"რაც დღეს საქართველოში ხდება, ამაზრზენია... შეიძლება გულიც კი გაგისკდეს, ისეთ რაღაცებს ვიგებ..." - კვირის პალიტრა

"რაც დღეს საქართველოში ხდება, ამაზრზენია... შეიძლება გულიც კი გაგისკდეს, ისეთ რაღაცებს ვიგებ..."

"შენი ხალხი და სამშობლო ასე როგორ უნდა გძულდეს, რომ იმას დაუპირისპირდე, რაც დანარჩენი მსოფლიოსგან გამოგარჩევს, რწმენას, რომელიც ყველაზე ღირებულია, ჩვენი სიწმინდისა და სისუფთავის სახურავია. შეიძლება გულიც კი გაგისკდეს, ისეთ რაღაცებს ვიგებ..."

პოლიტიკურ ქაოსში ჩაძირული, ინტელექტისგან დაცლილი საზოგადოება და აგრესიული მედია, გარემო, სადაც "სამშობლოს" ხსენება უადგილო და უხერხული გახდა - ასე ხედავს პოეტი ტარიელ ხარხელაური ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, ყველაფრის მიზეზი უსიყვარულობაა, გვირაბის ბოლოს კი იმედის ნაპერწკალი ჩანს - მომავალი თაობა...

- ბოლო დღეებში რაც საქართველოს ეკლესიის გარშემო ხდება, ორგანიზებული შეტევაა ეკლესიაზე. ცოტა ადრე უნდა გამოვფხიზლებულიყავით, მაშინ, როდესაც კვამლი ავარდა, 2000-იანი წლების დასაწყისში. გამორჩეული ყურადღება უნდა მიგვექცია ასეთი მნიშვნელოვანი თემისთვის, მაგრამ გვეგონა, რაღაცას ვარღვევდით, ზღვარს გადავდიოდით, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა, ახლა ისინი გადიან ზღვარს და ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ, რადგან ჩვეულებრივი საქმე, ყოველდღიურობის ნაწილი გვგონია.

ჩვენ ზოგჯერ ყველაფრის წაყრუება გვჩვევია. ერთხელ წავუყრუეთ, ორჯერ, სამჯერ და მივედით კიდეც ამ შედეგამდე. საშუალება მივეცით გაძლიერებულიყვნენ და შეტევა მიეტანათ ყველაზე წმინდაზე, ყველაზე მაღალსა და დიდზე - საქართველოს ეკლესიასა და რწმენაზე.

ეს თუ ჩამოგვიშალეს, არავითარი ფასი არა აქვს არაფერს, მათ შორის არც ჩემთვის საამაყო ქართველობას, რაზეც რატომღაც ამ ბოლო დროს ბევრი ამბობს, რომ რცხვენია ქართველობის. მათგან განსხვავებით, მე არ მრცხვენია და ჩვენ თუ ეს დავთმეთ, თუ შევეგუეთ, უარესის კი არა, ყველაფრის ღირსი ვიქნებით. ამიტომ საზოგადოებას ცალ-ცალკე კი არა, ერთად ბღავილი გვმართებს, მაგრამ ვერა და ვერ მოვნახეთ საერთო ენა, რომელიც ქვეყნის სატკივრის გარშემო გაგვაერთიანებდა, ვინაიდან დავიშალეთ და ერთმანეთის ძებნა გვიჭირს, ამდენი წელია ვეღარ ვპოულობთ. გათითოკაცებულები უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს, რადგან ასე უფრო ნაკლები საფიქრალი და სადარდებელი გვაქვს, მხოლოდ ჩვენს თავზე ვფიქრობთ... სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ ერთ დღეს ამ ქვეყანას უფსკრულის პირამდე მივიყვანთ, თუ უკვე არ მივიყვანეთ. რაც დღეს საქართველოში ხდება, ამაზრზენია. შენი ხალხი და სამშობლო ასე როგორ უნდა გძულდეს, რომ იმას დაუპირისპირდე, რაც დანარჩენი მსოფლიოსგან გამოგარჩევს, რწმენას, რომელიც ყველაზე ღირებულია, ჩვენი სიწმინდისა და სისუფთავის სახურავია. შეიძლება გულიც კი გაგისკდეს, ისეთ რაღაცებს ვიგებ. ნუთუ მართლა ასეთები ვართ ქართველები, ნუთუ ამაზე მაღლა არ ვდგავართ?.. დავიჯეროთ, ასე დაეცა ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები?.. თუ ასეთია დემოკრატიული ღირებულებები, მაშინ შემირცხვენია ასეთი თავისუფლება და დემოკრატიაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეთი არ არის თავისუფლება, უბრალოდ, ჩვენ ვცვლით და ვამახინჯებთ ყველაფერს, ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, შემდეგ კი ყველაფერს დროს ვაბრალებთ.

- თუმცა ისიც აშკარაა, რომ ეკლესიაში პრობლემებია. თავად სასულიერო პირები საუბრობენ რუის-ურბნისის კრების აუცილებლობაზე. - დიახ, მაგრამ როდესაც ეკლესიაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ სასულიერო პირებს კი არა, ქართველ საზოგადოებასაც ვგულისხმობ. უფლის სახლი მხოლოდ მღვდლების არ არის, ყველასია, და როდესაც ვებრძვით, საკუთარ სახლში ვცდილობთ არეულობის შექმნას, მისთვის ჭერის ახდასა და უბედურების შემოტანას. ეკლესია ჩვენი ორგანიზმია, ჩვენი სულისა და სხეულის შემადგენელი ნაწილი. ჰოდა, იმ სახლშიც ჩვენნაირები ცხოვრობენ და ლოცულობენ. საერო ცხოვრებაშიც არიან ისეთებიც, ვისაც შეცდომები მოსდით. არ დაგვავიწყდეს, ამ საზოგადოების წიაღიდან გამოვიდნენ ის სასულიერო პირებიც, მათ მეტი მოეთხოვებათ, მაგრამ ვინც ამას აცნობიერებს, მათაც სტკივათ ის, რაც ახლა ხდება. საეკლესიო და საზოგადოებრივი ცხოვრება განუყოფელი გახდა. ეს მსგავსება კი არც ერთისთვის ვარგა და არც მეორისთვის, თუმცა ამაზე უარის თქმა არ შეგვიძლია, ძალა არ შეგვწევს, თვალის სატყუარად ვხედავთ და ამით ვმშვიდდებით. გვგონია, რაც ჩვენ გარშემო ხდება, არ გვეხება. ჩვენი პრობლემები და შეცდომები სხვისი გასაკეთებელი და გამოსასწორებელი გვგონია. ამდენი წელია საქართველო დამოუკიდებელია, მაგრამ სამშობლოს განცდა არა გვაქვს, ან არასაკმარისად, არასწორად გვაქვს.

გვგონია, ერთი კაცის არის სამშობლო და იმან უნდა მოუაროს, ნერვები უნდა დაიგლიჯოს, თავში ქვა იხალოს, ჩვენ კი შორიდან ვუყურებდეთ და საკუთარ პრობლემებს ვაგვარებდეთ... როდესაც გავიაზრებთ, რომ სამშობლო ჩვენი, ყველასია, ყველას თავისი წილი საქართველო აქვს გადასარჩენი, მაშინ შეიცვლება რამე.

მაპატიოს უფალმა, მაგრამ ჩემთვის სამშობლოზე მაღლა არც ეკლესია დგას და არც ღმერთი. უფლისთვის ლოცვაც ჩემი ქვეყნის კარგად ყოფნისთვის მჭირდება. ასე რომ, ეკლესიაც და სასულიერო პირებიც ჩვენი სხეულია, ისინიც ჩვენი ნაწილები არიან და ჩვენც მათი ნაწილი ვართ. შეიძლება ერთი თითი გტკიოდეს და დანარჩენები არა?.. თუ ცუდად ხარ, ეს მთელ ორგანიზმს, გულსა და გონებას აწუხებს და სტკივა, ცალკე კი არა.

- რამ მიგვიყვანა აქამდე? - მოსმენის, მსჯელობის კულტურის უქონლობამ, ინტელექტის სიმცირემ, რის გამოც არგუმენტები არ გვყოფნის და ფიზიკურ შეხლა-შემოხლაზე, გონებრივ კი არა, ძალისმიერ დაპირისპირებაზე გადავდივართ. ეს ყველაფერი ჩვენში პოლიტიკის დიდი დოზით შემოსვლამ გამოიწვია. სიმართლე უნდა ითქვას - თავისუფლებისთვის მზად არ აღმოვჩნდით. ამდენი წელი გავიდა, მაგრამ დამოუკიდებლობის ხიბლი ვერ გავიგეთ, ხან ერთ ნაპირზე ვართ გარიყულები, ხან მეორეზე...

დამოუკიდებლობა გაცნობიერებული არც საზოგადოებას აქვს და არც მედიას, რომელმაც ამდენი წელია პრიორიტეტები ვერ დაალაგა. ალბათ, საზოგადოებაშიც არის ის ნიადაგი, რომელიც ახლანდელი მედიიდან გაჟღერებული ინფორმაციის მისაღებად არის მზად. ჩვენ რომ არ ვიღებდეთ, სხვანიარად მოგვაწვდიდნენ ინფორმაციას, კილოსაც შეარბილებდნენ, მაგრამ ჰყავს მაყურებელი და იცის, რომ თუ მუდმივი ისტერიკის ფონს შექმნის, მაყურებელიც ეყოლება. ცდილობენ როგორმე ტემპერატურა არ დაეცეს. ეს არც ჟურნალისტიკაა და არც ინფორმაციის მიწოდების სწორი ფორმა.

მედიამ საზოგადოების წევრები კი არ უნდა დააპირისპიროს, გამოსავლის ძებნაში უნდა დაეხმაროს, ორი გზა გვაჩვენოს და სწორ გზას თავად ვიპოვით, ისინი კი ერთ გზას გვიჩვენებენ და გვეუბნებიან, ეს არის მართალიო. ჩვენ ნაცვლად ფიქრობენ... ვერა და ვერ ვისწავლეთ და ვერც გავაცნობიერეთ, რომ ვისაც კალამი ან ფუნჯი უჭირავს, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოების, ქვეყნის წინაშე.

მედიას ადამიანი უფალთან კი არ მიჰყავს, არჩევნის საშუალებას აძლევს, ოღონდ მტკიცებით ფორმაში კი არა, ნეიტრალური პოზიციის დაცვით. ესენი კი ან მთავრობას აბრალებენ ყველა ჩვენს უბედურებას, ან ეკლესიას. თითქოს სხვას, თუნდაც მედიას, საზოგადოების წევრებს ან ოპოზიციას პასუხისმგებლობა არ ჰქონდეთ.

- თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მთავარი პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლებას ეკისრება, ისევე, როგორც, კარს მომდგარი არჩევნების მშვიდ ვითარებაში წარმართვა, არა? - არჩევნებამდე ყველამ, მათ შორის პოლიტიკოსებმაც, თავიანთი სახეები წარმოაჩინეს, ბოლომდე გაშიშვლდნენ, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სხვაგვარი ვითარება გვახსოვს?.. 90-იანი წლების შემდეგ სულ ასე ხდება, მუდმივად დაპირისპირების საფრთხის წინაშე ვდგავართ.

პოლიტიკოსების, წლების განმავლობაში ერთი და იმავე სახეების დამსახურებით თითქოს შევეჩვიეთ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ქაოსში ცხოვრებას. მღვრიე წყალში თევზის ჭერა უადვილდებათ, ვინაიდან ეს მათი ცხოვრების წესია, ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. ქვეყნის მოსახლეობა მათთვის სამზარეულოს მასალაა... საზოგადოება, სახელმწიფო ზარალდება, პოლიტიკოსებისთვის კი საარჩევნო ბიულეტენები ვართ. ამას რატომღაც ვერ მივხვდით, არადა, ოპოზიციის ბედიც ჩვენს ხელშია და მმართველი გუნდისაც, ჩვენ უნდა ვკარნახობდეთ მათ, როგორ უნდა ემსახურონ ქვეყანას, ისინი კი არ უნდა გვიკიჟინებდნენ, როგორ ვცხოვრობდეთ.

ბოლო ხანებში შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანები კი არ ფიქრობენ, ისვენებენ და იძინებენ. მუშაობით დაღლილი რომ ვწვები, ფიქრისთვის მაქვს დრო გამორჩეული, დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას ვაანალიზებ, რატომ მოხდა, გამოსავალი რა შეიძლება იყოს, ამდენმა უსიყვარულობამ რა შეიძლება მოგვიტანოს; გამოსავალს ვერ გამოვნახავთ, სანამ ადამიანს მხოლოდ თავისი თავის სიყვარული ჰგონია ჭეშმარიტი გზა. ჯერ მოყვასი უნდა მიყვარდეს და მისი სიყვარული წამიყვანს სწორი გზით. ის უნდა იყოს ადამიანის სიყვარულის საზომი, მაგრამ არა, ჩვენი თავის იქით არ ვიხედებით, ოღონდ მე ვიყო კარგად და სხვა წყალსაც წაუღია - ამ პრინციპით ვცხოვრობთ.

ჩემი გზა პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმა არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა თამაზ მეჭიაურის გვერდით ვდგავარ. მან მეგობრის, ადამიანობის ფასი იცის და ასე მგონია, თავისი მხარისთვის სიკეთის გაკეთება შეუძლია. სხვა პოლიტიკური ძალებისგან არაფერს ველი, რადგან მათ სამშობლოს განცდა დაკარგეს. ალბათ, ამან განაპირობა, რომ ასე დაბნეულები არიან. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პოლიტიკოსს, მმართველი თუ ოპოზიციური ძალისგან, რომელსაც ბრძნული საუბარი აქვს. სათავისოდ საუბრობენ, ქვეყნის სათავისოდ მორგებას ცდილობენ.

- ქართველი საზოგადოების როლი სად არის ამ პოლიტიკურ ქაოსში? - აქ არის, ჩვენ გვერდით, მაგრამ როგორი უსამართლობის განცდაც უნდა ჰქონდეთ, არჩევნებამდე თუ მის შემდეგ, რუსთაველზე არ გამოვლენ და აქციებს არ ჩაატარებენ, ვინაიდან სამშობლოზე მოფიქრალი ხალხის ყურისმგდებელი არავინაა. ქვეყნის მოყვარული საზოგადოების ხმის ჩამხშობი ხალხიც არსებობს, რომელიც თავის საქმეს აგრესიით, ცინიზმით აკეთებს. ვინაიდან ქვეყნის შენება სიძულვილით წარმოუდგენელია, ამიტომ ქვეყნის ჭეშმარიტად მოყვარული ადამიანები ჩუმად არიან, აგრესიულებს პასუხს თითქმის არ სცემენ. მათთვისა და მათი დაგეშილი მედიისთვის მთავარია მსხვერპლი იყოს, ფიზიკური ან მორალური. მსხვერპლი კი არასდროს ყოფილა სიყვარულის, დემოკრატიისა და თავისუფლების საკვები.

დამისახელეთ მედია, ელექტრონური იქნება თუ სატელევიზიო, რომელიც სიტყვა "სამშობლოს" ახსენებს, გავაუფერულეთ, გავახუნეთ, აზრი გამოვაცალეთ ამ სიტყვას. ის კი არა, რომ ახსენო, შეიძლება ამრეზითაც შემოგხედონ, ვინაიდან ტრენდული არ არის. ჰოდა, ამ რეალობაში როგორ ვთქვა, რომ არ საყოველთაო ჩამობნელებაში, დაწყევლილი გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავ-მეთქი?! თუმცა მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და იმედის პაწაწინა ნაპერწკალს ჩემი შვილიშვილების თაობაში ვხედავ. მათ უკვე აქვთ ჩემზე მეტი გონებრივი შესაძლებლობა, მათ სხვაგვარად ესმით სამშობლო, ქვეყნის სიყვარული და თავისუფლება. მათთვის სწორი გზის ჩვენებას რომ შევძლებთ, აშკარაა და იქნებ ხელი მაინც არ შევუშალოთ, იგივე შეცდომები არ დავაშვებინოთ, რაც ჩვენმა თაობამ დაუშვა, რათა ჩვენნაირები არ გაიზარდონ. მჯერა, რომ ბევრად უკეთეს მომავალს შექმნიან. მჯერა, რომ ისეთი თაობა მოვა, როგორსაც ჩვენი ქვეყანა, ქართველი საზოგადოება იმსახურებს.

ლალი პაპასკირი