"ის, რაც მეოთხე ტალღისას მოხდა, იმათ სინდისზეა, ვინც..." - როდის ელოდებიან ეპიდემიოლოგები მეხუთე ტალღას და რა ეტაპზეა მედიკამენტების კვლევა
"ის, რაც მეოთხე ტალღისას მოხდა, იმათ სინდისზეა, ვინც..." - როდის ელოდებიან ეპიდემიოლოგები მეხუთე ტალღას და რა ეტაპზეა მედიკამენტების კვლევა
მეოთხე ტალღის პიკი დაღმა დაეშვა, ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია შედარებით მშვიდდება, თუმცა მსოფლიო კოვიდპანდემიის მეხუთე ტალღას ელოდება. მოსალოდნელ საფრთხესა და სხვა ეპიდემიოლოგიურ საკითხებზე სასაუბროდ ბატონ თენგიზ ცერცვაძეს დავუკავშირდით.

- ბოლო პერიოდში საქართველომ ყველაზე მძიმე, მეოთხე ტალღა გადაიტანა. პიკის პერიოდში ყოველდღიურად დაახლოებით 6 000 ახალი შემთხვევა გვქონდა, რაც საქართველოს ტოლი ქვეყნისთვის ძალიან ბევრია. გვქონდა 60 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა, დღიურად 70-80 ადამიანის გარდაცვალება, რაც ასევე ძალიან ბევრია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, მაგრამ რაც
უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ავადმყოფი გვყავდა, გარდაცვალების მაჩვენებელი მაინც შედარებით დაბალი იყო, თუმცა ჩვენთვის თითოეული დაკარგული სიცოცხლე დიდი ტკივილია, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი სერიოზული ტალღა და ასეთი მაღალი პიკი აღარ გვქონდეს.

- რატომ იყო პიკი ასეთი მაღალი და რა უნდა გავაკეთოთ,
რომ მომავალში ეს არ განმეორდეს?

- ავადმყოფთა რაოდენობის მკვეთრი მატება განაპირობა იმან, რომ ჩვენთან ზაფხულში შეზღუდვები თითქმის მოხსნილი იყო, დარჩენილი იყო მხოლოდ მინიმალური რეგულაციები, გაიხსნა ტურისტული სეზონი, ამას ემატებოდა ხალხმრავალი შეკრებები, ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, პოლიტაქტივობები, პარტიული და სხვადასხვა ხასიათის შეხვედრები, ამ დროს კი არ სრულდებოდა რეგულაციები.

- თქვენ არ ხართ საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მაგრამ თუ 2020-ის ზაფხულს გავიხსენებთ, შეიძლება ითქვას, რომ წელს მეორედ დავუშვით იგივე შეცდომა.
- ჰო, შეცდომა გამოდის, მაგრამ ისე საკოორდინაციო საბჭო და ქვეყნის ხელმძღვანელობა იდგა რთული არჩევანის წინაშე. საქმე ის არის, რომ ეკონომიკა პრაქტიკულად ჩაკეტილი იყო, მოსახლეობა დარჩა შემოსავლების გარეშე და ძალიან გაჭირდა არსებობა.
მკაცრი შეზღუდვებით, "კოვიდის" ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდებოდა, მაგრამ ეს მოკლავდა ეკონომიკას და გამოიწვევდა სიდუხჭირის ზრდას ქვეყანაში.

სამედიცინო თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გამართლებული იყო მკაცრი შეზღუდვები, მაგრამ, ამ მიდგომამ ვერც მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვა. უმეტესობის მოთხოვნა იყო, მოხსნილიყო შეზღუდვები, თუნდაც დაავადებისა და გარდაცვალების შემთხვევათა გაზრდის რისკის ფასად. საზოგადოების დიდ ნაწილს ნაკლებად აწუხებდა ავადობისა და სიკვდილის რისკი, ვიდრე ეკონომიკის ჩაკეტვა, ამიტომ მთავრობამ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები. არ ვიცი, ეს არჩევანი შეცდომა იყო თუ იძულებითი გადაწყვეტილება, მაგრამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი კი იყო კმაყოფილი, რომ ბოლოს და ბოლოს, საშუალება მიეცა, გასულიყო სამსახურში, ეწარმოებინა ბიზნესი, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ ამას დაავადებისა და გარდაცვალების მაჩვენებლების ზრდა მოჰყვა, ახლა ამის გამო გამოთქვეს უკმაყოფილება. ასე რომ, ქვეყნის ხელმძღვანელობა ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე იყო და, ალბათ, ერთადერთი გამოსავალი იყო, მოხსნილიყო ზოგიერთი შეზღუდვა, მაგრამ გამკაცრებულიყო კონტროლი.

სამწუხაროდ, არ იყო სათანადო კონტროლი, რაც მოსახლეობის მოთხოვნებისა და მათი პრობლემებისადმი ჰუმანური მიდგომის შედეგი გახლდათ, მაგრამ, ამ შემთხვევაში ლიბერალური მიდგომა არ იყო სწორი, საჭირო იყო სიმკაცრე, რომ დარჩენილი აკრძალვები შესრულებულიყო.
მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვართ კანონმორჩილი ხალხი, თუ არ არსებობს მკაცრი მაკონტროლირებელი ზომები, შეგვიძლია რეკომენდაციები არ შევასრულოთ. ჩვენთან პირბადის ტარების მაჩვენებელი 40-50% იყო, მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით - ჩრდილოეთ ევროპაში, პირბადეს მოსახლეობის 90% იყენებს.

რაც შეეხება სიკვდილობას, ეს გამოწვეული იყო ახალი და აქტიური შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობით. ამ დროს რაც უნდა კარგად მუშაობდეს კლინიკური სექტორი (და ის ძალიან კარგად მუშაობდა), ყოველდღიურად 70-80 ადამიანის გარდაცვალება მაინც გარდაუვალია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო არ არის სრულად ვაქცინირებულთა რიცხვში.

მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი რომ ორჯერ აცრილი ყოფილიყო, შედარებით ნაკლები იქნებოდა გარდაცვალებისა და მძიმე შემთხვევების რაოდენობა.
ისრაელში სრულ ვაქცინაციამდე ყოველდღიურად გარდაცვალების 150-მდე შემთხვევა იყო, ვაქცინაციის შემდეგ კი 14-15, მაქსიმუმ 20 შემთხვევა აქვთ დღეში. უდიდესი შეცდომაა, რომ ჩვენ დროულად არ დავიწყეთ ვაქცინაცია და როცა დავიწყეთ, იმის მერეც მოსახლეობის მონაწილეობა ამ პროცესში არასაკმარისია. დღეს დღეში დაახლოებით 20-25 ათასი აცრა ტარდება და ეს უკეთესია, ვიდრე იყო 3-4 თვის წინ, თუმცა საკმარისი მაინც არ არის. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი აღმოჩნდა ანტივაქსერი სხვადასხვა მიზეზით. ზოგს ეშინია, ზოგი რაღაც ცრურწმენას არის აყოლილი, ზოგი ანტივაქსერების არასწორი ინსინუაციების მსხვერპლია, მაგრამ ყველაზე სამწუხაროა, როცა ცნობილი ექიმია ვაქცინაციის წინააღმდეგი. ეს დაუშვებელია! ამან მოგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე. ვაქცინაციის დაგვიანებაც ანტივაქსერული განწყობისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების პროპაგანდის შედეგი იყო.

როდესაც დეკემბერ-იანვარში ქვეყანა მზად იყო, შემოეტანა ჩინური ვაქცინები, რადგან "ფაიზერი" დეფიციტი იყო, ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მოუწოდებდნენ ანგაჟირებული ტელევიზიები მოსახლეობას, არ მიეცათ ხელისუფლებისთვის ჩინური ვაქცინების შემოტანის ნება. არქივში ინახება ჩემი გამოსვლა ტელევიზიით, სადაც ვამბობდი, რომ შესაძლოა "ფაიზერი" სჯობდეს ჩინურ ვაქცინებს, მაგრამ ჩინური ძალიან კარგია, სანდოა და იმის გამო, რომ ჯერჯერობით "ფაიზერი" ვერ შემოგვაქვს, უარი არ უნდა ვთქვათ აცრაზე. ჩვენნაირი ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყნისთვის იმის მოთხოვნა, რომ გინდა თუ არა, "ფაიზერი" შემოიტანე, არასწორია. ამ ყველაფრის გამო ვაქცინაცია დაიწყო არა დეკემბერში, არამედ მარტში. ახლა პარალელურად მიმდინარეობს აცრა როგორც "ფაიზერით", ისე - ჩინური ვაქცინებით და, სხვათა შორის, ბევრი უპირატესობას სწორედ "სინოფარმს" ან "სინოვაკს"ანიჭებს. ის, რაც მეოთხე ტალღისას მოხდა, იმათ სინდისზეა, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა დეკემბერ-იანვარში ჩინური ვაქცინის შემოტანას, ან ეწინააღმდეგება, საზოგადოდ, ვაქცინაციას.

- ამბობენ, რომ არის ძალიან კარგი პროტოკოლი, თუმცა მას ყველგან ვერ იცავენ, რადგან ექიმების ნაწილმა კონკრეტულ სიტუაციაში ზოგიერთი წამლის გამოყენება არ იცის.
- როგორ გითხრათ... იმაში, რასაც ისევ ანგაჟირებული ტელევიზიები და ამბიციადაუკმაყოფილებელი ექსპერტები ამბობენ, სიმართლის ელემენტები, რა თქმა უნდა, არის. აბსოლუტურად ერთ დონეზე სტანდარტიზებული ვერ იქნება, ვთქვათ, თბილისის ცნობილი და რეგიონების კლინიკები, მაგრამ რასაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, მაინც გაზვიადებულია. მათ, სამწუხაროდ, არ უნდათ, საქართველო იყოს წარმატებული თუნდაც "კოვიდთან" ბრძოლაში. თვითონაც ამბობენ, რომ პროტოკოლი კარგია და ექიმებმა, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება, ექიმის სერტიფიკატი, უნდა შეძლონ გაიდლაინით სწორად სარგებლობა. თუ რეგიონებში მართლაც არ იციან, როგორ გამოიყენონ წამალი, ამას გამართლება ვერ ექნება.
გარდა ამისა, ჩვენ მხოლოდ პროტოკოლით ხომ არ ვკმაყოფილდებით! მუდმივად გვაქვს კლინიკური ჯგუფის როგორც ცოც­ხალი, ისე ონლაინ შეხვედრები და თუ ვინმე მაინც ვერ ართმევს თავს მოვალეობას, ეს, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემის ხარვეზია, რომელიც ექვს თვეში ვერ გამოსწორდება.

- ორსულთა სიკვდილობის მაჩვენებლის ზრდა დელტა შტამის თავისებურებაა თუ მათთან ყველა მედიკამენტის გამოყენება არ შეიძლება და ასეთი მძიმე შედეგიც ამით აიხსნება?
- დიახ, დელტა შტამი განსაკუთრებით აგრესიულია ორსულებისა და ბავშვების მიმართ. რაც შეეხება მკურნალობას, ორსულებს მკურნალობა და ყურადღება არ აკლიათ, პირიქით, მათზე ჯანდაცვისა და კლინიკური სექტორი განსაკუთრებულად ზრუნავს, მათთვის სპეციალური კლინიკებიც შეირჩა და ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება ნაკლები ორსული გარდაგვეცვალოს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. 13 ორსული გარდაიცვალა, მაგრამ მიზეზი ისევ და ისევ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია.
თავდაპირველად ორსულები საერთოდ უარს ამბობდნენ ვაქცინაციაზე, მაგრამ ახლა აცრის მსურველ ორსულთა რაოდენობამ იმატა და არც გართულების შემთხვევები გვქონია.

კი ვამბობთ, რომ დელტა შტამი ბავშვებსა და ახალგაზრდებს განსაკუთრებულად აზიანებს, მაგრამ ეს მაინც რეზონანსული შემთხვევებია. 19 წლის ახალგაზრდა რომ გარდაიცვლება, ან 20 წლის ორსული, ბუნებრივია, ეს გაცილებით დიდ რეზონანსს იწვევს. სინამდვილეში პროცენტულად ხანდაზმულების ავადობაც და სიკვდილობაც გაცილებით მეტია. საავადმყოფოები, მათ შორის - ჩვენიც სავსეა 70 წელს გადაცილებული ადამიანებით. სწორედ ეს კატეგორიაა ნაკლებად ვაქცინირებული.

- როგორ დავხვდეთ მეხუთე ტალღას და როდის ველოდებით მას?
- მეხუთე ტალღა, ალბათ, იქნება მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც, სავარაუდოდ, ოქტომბერ-ნოემბერში, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ის იქნება გაცილებით უფრო მსუბუქი, ვიდრე იყო მეოთხე.

- რა გაფიქრებინებთ ამას?
- ის, რომ მიუხედავად ვაქცინაციის შედარებით დაბალი ტემპისა, ამ ორ თვეში უფრო მეტი აცრილი გვეყოლება.
თუ დღეს მოსახლეობის 16-17 %-ია ვაქცინირებული, იმედი მაქვს, მეხუთე ტალღისთვის 30-40% იქნება აცრილი. ამასთან, მოსახლეობამ ვირუსთან ბრძოლის უნარ-ჩვევები შეიძინა და იმედი მაქვს, ახალ ტალღას უფრო მომზადებული შეხვდებიან.

ამასთან, გვაქვს დამაიმედებელი ინფორმაცია, რომ მთავრდება ახალი მედიკამენტების კლინიკური კვლევა და ისინი მსოფლიოს მარეგულირებლებისგან დღე-დღეზე მიიღებს გამოყენების ნებართვას. ასეთია მონოკლონური ანტისხეულები, ასეთია პრეპარატი "ბარიციტინიდი"... საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ერთ-ერთი პირველი იყოს, ვინც ამ მედიკამენტებს შემოიტანს. ქვეყნის ხელმძღვანელობაა ჩარეული და დიდი იმედი გვაქვს, რომ აღმოიფხვრება "რემდესივირისა" და "ტოცილიზუმაბის" დეფიციტიც. მსოფლიო დარწმუნდა, რომ ეს ორი მედიკამენტი სიცოცხლის გადამრჩენი და ძალიან ეფექტიანია. მეხუთე ტალღისთვის ჩვენ ახალი მედიკამენტების გაცილებით უფრო მდიდარი არსენალი გვექნება.

ლიახვისპირელი
21 სექტემბერი 2021 19:56
ბრმა რასა სჩიოდა და თავის ორსავ თვალებსაო. მაგას გავიძახი და ალბათ ბევრი ჩემსავით ფიქრობს. საკურორტო სეზონი რომ გამოაცხადეს და ბათუმში ლამის ერთმანეთს ასხდა ხალხისად იყავით ეპიდემიოლოგებო? მთელი ზაფხული რომ გაიძახით "არიქა პირბადე( რომელსაც სამედიცინო ნიღაბი ეწოდება, რაც თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ) გაიკეთეთ, დისტანსია დაიცავით", რატომ არ ამოიღეთ ხმა როცა ტურისტული სეზონი გამოაცხადა მთავრობამ, გეძინათ? თურმე "მოსახლეობის მოთხოვნა ყოფილა, რომ შეზღუდვები არ დაწესებულიყო".ვის ატყუებთ ბატონო თენგიზ? მთავრობას (წინანდელსაც და ამჟამინდელსაც) ბოდიში გამოთქმისათვის, სულ ფეხებზე არ ჰკიდია ხალხის აზრი?! ხალხი მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდებათ, ხოლო სკამებს რომ მოერგებიან მაშინვე ავიწყდებათ. ასე, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავებაში ექიმების დანაშაულის იკვეთება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები