმა შეცვალა ავეჯი ან საოჯახო ტექნიკა, რომ ჭარბი ფული დაეხარჯა. ყველა ისე ცხოვრობს, როგორც მოსწონს.

აქ ყველაზე მეტად თეთრი ღამეები მომწონს, ჩრდილოეთის ნათებაც ძალიან ლამაზია - შემოდგომიდან იწყება. ალბათ, ასეთი მშვიდი და მოწესრიგებული ქვეყნის მერე ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება გამიჭირდება, როგორიც დღევანდელი საქართველოა. ეს ხომ ჩვენი სამშობლო არ არის, მაგრამ აქ გაცილებით პირველხარისხოვან ადამიანად ვგრძნობ თავს, ვიდრე საქართველოში. ბევრს ვშრომობთ, რომ სახლში დავბრუნდეთ, მაგრამ ვიცი, ძალიან გაგვიჭირდება! 19 მარტს, რეიკიავიკიდან 40 კილომეტრში ვულკანი ამოიფრქვა და შიში არავის გასჩენია. მთელი ისლანდია ვულკანის სანახავად დაიძრა. მანქანების რიგი იდგა, რომ ეს ულამაზესი სანახაობა როგორმე დაენახათ. სასწრაფო დახმარება, პოლიცია - ყველა იქ იყო, რათა ხალხს თავი დაცულად ეგრძნო. ვულკანის ამოფრქვევამდე ერთი დღით ადრე მიწისძვრა დაიწყო, პირველად ძალიან შემეშინდა, მაგრამ რომ ვნახე, ყველა მშვიდად იყო, დავწყნარდი.

მოკლედ, ვიკინგებისგან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. აქ ღარიბი ადამიანი არ არსებობს, ქუჩაში მათხოვარს ვერ შეხვდები, ყველა ბედნიერია, ყველა უზრუნველად ცხოვრობს. იქნებ დადგეს დრო და ისლანდიის მსგავს საქართველოში ჩვენი შვილების თაობამ მაინც იცხოვროს.

ხათუნა ჩიგოგიძე