"სოფლები და ადამიანები" - კვირის პალიტრა

"სოფლები და ადამიანები"

სოფელში ცხოვრება ძალიან რთულიაო, ამბობს გიორგი კეკელიძე, რომელმაც პროექტით "სოფლები და ადამიანები" გასული წლიდან მოყოლებული, ბევრი კუთხე, სოფელი, შუკა და შარა მოიარა და განცდილი და ნანახი გაგვიზიარა... გიორგი კეკელიძის ამ პროექტმა გული გაგვითბო, რამდენიმე წუთით ყოველდღიური საზრუნავი, პოლიტიკა და "კოვიდიც" კი დაგვავიწყდა.

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:

- აჭარაში, იმერეთში, მესხეთში... წელს ბევრგან ვიყავი. ბევრი სოფელი მოვიარე და ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, მერე კი მოვინდომე, განცდები სიტყვად მექცია. მინდა, ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი წიგნად იქცეს. ეს არ არის ადვილი საქმე, მაგრამ ვეცდები, ასე მოხდეს.

დილაობით სკოლის ზარის ხმა მაინც ჩაესმის

- მის შესახებ ზურა შევარდნაძისგან შევიტყვეთ და დღეს ასკანაში 83 წლის საოცარი დარეჯან შევარდნაძე მოვინახულეთ. სამი წელია, რაც პედაგოგობა შეწყვიტა, მაგრამ დილაობით სკოლის ზარის ხმა მაინც ჩაესმის, წამოდგება და გულდაწყვეტილი ლოგინზე ჩამოჯდება. "სიბერე მარტოობაში ვარჯიშია, მარტოობა კი მერე გამოგვადგებაო", - თქვა და სადღაც შორს გაიხედა. სანამ იმ შორ გზას დაადგება - მანამდე კი ძალიან, ძალიან ბევრი წელია - საღამოებს ასე ათამაშებს: მეგობარ კოლეგას ურეკავს და აკაკი წერეთელს ან ვაჟას არჩევენ, ერთმანეთთან ხუთიოდ კილომეტრით დაშორებულები, მაგრამ სიტყვით განსაკუთრებულად და სამუდამოდ ახლონი.

აჭარა

- მე ეგრე მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, გამორეულა შემცდარი კაცი და ამრეზით უთქვამს ვინმესთვის: "რას შვები, ბიჭო, აჭარელი ხომ არ ხარ?!" ცინიკური იყო ეს ნათქვამი. ცინიკური, მავნე და, რაც უმთავრესია, უსაფუძვლო. მაშინ ცხადად ვერ ვხვდებოდი, პატარა ვიყავი და არც მიზეზი მიძებნია, სანამ ცოტა არ მოვიზარდე. მერე კი ცალკე საქმემ და ცალკე სურვილმა მიკარნახა და აჭარაში, თითქმის ყველა სოფლის კარზე დავაკაკუნე. მალევე და იოლად ჩავწვდი: სხვა, დიდი მტრის განზრახული და კარგად მოფიქრებული მახის ნაწილი იყო ის სიტყვები, ჩვენს ამ გაუგებარ ურთიერთკილვას და დაუნდობლობას რომ კარგად იცნობს, იმისი. აჭარა არის ყველაზე ზუსტი ისტორია იმ ქვეყნის გადარჩენის, საქართველო რომ ჰქვია, გაძლებისა და გამარჯვების ისტორია. თავის დანარჩუნების და არგაბოროტების, ტკივილის დამორჩილების, გადადნობის და ძალად ქცევის ისტორია. ჩახედეთ აჭარელ მოხუცს მორცხვ თვალებში. ეგ თვალები ირეკლავს დიდ, ძნელ გზას, ეგ თვალები, ღიმილი და ჯადოქრული სითბო... აჭარლები სხვანაირად იღიმიან. თითქოს სტკივათ. იმ წლების ლოდები ტუჩებს ტირილისკენ ექაჩება, მაგრამ ლოდებზე ძლიერია სხვა რამ, უსახელო და ძნელად გასაგები, ღიმილით ცრემლების დამთრგუნველი. ის სხვა რამ არის აჭარა. ის სხვა რამ არის საქართველო. აჭარელი არასდროს გაწუხებს. არასდროს! "განდაგანაც" ხომ ასეთი ცეკვაა - სხვების არშეწუხების და საქმის ჩრდილში კეთების. განდაგან, მაგრამ ახლო და ახლო. ეს არის აჭარა და აჭარელი. დიდი ამბის ჩუმად მქმნელი და არმთქმელი.

ახლა ხულოში ვარ. ვწევარ და ამეებზე ვფიქრობ. ჰოდა, ამ ფიქრში გარეთ გავიხედე და... კიდევ ეს ცაა აჭარა. და ეს ვარსკვლავები. ახლოები და დიდვან-დიდვანი. დიდვან-დიდვანი.

იმერეთი

- ზემო იმერეთი და, საერთოდ, იმერეთი, არის სიტყვა. სხვაგანაც სიტყვაა, მაგრამ აქაური მოქცევა ყველაზე მარტივ ამბებსაც ლიტერატურად აქცევს. გზის მისწავლებაც კი დიდი პიესის პირველ ფრაზადაა ჩაფიქრებული.

ჰოდა, ხომ მივედით წუხელ ერთ ოჯახში, ბავშვებს მივუტანეთ ცოტა რამე. ეზო იყო დახრილი და ოღროჩოღრო, როგორც წინადადებები "სამანიშვილის დედინაცვალში", დახრილი და უწერტილო - არსად მთავრდებოდა. შუაში იდგა პატარა სახლი და იმ სახლის გვერდით იდგა კიდევ სახლი და ყოფდა ღობე - შეუმჩნეველი, როგორც მობეზრებული შეყვარებულის ღიმილი. იმ ღობის იქით იჯდა თხელი მოხუცი კაცი, ხელში ეჭირა ტელეფონი და, სავარაუდოდ, მეგობარს იშვიათ სიახლეს ატყობინებდა. მძაფრი იყო მისი ხმა და იმაზე მაღალი, ვიდრე გეგმავდა: "ახლა დამაყურე შენე! სულ არი ოთხი. ოთხი მევიდენ. მაიდან ერთი საქანელაზე კონწიალობს, ერთი აჩხაკუნებს რაცხას, ორი არი ჩამომჯდარი"...

აი, ხომ არაფერი, თითქოს საერთოდ არაფერი, მაგრამ უცებ კლდიაშვილი-ჭეიშვილი-გაბრიაძე ჩამწკრივდნენ ამ სიტყვებში. მარტოობასთან ბრძოლა და არაფრის ყველაფრად ქცევის ალქიმია. და თანაც განა გარეგნობით აღგვწერა - მოქმედებით. და ზუსტად ვიცი, ის მეორეც მიხვდა, ვინ ვიყავით და რა გვინდოდა, რა გვეცვა და როგორი ცხვირები გვქონდა. მხოლოდ იმ სიტყვებით.

ეს არის იმერეთი. ამიტომაც მიყვარს.

ბებია

- კიდევ ასეთი სცენა მახსოვს, თითქოს ფირნაწვიმი ფილმის ნაწილი: ბებიაჩემი ავად გახდა და ექიმი მოვიყვანეთ. ექიმმა ფილტვებზე მიიტანა ეჭვი და ის გასასინჯი ზურგის ტრუბკა (ასე ვეძახდით ფონენდოსკოპს. აბა, ფონენდოსკოპი რა სახელია?) დააძრო. არაფრით არ აიწია ბებიამ პულოვერი, არც ხვეწნა-დაპირებამ გაჭრა, არც სასაცილო მუქარამ და პირველად მედიცინის ისტორიაში ( ან შეიძლება მეორედ, რადგან ბებიაჩემს არანაკლებ ჯიუტი და ჰყავდა) ექიმმა ჩაცმული პაციენტის ფილტვებს მოუსმინა.

ასეთი იყო ერთი პატარა ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება ფარდააფარებულ წლებში: აბსურდული, გაუგებარი, მაგრამ ძალიან, ძალიან, ძალიან იქაური, იქაურობა კი გარდაუვალ სიყვარულს უდრის.

ზემო სურები

- თუ რამე მენატრება, მენატრება წვიმის ცქერა სოფელ ზემო სურებში, ჩემი პატარა სახლის ხის აივნიდან. ივნისის დღეებს ყველაზე მეტად ეს ოდნავი, ნოტიო სიცივე და ბაბუაჩემის ჯემპრი უხდება, ბებია რომ მომაცმევს აგრილებისას, რადგან თბილი ტანსაცმელი ოზურგეთში დამრჩა და ზეგ უნდა გამოატანონ ავტობუსს. ხუთი ზომით დიდი ტანსაცმელი და ხუთი ზომით დიდი ფიქრი, როცა 11 წლის ხარ და წვიმა უცნაურად გაშტერებს. მოდის წვიმა, მთვრალი ორკესტრივით უკრავს სახურავზე, დგება გუბეებად, ეშვება ნიაღვრებად და შენ ფიქრობ რაღაც უცნაურზე და გაუგებარზე. ასეთ ფიქრებს ვერ იმახსოვრებ. მხოლოდ მაშინ მოდის, როცა აივანზე ზიხარ და გარეთ წვიმს. მოდის და იქვე რჩება.

გურია

სულ მახსენდება სცენა ზამთრის ასეთი ღამეებისას, ახალ წლამდე ხელის გაწვდენაზე რომ დროა და ადამიანები სხედან ჯორკოებზე. მუხლებზე კალთა აქვთ გაკეთებული: ქალებს - საკუთარი კაბებით, კაცებს - ჯვალოს ტომრით. ეს ადამიანები ჩემი მეზობლები არიან. ერთი მეც ვარ.

ცენტრში დგას პატარა შავ-თეთრი ტელევიზორი, დიდწილად - აკუმულატორზე შეერთებული. ვარჩევთ თხილს და სერიალს.

- დედა, აბდალია თლა აი ხუანი! - ე, შე აბდალა, ამფერი ანგელოზივით გოგო ოთახში გყავს და ბრუციანი ხარ თუ რა ხარ, სა იყურები!

- აი სერიალია ცა და იმიზა წელავენ, თვარა ნორმალური კაცი ეტყოდა ახლა ორ სიტყვას. - ორ სიტყვას კი არა, გენადია რომ იყოს ახლა მაქანე, უკვე ნაკოცნი ექნებოდა!

- ა, ბიჯო, ამეიღე ხმაი, თვარა დაჯდა აი აკუმულატორი და გეითიშები. შენც აკუმულატორზე ხომ არ ხარ, ზურია ბიჯო, რამე თქვი, ორი სიტყვა. - აი მორცხვია იმფერი, რომე აკუმულატორი კი არა, მთელი ბჟუჟჰესი არ ეყოფა, - ამბობს გელა.

გრძელდება სერიალი. მცირე რეკლამის შემდეგ ჩნდება მონიკა.

- აი ახლა ძველი დროია და იმიზე აცვია ასე. მაშინ არ აჩენდენ ქალები, არ აჩენდენ, მარა ამ ლელაიას ვერ შევაგნებიე, რომ ქალს რაცხა ლამაზი აქ, იი უნდა გამუაჩინოს - აცვია სამასი წლის მალაზონივით, არადა, იმფერი ლამაზი ფეხები აქ, თლა ჩემს დას გავს, ცუგაიას. მადონა, ხომ გახსოვს შენ ცუგაია? - მონიკა, როცა დაგინახე, - ამბობს ხუანი, - იმწამს ავღელდი, ძვირფასო. მაგრამ ხომ იცი, ჰაიმე?

- რა ჰაიმე? - ამბობს მონიკა. - რა, ზურიკო? რაცხა თქვი თუ მომესმა? - ამბობს ჩიტო.

- ლელას ვუთხარი, - ამბობს ზურიკო მორცხვად, - რაფერ ჩქარა არჩევ-მეთქი. - უფ, მე რაის ჩქარა ვავსებ, - ამბობს ლელა.

- ძალიან ჩქარი და სულსწრაფი ხარ მაინც, - ამბობს მონიკა. - ძალიან ჩქარა ავსებ მართლა, - ამბობს ზურიკო.

- შენც ჩქარა ავსებ, თუ გინდებიენ. დაჯეით გვერდიგვერდზე და შეეჯიბრეთ, ვინ მოასწრებს. მე ვიქნები სუდია, - ამბობს გელაია. - ღმერთია მსაჯული, მე ჩემს თავს არ ვეკუთვნი, მონიკა, - ამბობს ხუანი.

- ასე არ გამოვა, ხუან, - ამბობს მონიკა, - ჯერ ჰაიმესთან უნდა გაარკვიო ბოლომდე... - ასე არ გამოვა, - თამამდება ლელა, - ჯერ რაც გარჩეული გაქვს, ეგ გადაყარე!

იწყება შეჯიბრი.

რა დამავიწყებს იმ ღამეებს? არაფერი. ვერაფერი.