"ისტორიაში დღემდე არ არსებობს ფაქტი, რომ დარანში შესული ხალხი მტერს ეპოვა" - მესხეთის იდუმალი მიწისქვეშეთი - კვირის პალიტრა

"ისტორიაში დღემდე არ არსებობს ფაქტი, რომ დარანში შესული ხალხი მტერს ეპოვა" - მესხეთის იდუმალი მიწისქვეშეთი

თითქოს უცნაური არ უნდა იყოს, რომ "იამკაში" ჩავარდნილი ავტომანქანის ამოსაყვანად ტრაქტორი დაგჭირდეს, მაგრამ წალკის რაიონის სოფელ ახალშენის ტრასაზე ჩავარდნილ მძღოლს მაინც გაუკვირდა, როცა ასფალტქვეშა ჭაში აღმოჩნდა. მან ავტომანქანის დაზიანებულ საბურავებთან ერთად ჭაც დაათვალიერა და უფრო გაოცდა - უშველებელი ქვებით ამოშენებულ ჭას ფსკერი არ უჩანდა. ამის შემდეგ მძღოლი თან ექსკავატორის მოძიებას შეუდგა ავტომანქანის ამოსათრევად, თან სოფლის რწმუნებულს, შოთა მარკოიძეს დაურეკა, უნდა მოხვიდე, ტრასაზე რაღაც უცნაური აღმოვაჩინეო. სოფლის რწმუნებულმა იქაურ ბერძენს უხმო სიტუაციაში გასარკვევად - მათი წინაპრები ხომ ამ გარემოში ორი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ბერძენმა - ჩემს მეხსიერებაში მსგავსი არაფერი მახსენდება და რა ვთქვაო.

ცოტა ხანში არქეოლოგები მოვიდნენ, რომლებმაც ჭას ჩახედეს და მაშინვე თქვეს, არანაირი ჭა, აქ უძველესი დარანია, ჩვენ კი მხოლოდ ჩასასვლელს ვხედავთო. მოგეხსენებათ, დარანებს - ამ უძველეს მიწისქვეშა ნაგებობებს, სამცხე-ჯავახეთში უდიდესი მისია ეკისრა - სწორედ ისინი იცავდა მოსახლეობას მტრისაგან. ბარბაროსების შემოსევისას აქაური მოსახლეობა - ძირითადად, ქალები და ბავშვები - დარანებში ჩადიოდა და უჩინარდებოდა. მათ მტერი ვერასოდეს პოულობდა. მაშინაც კი, თუ მათ მოღალატე გასცემდა, დარანში შესული უცხო მაინც იბნეოდა და გზას ვერ იგნებდა, რასაც დარანის აგებულება უწყობდა ხელს: ეს უზარმაზარი მიწისქვეშა ქვის ნაგებობები ერთმანეთს ასეულ კილომეტრზე უკავშირდებოდა და ლაბირინთებად იყო დაქსელილი. დარანები ხშირად სოფლიდან სოფელშიც კი გადიოდა.

შოთა მარკოიძე: - ძალიან გამიკვირდა, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, ახალშენის გზა ჩაინგრა და ჭა გამოჩნდაო. ეს ვაკე ადგილია, სადაც ავტომანქანები, ათეული წლებია, დადიან და არასოდეს აქ ჭა არ ყოფილა. ჭაში რომ ჩავიხედე, იქაურობა მართლაც უცნაური მომეჩვენა - ძალიან ღრმა ფსკერზე უზარმაზარი ქვით ნაშენი ჩანდა. აჭარელი ეკომიგრანტი ვარ. მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა მტრისაგან თავს მთაში გახიზვნით იცავდა, თუმცა რაც წამიკითხავს, იმით მივხვდი, რომ საქმე თავდაცვით ნაგებობასთან მქონდა. არქეოლოგები ჭაში თოკით ჩაეშვნენ. უკან ამოსულებმა კი უძველესი ჭურჭელი ამოიტანეს და გვითხრეს, აქ უძველესი დარანია, წესით, XVI საუკუნის სამალავი, ალბათ, 17 მეტრი სიგრძისაა და გვერდითი გასასვლელები ამოქოლილი აქვსო.

- როგორ დავიჯერო, რომ იქაური ახალგაზრდები დარანში ჩასვლამ არ დააინტერესა? - ბიჭები დარანში მართლაც ჩავიდნენ. ძნელია ცნობისმოყვარეობის დაოკება, როდესაც იცი, რომ შენს ფეხქვეშ ხუთი საუკუნის სამალავია. ისიც ცხადია, რომ მათ დარანში რაიმე ფასეული ნივთი არ დახვდებოდათ - ეს ხომ თავდაცვითი ნაგებობა იყო და არა ძვირფასი ნივთების საცავი, თუმცა სამცხე-ჯავახეთის დარანები ფასეულია არა მხოლოდ სიძველის ან ისტორიის, არამედ არქიტექტურის გამოც.

ქართული კაპადოკია

ოთარ ცინაძე, ხელოვნებათმცოდნე: - დარანების შესწავლის შემთხვევაში, შესაძლოა, ისეთი საოცრებები აღმოვაჩინოთ, რომ მეორე, ქართული კაპადოკიაც მივიღოთ, რომელსაც ბადალი არ ეყოლება. სამცხე-ჯავახეთში ჯერჯერობით სულ 12 უდიდესი დარანია აღმოჩენილი, რომელთა ქსელი ასობით კილომეტრზეა გაშლილი ათეული სოფლის ქვეშ. ეს გამორჩეული არქიტექტურაა, ყველა ადგილი უზუსტესად არის გაანგარიშებული. მაგალითად, დარანის კარი და სავენტილაციო სარკმელი ისეთი საიდუმლო იყო, რომ მას უცხო ვერასდროს იპოვიდა. გარდა ამისა, ყველა დარანში ერთი მიმართულება აუცილებლად მიწისქვეშა წყლებს უკავშირდებოდა. დარანი უშველებელი ლოდით იკეტებოდა, რომელიც უცხო თვალისთვის გარემოსაგან სრულიად განურჩეველი იყო. ისტორიაში დღემდე არ არსებობს ფაქტი, რომ დარანში შესული ხალხი მტერს ეპოვა.

- რა შეიძლება აღმოჩნდეს დღეს ამ დარანებში? - უფრო მეტად ჭურჭელი, რადგან ხალხს ის კვებისთვის სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი დარანებში ცოტა ხანს რჩებოდა და მტრის წასვლისთანავე ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებდა, ამ მიწისქვეშა ქალაქში მაინც შეჰქონდათ კერამიკის ჭურჭელი, მარცვლეული და სხვადასხვა კერძი. დარანთა არქიტექტორებს კი მესხების გადარჩენას უნდა ვუმადლოდეთ. არსებობს ლეგენდები იმის შესახებ, მორალურად როგორ ეცემოდა მტერი, როდესაც მოსახლეობას ვერ პოულობდა. ქართველები გაცუცურაკებულ მტერს თურმე ნიშნსაც უგებდნენ. ერთი ლეგენდის მიხედვით, სოფელ ხიზაბავრაში ძებნით ქანცგამოლეული მტრისთვის ხალხს ქვაზე შემწვარი თევზი დაუხვედრებია, თვითონ კი, რა თქმა უნდა, ისევ გაუჩინარებულან. გაავებული დამპყრობელი, ალბათ, კბილებს აღრჭიალებდა, მაგრამ რას გახდებოდა!