ციციშვილის კლინიკაში 8 წლის კოვიდინფიცირებული ბავშვი, ფილტვების 18 ქულიანი დაზიანებით მოათავსეს - კვირის პალიტრა

ციციშვილის კლინიკაში 8 წლის კოვიდინფიცირებული ბავშვი, ფილტვების 18 ქულიანი დაზიანებით მოათავსეს

გუშინ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში 8 წლის ბავშვი შეიყვანეს, რომელსაც ფილტვების 18 ქულიანი დაზიანება აღენიშნება. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

"გუშინ გადმოიყვანეს ერთ-ერთი კლინიკიდან კიდევ მძიმე ბავშვი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს და ფილტვების 18 ქულიანი დაზიანება. 8 წლის არის ეს ბავშვი.

რეანიმაციაში ამ წუთში 4 ადგილია, დანარჩენი დაკავებულია. 21 პაციენტი წევს", - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

მისი თქმით, გასული 10 დღის განმავლობაში ციციშვილის კლინიკაში მომართვიანობა შემცირებული იყო. კლინიკაში ამჟამად 119 კოვიდპაციენტია მოთავსებული.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 595 264-ს. 18 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.55%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 954 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 559 996.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 541 პირი ემსხვერპლა.